საქმე№ას-379-2022 13 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ კოლეჯი „ა.ტ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი ?“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2018 წლის 14 სექტემბერს, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ა.ტ–ასა" (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამკვეთი) და შპს "ს–ი ?"-ს (შემდეგში - მოსარჩელე, მენარდე) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03-08/169 ხელშეკრულება, აუქციონის გარეშე, დაბა ..... შენობის დასრულების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 447 999.92 ლარი დღგს-ს ჩათვლით.
2. მხარეებმა, ხელშეკრულების მე-8 პუნქტით გაითვალისწინეს ანგარიშსწორების წესი კერძოდ, ხელშეკრულების ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო სამი სახის ანგარიშსწორება - საავანსო, შუალედური და საბოლოო.
3. 2018 წლის 12 დეკემბრის წერილით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შესახებ. წერილს თან დაერთო შესრულებული სამუშაოების საბოლოო აქტი.
4. მოპასუხის 2019 წლის 07 თებერვლის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ დაბა ..... სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების ასიგნების ფარგლებში, 2019 წლის 05 თებერვალს, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ, განხორციელდა დასრულებული სამუშაოების მონიტორინგი, რის შედეგადაც დადგინდა გარკვეული ხარვეზების არსებობა და მოსარჩელეს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა.
5. ანალოგიური ხარვეზების არსებობა დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 15 თებერვლის N5000910619 დასკვნითაც.
6. მოსარჩელის 2019 წლის 14 მარტის წერილით, მოპასუხეს ეცნობა, რომ ექსპერტიზის N5000910619 დასკვნაში მითითებული ხარვეზები გამოსწორებულია. ამავე წერილით ასევე ეცნობა, რომ ვინილის იატაკის ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმდინარეობდა ალტერნატიული ექსპერტიზა.
7. მოსარჩელის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზით დადგინდა, რომ შენობის ოთახებში მოწყობილი ვინილის მახასიათებლები აკმაყოფილებდა ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ვინილის მახასიათებლებს, რაც მოპასუხემ არ გაითვალისწინა. ასევე, არ გაითვალისწინა 2019 წლის 01 აპრილის ალტერნატიული დასკვნაც და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაეყრდნო ექსპერტიზის პირველად დასკვნას, რომლის სანდოობაც ეჭვქვეშ დადგა ახალი დასკვნით.
8. საბოლოოდ, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის /არაჯეროვნად შესრულებისათვის მოსარჩელე დაჯარიმდა 22400 ლარით და უარი 3 ეთქვა ხელშეკრულების 8.8. ქვეპუნქტის შესაბამისად, კოლეჯის მიერ დაკავებული თანხის გადახდაზე, რომელიც ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 % -ს შეადგენდა
9. ვინაიდან, მოსარჩელის მიმართ არასწორად იქნა დაწყებული შავ სიაში შეტანის პროცედურები, აღნიშნული გახდა სასამართლოში სარჩელის შეტანის საფუძველი.
10. სასარჩელო მოთხოვნა
დაევალოს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ა.ტ–ას’’ შპს ,,ს–ი ?’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 22 400 ლარის გადახდა.
11. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03-08/169 ხელშეკრულების მე-8.8 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ს–ი ?“ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისათვის არ ჩაერიცხა კოლეჯის მიერ დაკავებული თანხა და მასთან არ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს–ი ?’’-ის სარჩელი სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ა.ტ–ის’’ მიმართ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხე სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ა.ტ–ას’’ მოსარჩელე შპს „ს.პ.ჯ“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 22 400 (ოცდაორი ათას ოთხასი) ლარის გადახდა.
13. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საზოგადოებრივმა კოლეჯმა ,,ა.ტ–ამ’’, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
14.2. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავოს არ წარმოდგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 2018 წლის 14 სექტემბერს, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ა.ტ–ასა“ და შპს ,,ს–ი ?“-ს შორის დადებული N03-08/169 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ნარდობის) ხელშეკრულებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლში. პალატის განმარტებით ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო და გარდა ამისა, მენარდე ვალდებულია შემკვეთს წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო შესრულება (სკ-ის 639-ე, 641-ე მუხლები), ხოლო 648-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
14.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა, მენარდეს მიერ, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ხარისხი ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ა.ტ–ას“ ხულოს ფილიალის რეკონსტრუქციისათვის საბოლოო ანგარიშწორების ანაზღაურებაზე უარის თქმა გამოწვეულია, თუ არა შპს ,,ს–ი ?“-ის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით და არსებობს, თუ არა შესრულებული სამუშაოსათვის პირგასამტეხლოს სახით, საბოლოო ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის -22400 ლარის დაკისრების/დაკავების საფუძველი.
14.4. პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხების გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. პალატის განმარტებით, მოცემული დავის ფარგლებში, იმ გარემოების დადასტურება, რომ სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ა.ტ–ა“ ხულოს ფილიალის სრული რეკონსტრუქციისათვის შესრულებული სამუშაოები ნაკლის მქონეა მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.
14.5. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი, ერთის მხრივ, ადასტურებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 15 თებერვლის N000987319 დასკვნის სისწორეს, რომლითაც, შპს „ს–ი ?“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებში დადგინდა ანალოგიური ხარვეზები, რაც მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2019 წლის 05 თებერვალს იქნა გამოვლენილი, თუცა ამავე ექსპერტიზის 2019 წლის 01 აპრილის დასკვნას არ ეთანხმება და მის საწინააღმდეგოდ მიუთითებს სააგენტოს დირექტორის ზეპირსიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 22 აპრილს, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ განახორციელებული ინსპექტირების აქტზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ ვიზუალური დათვალიერებით მოწყობილი ვინილი არ შეესაბამება ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ ვინილის მახასიათებელს. (ჰომოგენური, ანტისტატიკური, ანტიბაქტერიული).
14.6. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 01 აპრილის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ შპს „ს–ი ?“-ის მიერ გამოსწორებული იქნა ხარვეზები, სარეალიბიტაციო სამუშაოები შეფასდა დამაკმაყოფილებლად და რომ შენობის ოთახებში მოწყობილი ვინილის მახასიათებლები აკმაყოფილებდა ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ ვინილის მახასიათებელს (კერძოდ - ჰომოგენური, ანტისტატიკური, ანტიბაქტერიული)- წარმოადგენს სპეციალური კვლევის საფუძველზე შედგენილ მტკიცებულებას, რომელსაც უპირატესი ძალა გააჩნია ხარისხთან დაკავშირებით, 2019 წლის 22 აპრილს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ, მხოლოდ 15 ვიზუალური დათვალიერებით მიღებულ დასკვნასთან შედარებით.
14.7. სააპლელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, მოპასუხემ ფაქტიურად მიიღო სამუშაო, დაიწყო სადავო ფართით სარგებლობა, ხოლო სხვა სათანადო მტკიცებულება, რაც შპს „ს–ი ?“-ის მიერ ნაკლიან შესრულებას დაადასტურებდა წარმოდგენილი არ ყოფილა, პალატას მიაჩნია, რომ რეალურად დადგა ის სამართლებრივი შედეგი, რაც დამახასიათებელია ნარდობის ხელშეკრულებისათვის კერძოდ, მენარდემ ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, რაც გამორიცხავს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას და ამ ოდენობის თანხებით მისი საზღაურის შემცირებას, ხოლო შემკვეთი ვალდებულია სრულად გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
14.8. პალატის თქმით, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, პალატა თვლის, რომ მოპასუხემ სრულად ვერ განახორციელა თავისი წილი მტკიცების ტვირთი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა 22400 ლარის ანაზღაურების თაობაზე დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების მოთხოვნით სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ა.ტ–ას“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
15. კასატორის მოთხოვნა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ კოლეჯმა „ა.ტ–ამ“, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო დაეყდნო მხოლოდ შპს ,,ს–ი ?’’-ის მიერ ჩატარებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის 2019 წლის 01 აპრილს N5002016919 არაკვალიფიციური ექპერტიზის დასკვნას, შესაბამისად, საქმე არ არის სრულყოფილად გამოკვლეული.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17.საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
20. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ იყოს, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
22. პალატის მოსაზრებით, საკასაციო ინსტანციის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს ,,ს–ი ?’’-ის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად დამდგარი ვალდებულების შესრულების საკითხი.
23. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას.
25. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (სუსგ 09.09.2021წ. საქმე №ას-866-808-2017).
26. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629 I- და 648-ე, 649-ე მუხლების საფუძველზე.
28. საკასაციო პალატის განმარტებით, სსკ-ს 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
29. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა 2018 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულება, რომლიდანაც გამომდინარეობს მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობა (ნარდობა).
30.საკასაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის საქმის წარმოებისას მოსარჩელე ითხოვდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისთვის მოპასუხის მიერ შეთანხმებული საზღაურის გადახდას, თუმცა ამასთან დაკავშირებით პალატა ხაზს უსვამს სსკ-ს 361-ე მუხლს, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, შესაბამისად შპს ,,ს–ი ?’’-ის მიერ შესრულებული სამუშაო უნდა ყოფილიყო უხარვეზო. სწორედ ამ უკანასკნელზე მიუთითებს მოპასუხე მხარე და აღნიშნავს, რომ შესრულებული სამუშაო იყო ხარვეზიანი, შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მან არ გააფორმა საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი შპს ,,ს–ი ?’’-თან და არ განახორციელა საბოლოო ანგარიშსწორება 22400 ლარის ოდენობით. ამასთან ერთად კასატორი უთითებს 2018 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების მე-9 პუნქტის 9.2 ქვეპუნქტს და აღნიშნავს, რომ სადავო თანხა წარმოადგენდა სწორედ აღნიშნული პუნქტის პირობის დარღვევისთვის გათვალისწინებულ თანხას, რომელიც უნდა მოხმარებოდა შპს ,,ს–ი ?’’-ის მიერ ზემოთ მითითებულ, უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარვეზების გამოსწორებას.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (შდრ. სუსგ ას-344-2019, 12.02.2021 წ.).
32. კასატორის განცხადებით, მას წარდგენილი აქვს შემდეგი სახის მტკიცებულებები, რომელიც მისი მოსაზრებით, გათვალისწინებული არ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, ესენია: სსიპ-საგანმანათლებო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის 2019 წლის 06 თებერვლის N468758 წერილი; სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 15 თებერვლის N000987319 დასკვნა; მათი მხარის მიერ სასამართლოში 2021 წლის 11 თებერვალს #94797 და 2021 წლის 14 მაისის N443426 წარმოდგენილი შუამდგომლობით გათვალისწინებული მტკიცებულებები; ბათუმის საქალაქო სასამართლოზე სსიპ-საგანმანათლებო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების და ექსპერტის მიერ მიცემული ახსნა განმარტებები.
33. საკასაციო პალატა ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების სიმრავლე არ განაპირობებს მის რელევანტურობას. სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ თითოეულ მტკიცებულებას აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
34. მოსარჩელემ (მენარდე), ვალდებულების სრულად და ხარისხიანად შესრულების დასადასტურებლად წარმოადგინა მტკიცებულება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 01 აპრილის დასკვნა, რომლის თანახმად, შპს „ს–ი ?“-ის მიერ გამოსწორებული იქნა ხარვეზები, ხოლო მოპასუხემ ფაქტიურად მიიღო სამუშაო
და დაიწყო სადავო ფართის სარგებლობა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით შენობის ოთახებში მოწყობილი ვინილის მახასიათებლები წარმოდგენილი სერთიფიკატის თარგმნის მიხედვით, აკმაყოფილებდა ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ ვინილის მახასიათებელს (კერძოდ - ჰომოგენური, ანტისტატიკური, ანტიბაქტერიული).
35. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კასატორი, რომელიც სამუშაოს ხარვეზიანად შესრულების დასადასტურებლად წარადგენს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის დასკვნას, არაკვალიფიციურს უწოდებს იგივე ექპერტიზის მიერ გაკეთებულ 2019 წლის 01 აპრილის დასკვნას და ამ მტკიცებულების საწინააღმდეგოდ უთითებს მისი სააგენტოს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებული ინპექტირების აქტს.
36. საკასაციო სასამართლო მოსაზრებით, იმისათვის, რომ გავარკვიოთ მოცემული მტკიცებულებებიდან მხარის მიერ წარმოდგენილი რომელი მტკიცებულება გადაწონის და რომელს ექნება აღნიშნული საქმისთვის მეტი ძალა, ამისათვის სასამართლომ უნდა შეაფასოს ის მეთოდები, რომლის გამოყენებითაც ექსპერტები მივიდნენ აღნიშნულ დასკვნებამდე.
37. საკასაციო სასამართლოს თქმით, როგორც ირკვევა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო 2019 წლის 01 აპრილის დასკვნა წამოადგენს სპეციალური კვლევის საფუძველზე შედგენილ მტკიცებულებას, განსხვავებით შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ინსპექტირების 2019 წლის 22 აპრილის აქტისა, რომელიც შეიქმნა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგად მიღებულ დასკვნებით. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მსგავსად წინა ორი ინსტანციისა სრუალიად იზიარებს შპს ,,ა–ი ?’’-ის მიერ წარმოდგენილ ლევან სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს 2019 წლის 01 აპრილის დასკვნას და მას შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ინსპექტირების 2019 წლის 22 აპრილის აქტთან შედარებით უპირატეს ძალას ანიჭებს.
38. საკასაციო სასამართლოს მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა შპს ,,ს–ი ?’’-ის მიერ ხარვეზით შესრულებული სამუშაოს მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია. ამასთან ერთად, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კასატორმა მიიღო შესრულებული სამუშაო და დაიწყო სადავო ფართით სარგებლობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება მენარდის მიმართ წარმოშობს უფლებას - მოითხოვოს შემკვეთისგან შეთანხმებული საზღაური. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, შპს ,,ს–ი ?’’-ს (მენარდეს) სრული უფლება აქვს მოითხოვოს სსიპ კოლეჯი ,,ა.ტ–ისგან’’ (შემკვეთისგან) შეთანხმებული საზღაური.
40. კასატორი თავის საკასაციო საჩივარში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოების დასრულების შემდეგ დამატებითი მტკიცებულებები წარმოადგინეს სააპელაციო სასამართლოში რომელიც შეიცავდა საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულებები დაუშვებლად ცნო. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ხაზს უსვამს სსსკ-ს 282 მუხლის მნიშვნელობას, რომლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. სსსკ-ს 380-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ახალი ფაქტები და ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო წარმოედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოს არასაპატიო მიზეზით არ წარუდგინა. საკასაციო სასამართლოს საპატიო მიზეზების გასამარტად მოჰყავს სსსკ-ს 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. საკასაციო პალატის თქმით, მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საპატიო მიზეზით ახალი მტკიცებულებების დროულად წარდგენის შეუძლებლობას. აქედან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა გამართლებულია სსსკ-ს 382-ე მუხლის საფუძველზე.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი გარემოებანი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
43.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
44. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
46. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 1200.2 ლარი, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს 1200.2 ლარის 70% - 840.14 ლარი.,
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ კოლეჯი „ა.ტ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ კოლეჯ „ა.ტ–ას“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №00704, გადახდის თარიღი 21.03.2022), 1 200.2 ლარის 70% - 840.14 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე