Facebook Twitter

საქმე №ას-19-2021 28 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.ლ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ლ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. დ.ლ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.ლ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ახმეტის რაიონში, სოფელ ....... მდებარე (ს/კ №........) უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაა. უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია კანონისმიერ მემკვიდრეობის უფლების მოწმობა №441, დამოწმების თარიღი 16/09/1983, ნოტარიუსი ნ. გ–ძე. მოპასუხე სადავო უძრავ ქონებას ფლობს რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სამართლებრივი საფუძველი - ომალოს სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 5 ივლისის №60 ცნობა, რომლითაც მოსარჩელემ, როგორც 1970 წელს გარდაცვლილი თ.ლ–ძის (შემდგომ - მამკვიდრებელი) მემკვიდრემ, უძრავი ქონება დაირეგისტრირა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღიარებულია არარად, რაც მესაკუთრის სარჩელს უსაფუძვლოს ხდის, შესაბამისად, აქტი, რომლითაც მოსარჩელემ სადავო ქონება მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში შეიტანა და რომლის გარეშეც მესაკუთრედ ვერ დარეგისტრირდებოდა, არარა აქტია და არ არსებობს მესაკუთრის სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

4. მოპასუხის მითითებით, კანონიერად ფლობდა სადავო ქონებას მშობლებთან - ფ. და ტ. ლ–ებთან ერთად და ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ გახდა რა კომლის უფროსი, სადავო უძრავი ქონების ფლობა კანონიერად გააგრძელა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა. სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელს დაევალა უძრავი ქონების გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა.

6. ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არარა აქტად არის ცნობილი სას. საბჭოს თავმჯდომარის მიერ 1983 წლის 5 ივლისს გაცემული №60 ცნობა, რომელის საფუძველზეც შემდგომ სამკვიდრო მოწმობა გაიცა, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მანამ, სანამ არსებობდა მოსარჩელის საკუთრების უფლების თაობაზე ჩანაწერი საჯარო რეესტრში.

9. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი 1983 წლის 16 სექტემბერს გაცემული კანონისმიერი №441 მემკვიდრეობის უფლების მოწმობა მოპასუხის მიერ სარჩელის ან შეგებებული სარჩელი აღძვრის გზით შედავებული არ ყოფილა, შესაბამისად, სანამ აღნიშნული ჩანაწერი არსებობს საჯარო რეესტრში და არ გაუქმებულა, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. მოპასუხემ კი, რომელიც სადავო უძრავი ნივთის მფლობელია, მფლობელობის მართლზომიერება ვერ დაამტკიცა, რის გამოც მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

კასატორის მოთხოვნა:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, უძრავი ნივთი იყო თუ არა მოსარჩელის მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონება. კასატორმა ადმინისტრაციული სარჩელი აღძრა სასამართლოში, 1983 წლის 5 ივლისის №60 ცნობის არარად აღიარების შესახებ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა და შესულია კანონიერ ძალაში. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება არ ყოფილა მოსარჩელის მამკვიდრებლის საკუთრება და არ შედიოდა მის სამკვიდრო მასაში, შესაბამისად, მისი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს მისი მემკვიდრე - მოსარჩელეც. სადავო ქონება მოპასუხის მშობლებს ეკუთვნოდათ, მათი გარდაცვალების შემდეგ, კომლის უფროსი მოპასუხე გახდა და 1982 წლიდან სადავო ქონების მესაკუთრე და მართლზომიერი მფლობელია.

12. კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის უზუსტობა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცებულია, სააპელაციო სასამართლოს განმარტება კი, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის თაობაზე სარწმუნო მხოლოდ მესამე პირებთან ურთიერთობაშია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

16. მოსარჩელე მესაკუთრეა იმ უძრავი ნივთის, რომელსაც ფლობს მოპასუხე, თუმცა მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.

17. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.

18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინაღმდეგ" განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

19. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

20. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

22. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

23. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

24. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

25. კასატორი მიიჩნევს, რომ, რაკი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არარა აქტად არის ცნობილი ომალოს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 5 ივლისის №60 ცნობა, რომელის საფუძველზეც შემდგომ მოსარჩელეზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა, წინამდებარე საქმის განმხილველ სასამართლოს საჯარო რეესტრის ჩანაწერი უზუსტოდ უნდა მიეჩნია და სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა. პალატა არ იზიარებს ამ მოსაზრებას და მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - სამკვიდრო მოწმობის ბათილობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი არ აღუძრავს, მხოლოდ ომალოს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 5 ივლისის №60 ცნობის არარა აქტად აღიარება არ არის საკმარისი სადავო ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრეობის ჩანაწერის უზუსტოდ მიჩნევისათვის. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც აღინიშნა, ჩანაწერის ნამდვილობის თაობაზე მოპასუხეს არ უდავია. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი 16.02.2021 წლის განჩინებით იქნა წარმოებაში მიღებული (16.03.2021 წლის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული) და ამ დროის განმავლობაში კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც მის მიერ ზემოხსენებული მოთხოვნით სარჩელის აღძვრას დაადასტურებდა, მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის შედავების უარსაყოფად ანალოგიურ მოტივებზე მიუთითა. ამდენად, რაკი სადავო ქონებაზე მოსარჩელის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - სამკვიდრო მოწმობის ნამდვილობაზე მსჯელობა სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს და როგორც აღნიშნული დოკუმენტი, ისე საჯარო რეესტრის ჩანაწერი ნამდვილია და არ გაუქმებულა, მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მიიჩნევა.

26. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

27. საკასაციო პალატის აზრით, ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთის ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ იგი დაამტკიცებდა ქონების მართლზომიერად ფლობას.

28. როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორმა ვერ მიუთითა ვინდიკაცური სარჩელის დაკმაყოფილების საწინააღმდეგო გარემოებასა ან მტკიცებულებაზე, ამასთან, მითითება, რომ დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც სამკვიდრო მოწმობა გაიცა, ბათილია, მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს. აღნიშნული ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც მესაკუთრის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქმის მასალებზე დაყრდნობით - სადავო ქონებაზე კასატორის მართლზომიერ მფლობელობას გაამართლებდა და გამორიცხავდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. როგორც აღინიშნა, ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი განსახილველი საქმის დავის საგანი არ არის და მოპასუხეს მასზე ცალკე შეუძლია იდავოს.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორს სათანადო წესით არ უარყვია.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე