Facebook Twitter
ბს-1395-83-გ-04 11 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრებთან დაკავშირებით.

აღწერილობითი ნაწილი:
ქონების მართვის სამინისტრომ და პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – სს “ბ-ის”, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურისა და მესამე პირების: გამომცემლობა “ს-ოს”, შპს “ა-ისა” და თბილისის მერიის არქიტქტურის სამსახურის მიმართ, საჯარო რეესტრის მონაცემებში შესწორების შეტანისა და სხვისი ქონებით უკანონო სარგებლობის აკრძალვის შესახებ.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სარჩელს საჯარო რეესტრის მონაცემებში შესწორების შეტანისა და სხვისი ქონებით უკანონო სარგებლობის აკრძალვის შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ და პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 დეკემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული საპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო ამავე პალატის 2004წ. 14 ივნისის განჩინებით ეკონომიკის სამინისტროსა და პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სააპელაციო საჩივრები საქმესთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ იმ მოტივით, რომ დავაში მოპასუხეებს წარმოადგენენ ადმინისტრაციული ორგანოები _ ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური და ქ. თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, მიიჩნია, რომ აღნიშნული დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, თანახმად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლისა.
ამასთან, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, მართალია, სააპელაციო პალატის სხდომაზე მოსარჩელემ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა, რომ იგი ცნობილ იქნეს ქ. თბილისში, ..... მდებარე 8 597 კვ.მ-ის მესაკუთრედ, ხოლო ზემაღნიშნული ფართის მფლობელად პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახური, ამით სარჩელის საფუძველი არ შეუცვლია, რის გამოც სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სასამართლოს მიერ შემოწმებული უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, ...... მდებარე შენობა-ნაგებობასა და შესაბამის მიწის ნაკვეთზე სს “ბ-ის” მესაკუთრედ აღრიცხვის – ანუ ტექბიუროს მიერ განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების საკითხი, რაც სააპელაციო სასამართლოს აზრით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტის პრინციპებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ დავას და 2004წ. 22 ნოემბრის განჩინებით საქმე განსჯადობის თაობაზე დავის გადაწყვეტის მიზნით, გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის თაობაზე დავის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახური და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სარჩელის საფუძველზე ითხოვენ: 1. საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალოს. შესაბამისი ცვლილების შეტანა ...... მდებარე შენობა-ნაგებობათა შესახებ არსებულ მონაცემებში, რის შესაბამისადაც “ბ-ი” აისახება ამ შენობა-ნაგებობის 3960 კვ.მ ფართის მესაკუთრედ და მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ შენობის ამ ფართის საკუთრების წილის პროპორციულად; 2. დადგინდეს, რომ “წ-ის” შენობა-ნაგებობების დანარჩენი 8507 კვ.მ მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, ხოლო მფლობელს _ პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახური.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ “ბ-ის” განსახელმწიფოებრიობა მომხდარია აქციონირების გზით, კერძოდ, მისი დაფუძნება მოხდა “სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 14 აპრილის ¹288 დადგენილების საფუძველზე. ხოლო, რაც შეეხება მიწას, მისი პრივატიზაცია მოხდა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დავის გადაწყვეტას შეუძლებლად მიიჩნევს საზოგადოების საპრივატიზაციო დოკუმენტაციის შემოწმების გარეშე, ამასთან, თვლის, რომ სარჩელის დაკმაყოფილება ვერ მოხდება მიწის პრივატიზაციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და “ბ-ს” შორის სადავო შენობების ნაწილში გარიგების არსებობისა და არარსებობის საკითხის გამორკვევის გარეშე, რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯად დავას.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.