Facebook Twitter

საქმე №ას-346-2022 15 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ.წ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბმა „თ.ს–ი“ (მოპასუხე); ე.მ–ძე, ლ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნება არსებითად განსახილველად

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინებით, მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მორიგება, რომლის გასაჩივრებაზეც მხარეებმა უარი განაცხადეს, შესაბამისად, აღნიშნული საოქმო განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში. ამავე განჩინინებაზე 2019 წლის 29 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2021 წლის 21 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ე.მ–ძემ, რომლითაც მოითხოვა 2019 წლის 02 ივლისის განჩინების განმარტება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 02 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.1 პუნქტი განიმარტა შემდეგი სახით: მორიგების აქტის 2.1 პუნქტით ნ.მ–სა და ლ.მ–ძეს გადაეცათ სადავო უძრავი ქონების ფართის ნაწილი შესასვლელის სახით. ეს ფართი არ შედის 2.2 პუნქტით გათვალისწინებულ ფართში და იგი წარმოადგენს ფართს ნ.მ–ის საკუთრებაში არსებული ფართის სარდაფსა და საერთო შესასვლელს შორის წარმოდგენილ ნახაზზე მონიშვნის მიხედვით.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ.წ–მა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება, რადგან არ ეთანხმება ასეთი სახის განმარტებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.წ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განამრტა მორიგების აღნიშნული პუნქტი, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთი მითითება დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმების თანახმად, შესასვლელის სახით ნ.მ–სა და ლ.მ–ძეს გადაცემული აქვს შესასვლელის სახით გარკვეული ფართი, რომელიც არ შედის 2.2 პუნქტში მითითებულ ფართში. 2.2 პუნქტში მითითებული ტერმინი ,,დარჩენილი ფართი“ კი გულისხმობდა 2.1 პუნქტში მითითებული ფართის გარდა სხვა დარჩენილ ფართს. 2.1 პუნქტის საფუძველზე მხარეების შეთანხმებაა ის, რომ 2.2 პუნქტში მითითებული თანაბრად გასაყოფი ფართის გარდა, ნ.მ–სა და ლ.მ–ს შესასვლელის სახით გადაეცათ სხვა ფართიც, რომელიც 2.2 პუნქტით გათვალისწინებული ფართის გარდა შეადგენს ნ.მ–ის საკუთრებებაში არსებული ფართის სარდაფსა და საერთო შესასვლელს შორის ფართს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ განჩინება განიმარტა სწორად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, ამდენად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.წ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე