Facebook Twitter

საქმე №ას-166-2023 17 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „შ–ო“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ჯ.დ.ჯ–ია“

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განიჩინებით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შპს „ა.ჯ.დ.ჯ–იის“ განცხადება დაკმაყოფილდა - ყადაღა დაედო შპს „შ–ოს“ საბანკო ანგარიშებზე რიცხულ ფულად სახსრებს 41 080 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში, საქართველოში საბანკო საქმიანობის განხორციელებაზე ლიცენზიების მქონე ყველა საბანკო დაწესებულებაში და შპს „შ–ოს“ მაღაზიაში განთავსებულ ამავე შპს-ს კუთვნილ მოძრავ ქონებას.

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგს: „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გამახვილდეს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. სააპელაციო პალატის დასკვნით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების სახეს - იმ მნიშვნელოვან მექანიზმს, რაც საშუალებას იძლევა, თავიდან იქნეს აცილებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება ან მისი აღუსრულებლობა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქმნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რეალურ შესაძლებლობას და ხელს უწყობს მოსარჩელის მოთხოვნის რეალიზაციას.

3. 2022 წლის 27 დეკემბერს აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა შპს „შ–ომ“ უზრუნველყოფის გაუქმების მოთხოვნით, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უზრუნველყოფის გარანტიის (41 080 აშშ დოლარის) გამოყენება მოითხოვა.

4. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საარბიტრაჟო ინსტიტუტი არ არის განსჯადი, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იჯარის ხელშეკრულებაში არ არის საარბიტრაჟო დათქმა, ხოლო მხარის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესახებ მხარისათვის უცნობია და არ ადასტურებს მის ლეგიტიმურობას. გარდა ამისა, საარბიტრაჟო სასარჩელო მთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. პირველ რიგში, ხელშეკრულება მოიჯარეს არ შეუწყვეტია, მეიჯარემ გაასახლა ის საიჯარო ფართიდან. ამასთან, საარბიტრაჟო სარჩელით არ არის აღქმადი და გასაგები, რატომ მოითხოვა მოსარჩელემ 41 080 აშშ დოლარი. ამასთან, საიჯარო ფართში განთავსებული ნივთები საარბიტრაჟო მოპასუხეს არ ეკუთვნის, კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის 2 ნოებერს მოიჯარემ ქონების ნაწილი გადაუხდელი სესხის სანაცვლოდ დაუთმო კომპანია „დ–ას“, ხოლო გარკვეული პროდუქცია 2022 წლის 9 დეკემბერს მიჰყიდა ა.ბ–ს, რომელსაც მოსარჩელის დაცვამ ნაყიდი ნივთები მაღაზიიდან არ გაატანა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მყიდველმა გამოიძახა პოლიცია და გაფორმდა 2022 წლის 17 ნოემბრის ოქმი. ამასთანავე, თუკი სარჩელი არ დაკმაყოფილდება და რაკი გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით საარბიტრაჟო მოპასუხეს ადგება ზიანი, სსსკ-ის 199 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა უნდა დაეკისროს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, საარბიტრაჟო მოპასუხის საბანკო ანგარიშებსა და მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების კანონიერება.

9. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

11. სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თუმცა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოთხოვნის წარმატებულობის ვარაუდს, ბუნებრივია, არსებობს მისი გაუქმებისა თუ შეცვლის დიდი შესაძლებლობაც. ასეთ პირობებში კი, მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული წონასწორობის დაცვის საჭიროება თავად განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს, კერძოდ, სასამართლო, რომელიც დაადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ვალდებულია, შეაფასოს უზრუნველყოფის გამოყენებული საშუალების მასშტაბებიც და დაიცვას თანაზომიერება მხარეთა ინტერესებს შორის (სუსგ №ას-1215-2019, 31.01.2020წ.). შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-587-2019, 20.02.2020წ.).

12. განსახილველ შემთხვევაში, აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი მიკუთვნებითი მოთხოვნით. პალატას მიაჩნია, რომ საარბიტრაჟო მოპასუხისთვის მის საკუთრებაში არსებული მოძრავ ნივთებისა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და, თავის მხრივ, შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებებს, ანუ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადეკვატური, თანაზომიერია და თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლსი 30 იანვრის განჩინებით მართებულად არ დააკმაყოფილა საჩივარი.

13. დაუსაბუთებელია დავასთან მიმართებით არბიტრაჟის არაკომპეტენტურობის გამო უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე საჩივრის ავტორის პრეტენზია. სსსკ-ის 35618.1 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. განმცხადებლის მიერ წაროდგენილია საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის თანახმადაც „წინამდებარე და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა, მათ შორის დაკავშირებული ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან, მოშლასთან, შეწყვეტასა და ბათილობასთან, განხილული და გადაწყვეტილ უნდა იქნეს შპს „თ.ს.ი–ის მიერ (ს/კ .....).“ აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და დამოწმებულია სანოტარო წესით. ამასთან, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი, სსსკ-ის 35613.1“ბ“, 35616 მუხლები დეტალურად განსაზღვრავს არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ საკითხის განხილვას.

14. უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის ის პრეტენზიაც, რომლის თანახმადაც, სასამართლოს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა გამოეყენებინა საარბიტრაჟო სარჩელის უსაფუძვლობის გამო.

15. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით, განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელი საფუძვლიანობასა და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. განმცხადებელმა დაასაბუთა საარბიტრაჟო მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვის რისკი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი კი ის არის, რომ დაიცვას მოსარჩელე მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისაგან.

16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

17. საჩივრის ავტორი უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლოს მიერ ყადაღადადებული ნივთები, რომელიც საიჯარო ფართშია განთავსებული, მისი საკუთრება აღარ არის, რადგან გაასხვისა. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 198.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც ყადაღა დაედება ქონებას, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებს, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით ყადაღა დაედო შპს „შ–ოს“ მაღაზიაში განთავსებულ ამავე შპს-ს კუთვნილ მოძრავ ქონებას. აქედან გამომდინარე, განჩინების აღსრულებისას ყადაღა დაედება მხოლოდ საარბიტრაჟო მოპასუხის კუთვნილ ქონებას. გარდა იმისა, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ცალსახად არ დგინდება, ყადაღადადებული ქონება მას არ ეკუთვნის, ამ პრეტენზიის გაცხადებაზე უფლებამოსილია ის მესამე პირი, რომელსაც საჩივრის ავტორის მტკიცებით, სადავო ქონება ეკუთვნის. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40.6 მუხლის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ არ არსებობდა ამ საფუძვლით უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

18. დაუსაბუთებელია მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე საჩივრის ავტორის პრეტენზიაც. მართალია, სსსკ-ის 199-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, თუმცა ამისათვის სასამართლო უნდა დარწმუნდეს ასეთი ზარალის წარმოშობის რეალურობაში (სუსგ №ას-1290-1228-2014, 23.01.2015წ.). სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

19. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მომთხოვნმა მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, დასაბუთებული ვარაუდი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის ანფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ ლოგიკურ დასკვნას (სუსგ №ას-1041-2018, 20.07.2018წ.; №ას-1344-2018, 05.04.2019წ.). საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნასაც, რომ დაუსაბუთებელია უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე საარბირტაჟო მოპასუხის მოთხოვნა.

20. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ ამავე სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მათი გაუქმების პროცესუალურსამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 197-1971-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „შ–ოს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე