Facebook Twitter

საქმე №ა-3640-შ-100-2022 6 მარტი, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:

ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

შუამდგომლობის ავტორი – შპს „T. Q.”

წარმომადგენელი – თ.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.მ–ი“

წარმომადგენელი – ს.ს–ი

დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №e-2-2(113)-2960/2021 დადგენილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №e-2-2(113)-2960/2021 დადგენილებით, შპს „ქ.მ–ს“ („G. P. L.T.D“-ს) შპს „T. Q.”-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 245 765 ევროსა და 32 285 აშშ დოლარის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის 30 მანეთის გადახდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის 6 ივლისის №8859 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან მიღებული შუამდგომლობა შპს „ქ.მ–ის“ („G. P. L.T.D“-ის) მიმართ მიღებული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბერს გაცემული ცნობებით ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №e-2-2(113)-2960/2021 დადგენილება არ აღსრულებულა და იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 27 დეკემბერს.

4. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს მიერ 2021 წლის 28 დეკემბერს გაცემული ცნობის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის წარმოების შესახებ. აღნიშნული ასევე დასტურდება ბაქოს კომერციული სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის სასამართლო შეტყობინებით, რომლის მიხედვით შპს „ქ.მ–ი“ („G. P. L.T.D“-ს) ინფორმირებული იყო სასამართლო პროცესის ადგილისა და დროის შესახებ. ამასთან, დაევალა საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების წარდგენა.

5. 2021 წლის 3 აგვისტოს გადაზიდვის მიწოდების/საბოლოო სტატუსის დამადასტურებელი განცხადებით დგინდება, რომ გზავნილი ქ. თბილისში, ....... 2021 წლის 29 ივლისს ჩაბარდა G.P. L.T.D-ს, კერძოდ, ო.წ–ს.

6. საქმის მასალებიდან, ისევე როგორც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „ქ.მ–ი“ („G. P. L.T.D“) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომლის იურიდიული მისამართი საქართველოშია (https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFDB3D22pGwLLyGL8mYCB]Ru3Wd[u[zjCaq5Wg7[QS1sX ).

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით შპს „T. Q.”-ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) აზერბაიჯანის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული შპს „T. Q.“-ის ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (დედნის სახით) და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი, რომლითაც დადასტურდება შუამდგომლობის წარმოდგენის დროისათვის კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა; ბ) კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ან კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ ე.ბ–ვის სახელზე გაცემული და სათანადო წესით დამოწმებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე, 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობა და მისი სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.

8. ზემოაღნიშნული განჩინების თარგმანის მხარისათვის გაგზავნამდე, შუამდგომლობის ავტორმა შეავსო ხარვეზი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „T. Q.”-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №e-2-2(113)-2960/2021 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. ზემოაღნიშნული განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე შეეძლო საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება, ასევე, შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ მისამართზე და 2022 წლის 9 ნოემბერს ჩაბარდა.

12. 2022 წლის 16 ნოემბერს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსაზრება წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ. მოპასუხის მითითებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №e-2-2(113)-2960/2021 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება ორი ძირითადი საფუძვლით არ უნდა მოხდეს: 1) მოპასუხეს დოლარის ნაწილში სრულად შესრულებული აქვს ვალდებულება, კერძოდ შუამდგომლობის ავტორს მხარემ გადაუხადა 32 285 აშშ დოლარი (აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად განცხადებას ერთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი); 2) მოპასუხე არასათანადოდ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე.

13. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით დადგინდა, რომ შპს „T. Q.”-ის შუამდგომლობა 2023 წლის 26 იანვარს, 13:00 საათზე განიხილებოდა ზეპირი მოსმენით.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შპს „T. Q.”-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №e-2-2(113)-2960/2021 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ განიხილა ზეპირი მოსმენით 2023 წლის 26 იანვარს.

16. 2023 წლის 26 იანვარს საქმის განხილვა გადაიდო 2023 წლის 24 თებერვალს 12 საათზე.

17. 2023 წლის 24 თებერვლის სხდომა მხარეთა მორიგების მიზნით კვლავ გადაიდო 2023 წლის 6 მარტისათვის.

18. 2023 წლის 6 მარტს სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საქართველოს უზენაესი სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.

20. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. მათ შორისაა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), რომელიც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც მათ სხდომაზეც დაადასტურეს, ამავდროულად, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს.

23. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

24. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების 42-ე-46-ე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგების დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს მორიგების აქტი შპს „T. Q.”-სა და შპს „ქ.მ–ს“ (ს/კ ......) შორის შემდეგი პირობებით:

2.1. მოვალე ცნობს ბაქოს კომერციული სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #e-2-2 (113)-2960/2021 გადაწყვეტილებას;

2.2. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის დღისთვის სხვადასხვა პერიოდში მოვალეს გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, კერძოდ, 120 285 (ას ოცი ათას ორას ოთხმოცდახუთი) აშშ დოლარი და 125 000 (ას ოცდა ხუთი ათასი) ევრო;

2.3. მოვალის დავალიანება წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის დღისთვის შეადგენს 120 765 (ას ოცი ათას შვიდას სამოცდახუთი) ევროს;

2.4. მოვალე იღებს ვალდებულებას 2.3. პუნქტში მითითებული დავალიანების გარდა, დამატებით გადაუხადოს კრედიტორს 5 000 (ხუთი ათასი) ევრო სამართლებრივი დახმარებისთვის კრედიტორის მიერ გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად;

2.5. დავალიანების გადახდა განხორციელდება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

თანხა

გადახდის ვადა

1

35191,25 ევრო

13 მარტი, 2023 წ.

2

30191,25 ევრო

13 აპრილი, 2023 წ.

3

30191,25 ევრო

13 მაისი, 2023 წ.

4

30191,25 ევრო

13 ივნისი, 2023 წ.

2.6. იმ შემთხვევაში თუ შეთანხმების 2.5. პუნქტში მითითებული ნებისმიერი გადახდა არ განხორციელდება მითითებულ ვადაში ან განხორციელდება ნაწილობრივ, დავალიანება სრული ოდენობით მიიჩნევა ვადამოსულად და ექვემდებარება დაუყოვნებლივ გადახდას;

2.7. გადახდის დღედ ჩაითვლება მოვალის მიერ კრედიტორისთვის 2.5. პუნქტში მითითებული თითოეული გადახდის სვიფტის გაგზავნის დღე. თუ სვიფტის გაგზავნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში კრედიტორის ანგარიშზე არ აისახება თანხა, გადახდის გრაფიკი ჩაითვლება დარღვეულად და ამოქმედდება 2.6 და 2.8. პუნქტი;

2.8. მოვალეს დაეკისრება პირგასამატეხლო თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის ვადამოსული და გადაუხდელი თანხის 1%-ის ოდენობით, რომლის დარიცხვაც დაიწყება გადახდის დღის შემდეგ დღეს და გაგრძელდება ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

3. მხარეთა მორიგების გამო შეწყდეს საქმის წარმოება შპს „T. Q.”-ის შუამდგომლობაზე შპს „ქ.მ–ის“ მიმართ ზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №e-2-2(113)-2960/2021 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის იმავე შუამდგომლობით ხელმეორედ მიმართვა;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი