Facebook Twitter

№ას-817-2021

28 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ.პ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.დ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.პ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სამართლოში ე.დ–ის (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) მიმართ და მოითხოვა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ: მოპასუხისათვის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაქირავებული ფართით (მდებარე: ქ. თბილისი, ......, N30) სარგებლობაში ხელშეშლის აკრძალვა ხელშეკრულების მოქმედების ვადით (ტ. 1, ს.ფ. 1-14).

1.1. ე.დ–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ე.დ–მა და მოითხოვა თ.პ–სა და ა.ჯ–ძეს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა 2016 წლის 13 სექტემბრიდან ე.დ–ისათვის ქირის გადაუხდელობის გამო და უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ: მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......, ბ. N30, ს/კ ....., უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოძრავი ნივთებისგან თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა, ასევე მისთვის მიყენებული ზიანის, 2016 წლის 13 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 750 აშშ დოლარის ექვივლენტის ანაზღაურება (დაზუსტებული შეგებებული სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 143-162).

1.3. თ.პ–მა შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ მას გადახდილი აქვს ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი თანხა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით თ.პ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ე.დ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. თ.პ–მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. ე.დ–მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ზიანის ანაზღაურების ნაწილში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ივნისის განჩინებით თ.პ–ისა და ე.დ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2015 წლის 23 სექტემბერს ა.ჯ–ძესა (გამქირავებელი) და თ.პ–ს (დამქირავებელი) შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამქირავებელმა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი, მდებარე, თბილისი, ......., სართული მე-8, ბინა №30, საკადასტრო კოდი: ......., დროებით სარგებლობაში გადასცა დამქირავებელს შესაბამისი ანაზღაურების, კერძოდ, 90000.00 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 10 წლის ვადით (თვეში 750,00 აშშ დოლარი). ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, 90 000.00 აშშ დოლარი გადახდილი იყო ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის თანახმად გამქირავებელს უფლება მიეცა გაესხვისებინა დამქირავებლის თანხმობის გარეშე უძრავი ქონება და ასეთ დროს შემძენი იკავებდა გამქირავებლის ადგილს.

5.2. 2016 წლის 13 სექტემბრიდან ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული №30 ბინის (მდებარე, თბილისი, ......), მესაკუთრედ აღირიცხა ე.დ–ი (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს განკარგულება №A15108143-019/001, დამოწმების თარიღი: 12/09/2016, თბილისის სააღსრულებო ბიურო).

5.3. 2017 წლის 31 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით (საქმეზე №2/29742-16) დაკმაყოფილდა ე.დ–ის მოთხოვნა და მოპასუხე ა.ჯ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის ე.დ–ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: თბილისი, ....., საკადასტრო კოდი: ....., უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, დადგინდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან ა.ჯ–ძის მიერ მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების გამოთავისუფლება. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

5.4. მითითებული გადაწყვეტილებით (საქმეზე №2/29742-16) დადგენილია, რომ დავის განხილვის დროისათვისაც ა.ჯ–ძე ფაქტობრივად ფლობდა ე.დ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. 2017 წლის 17 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, დაემყარა შემდეგ ფაქტობრივ დასაბუთებას: თ.პ–ის მიერ ქირის 90 000.00 აშშ დოლარის წინასწარ გადახდის მტკიცება ვერ ასაბუთებდა დამქირავებლის ინტერესს და არც მესაკუთრის (ა.ჯ–ძის) მიერ თანხის მიღება მიიჩნია სასამართლომ სარწმუნოდ და დადასტურებულად; ამავე განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა.ჯ–ძე ფლობდა სადავო ბინას, რაც გარდა 2017 წლის 08 თებერვლის აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ №17000149 ოქმისა (რომლის მიხედვით, ფაქტის დამდგენ უფლებამოსილ პირს მისამართზე თბილისი, ......., ბინა №30, გამოცხადებისას ადგილზე დახვდა ა.ჯ–ძე, რომელმაც უარი განაცხადა ფაქტის (ფაქტობრივი მოსარგებლის ვინაობის და უძრავი ნივთის მდგომარეობის დადგენის) კონსტატაციაზე), დასტურდებოდა ასევე, იმ გარემოებების გათვალისწინებითაც, რომ სასამართლოს ყველა გზავნილი ა.ჯ–ძეს ჩაბარდა სწორედ დასახელებულ მისამართზე (თბილისი, ........, ბინა №30), ხოლო მიღებული გადაწყვეტილების ა.ჯ–ძის მიერ გასაჩივრება ასევე ადასტურებდა მის მიერ სადავო ბინის ფლობას და დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის ინტერესის არსებობას.

5.5. 2017 წლის 31 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

5.6. თ.პ–მა თბილისში, ....... მდებარე, №30 ბინის ფლობის ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინა ნოტარიუსის მიერ დადასტურებული მეზობლების „თანხმობა“, რომლის თანახმად თ.პ–ი 2015 წლის 23 სექტემბრიდან ცხოვრობს მისამართზე: ....., ბინა №30. სადავო გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს ასევე წარმოდგენილი აქვს შპს „ყ.თ–ის“ მიერ გაცემული ქვითრები (აბონენტის ნომერი ...., სახელი - თ.პ–ი), რომლის მიხედვით, აბონენტის მისამართია საბურთალო, ......; 8 სართ.; ბინა 30.

5.7. საქმის მასალებით დასტურდება შესაგებელი თ.პ–ს ჩაბარდა მის საცხოვრებელ ბინაში, მისამართზე: თბილისი, ....... ბინა №15.

5.8. 2017 წლის 12 მაისს ა.ჯ–ძეს (გამყიდველსა) და თ.პ–ს (მყიდველს) შორის გაფორმებული იქნა მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოძრავი ნივთები განთავსებულია თბილისში, ...... მდებარე №30 ბინაში.

5.9. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება ა.ჯ–ძის მიერ სადავო ბინის ფაქტობრივად ფლობის შესახებ, შესაბამისად პალატა არ გაიზიარებს აპელანტის განმარტება თ.პ–ის მიერ ბინის 2015 წლიდან ფაქტობრივი ფლობის თაობაზე. გარდა ამისა, მიუთითა, რომ აპელანტის მიერ მითითებული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო მდგომარეობა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ერთ სამოქალაქო საქმეზე დადგენილ ფაქტებს სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, სადაც იგივე მხარეები მონაწილეობენ პრეიუდიციულ მნიშვნელობას ანიჭებს (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

5.10. პალატის მითითებით, საქმის მასალებით ასევე არ დასტურდებოდა თ.პ–ის მიერ ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირის წინასწარ - 90 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. თ.პ–ს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ა.ა–ძის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულებას სასამართლოში არ წარმოუდგენია.

5.11. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ფორმალურად დადებულ იქნა ქირავნობის ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები არ წარმოშობილა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

5.12. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის - ე.დ–ის მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, თ.პ–ის განცხადება, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 26 აპრილს გაცემული N2/29742-16 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღსრულების პოლიციელის პ.ც–ძის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმე NA17050066-009/001 დამქირავებელ თ.პ–ის მიმართ, რათა არ განხორციელებულიყო თ.პ–ის გამოყვანა ბინიდან, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......., ბინა N30, ს/კ ........

5.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ზემოაღნიშნული განჩინება.

5.15. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, სარჩელის უზრუნველსაყოფად თ.პ–მა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც ითხოვა, რომელიც დაუკმაყოფილა სასამართლომ, სწორედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დღიდან, (შეჩერდა რა 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება) ადგება ბინის მესაკუთრეს ზიანი და სწორედ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

5.16. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალურ სახეს წარმოადგენს და სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება. ზიანის ანაზღაურებისათვის უმთავრეს პირობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა წარმოადგენდა, რასაც განსახილველ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ე.დ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

8. თ.პ–ის საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიუთითებს, რომ მან სასამართლოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულებები, ქირავნობის საგანში ცხოვრების დასადასტურებლად. კერძოდ, მეზობლების თანხმობა, კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხელშეკრულების ასლი. თუმცა, აღნიშნულ მტკიცებულებები სასამართლომ არ გაითვალისწინა.

8.2. სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივი ფლობის სამართლებრივ შინაარსს, ვინაიდან, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ, დამქირავებლის ნებაა იცხოვრებს თუ არა აღნიშნულ ფართში. მას არ უნდა სჭირდებოდეს იმის მტკიცება, რომ რეალურად შეუდგა ფლობას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით თ.პ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ თ.პ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. ვიდრე დადგენილი გარემოებების სამართლის ნორმებთან სუბსუმირებას შეუდგებოდეს, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე: მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლს საერთო სასამართლოების სიტემაში და ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის დებულება, რომელიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

17. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილ არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლო კი გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებაზე დაყრდნობით.

19. მიმდინარე საქმეში კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნა არის მოპასუხისათვის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაქირავებული ფართით სარგებლობაში ხელშეშლის აკრძალვა, იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრე გახდა ე.დ–ი, მან დაიკავა ძველი გამქირავებლის ადგილი და უფლება-მოვალეობები გადავიდა ახალ გამქირვებელზე. შესაბამისად, მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე (ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა), 572-ე (თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები) და 575-ე (დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის მესაკუთრისგანაც) მუხლებიდან გამომდინარეობს.

20. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმისათვის, რომ მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) შეეწინააღმდეგოს მესაკუთრის აბსოლუტურ უფლებას, თავისუფლად ფლობდეს სარგებლობდეს და განკარგავდეს ნივთს (სსკ-ის 170-ე მუხლი), ასეთი უფლების შეზღუდვის მიზნით, მას უნდა ჰქონდეს ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება. სსკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ამავე კოდექსის 162-ე მუხლით, მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში. ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდან გამომდინარეობს. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერი ფლობის საფუძველი.

21. სსკ-ის 572-ე მუხლი ითვალისწინებს უფლებამონაცვლეობას გაქირავებული ნივთის გასხვისებისას. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული მუხლის თანახმად, შემძენის მიერ გამქირავებლის ადგილის დასაკავებლად აუცილებელია თავდაპირველი მესაკუთრის (გამქირავებლის) მიერ გაქირავებული ნივთის გასხვისება მას შემდეგ, რაც ის დამქირავებელს გადასცემს ქირავნობის საგანს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ე.დ–ის მიერ ბინის აუქციონზე შეძენის დროისათვის ა.ჯ–ძეს თ.პ–ისთვის აღნიშნული ბინა არ ჰქონდა გადაცემული.

22. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

22.1. 2017 წლის 31 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით (საქმეზე №2/29742-16) დაკმაყოფილდა ე.დ–ის მოთხოვნა და მოპასუხე ა.ჯ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის ე.დ–ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: თბილისი, ........, საკადასტრო კოდი: ......., უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, დადგინდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან ა.ჯ–ძის მიერ მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების გამოთავისუფლება. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

22.2. მითითებული გადაწყვეტილებით (საქმეზე №2/29742-16) დადგენილია, რომ დავის განხილვის დროისათვისაც ა.ჯ–ძე ფაქტობრივად ფლობდა ე.დ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. 2017 წლის 17 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, დაემყარა შემდეგ ფაქტობრივ დასაბუთებას: თ.პ–ის მიერ ქირის 90 000.00 აშშ დოლარის წინასწარ გადახდის მტკიცება ვერ ასაბუთებდა დამქირავებლის ინტერესს და არც მესაკუთრის (ა.ჯ–ძის) მიერ თანხის მიღება მიიჩნია სასამართლომ სარწმუნოდ და დადასტურებულად; ამავე განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა.ჯ–ძე ფლობდა სადავო ბინას. მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე.დ–სა და ა.ჯ–ძეს შორის არსებულ სამოქალაქო დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პრეიუდიციულ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, თუმცა იგი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა ზოგადი სტანდარტით შეფასებას ექვემდებარება. საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთად, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება უნდა შეფასდეს და სწორედ მათი შეპირისპირების შედეგად უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები პრეიუდიციულად იქნება თუ არა მიჩნეული, მოსარჩელე მხარეს მისი შინაარსის გამაქარწყლებელი სხვა რელევანტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მეზობლების თანხმობა, კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხელშეკრულების ასლი), წარმოადგენს სარწმუნო მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს ქირავნობის საგნის ა.ჯ–ძის მიერ დამქირავებლისთვის გადაცემას. აღნიშნულ პრეტენზიას პალატა ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ პირიქით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე.დ–ის შესაგებლის ასლი თ.პ–ს ჩაბარდა არა სადავო მისამართზე, არამედ, მის საცხოვრებელ ბინაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ........., ბ. 15. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2017 წლის 08 თებერვლის აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტანტაციის შესახებ N17000149 ოქმის თანახმად, ფაქტების დამდგენ უფლებამოსილ პირს მისამართზე: ქ. თბილისი, ......., გამოცხადების ადგილზე დახვდა ა.ჯ–ძე, რომელმაც უარი განაცხადა ფაქტის (ფაქტობრივი მოსარგებლის ვინაობისა და უძრავი ნივთის მდგომარეობის დადგენის) კონსტანტაციაზე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ასევე დგინდება, რომ სადავო მისამართზე სასამართლოს გზავნილებს იბარებდა ა.ჯ–ძე. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქირავნობის საგანი ა.ჯ–ძის მიერ თ.პ–ს არ გადასცემია. გამომდინარე იქიდან, რომ შემძენის მიერ გამქირავებლის ადგილის დაკავება დამოკიდებულია გამქირავებლის მიერ დამქირავებლისათვის ნივთის გადაცემაზე, რაც მოცემულ საქმეზე ვერ დადასტურდა, ე.დ–ზე ვერ გავრცელდება სსკ-ის 572-ე მუხლი და შესაბამისად, მასზე ვერ გადავა ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.

24. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივი ფლობის სამართლებრივ შინაარსს, ვინაიდან, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ, დამქირავებლის ნებაა იცხოვრებს თუ არა აღნიშნულ ფართში, საკასაციო პალატა მითითებულ პრეტენზიასთან მიმართებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა სარჩელის წარუმატებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ შეძლო დაედასტურებინა, ა.ჯ–ძისაგან მფლობელობაში სადავო უძრავი ნივთის მიღება.

25. გამომდინარე იქიდან, რომ ე.დ–ის მიმართ არ არსებობს სსკ-ის 572-ე მუხლის გავრცელების საფუძველი და მასზე ვერ გავრცელდება ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი სსკ-ის 531-ე და 575-ე მუხლებიდან გამომდინარე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც 575-ე მუხლიც დაკავშირებულია დამქირავებლის მიერ დაქირავებული ნივთის მფლობელობასთან, რაც როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ საქმეში არ დასტურდება. ამდენად, არ არსებობდა მოსარჩელის ე.დ–ის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი დავის საგნის, სასარჩელო მოთხოვნისა და მის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა მიღებული განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

27. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი გახდებოდა ვერ წარმოადგინა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება ნ.ქ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N11937815310, გადახდის თარიღი 08.11.2021) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.პ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. თ.პ–ს (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ქ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N11937815310, გადახდის თარიღი 08.11.2021) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე