საქმე №ას-1614-2022 17 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ.ღ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „დ.ს.კ.ი–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „დ.ს.კ.ი–ომ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ღ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ზიანის სახით 21 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 23 აგვისტოს „BMW-ს“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და შეეჯახა მოსარჩელე კომპანიაში დაზღვეულ, „N.I.S.T.A.S.-ის“ კუთვნილ „ფორდის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
3. მოსარჩელის დაკვეთით შპს „ტუზმოტორს ექსპერტის“ მიერ ჩატარებული სპეციალური კვლევით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანების გამო, დამზღვევის კუთვნილი 12 000 აშშ დოლარის ღირებულების „ფორდის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება არ დაექვემდებარა აღდგენას, ამასთან, განისაზღვრა ნარჩენი ღირებულება 4000 აშშ დოლარით. მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დამზღვევს 12 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი აუნაზღაურა.
4. დაზღვეულისათვის ანაზღაურებულ თანხას - 12 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ 36 938.4 ლარსა და დაზიანების შემდეგ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ნარჩენ ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 24 625.6 ლარს. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით, ზიანის ოდენობა შეადგენს 21 000 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ასევე სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17 136.25 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. 2020 წლის 14 იანვარს მოსარჩელემ „N.I.S.T.A.S.-ის“ სახელზე გასცა ავტომობილის დაზღვევის NMI119990/20 პოლისი, რომლის თანახმად დაზღვეულია ავტომობილი (მარკა/მოდელი: FORD FIESTA, სახელმწიფო ნომერი: .....), ხოლო სადაზღვევო პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 14 იანვრიდან 2021 წლის 13 იანვრამდე დრო.
9. 2020 წლის 23 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისასმოპასუხემ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო და სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეულ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას შეეჯახა, რომელიც შეჯახების შედეგად დაზიანდა.
10. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოპასუხე მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-62, მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და იგი დაჯარიმდა 250 ლარით.
11. მოსარჩელემ დამზღვევს ზიანი 36 938.40 ლარის ოდენობით აუნაზღაურა.
12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის შეფასების საგანია, რამდენად არსებობს მოსარჩელის მიერ ანაზღაურებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.
13. განსახილველი დავისთვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებისა და მართებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა მხარეებს ერთმანეთთან თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებდათ. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის შინაარსიც ადასტურებს, რომლის ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა (მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს. მაშასადამე, მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი, ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალში დამკვიდრებული პრინციპიდან: „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება. რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგოდა ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.
15. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ზიანი წარმოშობილია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად, კერძოდ, 2020 წლის 23 აგვისტოს თ.ს.ლ. ს/გზის 93-ე კმ-ზე. ავტომობილი, რომელსაც მოპასუხე მართავდა, უკნიდან შეეჯახა მოსარჩელე კომპანიაში დაზღვეული ფორდის მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომერი: .....). აღნიშნული ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. უდავოა, რომ სამართალდამრღვევ პირად მოპასუხე განისაზღვრა. მისი მხრიდან ქმედების მართლწინააღმდეგობა, მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგთან და ბრალი შედავებული არ არის, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტის პრეტენზია ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ მისი მითითებით, არ დადასტურდა სადაზღვევო შემთხვევა და შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, რომლებიც სადაზღვევო პოლისითაა განსაზღვრული, ვინაიდან ფიზიკური პირი, რომელიც ფორდის მარკის ავტომობილს მართავდა, არ არის შპს „N.I.S.T.A.S.-ის“ თანამშრომელი, ასევე, არ აქვს მართვის ორწლიანი გამოცდილება.
17. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის დაკისრებული 17136.25 ლარის ოდენობა და არც ის გარემოება, რომ თანხა მოსარჩელის მიერ არის გადახდილი. მოპასუხე სადავოდ ხდის, რამდენად არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურების (სუბროგაციული მოთხოვნის დაკმაყოფილების) წინაპირობები, ასევე, გადახდა დანიშნულებისამებრ მოხდა თუ არა, ესე იგი, მოსარჩელის მიერ თანხის გადარიცხვა „N.I.S.T.A.S.-ის“ წარმომადგენლობის საქართველოს ანგარიშზე, მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ემსახურებოდა თუ არა.
18. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორედ მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარემოება იმის შესახებ, რომ არსებობდა სადაზღვევო შემთხვევა, თუმცა საყურადღებოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობა „N.I.S.T.A.S.-ისთან“ მეორე მძღოლის შრომითი ურთიერთობისა და მართვის ორწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დააკმაყოფილა, რადგან სასამართლოს განმარტებით, გამოსათხოვი ინფორმაცია არ შეიცავდა მონაცემებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების თაობაზე.
19. აღნიშნული განჩინება გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ არის. ამასთანავე, მოპასუხეს არ მიუთითებია რაიმე ისეთ საპროცესო-სამართლებრივ დარღვევაზე, რომელიც მოცემული (განჩინების) გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი გახდებოდა.
20. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 992-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა სადავო არ არის. ამდენად, მოპასუხე ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული სუბიექტია, თუმცა სადავოა, რამდენად არსებობდა სადაზღვევო შემთხვევა და ამ კუთხით სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო წინაპირობები.
21. სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 832-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანისმიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით, დამზღვევის ნაცვლად, მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის,როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი) იკავებს. ასეთ შემთხვევაში, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).
22. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2020 წლის 8 სექტემბრის სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტზე, რომლის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურებამ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ ზარალზე 12000 აშშ დოლარი შეადგინა. ასევე წარმოდგენილია 2020 წლის 8 სექტემბერს მოსარჩელის მიერ „N.I.S.T.A.S.-ის“ წარმომადგენლობის საქართველოს ანგარიშზე 36938,40 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგი მონაცემების მითითებით: ზარალის ნომერი: 002566/20; პოლისის ნომერი: MI 119990/20; მანქანის სარეგისტრაციო ნომერი: ..... (გადარიცხვის დოკუმენტში მითითებული ამ ფორმალური მონაცემების თანხვედრა სადაზღვევო პოლისში მითითებულ მონაცემებთან აპელანტის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი, გარდა ზარალის ოდენობისა). სადაზღვევო პოლისის შესაბამისად კი, უფლებამოსილ მძღოლებად განსაზღვრულია კომპანია „N.I.S.T.A.S.-ის“ თანამშრომლები 21 წლის ზემოთ, მინიმუმ 2-წლიანი მართვის გამოცდილებით.
23. სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისათვის ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადაზღვევო შემთხვევის შესაძლო არარსებობის პირობებშიც კი, დადასტურდა ფაქტი მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის მესამე პირის (მოსარჩელის) მიერ ანაზღაურების თაობაზე.
24. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ როდესაც მოთხოვნის გადასვლა კანონის საფუძველზე სუბროგაციის გზით არ ხორციელდება, მესამე პირის მიერ ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, მასზე ვალდებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების გადასვლა ვალდებულებითი სამართლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარე ხდება. მაგალითად, თუ ვალდებული პირის ნაცვლად, ზიანს მესამე პირი აანაზღაურებს, მესამე პირს შეუძლია, ვალდებულ პირს რეგრესული მოთხოვნის გზით წარუდგინოს მოთხოვნა და თუ ამით ვერ აღდგება ფაქტობრივი უთანასწორობა, მაშინ ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების შესაბამისად წესრიგდება. ამიტომაც, მოცემულ შემთხვევაში, თუ მესამე პირი უსაფუძვლოდ აანაზღაურებდა, პირობითად, არარსებულ დავალიანებას და უსაფუძვლო ანაზღაურება იქნებოდა შედავებული, მაშინ ასეთი სახის სარჩელს დაკმაყოფილების საფუძველი არ ექნებოდა, მაგრამ აპელანტის შედავება ეხება არა იმას, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, არამედ სააპელაციო საჩივარი ეფუძნება ისეთ არგუმენტებს, რომელებიც სადაზღვევო კომპანიის თავდაცვის საშუალებებია. მაგალითად, სადაზღვევო კომპანიას შეეძლო მიეთითებინა, რომ პირი, რომელიც ავტომობილს მართავდა, არ იყო მასთან დასაქმებული და უარი განეცხადებინა ზიანის ანაზღაურებაზე, თუმცა მოსარჩელე მომხდარს სადაზღვევო შემთხვევად დააკვალიფიცირებდა თუ არა, ეს საკითხი მზღვეველსა და დამზღვევს შორის არსებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროა და მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმაც კი, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან მოპასუხის გათავისუფლებას ვერ გამოიწვევდა.
25. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ კანონისმიერი ცესიის დროს, არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუ რას ედავება ვალდებული სუბიექტი ახალ კრედიტორს. მოპასუხის მიერ ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალი, ანაზღაურებული ზიანის ოდენობა შედავებული არ ყოფილა. ასეთი შედავების არსებობის პირობებში, თუ დადასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო წინაპირობები არ არსებობს, კანონისმიერი ცესიის შემთხვევაშიც, სარჩელი ვერ დაკმაყოფილდებოდა, თუმცა სადაზღვევო კომპანიის მხრიდან მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად არასწორი კვალიფიკაცია მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან არ გაათავისუფლებდა. ასეთ ვითარებაშიც, იგი ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად დარჩებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე პირის მხრიდან მისი ვალდებულების შესრულების პირობებში, აღნიშნულ მესამე პირს მის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშობა და აღნიშნული უფლება სსკ-ის 832-ე მუხლისაგან დამოუკიდებლადაც არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
27. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევა არ არსებობდა და მოსარჩელეს, როგორც არასათანადო მხარეს, სარჩელის აღძვრის უფლება მოპასუხის მიმართ არ გააჩნდა.
28. კასატორის მოსაზრებით, არ ყოფილა დაცული სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, ავტომანქანა „ფორდს“ არ მართავდა კომპანია „N.I.S.T.A.S.-ის“ თანამშრომელი მინიმუმ 2-წლიანი მართვის გამოცდილებით. რაც შეეხება თანხის გადახდას, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, თანხა ნებისმიერი პირისათვის გადაეხადა, თუმცა მოპასუხეს აღნიშნულზე პასუხისმგებლობა არ უნდა დაკისრებოდა.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
32. 2020 წლის 14 იანვარს მოსარჩელემ „N.I.S.T.A.S.-ის“ სახელზე გასცა ავტომობილის დაზღვევის NMI119990/20 პოლისი, რომლის თანახმად დაზღვეულ იქნა ავტომობილი (მარკა/მოდელი: FORD FIESTA, სახელმწიფო ნომერი: .....), ხოლო სადაზღვევო პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 14 იანვრიდან 2021 წლის 13 იანვრამდე დრო.
33. 2020 წლის 23 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას მოპასუხემ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო და სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეულ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას შეეჯახა, რომელიც შეჯახების შედეგად დაზიანდა.
34. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოპასუხე მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-62, მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და იგი დაჯარიმდა 250 ლარით.
35. მოსარჩელემ დამზღვევს ზიანი 36 938.40 ლარის ოდენობით აუნაზღაურა.
36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის( მოსარცელე) შედავებების საფუძვლიანობა.
37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ : №ას-1172-2021, 10 ივნისი, 2022, პ.14).
39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
40. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე და 832 I მუხლების დანაწესი.
41. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
42. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებისის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველიშესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დადაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების(სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).
45. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
46. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი).
47. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების ანალიზისას მნიშვნელოვანია სუბროგაციის ინსტიტუტის განხილვა. ( სსკ-ს 832-ე მუხლი).
48. სადაზღვევო რისკის რეალიზაციის უშუალო შედეგია სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დადგომაც უცნობ, არაპროგნოზირებად მოვლენას უკავშირდება. უცნობი შეიძლება იყოს, დადგება თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, ან როდის დადგება იგი. დაზღვევის მიზანი მიღწევადია უშუალოდ დაზღვევის სფეროში არსებული მექანიზმებით, რომელი მექანიზმებიც უშუალოდ რეაგირებენ ზიანის მიმყენებლისმართლსაწინაღმდეგო ქცევაზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს სადაზღვეო ურთიერთობებში სუბროგაციის პრინციპის არსებობას. სსკ-ის 832.1 მუხლით დადგენილია, რომ თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. მითითებული ნორმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მას შემდეგ, რაც მზღვეველი აუნაზღაურებს დამზღვევს დამდგარ ზიანს, მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გახდეს დამზღვევის უფლებამონაცვლე და მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურება ზიანის მიმყენებელი პირისაგან იმ ოდენობით, რაც მან დამზღვევს გადაუხადა.
49. დაზღვევის კონტექსტში, სუბროგაციის დოქტრინა მზღვეველისა და დამზღვევის ურთიერთობის ორ ძირითად ასპექტთან ასოცირდება: პირველ რიგში, იგი უფლებას აძლევს მზღვეველს, განახორციელოს და დაიცვას ის უფლებები, რომელიც დამზღვევს ზიანის მიმყენებელი მესამე პირის მიმართ აქვს; მეორე, სუბროგაციის დოქტრინა ხელს უშლის დამზღვევის უსაფუძვლო გამდიდრებას, ეს კი სრულ შესაბამისობაშია „ორმაგი კომპენსაციის აკრძალვის პრინციპთან“ (შდრ: Skiner M, Gross J., Subrogation, 7.06.2007, <http://www.allens.com.au/pubs/pdf/insur/pap7jun06.pdf>.).
50. აღნიშნული პრინციპი კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა, რა დროსაც მზღვეველზე იმ მოთხოვნის უფლებების გადასვლა ხდება, რაც გააჩნია დაზღვეულ (სარგებლის მიმღებ) პირს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. სუბროგაციის ერთ-ერთ უპირატესობად და დანიშნულებად მოიაზრებენ ზიანის მიყენების ფაქტის დადგომის შემდეგ სამივე მონაწილე მხარისათვის აღნიშნული პრინციპის საშუალებით პრობლემის ოპტიმალურ გადაწყვეტას.“ (შდრ: ნ. ნიავაძე, სუბროგაცია ნებაყოფლობით სადაზღვევო ურთიერთობებში, 2012, გვ.3).
51. ქონებრივი დაზღვევის სამართალურთიერთობაში სუბროგაციის ძირითადი დანიშნულებაა, რომ დამზღვევის მიერ დაზღვევა არ იქნეს გამოყენებული უსაფუძვლო გამდიდრების საშუალებად. დამზღვევს, რომლის ქონებრივი ინტერესიც იქნა დაზიანებული მესამე პირის მიერ, მიყენებული ზიანის შესაბამისი ოდენობის თანხის ანაზღაურების მიღების უფლება ერთდროულად წარმოეშობა ორი სხვადასხვა სუბიექტის მიმართ. მათგან ერთს წარმოადგენს ზიანის მიყენებისას დელიქტურ სამართლებრივურთიერთობაში პასუხისმგებელი პირი, ხოლო მეორეს სადაზღვევო კომპანია, როგორც სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კონტრაჰენტი. თუ დამზღვევი ანაზღაურებას მოითხოვოს და სრულად მიიღებს ორივე სუბიექტისგან, მაშინ დამზღვევის მიერ მიღებული თანხა იქნება იმაზე უფრო მეტი, ვიდრე მიყენებული ზიანი, რაც თავისთავად საფუძვლის გარეშე დამზღვევის გამდიდრების საწინდარია.
52. „სუბროგაციის დროს საქმე გვაქვს დელიქტურ ვალდებულებაში კრედიტორის შეცვლასთან, სადაც ვალდებულების არსი უცვლელი რჩება. ამასთან, დელიქტურ ვალდებულებაში დამზღვევის მზღვეველით შეცვლის აუცილებელი წინაპირობაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო თანხის გაცემა. ამდენად ზიანის დამზღვევის სამართლებრივ ურთიერთობაში, როდესაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომა გამოიწვია მესამე პირმა, გამოიყენება კრედიტორის ჩანაცვლების პრინციპი, რაც შესაძლოა ემსახურებოდეს როგორც დაზღვეულის, ასევე მესამე პირის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილებას“ (შდრ: სუსგ №ას-581-549-2011, 17 თებერვალი, 2012).
53. სუბროგაციის შემთხვევაში მოთხოვნის უფლება მზღვეველზე გადადის მის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანია არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს პასუხისმგებელი პირისაგან იმაზე მეტი, რაც მან აანაზღაურა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. თუმცა, თავის მხრივ, ეს არ ართმევს უფლებას დამზღვევს, ზიანზე პასუხისმგებელი პირისაგან მოითხოვოს თანხა, რაც აღემატება გაცემულ სადაზღვევო საზღაურს, თუ რეალური დანაკლისი სადაზღვევო თანხაზემეტია. (შდრ: გ. ამირანაშვილი, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან, „მართლმსაჯულება და კანონი“, №1’19, 2014, გვ.95).
54. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების ძირითადი მიზანია, ერთი მხრივ, სადაზღვევო კომპანიამ შემოსავალი მიიღოს და მეორე მხრივ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდეს. მნიშვნელოვანია, რომ მზღვეველის მიერ დამზღვევის დაცვამ, გარკვეულწილად არ „მოადუნოს“ ზიანის მიმყენებელი (შდრ: ნ. მოწონელიძე, სუბროგაცია, როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, 2016, გვ.42). „Madewhole“-ს პრინციპის თანახმად, დამზღვევის ზიანი სრულად უნდა იქნეს ანაზღაურებული, მანამ სანამ სადაზღვევო კომპანია აღძრავს სარჩელს ზიანის მიმყენებლის წინააღმდეგ (შდრ: Howard E., Theodore K, „Subrogation: Primerand Recent Environmental Cleanup Cases“, 2015, New York Law Journal, p.1-2; <https://www.law.com>.)
55. მზღვეველის სუბროგაციული მოთხოვნის უფლება განიმარტება, როგორც „მიღებული კომპენსირების პრინციპისაგან“: დამზღვევს აქვს უფლება, აინაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუმცა, მეორე მხრივ, დამზღვევი არ არის უფლებამოსილი უსაფუძვლოდ გაიმდიდროს საკუთარი თავი და მოთხოვნა აინაზღაუროს, როგორც მზღვეველისაგან, ასევე ზიანის მიმყენებელი მესამე პირისაგან. ამავდროულად, ზიანზე პასუხისმგებელ პირს არ შეუძლია თავი გაიმართლოს იმ ფაქტით, რომ დაზარალებულ პირს დაზღვეული ჰქონდა შემთხვევა. ის მაინც წარმოადგენს ზიანზე პასუხისმგებელ პირს. ( იხ: Pengelley N., „When Cananinsurer Exerciseits Right of Subrogation”?, The Accountig Review 75(1), 2013.).
56. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სუბროგაციის საფუძველზე კანონმდებელი ცდილობს ორი მიზნის მიღწევას: პირველი, დაზღვეულმა არ უნდა მიიღოს ორმაგი კომპენსაცია ზიანის მიმყენებელი მესამე პირისა და მზღვეველისაგან, ანუ დამზღვევი არ უნდა გამდიდრდეს უსაფუძვლოდ და მეორე, ზიანის მიმყენებელმა მესამე პირმა, სადაზღვევო ანაზღაურების საფუძველზე, არ უნდა ნახოს სარგებელი, კერძოდ იგი არ უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან.
57. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სუბროგაციის შემთხვევაში მოვალე (მზღვეველი) მესამე პირად არ განიხილება, მასზე ხდება კრედიტორის (დამზღვევი) უფლების გადასვლა. სადაზღვევო საზღაურის გაცემის შემდეგ რეგრესული ვალდებულება კი არ წარმოიქმნება, არამედ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას. ასეთ დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით: მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. სუბროგაცია წარმოადგენს მზღვეველის გარანტიას, ზიანის მიმყენებლისაგან მიიღოს ის თანხა, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად გასცა დამზღვევითვის. (იხ. დამატებით: გ. ამირანაშვილი, „სუბროგაციის უფლების დაუშვებლობა“, სამართლებრივი ჟურნალი, 2011, გვ.20.).
58. სადაზღვევო ხელშეკრულების მხარეები უშუალოდ სადაზღვევო ხელშეკრულებით დეტალურად განსაზღვრავენ იმ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც მათ სუბროგაციის რეალიზაციის პროცესში წარმოეშობათ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების პირობების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს დამზღვევს და ამით დაცული იქნება დამზღვევის ინტერესები. თუ გავითვალისწინებთ, რომ სადაზღვევო სამართლის უმთავრესი მიზანი დამზღვევის ქონებრივი ინტერესის დაცვაა, ცალსახაა, რომ დავა დამზღვევსა და მზღვეველს შორის მოვალისაგან ანაზღაურების მიღების უპირატესი უფლების შესახებ დამზღვევის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (შდრ: ნ.მოწონელიძე, სუბროგაცია როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, თბილისი, 2016, გვ: 117, 221). ვინაიდან დაზღვევის ხელშეკრულების უმთავრესი მიზანი დამზღვევის ქონებრივი ინტერესის დაცვაა, ბუნებრივია, სუბროგაცია არ შეიძლება ამ უკნასკნელის საზიანოდ განხორციელდეს (შდრ:BGHZ 13, 28 = VersR 195, 211 მითითებულია: Moller/Segger, in: Longheid/Wandt, Münchenerkommentar, VVG პპ:1-99 Systematische Darstellung, Band I, 2010, პ86, Rn, 122.). როგორც წესი, სუბროგაციის შემთხვევაში, კრედიტორი („პირველადი კრედიტორი“, დამზღვევი) ანაზღაურების მიღებისთანავე ტოვებს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას და მას ანაცვლებს „მეორადი კრედიტორი“ - პირი რომელმაც ვალდებულება „პირველადი კრედიტორის“ წინაშე სხვის ნაცვლად შეასრულა. მზღვეველი, როგორც წესი, ზიანის მიმყენებელი პირის წინაშე დამზღვევის სახელით გამოდის და მისი უფლებების რეალიზაციას საკუთარი ინტერესებისათვის ახორციელებს. ამდენად, სუბროგაციის შემთხვევაში, სახეზეა სინგულარული სამართალმემკვიდრეობა (შდრ: ნ.მოწონელიძე, სუბროგაცია როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, თბილისი, 2016, გვ: 174, 175) (იხ. სუსგ №ას-812-2022,5 ოქტომბერი, 2022წ.).
59. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა. ასეთად ვერ შეფასდება მხარის არგუმენტი, რომ სადაზღვევო შემთხვევა არ დამდგარა, რადგან არ შესრულებულა სადაზღვევო პოლისის პირობები.
60. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის დაკისრებული 17136.25 ლარის ოდენობა და არც ის გარემოება, რომ თანხა მოსარჩელის მიერ არის გადახდილი. მოპასუხე სადავოდ ხდის, რამდენად არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურების (სუბროგაციული მოთხოვნის დაკმაყოფილების) წინაპირობები, ასევე, გადახდა დანიშნულებისამებრ მოხდა თუ არა, ანუ მოსარჩელის მიერ თანხის გადარიცხვა, მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ემსახურებოდა თუ არა.
61. საკასაციო პალატა მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ზოგადად იზიარებს კასატორის მოსაზრებას, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ არსებობდა სადაზღვევო შემთხვევა, თუმცა საყურადღებოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობა „N.I.S.T.A.S.-ისთან“ მეორე მძღოლის შრომითი ურთიერთობისა და მართვის ორწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ გამოსათხოვი ინფორმაცია არ შეიცავდა მონაცემებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების თაობაზე. აღნიშნული განჩინება კი მოპასუხეს გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. (იხ. წინამდებარე განჩინების პ.19).
62. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
63. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
64. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
65. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
66. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
67. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზ.ღ–ძის მიერ 2022 წლის 29 დეკემბერს №30489390 საგადახდო დავალებით გადახდილი 856,90 ლარის 70% – 599,83 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ღ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ.ღ–ძის (პირადი №1…………) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზ.ღ–ძის მიერ 2022 წლის 29 დეკემბერს №30489390 საგადახდო დავალებით გადახდილი 856,90 ლარის 70% – 599,83 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე