საქმე №ას-217-2023 16 მარტი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,თ.ა.ც–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ქ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ქ–ძის სარჩელი შპს ,,თ.ა.ც–ის“ მიმართ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი შპს „თ.ა.ც–ის“ დირექტორის ჯ. დ. ტ. დ–ის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება (შეტყობინება) ნ.ქ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შპს „თ.ა.ც–ს“ ნ.ქ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით (ხელზე მისღები ოდენობა), შპს „თ.ა.ც–ს“ ნ.ქ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 3905.61 ლარის ოდენობით (დარიცხული) 2020 წლის 20 დეკემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი, რომლითაც შპს „თ.ა.ც–ს“ ნ.ქ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „თ.ა.ც–ს“ ნ.ქ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 4000 (ოთხი ათასი) ლარის (დარიცხული) გადახდის ვალდებულება; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლითაც კასატორს დაევალა შვიდი დღის ვადაში წარმოედგინა დასაბუთებული, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, ასევე 4886,8 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2023 წლის 07 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,თ.ა.ც–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლითაც კასატორს დაევალა შვიდი დღის ვადაში წარმოედგინა დასაბუთებული, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, ასევე 4886,8 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2023 წლის 07 მარტს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 08 მარტიდან 2023 წლის 14 მარჩის ჩათვლით პერიოდი.
ზემოაღნიშნული ვადის დაცვით, 2023 წლის 14 მარტს კასატორმა წარმოადგინა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ აღარ აპირებს განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსებას, რადგან მხარეთა შორის შედგა მორიგება. აღნიშნულ განცხადებაზე თანდართულია ნოტარიულად დამოწმებული, მხარეების მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან მხარეს აღარ სურს ხარვეზის შევსება.
რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორის მიერ არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე, 397-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,თ.ა.ც–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე