Facebook Twitter

საქმე № ას-593-2022 24 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ქ.ს.მ.კ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2018 წლის 10 აპრილს შპს ,,ს–ისა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი) და შპს ,,ქ.ს.მ.კ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, მყიდველი) შორის გაფორმდა მიწოდების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება სააღდგომო პასკა და სხვა საკონდიტრო ნაწარმი მიეწოდებინა მოპასუხისათვის, ხოლო ამ უკანასკნელმა კი ივალდებულა, მიწოდებული პროდუქციის საფასური გადაეხადა მოსარჩელისათვის. მოსარჩელემ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს მიაწოდა 94 320 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომელიც ამ უკანასკნელმა მიიღო.

2. 2019 წლის 02 მაისს მხარეებს შორის შედგა ურთიერთშედარების აქტი, რომლის საფუძველზეც მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან (94 320 ლარი) ჩათვლა გაკეთდა 17 401.37 ლარზე და მოპასუხეს გადასახდელ თანხად/დავალიანებად განესაზღვრა - 76 918.63 ლარი.

3. საბუღალტრო პროგრამიდან ამონაბეჭდით ირკვევა, რომ 2019 წლის 6 აპრილიდან 2019 წლის 12 ივნისის ჩათვლით, მოპასუხის საწყობში სულ დაბრუნდა 64 876.30 ლარის ღირებულების 12 308 ცალი პასკა (იხ.ს.ფ. 90-135). 2019 წლის 03 მაისის ჩათვლით, ვიდრე საექსპერტო კვლევა დაიწყებოდა, მოპასუხის საწყობში დაბრუნდა სულ - 95 ცალი პასკა (იხ.ს.ფ. 90). პროდუქციის დაბრუნების მიზეზები უცნობია.

4. 2019 წლის 03 მაისამდე პერიოდში მიწოდებული პროდუქცია მოპასუხე კომპანიის მხრიდან რეალიზებულ იქნა და ამ პროდუქციაზე პრეტენზია არ გაცხადებულა.

5. საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის 2019 წლის 14 მაისის წერილით მოპასუხის სახელზე დგინდება, რომ შემოწმებულ იქნა მოსარჩელის მიერ მოპასუხის საწარმოში შეტანილი სააღდგომო ნამცხვრის - ,,პასკას“ ნიმუშები, სარეალიზაციო ქსელში მათი რეალიზაციის მიზანშეწონილობის დასადგენად. შემოწმების მომენტისათვის წარმოდგენილი ნიმუშების ვარგისიანობის ვადა არ იყო ამოწურული. ამასთან, ნიმუშების გარეგანი დათვალიერებით დადგინდა, რომ ამ დროისათვის პროდუქცია იყო დაობებული, რაც გამორიცხავდა მთელი პარტიის რეალიზაციას სავაჭრო ქსელში. მიკრობიოლოგიური დასკვნის მიხედვით, აღებული ნიმუშები არ პასუხობენ აღნიშნული პროდუქციისადმი წაყენებულ უვნებლობის მოთხოვნებს, უვარგისია და ამდენად დაუშვებელია მათი სავაჭრო ქსელში რეალიზაცია.

6. 2019 წლის 17 მაისს მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა შეტყობინება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საკონდიტრო პროდუქციის ნაშთი შეადგენს - 23 552 ცალ პასკას. მოპასუხემ მოსარჩელეს მოსთხოვა ამ პროდუქციის დაბრუნება. შეტყობინება არ შეიცავდა მითითებას პროდუქციის ნაკლზე.

7. 2019 წლის 24 მაისის წერილში აღნიშნულია, რომ საკონდიტრო პროდუქციის იმდროინდელი ნაშთი შეადგენს 27 323 ცალ პასკას. აქაც მოპასუხე მოითხოვს, რომ მოსარჩელემ დაიბრუნოს პროდუქცია, რამდენადაც მისი მოხმარების ვადა მოკლევადიანი იყო (01.05.2019წ), რის გამოც ეს პროდუქცია ქსელური ობიექტების მიერ მოიხსნა თაროებიდან და მოპასუხის საწყობში დაბრუნდა. არც ეს წერილი შეიცავს მითითებას პროდუქციის ნაკლზე.

8. 2019 წლის 31 მაისის წერილით მოსარჩელე მოპასუხეს ატყობინებს, რომ იგი არაა თანახმა პროდუქციის დაბრუნებაზე და მოითხოვს მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულების, კერძოდ, 76 918.63 ლარის გადახდას.

9. შემოსავლების სამსახურის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის აქტი დგინდება, რომ სართო ჯამში ჩამოწერილია - 80 703.18 ლარის ღირებულების პროდუქცია.

10. სასარჩელო მოთხოვნა

შპს ,,ს–ის“ სასარგებლოდ მოპასუხე შპს ,,ქ.ს. მ.კ–ას“ დაეკისროს 76 918.63 ლარის გადახდა.

11. მოპასუხის შესაგებელი

შპს ,,ქ. ს.მ.კ–ამ’’ შპს ,,ს–ის’’ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 53 719.63 ლარის გადახდა.

13. სააპელაციო მოთხოვნა

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,ქ.ს.მ.კ–ამ’’ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ქ.ს. მ.კ–ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება.

14.2. სააპელაციო პალატის თქმით, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს ნამდვილად არსებობდა თუ არა მხარეთა შორის შეთანხმება არარეალიზებული პროდუქციის უკან დაბრუნების თაობაზე, რადგან ასეთი შეთანხმება გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას იმისდა მიუხედავად, ნაკლიანი იყო თუ არა სადავო საქონელი, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა ზემოხსენებული შეთანხმების არსებობის ფაქტი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი შეთანხმება ჩვეულებრივ არ ახასიათებს ნასყიდობის ხელშეკრულებას. პირიქით, სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, შეძენილი საქონლის მიმღები ვალდებულია, გადაიხადოს შეთანხმებული ფასი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მყიდველმა სადავო შეთანხმების არსებობის ფაქტი ვერ დაამტკიცა.

14.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 339-ე მუხლით (ხელშეკრულების მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები) და ზემოხსენებული შეთანხმების არსებობის ფაქტი უნდა დაედგინა, რადგან მხარეთა შორის ორი წლის განმავლობაში არსებული ურთიერთობით ჩამოყალიბდა არარეალიზებული პროდუქციის უკან დაბრუნების წესი. პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან ზემოხსენებული ნორმა ეხება ზოგადად სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ სავაჭრო ჩვეულებებსა და ტრადიციებს, რომელიც შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული კონკრეტულ ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია, რომ სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულია მსგავსი შინაარსის სავაჭრო ჩვეულება ან ტრადიცია, რომელიც შეიძლება ამ კონკრეტული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად იქნეს გამოყენებული. მიუხედავად ამისა, პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის ადრე არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებულმა წესმა არარეალიზებული საქონლის უკან დაბრუნების თაობაზე, შესაძლოა მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს შეუბრუნოს, კერძოდ, ამ უკანასკნელს დაეკისროს იმის მტკიცება, თუ რატომ არ უნდა გავრცელდეს ეს წესი მოცემულ შემთხვევაზე. მოსარჩელის განმარტებით, წინა პერიოდში მხარეთა შორის სააღდგომო პასკის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა და, შესაბამისად, არც ასეთი პროდუქციის უკან დაბრუნების თაობაზე შეთანხმება არსებობდა. გარდა ამისა, სააღდგომო პასკა ჩვეულებრივი პურ-პუნთუშეულისგან განსხვავებული პროდუქტია (კონკრეტული რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად მზადდება). შესაბამისად, მისი უკან დაბრუნება მეორადი გამოყენების მიზნით გამყიდველისათვის მისაღები არ იყო და სხვაგვარი მოლოდინი მყიდველსაც ვერ ექნებოდა. მოსარჩელის ეს განმარტება, პალატის მოსაზრებით, აქარწყლებს სადავო შეთანხმების არსებობის ვარაუდს და მტკიცების ტვირთს ისევ მოპასუხეს უბრუნებს, რასაც ამ უკანასკნელმა თავი ვერ გაართვა.

14.4. პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია ასევე აპელანტის პრეტენზია პროდუქციის ნაკლის გამო ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულებისაგან სრულად განთავისუფლების თაობაზე. კერძოდ, აპელანტის მტკიცებით, სადავო თანხის პროდუქცია უვარგისი იყო გამოყენებისათვის, შესაბამისად, მყიდველს ამ საქონლის ღირებულების გადახდის ვალდებულება არ გააჩნია. აღნიშნულზე პალატამ განმარტა, რომ ნასყიდობის საგნის ნაკლი მყიდველს ანიჭებს უფლებას: ა) მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება ან ნაკლიანი ნივთის შეცვლა (სსკ-ის 490-ე მუხლი); ბ) უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 491-ე მუხლი); გ) მოითხოვოს ფასის შემცირება (სსკ-ის 492-ე მუხლი); მოითხოვოს ნივთის ნაკლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება (სსკ-ის 494-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, მყიდველის განმარტებით, მან უარი თქვა ხელშეკრულებაზე ნივთის ნაკლის გამო და, შესაბამისად, გამყიდველს უარი განუცხადა ნასყიდობის ფასის გადახდაზე, შესაბამისად, მყიდველს უნდა დაემტკიცებინა ნივთის ნაკლის არსებობის ფაქტი. ამ სადავო გარემოების დასამტკიცებლად მყიდველმა წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ამ დასკვნით დასტურდება მხოლოდ 23 199 ლარის ღირებულების საქონლის ნაკლი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გამოაკლდა სადავო თანხას. ამასთან, პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, შეუმოწმებელი პროდუქციის მიმართ ნაკლის არსებობის ვარაუდი ვერ დაიშვება, რადგან მყიდველს არ წარმოუდგენია დამაჯერებელი განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ შემოწმდა მხოლოდ პროდუქციის ნაწილი და არა სადავო საქონლის ხარისხი მთლიანად. გარდა ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გამყიდველისათვის მიწერილ 17.05.2019 და 24.05.2019 წლის წერილებში მყიდველი არ უთითებს პროდუქციის ნაკლზე, მიუხედავად იმისა, რომ 14.5.2019 წელს მისთვის უკვე ცნობილი იყო პროდუქციის ნაკლის თაობაზე. ამასთან, ამავე წერილებით ისიც დგინდება, რომ სავაჭრო ქსელიდან მყიდველისათვის პროდუქციის დაბრუნება მოხდა სარეალიზაციო ვადების გასვლის გამო და არა პროდუქციის ნაკლის გამო.

14.6. ასეთ ვითარებაში, პალატის მოსაზრებით, რაკი შეუძლებელია იმის დადგენა, თუ პროდუქციის რა ნაწილი დაბრუნდა ვადის გასვლის გამო (როცა ხარისხი სადავო არ იყო) და რა ნაწილი ნაკლის გამო, მხოლოდ მთლიანი პროდუქციის შემოწმებით იქნებოდა შესაძლებელი იმის გარკვევა, თუ რა ღირებულების პროდუქცია იყო ნაკლის მქონე. ასეთი შემოწმება (საექსპერტო კვლევა), როგორც ითქვა, მოპასუხეს არ ჩაუტარებია. სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელთა წერილებით, რომლებზეც აპელირებს მოპასუხე, სადავო გარემოება ვერ დადასტურდება, რადგან პროდუქციის სადავო ნაკლი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნით შეიძლება დადგინდეს.

14.7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ს–/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

19. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ იყოს, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

21. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო შედავებაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ) 339-ე მუხლის სავარაუდო არასწორი განმარტება სააპელაციო სასამართლოს მიერ, რომელიც, კასატორის თქმით, მხარეთა სამეწარმეო ურთიერთობებში სავაჭრო ტრადიციებისა და ჩვეულებების რეგულირების მექანიზმს შეიცავს. კასატორი საკუთარ საკასაციო პრეტენზიას ორი მიმართულებით აყენებს, ერთი ის, რომ მხარეთა შორის არსებული სავაჭრო ტრადიციები შესაძლებელს ხდიდა გამყიდველს დაებრუნებინა მიწოდებული პროდუქცია და მეორე ის, რომ ნასყიდობის ობიექტი წარმოადგენდა წუნდებულ პროდუქციას, რაც წარმოქმნიდა მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობას.

23.სამოქალაქო კოდექსის 339-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები.

24. საკასაციო პალატის განმარტებით, იმისათვის, რომ ესა თუ ის წესი სავაჭრო ჩვეულებად და ტრადიციად ჩაითვალოს, აუცილებელია კუმულაციურად დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები: 1) იგი უნდა გამოიყენებოდეს დროის განსაზღვრულ პერიოდში; 2) აღიარებული უნდა იყოს და აგრეთვე უნდა არსებობდეს თანხმობა მოცემული დარგის წარმომადგენელი ყველა პირისა თუ საქმიანი წრის მიერ რომ კონკრეტული წესი მათ მიერ აუცილებლად იქნება დაცული და გამოყენებული. სავაჭრო ჩვეულება ყალიბდება ისეთ შემთხვევებში, სადაც ერთი სახის ურთიერთობა მხარეთა მიერ კომერციული მიზნებისას არაერთჯერადად მეორდება და რასაც მხარეები ამ ურთიერთობის დროს იღებენ, როგორც ჩვეულებრივ ურთიერთთანამშრომლობის სახეს და არ ეწინააღმდეგებიან მის მოქმედებას, თუნდაც მისი ჩამოყალიბება მოხდეს კონკლუდენტურად.

25. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ, მართალია, მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდება/რეალიზაციის შესახებ არ დადებულა, თუმცა წლების განმავლობაში მხარეებს შორის არსებობდა დამკვიდრებული სავაჭრო ჩვეულება/ტრადიცია და წესი, რომელიც გულისხმობდა პროდუქციის უკან დაბრუნებას. მისი თქმით, ამას ადასტურებს საქმეში წარდგენილი მრავალი სასაქონლო ზედნადები, რომელიც შიეცავს ინფორმაციას 2018-2019 წლებში საქონლის უკან დაბრუნების შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, შეიძლება ითქვას, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებები იმის დასტურია, რომ არარეალიზებული პროდუქციის უკან დაბრუნების წესი მხარეებს შორის შესაძლოა გამოიყენებოდა დროის განსაზღვრულ პერიოდში, თუმცა აუცილებელია დადგინდეს, ასეთი სახის ჩვეულებითი ურთერთობა მიმართულია თუ არა ზუსტად ისეთ ურთიერთობაზე, როგორზეც წარსული გამოცდილებისას მხარეები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ. თუ მაგალითად საქმიანობის მიზნები ეწინააღმდეგება წარსულში არსებულ საქმიანობის მიზნებს, ან განსხვავდება მისგან, წარსული საქმიანობისას ჩამოყალიბებული ჩვეულება ვერ გავრცელდება ახალ ურთიერთობაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში, სავაჭრო ჩვეულებას უპირატესად ცვლის მხარეთა კონკრეტული შემთხვევით წარმოშობილი სახელშეკრულებო მიზნობრივობა, რაც, თავის მხრივ, ცალკე ჩვეულებითი მიდგომის წარმოშობას საჭიროებს. აღნიშნული მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს ქვედა ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა შორის წარსულში არ დადებულა სააღდგომო პასკის ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად, ასეთი პროდუქტის უკან დაბრუნების შესახებ შეთანხმებაც მათ შორის არ არსებობდა, აღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატაც იზიარებს მოსარჩელის მითითებას სადავო უერთიერთობის პერიოდში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ობიექტის მიზნობრივობასთან დაკავშირებით, რომ პასკას აქვს წელიწადში ერთხელ, კონკრეტული რელიგიური სადღესასწაულო მიზნობრივი დატვირთვა და მისი მეორადი გამოყენებისთვის დაბრუნება ვერ მოხდება. აღნიშნული გარემოებები ცალსახად ადასტურებს, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა სავაჭრო ჩვეულება და ტრადიცია სააღდგომო პასკის დაბრუნების შესახებ, შესაბამისად, კასატორის ის მოსაზრება, რომ ცალკეული ურთიერთობების საფუძველზე მხარეებს შორის ჩამოყალიბდა სავაჭრო ჩვეულება, ვერ გახდება სამართლებრივად დამაჯერებელი არგუმენტი, რადგან, როგორც აღინიშნა, კონკრეტულად სააღდგომო პასკების მიმართ მხარეებს შორის წარსულში ურთიერთთანამშრომლობითი გამოცდილება არ დასტურდება.

26. კასატორის მეორე არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ მას შეეძლო წუნდებული პროდუქციის გამყიდველისთვის გადაცემა.

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორს შესაძლოა წარმოეშვას მეორადი მოთხოვნის უფლება, მაგალითად ეს შეიძლება იყოს 1) ნივთის ნაკლის გამოსწორება; 2) ნაკლიანი გვაროვნული ნივთის შეცვლა; 3) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა; 4) ფასის შემცირება, თუკი მყიდველი არ ითხოვს ნაკლის გამოსწორებას, ან ახლით შეცვლას და არც ხელშეკრულებიდან გასვლას; 5) უარი საქონლის მიღებაზე, თუკი გამყიდველი მიაწვდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობით; 6) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (იხ. დამატებით: ს.ჩაჩავა, მოთხოვნების და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში, თბილისი, 2010, გვ.57), რომლებიც მას წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გამყიდველმა დაარღვია სსკ-ის 488-489-ე მუხლებით გათვალისწინებული ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება. აღნიშნულ მეორეულ მოთხოვნათა გამოყენების შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს მხარე დაასაბუთოს მიღებული ნივთის ნაკლოვანება (იხ. საქმე №ას-1062-2022 15 თებერვალი, 2023 წელი). განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ნაკლის არსებობა დადგენილია პროდუქტის მხოლოდ ნაწილზე, რისი გადახდის მოთხოვნაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ დააკმაყოფილა. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო დანარჩენ ნაწილში კვალიფიციური შედავების წარდგენა, რაც შესაძლებელს გახდიდა მეორეული მოთხოვნის წარმოშობას და, მაგალითად, ვალდებულებიდან გათავისუფლებას.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, მყიდველმა 2019 წლის 21 მაისის წერილში, გამოთქვა პრეტენზია პროდუქტის ნაკლის გამო და აღნიშნა, რომ პროდუქტის ხარისხიანობასთან დაკავშირებით ობიექტებმა მიმართეს პრეტენზიებით, მოცემულ წერილს კი თან ერთვოდა პროდუქციის ფოტოსურათები, თუმცა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურ მტკიცებულებად, რადგან ნაკლის დასაბუთების ლეგალური შესაძლებლობა მხოლოდ ექპერტიზის დასკვნით ხდება, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია პროდუქციის ნაკლის გამო ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულებისაგან სრულად განთავისუფლების თაობაზე.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივობაში სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი გარემოებანი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

31.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისას პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ გადახდილ იქნა 2686 ლარი, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს 2686 ლარის 70% - 1 880.2 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ქ.ს.მ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს ,,ქ.ს. მ.კ–ას“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 2022 წლის 3 თებერვალი), 2 686 ლარის 70% - 1 880.2 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ.მიქაბერიძე