Facebook Twitter

საქმე №ას-1573-2022 17 მარტი, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს ,,ს.კ.რ–ი ?“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.გ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - შრომის ანაზღაურების, საშვებულებო ანაზღაურების და მათი დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.გ–იამ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა მოპასუხე შპს ,,ს.კ.რ–ი ?-ის“ (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1.1. 2019 წლის აგვისტოს თვის 2 სამუშაო დღის სახელფასო დავალიანების დარიცხული 556.18 ლარის და 2019 წლის 05 აგვისტოდან 2019 წლის 05 სექტემბრამდე პერიოდის საშვებულებო ანაზღაურების დარიცხული 6117.94 ლარის გადახდა; 2019 წლის აგვისტოს თვის 2 სამუშაო დღის სახელფასო დავალიანების დარიცხულ 556.18 ლარზე, 01.09.2019 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის და 2019 წლის 05 აგვისტოდან 2019 წლის 05 სექტემბრამდე პერიოდის საშვებულებო ანაზღაურების დარიცხულ 6117.94 ლარზე; 12.09.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის, დაყოვნების პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0.07%-ის გადახდა.

2. მოსარჩელის განმარტებით, იგი მოპასუხე კომპანიაში უწყვეტად მუშაობდა 2005 წლიდან. მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა 2019 წლის 5 სექტემბერს შეწყდა მოსარჩელის პირადი განცხადების საფუძველზე. მოსარჩელე ანაზღაურებად შვებულებაში იმყოფებოდა 2019 წლის 5 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში. მოსარჩელეს 2019 წლის აგვისტოში ჩაერიცხა წინა თვის - ივლისის ხელფასი, ხოლო შემდგომ პერიოდში არც ხელფასის და არც გამოყენებული შვებულების თანხა არ მიუღია, რაც წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას.

3. მოპასუხემ შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მათ დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ ასევე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის აგვისტოს თვის 2 სამუშაო დღის სახელფასო დავალიანების დარიცხული 556.18 ლარის და 2019 წლის 05 აგვისტოდან 2019 წლის 05 სექტემბრამდე პერიოდის საშვებულებო ანაზღაურების დარიცხული 6076.28 ლარის გადახდა. ასევე, 2019 წლის აგვისტოს თვის 2 სამუშაო დღის სახელფასო დავალიანების დარიცხულ 556.18 ლარზე 01.09.2019 წლიდან ამ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის აღსრულებამდე პერიოდისათვის და 2019 წლის 05 აგვისტოდან 2019 წლის 05 სექტემბრამდე პერიოდის საშვებულებო ანაზღაურების დარიცხულ 6076.28 ლარზე, 12.09.2019 წლიდან ამ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის აღსრულებამდე პერიოდისათვის, დაყოვნების პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0.07%-ის გადახდა; დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად უარყოფა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში 2005 წლიდან, წერილობითი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე.

8. მხარეთა შორის წერილობითი ფორმით 01.12.2017 წელს დადებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 დეკემბრიდან - განუსაზღვრელი ვადით. ამავე ხელშეკრულებით, გასამრჯელოს დაუბეგრავი ოდენობა განისაზღვრა 4000 ლარით, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან განხორციელებული ცვლილების მიხედვით, ახალი სახელფასო განაკვეთი გახდა დარიცხული 5000 ლარი.

9. 2019 წლის 29 ივლისის შვებულების მოთხოვნის განაცხადის მიხედვით, მოსარჩელემ ისარგებლა ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით 2019 წლის 5 აგვისტოდან 2019 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში.

10. მოსარჩელემ 2019 წლის 2 სექტემბერს განცხადებით მიმართა მოპასუხე კომპანიას და 2019 წლის 5 სექტემბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. ამდენად, მხარეთა შორის შეწყდა შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულის ინიციატივით.

11. მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელეს ყოველთვიურად ხელფასის სახით ერიცხებოდა დაბეგრილი (გადასახადების გარეშე): 2019 წლის მაისის თვეში 4675.50 ლარი (2337.75+2337.75), ივნისის თვეში - 4771.50 ლარი (2385.75+2385.75), ხოლო ივლისის თვეში 4771.50 ლარი (2385.75+2385.75).

12. ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც.

13. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის დროისთვის მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია მუშაობის დაწყების თარიღისა და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის განსაზღვრა, ასევე, შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გადახდის წესის დადგენა. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

14. საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი.

15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის შრომით- სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ, დასაქმებულთან საბოლოო ანგარიშსწორება დადგენილ ვადაში და წესით არ განხორციელებულა. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა 2019 წლის 5 სექტემბრიდან, მის მიერ წარდგენილი პირადი განაცხადის საფუძველზე, თუმცა დამსაქმებელს მისთვის არ აუნაზღაურებია 2019 წლის აგვისტოს 2 დღის ხელფასი 556.18 ლარის ოდენობით და 2019 წლის 05 აგვისტოდან 2019 წლის 05 სექტემბრამდე პერიოდის საშვებულებო თანხა 6117.94 ლარი (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით), რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა, სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია და განმარტა, რომ მოსარჩელე ამ პერიოდში დასაქმებული იყო სხვა ორგანიზაციაში. შესაბამისად, მოპასუხე კომპანიაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამასთან, დამსაქმებელმა არასწორად მიიჩნია სახელფასო ოდენობის და საშვებულებო თანხის გამოთვლის მეთოდი.

16. სააპელაციო პალატამ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ სადავო საკითხის შეფასებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს იმ პერიოდში მოქმედი სამართლებრივი მოწესრიგება, როდესაც მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, რაც პირდაპირ კავშირშია ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყებასთან.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

18. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო, ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტს უკავშირებს მოთხოვნის უფლების წარმოშობას.

19. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად ათვლისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა.

20. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 2019 წლის აგვისტოს 2 სამუშაო დღის სახელფასო და 05.08.2019 წლიდან - 05.09.2019 წლამდე პერიოდის საშვებულებო დავალიანების ანაზღაურება და მისი დაყოვნებისათვის შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება.

21. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა ყოფილიყო სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის დებულებები, რომელიც სპეციალურ ნორმას სახელფასო დავალიანების ხანდაზმულობასთან მიმართებით არ შეიცავდა. ამდენად, ვინაიდან 2019 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეში დღეს მოქმედი შრომის კოდექსის ის დებულება, რომელიც განსაზღვრავს სახელფასო დავალიანებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობას არ მოქმედებდა, შრომის კოდექსის 1.2 მუხლზე დაყრდნობით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნორმები ხანდაზმულობასთან მიმართებაში.

22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

23. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა 2019 წლის აგვისტო/სექტემბრის სახელფასო დავალიანება, რომელიც ყოველთვიურად ერიცხებოდა მოსარჩელეს, იგი წარმოადგენს პერიოდულად (ყოველთვიურად) შესასრულებელ ვალდებულებას და აღნიშნულ მოთხოვნაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა წარმოდგენილი აქვს 2022 წლის 2 მაისს, ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში, იგი ხანდაზმული არ არის და არსებობს მასზე არსებითად მსჯელობის აუცილებლობა.

25. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ შრომით სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (სუსგ. №ას-922-884- 2014, 16.04.2015). აღნიშნულის გათვალისწინებით, დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, დაედასტურებინა დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა და მასთან შრომითი ურთიერთობის 2019 წლის 5 სექტემბრამდე არარსებობის ფაქტი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარდგენილი განცხადების გათვალისწინებით უდავოდ დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა განუსაზღვრელი ვადით მანამ სანამ დასაქმებულმა არ მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. რაც შეეხება შრომის ანაზღაურების ოდენობას აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნეული იქნა წარმოადგენს მოსარჩელის ანგარიშზე ხელფასის დანიშნულებით მოპასუხე კომპანიისგან თანხები, რის საფუძველზეც სასამართლომ მართებულად განსაზღვრა საშუალო თვიური ხელფასის ოდენობა და ბოლო სამი თვის ხელფასის ჩარიცხვებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მოსარჩელის დარიცხული ხელფასი ყოველთვიურად საშუალოდ შეადგენდა 6076.28 ლარს. აღნიშნული წერილობითი მტკიცებულების საპირისპირო მტკიცებულებები სხვა შრომითი ხელშეკრულების ან შრომის ხელშეკრულებაში ცვლილებების სახით, რომლითაც მხარეები შრომით ხელშეკრულების ახალ არსებით პირობებზე შეთანხმდებოდნენ ან მოქმედ შრომის ხელშეკრულებაში ცვლილებებს შეიტანდნენ, მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

26. გარდა ზემოაღნინულისა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზედ, რომ სასამართლოს უნდა გამოეთხოვა მტკიცებულებები შემოსავლების სამსახურიდან იმის დასადასტურებლად, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელე დასაქმებული იყო სხვა ორგანიზაციაშიც, რამეთუ საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 29 ივლისის შვებულების მოთხოვნის განაცხადის მიხედვით, მოსარჩელემ ისარგებლა ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით 2019 წლის 5 აგვისტოდან 2019 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, ხოლო დროის აღნიშნულ პერიოდში (ანაზღაურებადი შვებულება), საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შორის შეჩერებული იყო შრომითი ურთიერთობა.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ სადავო პერიოდში (2019 წლის პირველი აგვისტოდან 2019 წლის 5 სექტემბრამდე) მოსარჩელე თავდაპირველად ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს (1-2 აგვისტოს), ხოლო შემდგომ პერიოდში (05.08 - 05.09) იმყოფებოდა ანაზღაურებად შვებულებაში. ვინაიდან საწინააღმდეგო მოპასუხის მხრიდან ვერ დადასტურდა, დადგენილად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მიმართ სახელფასო და საშვებულებო თანხის დავალიანების სახით არსებობის ფაქტი, კერძოდ, ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის გადახდილი არ არის 2019 წლის აგვისტოს თვის 2 დღის შრომის ანაზღაურება (556.18 ლარი) და 1 თვის საშვებულებო თანხა (6076.28 ლარი).

28. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იძულებით განაცდურზე ყოველი დაყოვნებული დღისათვის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ, სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის ანდა საშვებულებო ანაზღაურების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2019 წლის 5 სექტემბერს, მოპასუხეს კი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 7 დღის ვადაში დასაქმებულისთვის სახელფასო და საშვებულებო დავალიანება არ აუნაზღაურებია, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის დაკისრების თაობაზე მართებული იყო.

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოპასუხემ) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად უარყოფა.

30. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

31. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ შეცდომით მიიჩნია 2019 წლის აგვისტოს თვეში და ასევე, 2019 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში შრომით ურთიერთობაში მოსარჩელის ყოფნის ფაქტი.

32. კასატორი სადავოდ ხდის სახელფასო ოდენობის და საშვებულებო თანხის გამოთვლის მეთოდს და სახელფასო დავალიანებას. იგი მიიჩნევს, რომ დავალიანება წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2 დღეზე არ წარმოადგენს 556.18 ლარს და შესაბამისად, საშვებულებო ანაზღაურების გაანგარიშება 6076.28 ლარის ოდენობით სწორად არ არის დადგენილი. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო საბანკო ამონაწერით ადგენს საშუალო თვიური ხელფასის ოდენობად ბოლო სამი თვის ჩარიცხვებსაც, რაც გაყოფილია სამ თვეზე, რომლის გამოთვლის მექნიზმი დაუსაბუთებელია. კასატორი სადავოდ ხდის აგრეთვე, თუ როდის შეწყდა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა. თუ არ დადასტურდება სახელფასო დავალიანების ფაქტობრივი გარემოება, საფუძველი გამოცლება პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობასაც.

33. კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინების გაუქმებასაც, რითაც უარი ეთქვა აპელანტს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი მოითხოვდა სასამართლოს მიერ გამოთხოვილიყო ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ შემოსავლების მიღების შესახებ, რითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის სხვა ორგანიზაციაში დასაქმების ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

35. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

37. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების, საშვებულებო ანაზღაურებისა და ხელფასის დაყოვნებისათვის კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებია: სშკ-ის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილი (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 31.2 მუხლი), რომლის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ; ამავე კოდექსის 44-ე მუხლი (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 34-ე მუხლი) რომლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა; ამავე კოდექსის 41 მუხლის მე-4 ნაწილი (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 31.4 მუხლი), რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

38. კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებას, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის აგვისტოს თვის 2 სამუშაო დღის სახელფასო დავალიანების დარიცხული 556.18 ლარის და 2019 წლის 05 აგვისტოდან 2019 წლის 05 სექტემბრამდე პერიოდის საშვებულებო ანაზღაურების დარიცხული 6076.28 ლარის გადახდა. ასევე, 2019 წლის აგვისტოს თვის 2 სამუშაო დღის სახელფასო დავალიანების დარიცხულ 556.18 ლარზე 01.09.2019 წლიდან ამ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის აღსრულებამდე პერიოდისათვის და 2019 წლის 05 აგვისტოდან 2019 წლის 05 სექტემბრამდე პერიოდის საშვებულებო ანაზღაურების დარიცხულ 6076.28 ლარზე, 12.09.2019 წლიდან ამ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის აღსრულებამდე პერიოდისათვის, დაყოვნების პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0.07%-ის გადახდის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ სარჩელი ხანდაზმულია; ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სადავო პერიოდში - 2019 წლის 5 აგვისტოდან იმავე წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში შრომით ურთიერთობაში მოსარჩელის ყოფნის ფაქტსა და შესაბამისად, ამ პერიოდში შრომითი ანაზღაურების ვალდებულების არსებობას და ამასთან, არ ეთანხმება სახელფასო ოდენობის გაანგარიშებას.

39. საკასაციო პალატა პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილი აქვს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული პოზიციის იდენტური პრეტენზია.

40. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას, რომ სასამართლომ შეცდომით მიიჩნია 2019 წლის აგვისტოს თვეში და ასევე, 2019 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში შრომით ურთიერთობაში მოსარჩელის ყოფნის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ და ამ განჩინების პპ: 7-10-ში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია არ აქვს წარმოდგენილი (სსსკ-ის 407.2 მუხლი), კერძოდ, მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში 2005 წლიდან, წერილობითი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე. მხარეთა შორის წერილობითი ფორმით 01.12.2017 წელს დადებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 დეკემბრიდან - განუსაზღვრელი ვადით. ამავე ხელშეკრულებით, გასამრჯელოს დაუბეგრავი ოდენობა განისაზღვრა 4000 ლარით, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან განხორციელებული ცვლილების მიხედვით, ახალი სახელფასო განაკვეთი გახდა დარიცხული 5000 ლარი. 2019 წლის 29 ივლისის შვებულების მოთხოვნის განაცხადის მიხედვით, მოსარჩელემ ისარგებლა ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით 2019 წლის 5 აგვისტოდან 2019 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში. მოსარჩელემ 2019 წლის 2 სექტემბერს განცხადებით მიმართა მოპასუხე კომპანიას და 2019 წლის 5 სექტემბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

41. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარდგენილი განცხადების გათვალისწინებით, ვინაიდან დგინდება, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა განუსაზღვრელი ვადით მანამ, სანამ დასაქმებულმა არ მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, დამსაქმებელს უნდა გაექარწლებინა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის 2019 წლის 5 სექტემბრამდე არარსებობის ფაქტი.

42. რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურების ოდენობის ნაწილში წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო პალატა კასატორის არც მითითებულ პრეტენზიას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი). სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. სსსკ-ის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას - განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს, კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. ვიდრე საქმის არსებითად განხილვა დაიწყება სასამართლოში, მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს საქმის მომზადება, რომელიც მათ შორის მხარეთა წერილობითი პოზიციების გაცვლას მოიცავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ერთი მხრივ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის, ხოლო მეორე მხრივ, შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისთვის ჩაბარება. სასამართლომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ კონტექსტში მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვა (წერილობითი დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება და პასუხის გასაცემად გონივრული ვადის დადგენა), წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მოპასუხეს მისთვის გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) ჩაბარების შემდეგ წარმოეშობა შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. შესაგებელი, ისევე როგორც სარჩელი, ყველა შემთხვევაში წერილობითი ფორმით (როგორც წესი ნაბეჭდი სახით) უნდა იყოს შედგენილი.

43. კანონმდებლის ამგვარი მოთხოვნა გამომდინარეობს წერილობითი სამართალწარმოების პრინციპიდან, რაც წინა ეტაპია ზეპირი სამართალწარმოებისა და რასაც ვერ ჩაანაცვლებს მხარეთა მოსმენის პრინციპი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო პროცესი დაკარგავდა განსაზღვრულობის სახეს და მივიღებიდით საპროცესო მოქმედებების ქაოსს. მხარეს უფლება აქვს წინასწარ, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე იცოდეს, რაზე აფუძნებს მეორე მხარე თავის მოთხოვნას ან რა საპროცესო საშუალებებით აპირებს თავის დაცვას. მხარეებს უნდა მიეცეთ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება, რათა დაიცვან საკუთარი სამოქალაქო უფლებები, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნაა.

44. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

45. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

46. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).

47. მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების წარდგენის დროს მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, იგი ფაქტობრივად ეთანხმება მოსარჩელეს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებში, თუმცა, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა მისი მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების გამო (ასეთი მოცემულობის პირობებში მტკიცების საგანში შედის მხოლოდ ერთი გარემოება _ „ვალდებულების შესრულება“, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ ვალდებულება არ შესრულებულა (მითითების ტვირთი), რომლის გაქარწყლება და დამტკიცებაც მოპასუხის მხარესაა.

48. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი _ ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი). მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელთან გვაქვს საქმე ასევე, როდესაც მოპასუხე უთითებს მოსარჩელის მხრიდან საპასუხო მოქმედების შესრულებაზე (სსკ-ის 369-ე მუხლი), შესრულების ვადის დაუდგომლობაზე (სსკ-ის 361.2 მუხლი).

49. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.

50. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., 19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

51. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

52. ასეთი მიდგომის საფუძველია სსსკ-ის 102-ე მუხლის ნორმატიული დანაწესი, რომელშიც თავმოყრილია მხარეთა საპროცესო ვალდებულებები, მათ შორის, მოპასუხის უფლება გააქარწყლოს მოსარჩელის მოთხოვნები. ცხადია, მოპასუხისათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზებისთვის მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე მითითება საკმარისი ვერ გახდება. სასამართლო მტკიცებაში, მოიაზრება პროცესის მონაწილე სუბიექტების იმგვარი საქმიანობა, რომელიც მიმართულია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა/არარსებობის დასადგენად. საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო, დასაბუთებული პოზიციის არსებობამ შესაძლებელია მხარე მიიყვანოს იურიდიულად დაუსაბუთებელ შედეგებამდე, რაც მოსარჩელისათვის მდგომარეობს სარჩელის უარყოფაში, ხოლო მოპასუხისთვის - მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. (იხ., ილონა გაგუა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი, 2020 წელი, გვ.168, 169, 214-215, 221, 231).

53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენე (იხ. სუსგ-ები Nას- 15-29-1443-2012, Nას-973-1208-04; Nას 664-635-2016).

54. სშკ-ის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 31.2 მუხლი) თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 44-ე მუხლით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 34-ე მუხლი) კი, დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. განსახილველ შემთხვევაში, შრომის ანაზღაურების ოდენობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნეული იქნა მოსარჩელის ანგარიშზე ხელფასის დანიშნულებით მოპასუხე კომპანიისგან ჩარიცხული თანხები, რის საფუძველზეც სასამართლომ მართებულად განსაზღვრა საშუალო თვიური ხელფასის ოდენობა და ბოლო სამი თვის ხელფასის ჩარიცხვებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მოსარჩელის დარიცხული ხელფასი ყოველთვიურად საშუალოდ შეადგენდა 6076.28 ლარს. აღნიშნული წერილობითი მტკიცებულების საპირისპირო მტკიცებულებები სხვა შრომითი ხელშეკრულების ან შრომის ხელშეკრულებაში ცვლილებების სახით, რომლითაც მხარეები შრომით ხელშეკრულების ახალ არსებით პირობებზე შეთანხმდებოდნენ ან მოქმედ შრომის ხელშეკრულებაში ცვლილებებს შეიტანდნენ, მოპასუხეს (დამსაქმებელი, კასატორი, აპელანტი) არ წარმოუდგენია.

55. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელის დავის საგანია მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების, საშვებულებო ანაზღაურებისა და სახელფასო ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის. მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი კი, მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობაა, გასათვალისწინებელია შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. შდრ: დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ სუსგ-ები საქმე №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; Nას-483-457-2015, 07.10.2015, №ას-110-2019, 5 ივლისი, 2019 წელი, პ-25. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა, დაედასტურებინა დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას (შდრ: სუსგ-ები: №ას-1332-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი; საქმე №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

56. რაც შეეხება კასატორის შედავენას ხანდაზმულობის ნაწილში, საკასაციო პალატა არც ამ ნაწილში არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ დრო დიდ როლს თამაშობს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საკითხში. მხარეთა შორის გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობები შეიძლება იმდენად დიდი ხნის წინ წარმოიშვას, რომ გავლენა მოახდინოს მხარეთა უფლება-მოვალეობებზე. მართლწესრიგი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთ სახესაც წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობა. მისი არსებობა განპირობებულია ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და მათი ინტერესების თანაბარი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე. გონივრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების არსებობა უფლების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნა უფრო მეტად დაცვის ღირსია. სასარჩელო ხანდაზმულობა უფლების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ჩარჩოებს აწესებს. სასარჩელო ხანდაზმულობა წარმოადგენს მიზნის მიღწევის საშუალებას და არა თვითმიზანს.

57. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უფლების წარმოშობა, ისევე როგორც მისი შეწყვეტა დაკავშირებულია განსაზღვრულ დროსთან. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ამცნობს უფლების სუბიექტს მისი დარღვეული უფლების სასამართლოს გზით განხორციელების ვადის თაობაზე. სასარჩელო ხანდაზმულობა იმ სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია, რომ რაღაც ურთიერთობას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლვი დროის გასვლა პირდაპირ გავლენას ახდენს პირთა უფლებებზე (იხ. დამატებით: თენგიზ ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ., გვ. 133; ბესარიონ ზოიძე, ქართული სამოქალაქო კოდექსის შექმნის ისტორიიდან, ჟურნალი „ქართული სამართლის მიმოხილვა“, თბილისი, 2003 წ. გვ. 110.).

58. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა, ანუ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამ ვადის გასვლა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნას არ აუქმებს (წყვეტს), არამედ მოვალეს შესაძლებლობას ანიჭებს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. ანუ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. (შდრ: გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 144-ე, ველი 1. თბილისი, 2017 წელი. შდრ: სუსგ №ას-1437-1357-2018, 11 მაისი, 2018 წელი). „ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტ. მ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3.).

59. ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51). (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).

60. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება.

61. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე. (იხ. დამატებით: ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, GIZ, 2013, გვ.20).

62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელი აერთიანებს ორ ნაწილს: სარჩელის აღძვრისა და სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. რადგან სასარჩელო ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი განხორციელების ვადა, ის უკავშირდება სწორედ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობა მატერიალური და არა საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი მიჩნეული უნდა იქნეს მატერიალური სამართლის კუთვნილებად კანონმდებლობაში მისი ადგილისა და სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით.

63. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.

64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დასრულების მომენტს. მოთხოვნის შემოწმებისას აუცილებელია განისაზღვროს ხანდაზმულობის კონკრეტული ვადის გამოყენებისა და მისი ათვლის საკითხი. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ხანდაზმულობის ვადის ათვლის ობიექტურ და სუბიექტურ მომენტებს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 2. თბილისი, 2017 წელი; ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011 წელი, გვერდი 123).

65. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ: სუსგ-ები №ას-34-2022, 21 ივნისი, 2022 №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16 ).

66. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო.

67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის მტკიცების ტვირთი კი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 5. თბილისი, 2017 წელი).

68. ვინაიდან სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007 წელი, გვერდი 64.).

69. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის დაწყებისათვის, როგორც წესი, არ არის სავალდებულო, რომ კრედიტორმა მისთვის ცნობილ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება მისცეს. თუ კრედიტორი მცდარ დასკვნებს გამოიტანს, ფაქტებს მცდარად შეაფასებს, ხანდაზმულობის ვადის დინება მაინც იწყება. ხანდაზმულობის ვადების დაწყებისათვის მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული ხანდაზმულობის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოებების ცოდნა მისი სამართლებრივი შეფასების გარეშე, რადგან რთულია შესაბამისი განათლების არმქონე პირს მოეთხოვოს ნორმის ქმედების შემადგენლობის კომპონენტების შეფასება. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის ათვლის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას, პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს ბრალეულ არცოდნასაც. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. დამატებით: ზურაბ ახვლედიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 1999 წელი, მუხლი 130, გვერდი 320.).

70. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა 2019 წლის 5 სექტემბრიდან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი პირადი განაცხადის საფუძველზე, თუმცა, მოსარჩელის განმარტებით დამსაქმებელს მისთვის არ აუნაზღაურებია 2019 წლის აგვისტოს 2 დღის ხელფასი 556.18 ლარის ოდენობით და 2019 წლის 05 აგვისტოდან 2019 წლის 05 სექტემბრამდე პერიოდის საშვებულებო თანხა 6117.94 ლარი (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით). ასევე, ანაზღაურების დაყოვნებისათვის შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ მოთხოვნების ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს იმ პერიოდში მოქმედი სამართლებრივი მოწესრიგება, როდესაც მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, რაც პირდაპირ კავშირშია ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყებასთან. შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის დებულებები, რომელიც სპეციალურ ნორმას სახელფასო დავალიანების ხანდაზმულობასთან მიმართებით არ შეიცავდა. ამდენად, ვინაიდან 2019 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეში დღეს მოქმედი შრომის კოდექსის ის დებულება, რომელიც განსაზღვრავს სახელფასო დავალიანებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობას არ მოქმედებდა, შრომის კოდექსის 1.2 მუხლზე დაყრდნობით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნორმები ხანდაზმულობასთან მიმართებაში.

71. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასმართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა წარმოდგენილი აქვს 2022 წლის 2 მაისს, ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში, იგი ხანდაზმული არ არის. შესაბამისად, კასატორმა ვერც ამ ნაწილში დაარწმუნა საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლის არსებობაში.

72. ხოლო რაც შეეხება კასატორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, აღნიშნული არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი ითხოვდა შემოსავლების სამსახურიდან მტკიცებულების გამოთხოვას მოსარჩელის 2019 წლის აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერისა და დეკემბრის თვის შემოსავლების შესახებ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში კასატორმა ვერ დაასაბუთა აღნიშნული მტკიცებულების გამოთხოვის აუცილებლობა.

73. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობებს და დასკვნებს, რომ სადავო პერიოდში (2019 წლის პირველი აგვისტოდან 2019 წლის 5 სექტემბრამდე) მოსარჩელე თავდაპირველად ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს (1-2 აგვისტოს), ხოლო შემდგომ პერიოდში (05.08 - 05.09) იმყოფებოდა ანაზღაურებად შვებულებაში. ამასთან, გასაზიარებელია, რომ მოსარჩელისათვის გადახდილი არ არის 2019 წლის აგვისტოს თვის 2 დღის შრომის ანაზღაურება (556.18 ლარი) და 1 თვის საშვებულებო თანხა (6076.28 ლარი), რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს წარმოშობდა.

74. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

75. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

76. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

77. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ს.კ.რ–ი ?“ -ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. შპს ,,ს.კ.რ–ი ?“ -ს (ს.კ; .......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფოხაზინა“, ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 23.12.2022-ში N236 საგადახდო დავალებით გადახდილი 416.00 ლარის 70% – 291.2 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე