Facebook Twitter

საქმე №ას-109-2023 28 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,მ.ო.რ.ე–სი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – კ.მ–ძე, ზ.მ–ძე, ი.გ–ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს ,,მ.ო.რ.ე–სის“ (შემდგომ - მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი მოპასუხეების: კ.მ–ძის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე), ზ.მ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) და ი.გ–ას (შემდგომ - მესამე მოპასუხე) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 12 622.52 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეებს სოლიდარულად - 27 400 აშშ დოლარის გადახდა; მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 28 000 აშშ დოლარის გადახდაც დაეკისრა; მეორე და მესამე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად ასევე დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის სახით 1519.29 აშშ დოლარის გადახდა; მეორე მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით 1552.29 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი (მათთვის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 12622.52 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეების მიმართ 12622.52 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა (აღნიშნულის გათვალისწინებით გაუქმდა სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მე-8 პუნქტიც). მეორე და მესამე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 1465.31 (478.86 აშშ დოლარის ეკვივალენტი) ლარის გადახდა, მოსარჩელეს კი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 1544.99 (504 აშშ დოლარის ეკვივალენტი) ლარის გადახდა.

3. მოსარჩელემ 2022 წლის 20 ოქტომბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დათვლილი სახელმწიფო ბაჟი, 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, სადავო თანხის - 12622.52 აშშ დოლარის 3% სახელმწიფო ბაჟი, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილია, შესაბამისად, მას უნდა დაჰკისრებოდა ამ თანხის 1%, რაც შეადგენს 126.22 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კანონი არ იცნობს იმგვარ დათქმას, რომ მხარის მიერ პირველი ინსტანციით განხილვისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ავსებდეს აპელაციით ან კასაციით გადასახდელად ნაწარმოები საქმისთვის მხარის მიერ გასაღებ სახელმწიფო ბაჟს.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის შეტანისას სრულად იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოთხოვნის 3% - 5000 ლარი. სააპელაციო სასმართლომ არასწორად დაითვალა მოსარჩელისათვის დასაკისრებელი სასამართლო ბაჟი, ვინაიდან სადავო თანხის (12622.52 აშშ დოლარის) 3% მოსარჩელის მიერ გადახდილია პირველი ინსტანციის სასამართლოში, შესაბამისად, 3% უნდა ჩათვლილიყო გადახდილად და მოსარჩელეს უნდა დაჰკისრებოდა ამ თანხის მხოლოდ 1%, რაც წარმოადგენს 126.22 აშშ დოლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მართებულობა, რაც უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის კანონიერებას უკავშირდება.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება, გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

11. ხსენებული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (იხ. სუსგ № ას-636-597-2011, 24.06.2011წ; №ას-1489-2018, 31.01.2019წ.).

12. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ მოკლებულია დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივ საფუძველს, გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებულ გადაწყვეტილებაში რაიმე შეცდომა ან უზუსტობა არ გამოვლენილა, რაც სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით გამორიცხავს წარმოდგენილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას.

13. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან, პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი (პირველი და მეორე მოპასუხისათვის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 12622.52 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეების მიმართ 12622.52 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს განჩინებით აპელანტებს (მოპასუხეებს) სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული ჰქონდათ მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე კანონიერად დაეკისრა 1544.99 (504.90 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) ლარის გადახდა, რაც სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების - 12622.522 აშშ დოლარის 4%-ია.

14. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა შინაარსობრივად წარმოადგენს არა 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორებას, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლას, რაც კანონიერად არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ.

15. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ დავის სამართალწარმოება სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეულ საპროცესო ხარჯებთან (სსსკ-ის 37-39 მუხლები), რაც თითოეულ ინსტანციაში დავის საგნის ღირებულების სხვადასხვა ოდენობიდან გამოითვლება (პირველი ინტსანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო სააპელაციო საჩივრისათვის - დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა). ამასთან, სხვადასხვა ინსტანციაში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი დამოუკიდებელი შენატანია, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ვინაიდან მას პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის 3%, სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის 1% უნდა დაეკისრებინა, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს და გაზიარებული ვერ იქნება.

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,მ.ო.რ.ე–სის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე