საქმეას-300-2023
21 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.მ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ. ფ., ს. ფ.
(მოპასუხეები)
თავდაპირველი მოსარჩელე - ს.რ.რ. შ.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – შპს-ის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა, წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, წილების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 19 მაისს ნ.მ–ის და ს.რ.რ.შ–ის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ფ–ის და ს.ფ–ის მიმართ და მოითხოვა შპს-ის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა, წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, წილების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, კერძოდ:
- შეუჩერდეს უფლებამოსილება აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის ვადით შპს ,,ი -ფ.ნ’’-ის (ს/კ .....) გენერალურ დირექტორს მ. ფ–ის.
- ყადაღა დაედოს მ.ფ–ის საკუთრებაში რიცხულ 96% წილს შპს ‘’ს-..’’-ში (ს/კ ......).
- ყადაღა დაედოს მ.ფ–ისა და ს.ფ–ის კუთვნილ წილებს შპს ‘’ი-ფ.ნ’’-ში (ს/კ ......) .
- ყადაღა დაედოს მ.ფ–ის სადამფუძნებლო 40% წილს შპს ,,ი -ს–ში’’ (ს/კ .......).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, ნ.მ–ის და ს.რ.რ.შ–ის წარმომადგენლების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით: - შეუჩერდა უფლებამოსილება აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის ვადით შპს ‘’ი-ფ.ნ“-ის (ს/კ .....) გენერალურ დირექტორს მ. ფ–ის; ყადაღა დაედო მ.ფ–ის საკუთრებაში რიცხულ 96% წილს შპს ‘’ს- ?’’-ში (ს/კ ......); ყადაღა დაედო მ.ფ–სა და ს.ფ–ის კუთვნილ წილებს შპს ‘’ი-ფ.ნ–ში’’ (ს/კ ........); ყადაღა დაედოს მ.ფ–ის სადამფუძნებლო 40% წილს შპს ‘’ი-ს–ში’’ (ს/კ ......); განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მ.ფ–ის და ს.ფ–ის წარმომადგენელმა რ.ჯ–ძემ საჩივარი წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ამავე სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ 2022 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, მ.ფ–ის და ს.ფ–ის წარმომადგენლის რ.ჯ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, მ.ფ–ის და ს.ფ–ის წარმომადგენლის რ.ჯ–ძის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ‘’ი-ფ.ნ’’-ის (ს/კ .....) გენერალურ დირექტორს მ. ფ–ის შეუჩერდა უფლებამოსილება აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის ვადით და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი განჩინება; ნ.მ–ის და ს.რ.რ.შ–ის წარმოამდგენლის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შპს ‘’ი-ფ.ნ“-ის (ს/კ ......) გენერალური დირექტორის მ.ფ–ის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის განჩინება დარჩა უცვლელი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.მ–ის წარმომადგენელმა თ. გ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ნ.მ–ის წარმომადგენელის თ.გ–ძის საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე 2023 წლის 10 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა ნ.მ–ის წარმომადგენელმა თ.გ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
2023 წლის 24 თებერვალს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა - თ.გ–ძემ, მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ უარს ამბობს კერძო საჩივარზე და სურს მისი განუხილველად დატოვება. ამავე წლის 17 მარტს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განმეორებით მომართა საკასაციო პალატას, დააზუსტა მისი 2023 წლის 24 თებერვლის განცხადება და მიუთითა, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ გააჩნია კერძო საჩივრის განხილვის სამართლებრივი ინტერესი, ვინაიდან მხარეთა შორის ბათუმის საქალაქო სასამართლოში შედგა მორიგება და შესაბამისად, უარს ამბობს მასზე (მინდობილობა ტ.3; ს.ფ. 154.)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის ავტორის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს და კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, რაც ნიშნავს, მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თვიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული უდაოდ გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე. (შდრ. სუსგ. №ას-1764-2019, 15,07 2020 წ; №ას-1128-2020, 10 06,2021 წ).
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა განაცხადა, რომ კერძო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის შეტანის გზით.
განსახილველ საქმეში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნური მოლოღლის წარმომადგენლის - თ.გ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განემარტოს კერძო საჩივრის ავტორს, რომ მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი