10 მარტი , 2023 წელი,
საქმე№ას-1600-2022 თბილისი,
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - თ.ჯ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)– შპს ,,ფ.ჯ–ა"
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ფ.ჯ–ამ“ (შემდგომში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე,მზღვეველი (უფლებამონაცვლე)) თ.ჯ–ძის (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, სამართალდამრღვევი) მიმართ 5910.50 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ ნაწილობრივ, 1500 ლარის ფარგლებში ცნო სარჩელი. მისი მტკიცებით, სარჩელით მოთხოვნილი თანხა არ შეესაბამებოდა ზიანის რეალურ ოდენობას და არ დგინდებოდა ზიანი მოპასუხის ქმედებით იყო გამოწვეული თუ არა.
3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ 5910.50 ლარის გადახდა დაეკისრა მოპასუხეს, რომელმაც გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, 2023 წლის 10 მარტს დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა. სხდომაზე მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს და მისი დამტკიცების მოთხოვნით სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს.
8. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების პირობების თანახმად: 1. კასატორს მოწინააღმდეგე მხარის მიმართ გააჩნია დავალიანება 4 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც განხორციელდება 2023 წლის 31 მარტამდე; 2. დავალიანების გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის მოსარჩელის შემდეგ ანგარიშზე ჩარიცხვის გზით: ა.ნ: GE76TB7140736020100004; 3. კასატორის მიერ დავალიანების, მორიგების აქტის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული ვადის 10 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია დაიწყოს სააღსრულებო წარმოება სრულ სასარჩელო მოთხოვნაზე (გადახდილი თანხა გაიქვითება ამ მოთხოვნიდან); 4. მორიგების აქტის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, შპს „ფ.ჯ–ა“ კისრულობს ვალდებულებას დახუროს სესხი და გასცეს ცნობა დავალიანების არქონის შესახებ.
9. საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს და მხარეებს მორიგების პირობების დაზუსტების აუცილებელობაზე მიუთითა. სასამართლოს მითითებით, მხარეებმა სხდომაზევე დააზუსტეს მორიგების აქტის მე-3 პუნქტი შემდეგი სახით - „კასატორის მიერ დავალიანების, მორიგების აქტის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული ვადის 10 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია დაიწყოს სააღსრულებო წარმოება სარჩელით მოთხოვნილ თანხაზე - 5910.50 ლარზე (გადახდილი თანხა გაიქვითება ამ მოთხოვნიდან)“. მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის გათვალისწინებით დაზუსტდა მორიგების მე-4 პუნქტიც, სადაც სიტყვა „სესხი“ ჩანაცვლდა სიტყვით „დავალიანება“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ, სასამართლო სხდომაზე კორექტირებულ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის ფუნდამენტური დისპოზიციურობის პრინციპი, რაც მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას გულისხმობს. მათ შორისაა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), სსსკ-ის 83-ე მუხლი კი, მხარეებს ამ შესაძლებლობას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე ანიჭებს.
11. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც მათ სხდომაზეც დაადასტურეს. ამასთან, მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
12. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 218-ე, 264.3-ე, 272-ე, 49-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
2.1. ერთის მხრივ, შპს „ფ.ჯ–ა“ (ს/კ: .....) (შემდგომში „მოსარჩელე“) წარმოდგენილი გ.წ–ლის (პ/ნ ......) მიერ და მეორეს მხრივ თ.ჯ–ძე (პ/ნ:......), წარმოდგენილი გ.მ–ის (პ/ნ:......) მიერ დებენ წინამდებარე მორიგების აქტს და თანხმდებიან შემდეგზე:
2.1.1 კასატორს მოწინააღმდეგე მხარის მიმართ გააჩნია დავალიანება 4 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც განხორციელდება 2023 წლის 31 მარტამდე;
2.1.2. დავალიანების გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის მოსარჩელის შემდეგ ანგარიშზე ჩარიცხვის გზით: ა.ნ: GE76TB7140736020100004;
2.1.3. კასატორის მიერ დავალიანების, მორიგების აქტის 2.1.1. პუნქტით განსაზღვრული ვადის 10 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია დაიწყოს სააღსრულებო წარმოება სარჩელით მოთხოვნილ თანხაზე - 5910.50 ლარზე (გადახდილი თანხა გაიქვითება ამ მოთხოვნიდან);
2.1.4. მორიგების აქტის 2.1.1. პუნქტით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, შპს „ფ.ჯ–ა“ კისრულობს ვალდებულებას დახუროს დავალიანება და გასცეს ცნობა დავალიანების არქონის შესახებ;
3. გაუქმდეს ამ საქმეზე საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინება და მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით და იმავე მხარეებს შორის დავა აღარ დაიშვება;
5. თ.ჯ–ძეს (პ/ნ:....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი (საგადახდო დავალება 15122722942, გადახდის თარიღი - 16.11.2022) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
ა. წულაძე