Facebook Twitter

საქმე №ას-1483-2022 17 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ., თ., ლ., ნ. და ნ. ა–ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ი–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. რ.ი–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ., თ., ლ., ნ. და ნ. ა–ების (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 23 თებერვლის განკარგულების საფუძველზე შეიძინა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი 219,55 კვ.მ შენობა-ნაგებობით. აღნიშნულ ქონებას, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან. ( იხ. ს.ფ.23) ამავე სასამართლოს 2020 წლის 3 ივნისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა, მოპასუხეთა საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება განახლდა ( იხ. ს.ფ.66), თუმცა 2021 წლის 6 ივლისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო ( იხ. ს.ფ.107), რაც მათ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. (იხ. ს.ფ.118).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო ( იხ. ს.ფ. 178-185).

6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება და მიუთითა, რომ განსახილველი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა აპელანტების/მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო, რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება.

7. აღნიშნული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

8. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და არც აპელანტებმა უარყვეს, რომ 2021 წლის 6 ივლისს დანიშნული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ მოპასუხე მხარეები გაფრთხილებულები იყვნენ კანონით დადგენილი წესით, თუმცა ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსათვის. ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

9. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობები - არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა და მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით, სსკ-ის 230-ე მუხლის საფუძველზე, გამოტანილ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, საპროცესო ნორმების მოთხოვნებს შეესაბამება.

10. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილიდან და 172-ე მუხლის პირველი ნაწილიდან.

11. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ საპროცესო ეტაპზე არ ხდება მტკიცებულებების შეფასება და სასამართლო, მხოლოდ სარჩელში დაფიქსირებული ფაქტების სამართლის ნორმებთან შესაბამისობას ადგენს. ვინაიდან მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას და, ამასთან, სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ კანონშესაბამისია.

12. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ აპელანტებს არ მიუთითებიათ სსსკ-ის 233-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ სხვა ისეთ გარემოებებზე, რაც შეიძლება განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა გამხდარიყო.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

14. კასატორთა მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. ( იხ. საკასაციო საჩივარი).

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

18. 2021 წლის 6 ივლისს დანიშნული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ მოპასუხე მხარეები გაფრთხილებულები იყვნენ კანონით დადგენილი წესით, თუმცა ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსათვის. ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით. ორივე მხარის მონაწილეობას პროცესში აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლოს საშუალებას აძლევს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მაგრამ, რა უნდა მოიმოქმედოს სასამართლომ, როცა საქმის განხილვაზე არ ცხადდება ერთ–ერთი მხარე (რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ) და არც არაფერი აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ? საქმის განხილვა და ამ საქმეზე მრთლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ–ერთი მხარის ნება - სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს ერთ–ერთი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას იმ მხარის წინააღმდეგ, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე. ( ასევე მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობისას).

20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავის დაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. მოპასუხის შესაგებელი წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. ერთმანეთისაგან განასხვავებენ პროცესუალურ-სამართლებრივ და მატერიალურ - სამართლებრივ შესაგებელს.

21. პროცესუალურ-სამართლებრივი შესაგებელი - ესაა მოპასუხის მიერ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებსაც სამოქალაქო საპროცესო სამრთლის ნორმები უკავშირებენ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას, საქმის წარმოების შეწყვეტას, სარჩელის განუხილველად დატოვებას ან საქმის წარმოების შეჩერებას. მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი - ესაა სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის საშუალება ისეთ ფაქტებზე მითითებით, რომლებსაც მატერიალური სამართალი უკავშირებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმას.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები ითვალისწინებს სამართალწარმოების განხორციელებას მხარეთა პროცესუალური აქტიურობის საფუძველზე. ამ პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოდგენის სავალდებულობა. სანქცია ამ პროცესუალური ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მდგომარეობს მოპასუხე მხარის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაში. ( სსსკ-ის 2321-ე მუხლი).

23. ამასთან, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, როგორც ეს გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილში, კანონმდებელი არ ითვალისწინებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა. (შდრ: სუსგ №ას-759-2021, 8 ოქტომბერი, 2021 წელი).

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა ერთგვარ პრეზუმციას ეფუძნება, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობისას არსებობს ვარაუდი, რომ მოპასუხემ აღიარა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთ დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ზეპირი მოსმენის გარეშე არ ეწინააღმდეგება შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს, რადგან მოპასუხეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა თანდართული მასალებით სარჩელის ჩაბარებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაგებლით გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები. მოპასუხეს ასევე შეეძლო მოეთხოვა დამატებით გონივრული ვადა, შესაგებლისა და მტკიცებულებათა წარდგენისათვის საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. (შდრ: სუსგ №ას-1454-2021, 30 ივლისი, 2021 წელი).

25. პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის (შ.ქურდაძე., ნ. ხუნაშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და გასაჩივრებასთან დაკავშირებული პრობლემები, სამართალი და მსოფლიო, №2, 2015, გვ.55.), სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, საპროცესო ხარჯების საკითხზე. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. გ) თუმცა, იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება. (შდრ: სუსგ №ას-1491-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. (იხ. დამატებით: ს.ჩხაიძე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო პროცესში - ძირითადი პრობლემები, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, „მართლმსაჯულება და კანონი“№4 (35), 2012, გვ.41.).

27. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, 4. სარჩელში მითითებული გარემოებები (ფაქტები) იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. (ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს გერმანიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის §331-ის პირველი და მეორე ნაწილები. იხ. ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თეორია და პრატიკა, თბ.,2022, გვ. 46).

28. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა სასამართლოს მხრიდან მოიაზრებს დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ სასამართლო „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

30. მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც მოსარჩელე მხარე სარჩელში უთითებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან. რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი შემადგენლობა ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს გამოცხადებული მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა.

31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პრაქტიკაში არ არის გამორიცხული შემთხვევები, რომ მხარე, რომელმაც შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, კვლავ არ გამოცხადდეს დანიშნულ დროს იმ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე განიხილება არსებითად. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს მის მიმართ განმეორებით (მეორე) დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ( იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, GIZ, 2020, გვ. 959).

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება, რომელიც მეორედაა გამოტანილი ერთი და იმავე პირის ( მხარე) მიმართ, ამიტომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც თუმცა მეორედ გამოაქვს სასამართლოს, მაგრამ არა იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც იყო გამოტანილი პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არ იქნება განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იგი შეიძლება გასაჩივრდეს, როგორც პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

33. სსსკ-ის 242-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა (მსგავსი მოწესრიგებაა გათვალისწინებული გერმანიის სამოაქლაქო საპროცესო კოდექსით. აღსანიშნავია, რომ გერმანიის სამოაქლაქო საპროცესო კოდექსის § 514 -ის თანახმად, მეორე (განმეორებითი) დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ ზემდგომ ინსტანციაში შეტანილი საჩივარი, არ შეიძლება დაეფუძნოს იმას, რომ პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, პროცესუალურად მცდარად იქნა მიღებული. იხ. დამატებით: BGHZ, Beschlus vom 06.05.1999 –V ZB 1/99, 141, 351; BGHZ, Beschlus vom 07.12.2017 –IX ZR 81/17-WM 2018, 445; BGHZ, Beschlus vom 08.03.2017 – III ZR 39/17 –Iuris.).

34. სსსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ დაიშვება პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება იმ მხარის მიერ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი. სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისათვის შესაბამისი სამართლებრივი წინამძღვრები.

35. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან (იხ. ს.ფ.23). ამავე სასამართლოს 2020 წლის 3 ივნისის განჩინებით, მოპასუხეთა საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა (იხ. ს.ფ.66), თუმცა სასაამრთლო სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე 2021 წლის 6 ივლისს მიღებული იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (იხ. ს.ფ.107), რაც გაასაჩივრეს სააპელაციო წესით (იხ. ს.ფ.118).

36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართალია მოპასუხეების მიმართ პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს წარმოადგენდა შესაგებლის წარუდგენლობა (სსსკ-ის 2321 მუხლი), ხოლო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს კი - მოპასუხეების მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა, თუმცა აღნიშნული სრულად შეესაბამება სსსკ-ის 242-ე მუხლის მოთხოვნებს, იქედან გამომდინარე, რომ მოპასუხის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობა, სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას.

37. კასატორი მხარე საკასაციო საჩივარში შემოიფარგლა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სააპელაციო პალატას უნდა გაეუქმებინა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა კასატორს სხდომაზე გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე არ მიუთითება.

38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

39. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

40. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ვერ მიუთითეს ისეთი გარემოების არსებობაზე, რომელიც საქმის განხილვაზე მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეფასდებოდა.

41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სსსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები არ დარღვეულა, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებანი მოთხოვნას იურიდულად ამართლებს შემდეგ გარემოებათა გამო:

42. წინამდებარე დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას.

43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).

44. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

45. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

46. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

47. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

48. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუს 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ. საქმე №ას-1274-2020, 31.01.2020წ. საქმე №ას-434-2019 №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება).

49. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ირიცხება მოსარჩელე, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხეების მფლობელობაშია. შესაბამისად, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და სააპელაციო პალატამ იგი კანონიერად დატოვა ძალაში.

50. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორთა მითითება, რომ სადავო ფართი მათი ერთადერთი საცხოვრებელია. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა ვერ გახდება.

51. პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პირის უფლების აღიარება, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით (ჩეპმენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chapman v. the United Kingdom), განაცხადი no. 27138/95, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 99) ან როგორც პირის უფლება, იცხოვროს გარკვეულ ადგილას (გარიბი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Garib v. the Netherlands), განაცხადი no. 43494/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 141). კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე სახელმწიფოზე დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის გამყოფი ზღვარი, ხშირად რთული დასადგენია. შესატყვისი პრინციპები მსგავსია. ორივე შემთხვევაში უნდა დამყარდეს სამართლიანი წონასწორობა კონფლიქტურ ინტერესებს შორის. ევროპული სასამართლო მოითხოვს, რომ პირებს უნდა შეეძლოთ, გონივრულად განჭვრიტონ, სულ მცირე, იურისტის რჩევით, რომ მათზე შეიძლება კანონის მოქმედება გავრცელდეს“ (იხ. საცხოვრისის უფლება /საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის მიმოხილვა/; ავტორი - ნანა მჭედლიძე; 2019; 38-39; რედაქტორი- ნინო კალატოზიშვილი).

52. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სავინდიკაციო სარჩელის შემთხვევაში მოპასუხის არგუმენტი, რომ ის უსახლკაროა და არ აქვს სხვა საცხოვრისი, არ არის საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ, რომ შეაფერხოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელება ან საერთოდ გამორიცხოს მისი დაკმაყოფილება (იხ. სუსგ-ები: №ას-1578-2022, 26 იანვარი, 2023; №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022 წ.; №ას-870-2021, 6 ივლისი, 2022 წ.; 6.07.2022წ; №ას-509-2020, 31 ივლისი, 2022 წ.;№ ას- 1326-2021, 13 აპრილი, 2022 წ.; № ას-5-2022, 28 მარტი, 2022 წ.; № ას-1377-2021, 23 მარტი, 2022 წ.).

53. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგების მიღწევა, მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც, შესაბამისად, აღნიშნული კუთხით კასატორის კანონიერი ინტერესი არ დარღვეულა (შდრ: სუსგ №ას-1578-2022, 26 იანვარი, 2023 წელი).

54. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მხარე მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

55. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

56. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

57. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

59. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ დ. ა–ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. ჯ–ძის მიერ 2023 წლის 16 თებერვალს №16089600556 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ., თ., ლ., ნ. და ნ. ა–ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ დ. ა–ს (პირადი №……) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.ჯ–ძის მიერ 2023 წლის 16 თებერვალს №16089600556 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე