საქმე №ას-196-2023 23 მარტი 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – შპს „ნ.კ–ი“, მ.ჩ–ძე, კ.ყ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.კ–ძის უფლებამონაცვლე დ.მ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მიუღებელი დივიდენდისა და საწესდებო კაპიტალის წილის ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. რ.კ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.კ–ის“ (შემდგომ - შპს), მ.ჩ–ძისა (შემდგომ - პირველი მოპასუხე) და კ.ყ–ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ მოგებიდან მიუღებელი დივიდენდის სახით 15 661,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი 40 720 ლარისა და შპს-ს საწესდებო კაპიტალის 48% წილის მოსარჩელისაგან პირველი მოპასუხის საკუთრებაში სასყიდლით გადაცემის საფასურის - 44 338,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი 115 280,1 ლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, შპს დარეგისტრირდა 2017 წლის 28 ივლისს და მის საწესდებო კაპიტალის 48% წილის მესაკუთრე პარტნიორი იყო მოსარჩელე, ხოლო წილის 52%-ის მესაკუთრე პარტნიორი - პირველი მოპასუხე. შპს-ს საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს სესხების გაცემა, სალომბარდო მომსახურება და სავალუტო ოპერაციები. 2017 წლის დასაწყისიდან დაიწყო უთანხმოება შპს-სა და მის ყველაზე მსხვილ ბიზნესმენ ინვესტორს - მეორე მოპასუხეს შორის, რომელმაც მოითხოვა სესხის ძირითადი დავალიანების დარჩენილი ნაწილის – 263 000 აშშ დოლარის დაბრუნება და ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
3. მხარეებს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა, რის გამოც მეორე მოპასუხემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს-ს საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება 400 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განჩინებით მეორე მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა, რამაც საფრთხე შეუქმნა საზოგადოების შემდგომ ნორმალურ ფუნქციონირებას. პირველი და მეორე მოპასუხეები ახლო ნათესავები - ბიძაშვილ–მამიდაშვილები არიან. შპს-ს საწესდებო კაპიტალის 52% წილის რეალური მესაკუთრე იყო მეორე მოპასუხე, რომელმაც ბოროტად გამოიყენა რა მისი, როგორც საზოგადოების ყველაზე მსხვილი ინვესტორის უფლებამოსილება, კომპანიის მთლიანად ხელში ჩაგდებისა და მასზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით და სასამართლოში სარჩელის წარდგენის პარალელურად, კატეგორიულად დასვა საკითხი, საზოგადოების დირექტორის გათავისუფლებისა და, ამ უკანასკნელის ნაცვლად, მის მიერ რეკომენდებული ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე, მოსარჩელის კუთვნილი 48% წილის პირველი მოპასუხისათვის გადაცემის თაობაზე. პირველი და მეორე მოპასუხეების შეთავაზებით, თუკი მითითებული საკითხები დადებითად გადაწყდებოდა, არსებულ დირექტორს, კომპანიაში გაწეული მუშაობის საკომპენსაციოდ, ჯილდოდ გადაეცემოდა 46140 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელე, 2017 წლის გაუნაწილებელი დივიდენდის - 40 720 ლარის დამატებით, პირველი მოპასუხის წილის მთლიანად გადაფორმების შემდეგ, ერთობლიობაში მიიღებდა 60 000 აშშ დოლარს, რაც არ უნდა შეეტყო არავის, მათ შორის, კომპანიის თანამშრომლებს. შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსარჩელე დათანხმდა შეთავაზებას და წილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ 2018 წლის 16 მარტის შეთანხმების საფუძველზე, შპს-ს საწესდებო კაპიტალის 48% წილი საკუთრებაში, თითქოსდა უსასყიდლოდ, საჯარო რეესტრში პირველ მოპასუხეს გადაუფორმა.
5. მოსარჩელის მითითებით, რეალურად წილის გადაცემამდე პირველმა და მეორე მოპასუხეებმა სიტყვიერად ერთობლივად იკისრეს ვალდებულება, რომ ამავე წილის პირველი მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვისთანავე, მოსარჩელეს, გაუნაწილებელი დივიდენდის ჩათვლით, გადაუხდიდნენ 60 000 აშშ დოლარს. მოლაპარაკებას ესწრებოდა შპს-ს დირექტორი და მისი მეუღლე. თავის მხრივ, დირექტორმა იკისრა პასუხისმგებლობა, რომ შპს დივიდენდის მთელ თანხას - 40 720 ლარს, რომელიც იყო 48% წილის საფასურის - 60 000 აშშ დოლარის შემადგენელი ნაწილი, დაუბრკოლებლად გამოყოფდა და გადაუხდიდა მოსარჩელეს. როგორც კი სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია და საჯარო რეესტრში შპს-ს დირექტორი მოპასუხეთა კანდიდატით შეიცვალა, ხოლო საწესდებო კაპიტალის წილის 100% მესაკუთრედ აღირიცხა პირველი მოპასუხე, შპს „ბ.ქ.“ ქუთაისის ფილიალის ბუღალტრის დახმარებით, შპს-ს დირექტორს გადაუხადეს დაპირებული 40 600 აშშ დოლარი. რამდენიმე დღეში ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან მეორე მოპასუხემ გამოიხმო თავისი სარჩელი შპს-ს წინააღმდეგ და ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველად. მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება კი მოპასუხეებს არ შეუსრულებიათ და კუთვნილი თანხა არ გადაუხდიათ.
მოპასუხეების პოზიცია:
6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით სადავო პერიოდში შპს-ს მიერ მოგების მიღების ფაქტი არ დასტურდება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დ.მ–ას (შემდგომ - მოსარჩელის უფლებამონაცვლე) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აღნიშნული პირი ჩაება საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 372-ე და 92-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის საფუძველია მოთხოვნის უფლების დათმობა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 10 ნოემბრის მოთხოვნათა უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულებით. აღნიშნული გარიგებით მოსარჩელემ უფლებამონაცვლეს დაუთმო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მოსარჩელის სამოქალაქო სარჩელიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლება მოპასუხეების მიმართ.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ განცხადება უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა მხარეს 10 დღით გაუგრძელდა.
13. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტის გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლე კანონით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სსსკ-ის 92-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. ამდენად, მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს მხარეს გააჩნდა (იხ. სუსგ-ები: საქმე №ას-27-2019 15.11.2019წ., საქმე №ას-720-2019 8.06.2019წ., №ას-957-899-2012 23.07.2012წ.).
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელის უფლებამონაცვლის საქმეში ჩაბმის შესახებ მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
15. კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ წინამდებარე დავაში მოსარჩელის უფლებამონაცვლის ჩაბმა განპირობებული იყო აპელანტის მხრიდან სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდისაგან თავის არიდების მცდელობით, ვინაიდან მოსარჩელის უფლებამონაცვლე სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებულია.
16. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსსკ-ის 92-ე მუხლი და უფლებამონაცვლეობისათვის საკმარისად ჩათვალა 2022 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელესა და მის უფლებამონაცვლეს შორის დადებული ე.წ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რადგან მასში სრულყოფილად არ არის დაფიქსირებული ხელშეკრულების საგანი, არ ირკვევა, რომ დავა სააპელაციო ინსტანციაშია (არ ჩანს საქმის ნომერი) და სააპელაციო საჩივარს ხარვეზი დაუდგინდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენის კანონიერების საკითხი.
19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. კანონის ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე.
20. საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. დამატებით: ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.).
21. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია ისეთ შემთხვევებში, სადაც დასაშვებია მოთხოვნის დათმობა. მოთხოვნის დათმობის შესაძლებლობა განპირობებულია ვალდებულების შინაარსითა და მისი შესრულების სხვა პირზე გადაცემის შესაძლებლობით. აქვე ხაზი უნდა გაესვას ვალდებულებისა და მოთხოვნის მიმართ წარმოშობილი უფლებამონაცვლეობის საკითხს, რადგან მოვალისა და კრედიტორის პიროვნულ ცვლილებებს შორის არსებობს განსხვავება. მოვალის ცვლილებისას, ვალის გადაკისრების შემთხვევის დროს შესაძლოა, აუცილებელი გახდეს კონკრეტული ვალდებულების კონკრეტული პირის მიერ შესრულება, რაც გამოიწვევს ვალდებულების გადაკისრების შეუძლებლობას (მაგალითაც, კონკრეტული მომღერლის მიერ სიმღერის შესრულება), რაც შეეხება კრედიტორის ცვლილებასა და მოთხოვნის დათმობას, ამ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების იმპერატივის თვალთახედვით, არ ენიჭება არსებითი მნიშვნელობა შესრულების მიმღების, კრედიტორის პიროვნულობას, რადგან, ამ შემთხვევაში მთავარია, მოვალემ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ხოლო კრედიტორმა კი უნდა მიიღოს ის.
22. მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისი სახის სახესხვაობებთან არ გვაქვს საქმე, რადგან ცალსახაა, რომ იმ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, რომელიც გახდა უფლებამონაცვლეობის საფუძველი, არ არსებობს გამონაკლისი შემთხვევა და უფლებამონაცვლეც, სამართლებრივი გაგებით, უფლებამოსილია მიიღოს ის შესრულება, რასაც მიიღებდა თავდაპირველი კრედიტორი (იხ. სუსგ 5.10.2022წ. საქმე №ას-1143-2022).
23. განსახილველ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპზე აპელანტმა წარადგინა 2022 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელემ მის უფლებამონაცვლეს დაუთმო წინამდებარე დავის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება. ხელშეკრულებაში დაკონკრეტებულია, რომ უფლებამონაცვლეს გადაეცა მოსარჩელის უფლება მოპასუხეთა მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით (საქმე №2/3306-18) მოგებიდან მიუღებელი დივიდენდის სახით 15 661,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი 40 720 ლარისა და შპს-ს საწესდებო კაპიტალის 48% წილის მოსარჩელისაგან პირველი მოპასუხის საკუთრებაში სასყიდლით გადაცემის საფასურის - 44 338,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი 115 280,1 ლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ (ტომი 4, ს.ფ 22-23). შესაბამისად, ხელშეკრულების საგანი სრულად იდენტიფიცირებულია და გარკვევით იკითხება, თუ რომელი მოთხოვნის უფლების დათმობაზე შეთანხმდნენ მხარეები.
24. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა და განმარტა სსსკ-ის 92-ე მუხლი, როდესაც 2022 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლე ჩართო.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და საპროცესო უფლებამონაცვლეობა განხორციელდა მართლზომიერად.
26. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა პოზიციას აპელანტის უფლებამონაცვლის სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების შესახებ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სააპელაციო პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აპელანტის უფლებამონაცვლე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ გაათავისუფლა. მართალია, მოსარჩელის უფლებამონაცვლე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება, თუმცა სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი სარგებლობს მოსარჩელის უფლებამონაცვლის სტატუსით, შესაბამისად, იგი რჩება მოსარჩელისაგან მიღებული უფლებების ფარგლებში. რადგან თავად მოსარჩელე სასამართლო ხარჯების გადახდის კუთხით რაიმე შეღავათით არ სარგებლობდა, მის უფლებამონაცვლეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უცვლელად გადადის.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე – კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. ზოგადად, სამოქალაქო სამართალში ორი სახის უფლებამონაცვლეობა გვაქვს: პირველი – უნივერსალური ანუ ზოგადი უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვ.) და მეორე – სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება (მოთხოვნის დათმობა). ორივე შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის ფარგლები იმისდა მიხედვით დგინდება, თუ რა სახის უფლებამონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამასთან, უფლებამონაცვლე უფლებებსა და მოვალეობებს იმ ფარგლებში იძენს, რა ფარგლებშიც იგი მის წინამორბედთან იყო (იხ. სუსგ-ები: №ას-532-508-2016, 16.09.2016 წ., №ას-1558-1478-2017, 26.10.2018 წ., ͏№ას-1339-2022 2.12.2022წ.).
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლებამონაცვლისათვის სავალდებულოა ყველა საპროცესო მოქმედება, რომელიც შესრულებული იყო მის დაშვებამდე იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა მისი წინამორბედისათვის (იხ. სუსგ №ას-720-2019, 28.06.2019 წ.).
29. საპროცესო უფლებამონაცვლეობა საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორეზე გადასვლაა უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის საპროცესო მდგომარეობის იმ მოცულობით დაკავება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო, შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა, სსკ-ის 92-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფლებამონაცვლე ვალდებული იქნება გადაიხადოს სწორედ ის საპროცესო ხარჯის ოდენობა (ამ შემთხვევაში ბაჟი), რაც მანამდე თავდაპირველ საპროცესო სუბიექტს გააჩნდა, ამიტომ საპროცესო სტატუსიდან გამომდინარე ის ვალდებულებები, რაც თავდაპირველ მხარეს ჰქონდა უფლებამონაცვლის სხვაგვარი საპროცესო სტატუსის არსებობით ვერ შეიცვლება, შედეგად, უფლებამონაცვლეს გადასახდელი ექნება კონკრეტულად ის ბაჟი, რაც უნდა ყოფილიყო გადახდილი უფლებამონაცვლეობის არარსებობის შემთხვევაში. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნის მიმღებმა იცოდა, რა სახის უფლებები გადავიდა მასზე, წინასწარ იყო ცნობილი უფლებამონაცვლეობით გადასულ ვალდებულებათა შინაარსი, ამიტომ, უფლებამონაცვლეობაზე დათანხმება, ამავდროულად, გულისხმობს ვალდებულების შესაბამის შესრულებას, როგორაც შესრულდებოდა უფლებამონაცვლეობის არარსებობისას, აქედან გამომდინარე, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის ან სხვაგვარი საპროცესო ხარჯის გადახდისაგან თავის არიდების შესაძლებლობა (შდრ. სუსგ-ები: №ას-1143-2022 5.10.2022წ., №ას-720-2019, 28.06.2019; №ას-957-899-2012, 23.07.2012).
30. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხეთა) ინტერესი, აპელანტს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა, დაცულია და საპროცესო უფლებამონაცვლეობა აღნიშნული ვალდებულების შესრულებისაგან მოსარჩელის უფლებამონაცვლისათვის თავის არიდების წინაპირობა ვერ გახდება, შესაბამისად, მითითებული საკითხი თავად მოსარჩელის უფლებამონაცვლედ სადავო პირის ჩაბმის კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას ვერ გამოიწვევს.
31. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ.კ–ის“, მ.ჩ–ძისა და კ.ყ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე