საქმე №ას-1204-2021 6 დეკემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - თ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „3- G. G.G.“ (მოპასუხე)
I I კასატორი - შპს „3- G. G.G.“
მოწინააღმდეგე მხარე - თ.მ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სრულად დაკისრება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 1 აპრილიდან თ.მ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, I აპელანტი, I კასატორი ან დასაქმებული), შპს „3- G. G.G.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, II აპელანტი, II კასატორი, დამსაქმებელი ან შპს) ბუღალტრის თანამდებობაზე იყო დასაქმებული და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 5250 (დასაბეგრი) ლარს შეადგენდა.
2. 2018 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებით, დამსაქმებელმა დასაქმებულთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რასაც საფუძვლად დაედო დასაქმებულის პირადი განცხადება, თუმცა მოსარჩელეს გათავისუფლების თაობაზე მოპასუხისთვის წერილობით არ მიუმართავს.
3. დამსაქმებელმა მოსარჩელეს შესაბამისი ხელფასი - 2024 ლარი აუნაზღაურა და 2018 წლის 2 ნოემბერს ნახევარი თვის კომპენსაცია - 2100 ლარი ჩაურიცხა. ამასთან, თანახმაა, აანაზღაუროს 2018 წლის 15 ოქტომბრიდან იმავე წლის 29 ნოემბრამდე იძულებითი განაცდურიც.
4. 2018 წლის 15 ნოემბერს დასაქმებულმა იმ საფუძვლით, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე სურვილი არ გამოუთქვამს, სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
5. დამსაქმებლის 2018 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა ბუღალტრის თანამდებობაზე. დადგინდა, რომ დასაქმებულს 2018 წლის 15 ოქტომბრიდან იმავე წლის 29 ნოემბრამდე შრომითი ანაზღაურება მიეცემოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მოსარჩელეს დაევალა შრომითი ვალდებულების დაუყოვნებლად შესრულება.
5.1. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს არაერთგზის გაეგზავნათ ფოსტისა თუ სატელეფონო („ვაიბერით“ და „მესენჯერით“) შეტყობინებით, თუმცა ადრესატისათვის შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა.
6. მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი და აღნიშნა, რომ სადავო ბრძანება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი და მოსარჩელე აღდგენილ იქნა თანამდებობაზე, შესაბამისად, დავის საგანიც აღარ არსებობდა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 11 აპრილს გამართულ სხდომაზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის შუამდგომლობას მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით, 2018 წლის 15 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობისა და თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით აღძრულ საქმეზე საქმისწარმოება ნაწილობრივ შეწყდა.
9. 2019 წლის 12 აპრილის (საქმისწარმოების შეწყვეტიდან მეორე დღეს) ბრძანებით, მოსარჩელესთან სშკ-ის 37.1. „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმავე დღიდან შრომითი ურთიერთობა შეწყდა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ბრძანება).
10. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოსარჩელეს ეცნობა 2019 წლის 16 აპრილს, სამსახურში გამოცხადებისას.
11. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან კანონის მოთხოვნათა დაცვით გათავისუფლდა.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება; 2018 წლის 15 ოქტომბრიდან იმავე წლის 29 ნოემბრამდე მოპასუხეს იძულებითი განაცდურის - 4200 (ხელზე ასაღები) ლარისა და კომპენსაციის - 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; სამსახურში აღდგენისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
14. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.3 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა.
16. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სრულად დაკისრება მოითხოვეს.
16.1. I კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა არა მხოლოდ სადავო საკითხის მატერიალურსამართლებრივი შეფასების კუთხით, არამედ იგი გამოტანილია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების მცდარი სამართლებრივი შეფასებით (იხ. საკასაციო საჩივარი).
16.2. II კასატორის მითითებით, წარმომადგენლის მომსახურების ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქმის ფაქტობრივსამართლებრივი სირთულე, რაც ხარჯის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დასაბუთებულია, რადგანაც საქმეზე არ არის დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი, რასაც შედეგად მოჰყვა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება, პალატა მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, შესაბამისად, საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე, ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.
19. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები წარმოადგინეს.
20. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერება წარმოადგენს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა კანონიერად, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მიჩნეულ იქნა წარუმატებლად. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ უკანონოდ გათავისუფლდა. ამდენად, შესაფასებელია, დასაქმებულმა უხეშად დაარღვია თუ არა დაკისრებული ვალდებულებები.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში ვალდებულების უხეში დარღვევისას ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის მომწესრიგებელ დებულებას თავად შრომის კოდექსის 47.1. „ზ“ (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) ქვეპუნქტი (სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის მოქმედი 37.1.„ზ“ ქვეპუნქტი) ადგენს, სადაც განმარტებულია, რომ დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში.
22. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება).
23. დამსაქმებელმა მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლა სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას გულისხმობს. მოპასუხის მტკიცებით, უხეში დარღვევა გამოხატულია მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელების თავის არიდებით. ეს კი, მათი მოსაზრებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს კასატორების ყურადღებას იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. ეს დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა.
25. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, დამსაქმებელია ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს მოსარჩელის მიერ, მასზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე (37-ე) მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული.
26. განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებით, დამსაქმებელმა დასაქმებულთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რასაც არ დაეთანხმა მოსაჩელე და სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
დამსაქმებლის 2018 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით კი, ძალადაკარგულად გამოცხადდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა ბუღალტრის თანამდებობაზე.
დადგენილია, რომ მოსარჩელე 2018 წლის ნოემბრის შემდგომ სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა/არ ცხადდებოდა სამსახურში.
დამსაქმებელს, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა დასაქმებულმა 2018 წლის 29 ნოემბრის ბრძანების შესახებ, დასაქმებულის მოქმედების საპირწონედ რაიმე ღონისძიება არ გამოუყენებია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა დავის საგნის არარსებობის გამო საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შუამდგომლობა, მეორე დღეს - 2019 წლის 12 აპრილს, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა, გასათვალისწინებელია რომ მითითებულ პერიოდში დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა არ დასტურდებოდა.
27. მოსარჩელემ, ვინაიდან გაასაჩივრა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება, სარჩელის აღძვრის შემდეგ დავის გადაწყვეტამდე არ ცხადდებოდა სამსახურში; დასაქმებულის აღნიშნული მოქმედების საწინააღმდეგოდ დამსაქმებელს საქმისწარმოების შეწყვეტამდე რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილება არ მიუღია და საკასაციო პალატის მოსაზრებით ამავე გარემოებათა ერთობლივად შეფასება არამართლზომიერს ხდის თ.მ–ძის გათავისუფლების თაობაზე მიღებულ სადავო ბრძანებას.
28. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ამ კონტექსტით უნდა შეფასებულიყო სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში შრომითი ურთიერთობის მართლზომიერად შეწყვეტის თაობაზე გამოთქმული შედავება; ვინაიდან, მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნათა ფორმალური დაცვა (შრომის კოდექსის 37.1 „ზ“ ქვეპუნქტის ბრძანებაში მითითება), თუკი მას რეალურად სხვა მიზნის მიღწევა (არასასურველი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა) უდევს საფუძვლად, სასამართლომ, როგორც დარღვეული უფლების დაცვის ინსტიტუტმა არამართლზომიერად უნდა განიხილოს და მიიჩნიოს იგი ეწინააღმდეგება შრომით სამართალში აღიარებულ, როგორც საერთაშორისო, ისე - ეროვნული სამართლის ნორმებს.
29. საქართველოს შრომის კოდექსის 38.8 (სშკ-ის მოქმდი რედაქციით 48-ე მუხლი) თანახმად კი, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, შრომითსამართლებრივ დავებში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის მიხედვით, გამოსაკვლევია, რამდენად არსებობს დასაქმებულის გათავისუფლებამდე არსებული ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა მოპასუხე ორგანიზაციაში და მხოლოდ აღნიშნული შესაძლებლობის გამორიცხვის შემთხვევაშია უფლებამოსილი სასამართლო იმსჯელოს თ.მ–ძისთვის კომპესაცის გადახდის შესახებ.
30. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
31. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.მ–ძისა და შპს „3-G.G.G.“ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
ლევან მიქაბერიძე