20 თებერვალი 2023 წელი
№ას-122-2023 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „ბ–ნი“
მოწინააღმდეგე მხარეები _ შ.პ.ს. „შ–ი“, ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „შ–ი“-ს სარჩელი შ.პ.ს. „ბ–ნი“-სა და ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის მიმართ დაკმაყოფილდა. ყადაღისაგან გათავისუფლდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №16131225 სააღსრულებო საქმეზე კახეთის სააღსრულებო ბიუროს 15.02.2017 წლის აღწერა - დაყადაღების №121156 აქტიდან ამოირიცხა დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: №67686 – ორთქლის ქვაბი –1; №67687 – ქვაბი შარანტი –2; №67688 – შემამაგრებელი კოლონა; №67689 – სიმინდის საფქვავი წისქვილი; №67690 – ტაროიანი სიმინდის საფქვავი წისქვილი; №67691 – რკინის ცისტერნა 2 ტონიანი; №67692 – სპილენძის მაცივარი – 2; №67693 რკინის ცისტერნა 15 ტონიანი –1; №67694 უჟანგავი ლითონის ცისტერნა 1 ტონიანი – 2 ცალი.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინებით ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.
4. 2022 წლის 23 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. ამავე კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. შესაბამისად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, იგი უნდა გაასაჩივროს სააპელაციო წესით და თუ სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მის სააპელაციო საჩივარს, უფლებამოსილია წარადგინოს საკასაციო საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არა აქვს საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლება.
8. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „შ–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურმა და სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „ბ–ნს“ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია და სააპელაციო წარმოების ეტაპზე მოპასუხე შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც გამორიცხავს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების უფლებას და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ.: სუსგ №ას-652-614-2012, 18 მაისი, 2012წ.; საქმე №ას-614-584-2013, 22 ივლისი, 2013წ. სუსგ № ას-263-2021 26/03/2021),.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 372-ე, 264-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ბ–ნი“-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი