23 იანვარი 2023 წელი
საქმე №ას-955-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ.ს–ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.ს–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „დასაქმებული“) სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „დამსაქმებელი“) მიმართ, მ.ს–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 28.01.2021წ. №MOD02100000238 ბრძანების ბათილად ცნობის, მ.ს–ის ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენისა და 2021 წლის 20 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის _ ყოველთვიური ხელფასის 2500 ლარის, აგრეთვე 2021 წლის იანვრის თვის 19 დღის (01.01.2021წ. -19.01.2021წ. პერიოდისათვის) შრომის ანაზღაურების _ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე 1266 ლარის ანაზღაურების მოთხოვნებით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელე 2017 წლის 15 დეკემბრიდან დასაქმებული იყო ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს ასრულებდა კეთილსინდისიერად, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია გადაცდომას. მ.ს–ის დარიცხული ხელფასი დაკავებულ პოზიციაზე შეადგენდა 2500 ლარს.
2.2. 2020 წლის 26 იანვარს მოსარჩელე გაემგზავრა მექსიკაში საკუთარი ხარჯებით ესპანური ენის შესასწავლად. ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის ბრძანებით, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დასაქმებული იმყოფებოდა ანაზღაურების გარეშე შვებულებაში.
2.3. 2020 წლის 12 დეკემბერს მ.ს–ის მეუღლეს დაუდგინდა კოვიდ 19 ვირუსი და შესაბამისად, მოსარჩელე იმყოფებოდა იზოლაციაში. აღნიშნულის გამო, მან ვერ შეძლო 2020 წლის დეკემბრის ბოლოს ანაზღაურების გარეშე შვებულების დასრულების დროისთვის საქართველოში დაბრუნება.
2.4. 2020 წლის 27 დეკემბრის განცხადებით დასაქმებულმა მოითხოვა ანაზღაურების გარეშე შვებულების გაგრძელება და დამსაქმებელს მიუთითა სამსახურში გამოცხადების შეუძლებლობის მიზეზებზე. 2020 წლის 31 დეკემბრის წერილით, ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა მოითხოვა მოსარჩელის სამუშაო ადგილზე გამოცხადება შესასრულებლად შეუძლებელი პირობებით.
2.5. 2021 წლის 12 იანვარს დასაქმებულის მიერ დამსაქმებელს გაეგზავნა განცხადება, რომლითაც დეტალურად აღიწერა არსებული მდგომარეობა და დამსაქმებლის მოთხოვნების შესრულების შეუძლებლობა. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა დისტანციურად მუშაობის დაშვება დროებით, (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად) ან ანაზღაურების გარეშე შვებულების გაგრძელება დროებით, რათა შესძლებოდა საქართველოში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე დაბრუნება, თუმცა სამხედრო ჰოსპიტალმა პასუხი არ გასცა აღნიშნულ განცხადებაზე. 2021 წლის 25 იანვარს მოსარჩელემ დამატებით მიმართა განცხადებით სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორს და მოითხოვა წინა განცხადებებზე პასუხის გაცემა, ამასთან აცნობა, რომ პასუხის გაუცემლობას ჩათვლიდა ოფიციალურ თანხმობად დისტანციურად მუშაობასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადებაც სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დატოვა პასუხის გარეშე.
2.6. ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის გასაჩივრებული ბრძანებით, მოსარჩელე 2021 წლის 20 იანვრიდან სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად გათავისუფლდა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, რაც სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის, აგრეთვე განაცდური ხელფასის ანაზღაურების საფუძველია.
2.7. მ.ს–მა მოითხოვა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლის დასაბუთება 2021 წლის 11 თებერვლის განცხადებით. განცხადების მიღება დადასტურდა 2021 წლის 12 თებერვალს. ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა წერილობითი პასუხი აღნიშნულ მოთხოვნაზე მოსარჩელეს გაუგზავნა 2021 წლის 11 მარტს, კანონით განსაზღვრული ვადის უხეში დარღვევით.
2.8. ანაზღაურების გარეშე შვებულების პერიოდში მოსარჩელე ასრულებდა მოვალეობას თავისი თანამშრომლების პირველივე მომართვის დროს. მ.ს–ის მიერ მოთხოვნილი იქნა პირადი საქმე 2021 წლის 27 თებერვლისა და 2021 წლის 03 მარტის განცხადებებით. ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის პასუხი კი წერილობითი ფორმით (ფოსტის მეშვეობით) ჩაბარდა 2021 წლის 12 მარტს.
2.9. რაც შეეხება 2021 წლის 01 იანვრიდან 2021 წლის 19 იანვრის ჩათვლით შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებას, მ.ს–ის მოთხოვნის მიუხედავად მას შვებულების გაგრძელებაზე ეთქვა უარი და მოთხოვნილ იქნა სამუშაო ადგილზე გამოცხადება, რის გამოც მ.ს–ის შეჩერებული სამსახურეობრივი უფლებამოსილება აღუდგა 2021 წლის 01 იანვარს. შესაბამისად, 2021 წლის 01 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით იგი ოფიციალურად მუშაობდა დაკავებულ თანამდებობაზე, თუმცა სამხედრო ჰოსპიტალის მხრიდან მისთვის არ მომხდარა აღნიშნული 19 დღის შრომის ანაზღაურება, მიუხედავად გასაჩივრებულ ბრძანებაში არსებული ჩანაწერისა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელესთან საბოლოო ფინანსური ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო კანონით გათვალისწინებული წესის მიხედვით.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი: სამხედრო ჰოსპიტალის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მ.ს–ის გათავისუფლება მოხდა კანონიერად, გადაწყვეტილების დასაბუთება მითითებულია სადავო ბრძანების სამოტივაციო ნაწილში და მასში მითითებულია სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. სამსახურში გამოუცხადებლობა წარმოადგენს უხეშ დისციპლინურ გადაცდომას, რასაც ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მხრიდან 2021 წლის იანვარში, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ქმნიდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს.
3.2. შრომის კოდექსი ითვალისწინებს ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებასთან დაკავშირებით დამსაქმებლის გაფრთხილებას 2 კვირით ადრე, რაც მოსარჩელემ დაარღვია. ამასთან, მისთვის ცნობილი იყო, რომ უხელფასო შვებულება აღებული ჰქონდა 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ამ ვადის დასრულებისათვის იგი უნდა გამოცხადებულიყო სამსახურში, ან 2 კვირით ადრე უნდა გაეფრთხილებინა დამსაქმებელი არაანაზღაურებადი შვებულების გაგრძელების შესახებ. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მან რაიმე მოქმედება განახორციელა უხელფასო შვებულების დამთავრების შემდეგ დროულად სამსახურში გამოცხადებისათვის. შესაბამისად, მოსარჩელემ შეგნებულად დაარღვია გაფრთხილების 2 კვირიანი ვადა და თავი აარიდა დროულად სამსახურში გამოცხადებას. რაც შეეხება სამხედრო ჰოსპიტალის წერილს, რომლითაც მ.ს–ს დაევალა სამსახურში გამოცხადება, იგი შესრულებადი იქნებოდა, თუკი მოსარჩელე ანაზღაურების გარეშე შვებულების დამთავრებამდე 2 კვირით ადრე მიიღებდა საჭირო და აუცილებელ ზომებს (ბილეთის დაჯავშნა და სხვა). აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასებით, დამსაქმებელმა მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი.
3.3. თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების დასაბუთება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა ელექტრონული ფოსტით 2021 წლის 11 თებერვალს, სადაც მოსარჩელე არ ითხოვდა ელექტრონულ ფოსტაზე პასუხის გაგზავნას. მისი სურვილი იყო, პასუხი გაგზავნილიყო განცხადებაში მითითებულ მისამართზე, კერძოდ: თბილისი, ......... მოსარჩელის ამ მიმართვაზე პასუხი გაცემულია 17.02.2021წ. №121419 წერილით, რომელიც გაიგზავნა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე საქართველოს ფოსტით 2021 წლის 18 თებერვალს, კანონით დადგენილ 7 დღიან ვადაში, რასაც ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებები - 17.02.2021წ. №121419 წერილი და 18.02.2021წ. ფოსტის რეესტრი №22. საფოსტო გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატს, რადგან მისამართზე არავინ დახვდა, რაც სამხედრო ჰოსპიტალის ბრალით არ იყო გამოწვეული. 2021 წლის 27 თებერვალს მოსარჩელემ აცნობა ჰოსპიტალს, რომ არ მიუღია გათავისუფლების ბრძანების დასაბუთება, რის შემდეგაც 05.03.21წ. ხელმეორედ გაეგზავნა 17.02.2021წ. №121419 წერილი, ასევე წერილის გაგზავნის დამადასტურებელი საფოსტო რესტრი №22. შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან დაცულია გათავისუფლების თაობაზე ბრძანების დასაბუთების გამოცემის და გაგზავნის კანონით დადგენილი წესი.
3.3. მ.ს–ის ანაზღაურების გარეშე შვებულების პერიოდში, ანუ იმ დროს, როდესაც მას შეჩერებული ჰქონდა სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობები, მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების თაობაზე არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ხელმოწერით. ამასთან, ამ პერიოდში 2-3-ჯერ თავად მოსარჩელემ მოითხოვა მისი სამსახურეობრივ დაქვემდებარებაში მყოფი პირებისაგან გარკვეული დოკუმენტების გაგზავნა, რომელზეც სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობის ინფორმირება არ მომხდარა. მოსარჩელისათვის გარკვეული დოკუმენტების გადაგზავნა მისი უშუალო ხელქვეითების მიერ, არ წარმოადგენს მის მიერ სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებას ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დროს და არ შეიძლება ჩაითვალოს ამ პერიოდში დამსაქმებლის მიერ მოსარჩელისათვის მოვალეობის შესრულებად.
3.4. შესაგებლის თანახმად, მსოფლიოში და საქართველოში არსებული ეპიდვითარების გამო 2021 წლის 03 იანვრიდან 16 იანვრამდე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადდა უქმე დღეებად, ხოლო 2021 წლის 18 იანვრიდან მოსაჩელის სამსახურში გამოუცხადებლობის გამო 2021 წლის 28 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მ.ს–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
3.5. სამხედრო ჰოსპიტალის საშტატო ნუსხა შეთანხმებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და დამტკიცებულია დირექტორის მიერ. დადგენილია, რომ დამსაქმებელმა, შესასრულებელი საქმიანობიდან და სამსახურის საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაზღვრა შიდა აუდიტის სამსახურში 3 საშტატო ერთეულის არსებობა. ანაზღაურების გარეშე 1 წელზე მეტი ვადით მუშაობა იძლევა საფუძველს, გადახედილ იქნას საშტატო ერთეულების რაოდენობის საჭიროებას. მმართველობის ეფექტიანობის პრინციპიდან გამომდინარე, თუკი სამსახურის ეფექტიანი მუშაობა არ საჭიროებდა 3 საშტატო ერთეულის არსებობას, მაშინ 1 შტატი აშკარად ზედმეტია, ხოლო თუ საჭირო იყო, მაშინ მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობით ხელი ეშლება დამსაქმებელს დასახული მიზნის მიღწევაში. მით უმეტეს, რომ 30.12.2020წ. №206 ბრძანებით დამტკიცდა შიდა აუდიტის წლიური სამუშაო გეგმა, რომელიც მოითხოვდა აუდიტის სამსახურის სამივე თანამშრომლის ფიზიკურ ჩართულობას, რაც გამორიცხული იყო მოსარჩელის კიდევ 6 თვით ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის გამო.
3.6. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სამხედრო ჰოსპიტალის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, უქმე დღეების გამოცხადების მიუხედავად 03.01.2021წ. - 15.01.2021წ. პერიოდში ჰოსპიტალი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებდა, მათ არ უმუშავიათ დისტანციური ფორმით, შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა 19 დღით სამსახურში გამოუცხადებლობას, რაც უხეშ დარღვევად მართებულად იქნა მიჩნეული მოპასუხის მიერ, ამდენად, კანონშესაბამისია გასაჩივრებული ბრძანება, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, აგრეთვე მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობა. ამავე მოტივაციით, არ არსებობს აგრეთვე მოსარჩელისათვის 19 დღის შესაბამისი შრომითი ანაზღაურების საფუძველი. გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებული ჩანაწერი მოსარჩელესთან კანონის შესაბამისად ანგარიშსწორების განხორციელების თაობაზე ფორმალური ჩანაწერია, რომელიც ამოქმედდებოდა ამგვარი საჭიროების არსებობის შემთხვევაში. ვინაიდან არ არსებობდა მოსარჩელის მიმართ რაიმე თანხის ჩარიცხვის საჭიროება, მასთან არც მომხდარა ანგარიშსწორება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, მ.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ:
4.1. ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 28.01.2021წ. №MOD02100000238 ბრძანება მ.ს–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
4.2. მ.ს–ი აღდგენილ იქნა ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
4.3. ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მ.ს–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2021 წლის 20 იანვრიდან - თანამდებობაზე აღდგენამდე ყოველთვიურად 2500 ლარის (ორი ათას ხუთასი) ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
4.4. ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მ.ს–ის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება 2021 წლის 01 იანვრიდან - 2021 წლის 19 იანვრის ჩათვლით 1266 (ათას ორას სამოცდა ექვსი) ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე);
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა, რომლის სააპელაციო მოთხოვნასაც წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მ.ს–ი 2017 წლის 15 დეკემბრიდან დასაქმებული იყო ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე უვადოდ. მისი ყოველთვიური ხელფასი დაკავებულ პოზიციაზე დარიცხული სახით შეადგენდა 2500 ლარს.
7.2. ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის ბრძანებით, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მ.ს–ი იმყოფებოდა ანაზღაურების გარეშე შვებულებაში.
7.3. მ.ს–მა შვებულების დასრულების დროისათვის სამსახურში გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, რაც განპირობებული იყო ეპიდემიოლოგიური ვითარებითა და მისი საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტით, სამსახურის უფროსს აცნობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2020 წლის 27 დეკემბერს. აღნიშნული წერილის პასუხად, 2020 წლის 31 დეკემბრის წერილით მ.ს–ს განემარტა, რომ ანაზღაურების გარეშე შვებულების გაგრძელება სამსახურის სამომავლო გეგმების განხორციელებას შეუშლიდა ხელს, რის გამოც დასაქმებულს მოეთხოვა სამუშაო ადგილზე გამოცხადება საქართველოში 03.01.2021 წ. - 16.01.2021 წ. გამოცხადებული უქმე დღეების დასრულებისთანავე.
7.4. მ.ს–მა 2021 წლის 31 დეკემბრის წერილის პასუხად 2021 წლის 12 იანვარს განცხადებით კვლავ მიმართა სამსახურის უფროსს, ინფორმაცია მიაწოდა ფრენების თაობაზე და მოითხოვა მისთვის დისტანციურად მუშაობის უფლების განსაზღვრა.
7.5. ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2021 წლის 28 იანვრის №MOD02100000238 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე მ.ს–ი 2021 წლის 20 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე ბრძანებით, ფინანსების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს დაევალა მ.ს–თან საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
7.6. მ.ს–ის ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდის განმავლობაში დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებისას მის მიმართ დისციპლინური ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
7.7. ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მხრიდან მ.ს–ს არ მიუღია შრომის ანაზღაურება შვებულების დასრულების შემდგომ გათავისუფლებამდე არსებული 19 დღიანი პერიოდისთვის.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი შეფასება:
8.1. მოსარჩელე მ.ს–თან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ს 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა). ამდენად, მნიშვნელოვანია არსებობდეს სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, აუცილებელია გამოვლენილი დარღვევის ხასიათისა და ბუნების შეფასება, რადგან მოცემული მუხლის ფარგლებში პასუხისმგებლობის საფუძველი შესაძლებელია იყოს, მხოლოდ უხეში დარღვევის არსებობა.
8.2. სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისერების პრინციპისა და უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის, ასევე სასამართლო პრაქტიკით დადგენილი „Ultima Ratio” პრინციპის გათვალისწინებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, თუ დარღვევას აქვს არსებითი და მძიმე ხასიათი, ვინაიდან ნებისმიერი დარღვევა პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ შეიძლება გახდეს. იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.
8.3. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი მიუთითებს დასაქმებულის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების განუხორციელებლობაზე, კერძოდ, 19 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობაზე, რას სააპელაციო პალატამ სრული მოცულობით არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობდა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რის შემდგომაც 2021 წლის 18 იანვრამდე იყო უქმე დღეები, მათ შორის, შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასვენების დღეები და ამასთან, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დადგენილი რეგულაციის მიხედვით, ,,უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 26.11.2020 წ. №698 დადგენილების შესაბამისად, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები ასევე განსაზღვრული იყო უქმედ. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმეში წარმოდგენილ მოპასუხის მიერ მოსარჩელისადმი გაგზავნილ ელექტრონულ წერილს, სადაც მოსარჩელეს ნება დაერთო სამსახურში გამოცხადებულიყო უქმე დღეების დასრულებისთანავე. გარდა ამისა, მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობები მის მიერ დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით, არ უნდა გულისხმობდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების სავალდებულოდ განხორციელებას კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში. ამდენად, მიუხედავად მოსარჩელის კუთვნილი ანაზღაურების გარეშე შვებულების დასრულებისა 2020 წლის 31 დეკემბერს, იგი ვალდებული იყო სამსახურში გამოცხადებულიყო 2021 წლის 18 იანვრიდან, რაც არ განუხორციელებია. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა მისი სამსახურიდან გათავისუფლება 2021 წლის 20 იანვრიდან. შესაბამისად, პალატის დასკვნით, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სამსახურში 2 (ორი) დღით გამოუცხადებლობის გამო.
8.5. პალატამ მოიხმო ს.ს.ი.პ გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის შინაგანაწესის 25-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული თვითნებურად არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3 დღით და მეტი ვადით არ გამოცხადდება სამუშაოზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. 2 დღით სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტი შესაძლებლობას არ იძლევა, დარღვევა დაკვალიფიცირდეს იმდენად მძიმე გადაცდომად, რომელიც დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის სათანადო საფუძველს შექმნის. აპელანტის მტკიცების გაზიარების პირობებშიც კი, რომ მოსარჩელეს შეეძლო გამოეჩინა წინდახედულობა და ეზრუნა სამსახურში დაბრუნებაზე, გაუმართლებელია დისციპლინური სახდელის უკიდურესი ღონისძიების - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამოყენება. დამსაქმებელმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ არსებობდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობები, რაც მართლზომიერ საფუძველზე განაპირობებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. შესაბამისად, აღნიშნული სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე წამოშობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
8.6. მოსარჩელის მოთხოვნაა იმავე თანამდებობაზე მისი აღდგენა. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა ფაქტობრივი გარემოება მ.ს–ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ვაკანტურობის თაობაზე და დადგინდა, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იმ დროისთვის არ იყო დანიშნული სხვა პირი, რის გამოც არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების და მისი ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა.
8.7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, რომლითაც უკანონოდ დათხოვნილი მოხელის სასარჩელო მოთხოვნები თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილებულია, დამსაქმებლის მხრიდან იმგვარი მოცემულობის ხელოვნურად შექმნა, რაც დააბრკოლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, დამსაქმებლის პასუხისმგებლობაა. გარემოებათა ცვლილება, რომელიც ვაკანტურ სადავო პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დასაქმებამ შეიძლება გამოიწვიოს, დამსაქმებლის რისკის სფეროს განეკუთვნება. შესაბამისად, დამსაქმებელმა წინდახედულობის მაქსიმალური სტანდარტის დაცვით უნდა მოახდინოს იმ ვაკანტური პოზიციის შევსება (განსაზღვრული ან გარკვეული ვადით), რომელიც სადავოა და რომელზეც უკანონოდ დათხოვნილი მოხელე შესაძლოა აღდგეს. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა სასამართლო დავის დასრულებამდე ხელს შეუწყობს სადავო პოზიციის დროებით შევსებას და უკანონოდ დათხოვნილი მოხელის თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ აპელანტმა განახორციელა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება და მოსარჩელის კვლავ გათავისუფლება სამსახურში გამოუცხადებლობის მოტივით, ხსენებული საკითხი სცდება წინამდებარე დავის საგანს.
8.8. სშკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს განაცდურის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი მოცდენა გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ვინაიდან შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის ნება უკანონოდ იქნა მიჩნეული, პალატამ მართებულად მიიჩნია თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
8.9. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2021 წლის 01 იანვრიდან - 2021 წლის 19 იანვრის ჩათვლით 1266 (ათას ორას სამოცდაექვსი) ლარის ოდენობით შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების თაობაზე, პალატამ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნაც საფუძვლიანად მიიჩნია, რამეთუ მ.ს–ი ანაზღაურების გარეშე შვებულებაში იმყოფებოდა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო გათავისუფლების თაობაზე ბრძანების თანახმად, იგი 2021 წლის 20 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება აღდგენილი იყო 2021 წლის 01 იანვრიდან, რის გამოც მას უნდა მიეღო 19 დღის სახელფასო თანხა.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა, მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
9.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს მიღებული იქნა მინისტრის 01-37/ნ ბრძანება „იმ მეწარმე სუბიექტების ან/და საქმიანობების განსაზღვრის შესახებ, რომლებზეც არ ვრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება და რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის“. მითითებული ბრძანების 1-ლმა პუნქტმა განსაზღვრა, რომ ასეთი ობიექტები არიან „პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ ,,კოვიდ-19" პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად. გარდა ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა „საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისთვის გასატარებელი ღონისძიებებების“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 მარტის №545 განკარგულების 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზე სამხედრო ჰოსპიტალი სრულად მობილიზებული უნდა ყოფილიყო საქართველოში ახალი კორონავირუსის ,,COVID-19"-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისთვის. აღნიშნული კი ჰოსპიტალისთვის ნიშნავდა განაკუთრებული დატვირთვით მუშაობას არამარტო სამედიცინო პერსონალისთვის, არამედ ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის, მათ შორის, შიდა აუდიტის სამსახურისთვის.
9.2. აღნიშნული ნორმების მხედველობაში მიღების შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მივიდოდა დასკვნამდე, რომ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ ვრცელდებოდა მ.ს–ზე, შესაბამისად, დადგინდებოდა რომ მოსარჩელეს სამსახურში გამოცხადების ვალდებულება ეკისრებოდა არა 2021 წლის 18 იანვრიდან, არამედ 01 იანვრიდან, შესაბამისად, მოსარჩელე სამსახურში არასაპატიოდ არ გამოცხადდა არა 2, არამედ 19 სამუშაო დღის განმავლობაში, რითაც დაარღვია სამხედრო ჰოსპიტლის შინაგანაწესის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი („დასაქმებულთან, რომელიც თვითნებურად არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3 დღით და მეტით არ გამოცხადდება სამუშაოზე, შესაძლებელია მოხდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და დასაქმებული გათავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან“) და მე-7 პუნქტი („დასაქმებულთან, რომელიც წლის განმავლობაში თვითნებურად არასაპატიო მიზეზით ჯამში 5 სამუშაო დღით არ გამოცხადდება სამუშაოზე, შესაძლებელია განხორციელდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა“). აღნიშნული დარღვევით შეიქმნა საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის, ამრიგად, №238 ბრძანება მ.ს–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონიერია და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. მოცემულ საქმეში, სადავოა დასაქმებულის შრომითი მოვალეობის დარღვევის ფაქტის სიმძიმე, რაც გაამართლებს უვადო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
15.1. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ნდობასა და კეთილსინდისიერებას. ერთი მხრივ, დამსაქმებელი, რომელიც საკუთარი ორგანიზაციული მიზნების განსახორციელებლად კონკრეტულ პოზიციაზე იყვანს თანამშრომელს, ნდობას უცხადებს მის პროფესიულ თუ პიროვნულ თვისებებს, ხოლო მეორე მხრივ, დასაქმებული, რომელიც ეთანხმება ამავე პოზიციაზე მუშაობას, იმედოვნებს, რომ მისი შრომითი უფლება არ იქნება უგულვებელყოფილი, ექნება კანონით განსაზღვრული სოციალური გარანტიები, კარიერისა და ცხოვრების დაგეგმვის შესაძლებლობა. ამრიგად, ურთიერთობის მხარეებს სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების ეტაპიდან უყალიბდებათ ერთმანეთის უფლებებისა და ინტერესების მიმართ გულისხმიერების ვალდებულება, რომელიც ინარჩუნებს მნიშვნელობას როგორც შრომითი ურთიერთობის მიმდინარეობის, ისე მისი დასრულების ეტაპზე.
15.2. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (იხ.სუსგ. №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.) და მისი ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (იხ. სუსგ №ას-1252-2020, 29.09.2021წ).
15.3. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებსა და ინტერესებს შორის წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-634-2021, 04.11.2021წ).
15.4. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დამახასიათებელია დაქვემდებარებული ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული ემორჩილება დამსაქმებლის მითითებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. არსებული ფაქტობრივი თუ ეკონომიკური ასიმეტრია განაპირობებს დამსაქმებლის ურთიერთობის ძლიერ მხარედ კვალიფიკაციას, რომელთან სუბორდინაციის პირობებშიც მნიშნველოვნად იზრდება რისკი იმისა, რომ დასაქმებულის ინტერესები შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, მიმდინარეობისა თუ დასრულების პროცესში იქნეს უგულვებელყოფილი. სწორედ აქ ვლინდება სახელმწიფოს, როგორც უფლებრივი წონასწორობის დაცვის გარანტის ფუნქცია, ჩაერიოს ურთიერთობაში იმგვარად, რომ მხარეთა უფლებრივ პოზიციებს შორის აღდგეს სამართლიანი ბალანსი, აღნიშნული კი მიიღწევა ურთიერთობის სუსტი მხარის უფლებრივი გაძლიერების გზით. სწორედ ამიტომ, შრომის სამართალი უპირატესად დასაქმებულის უფლებების დაცვის წესთა ერთობლიობაა. აღნიშნული პრინციპი საკანონმდებლო დანაწესით ყველაზე აშკარად გამოხატულია საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მესამე პუნქტში, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. ამრიგად, შრომის კოდექსით კანონმდებელმა დაადგინა დასაქმებულის ინტერესების დაცვის საბაზისო სტანდარტი, რომლიდან გადახვევაც დასაშვებია ერთადერთ შემთხვევაში - თუ შრომითი პირობების მოდიფიცირება აუმჯობესებს დასაქმებულის უფლებრივ მდგომარეობას. ამრიგად, შრომითი დავის განმხილველი სასამართლოს ფუნქცია სამართლის ნორმათა იმგვარ განმარტებას წარმოადგენს, რომლითაც მიიღწევა დასაქმებულის უფლებრივი გათანაბრება ურთიერთობის ძლიერ მხარესათან - დამსაქმებელთან.
15.5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სწორედ კეთილსინდისიერების ჭრილში აფასებს კასატორის (დამსაქმებლის) 2020 წლის 31 დეკემბრის წერილს (იხ. ტ.1, ს.ფ. 35) მ.ს–ის მიმართ, რომელშიც განმარტებულია არაანაზღაურებადი შვებულების გაგრძელების შეუძლებლობა და მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 03.01.2021-დან 16.01.2021-მდე გამოცხადებულია უქმე დღეებად, რის გამოც, დამსაქმებელმა აღნიშნული პერიოდის დასრულებისთანავე დასაქმებულისგან მოითხოვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გაგრძელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებულის მიმართ დაიწყებოდა სამსახურიდან განთავისუფლების პროცედურები.
15.6. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირმა დასაქმებულს კონკრეტულად, ნათლად განუმარტა, რომ სამსახურში მ.ს–ის გამოცხადების თარიღს უკავშირებდა მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილი უქმე დღეების ამოწურვის დასრულებას. საგულისხმოა ისიც, რომ ხსენებული წერილის გაგზავნის ეტაპზე უკვე მოქმედებდა მთავრობის ის ნორმატიული აქტი („საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისთვის გასატარებელი ღონისძიებებების“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 მარტის №545 განკარგულება), რომლის არსებობითაც დამსაქმებელი ასაბუთებს დასაქმებულთა ვალდებულებას, სამსახურში გამოცხადებულიყვნენ უქმე დღეებშიც, თუმცა ხსენებულ ნორმატიულ აქტის მიუხედავად, დამსაქმებელმა მ.ს–ს მოსთხოვა სამსახურში გამოცხადება 2021 წლის 16 იანვრიდან.
15.7. საგულისხმოა, რომ თუ 2020 წლის 31 დეკემბერს მიღებული 01-37/ნ ბრძანება „იმ მეწარმე სუბიექტების ან/და საქმიანობების განსაზღვრის შესახებ, რომლებზეც არ ვრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება და რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის“, არსებითად ეხებოდა ორგანიზაციის აუდიტის სამსახურის სამუშაო განრიგსაც, სწორედ გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების ვალდებულების გათვალისწინებით, ჰოსპიტლის დირექტორს ევალებოდა, მის მიერ უკვე გაგზავნილი წერილის შინაარსის გათვალისწინებით, სამუშაოზე გამოცხადების ხელახალი თარიღი დაუყოვნებლივ ეცნობებინა მ.ს–ისთვის. აღნიშნული შეტყობინების არარსებობის პირობებში კი მ.ს–ს გააჩნდა კანონიერი, დაცვის ღირსი მოლოდინი იმისა, რომ უქმე დღეების ფარგლებში მას სამსახურში გამოცხადების ვალდებულება არ გააჩნდა.
15.8. ამრიგად, საკასაციო პრეტენზიას მასზედ, რომ დასაქმებულს სამსახურში გამოცხადების ვალდებულება წარმოეშვა 2021 წლის 01 იანვრიდან, სამართლებრივად ვარგისი ძალა არ გააჩნია. აღნიშნულის საპირწონედ, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ უქმე დღეებში სამსახურში გამოუცხადებლობა დამსაქმებელს შრომითი ვალდებულებების დარღვევად არ უნდა შეერაცხოს, რამეთუ 2021 წლიდან სამუშაოზე გამოცხადების თარიღი მხარეთა ურთიერთობაში განსაზღვრული იყო სწორედ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის წინაშე გაგზავნილი წერილით.
15.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს ფაქტები, რომლებზედაც ისინი ამყარებენ სარჩელსა და შესაგებელს. ამავდროულად, მტკიცების პროცესის უზოგადესი პრინციპია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”) - სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. უარყოფის მტკიცება არ შეიძლება დაეკისროს მხარეს, რომელიც ფაქტის ან მოვლენის არარსებობაზე აპელირებს, არამედ ამ ფაქტისა თუ მოვლენის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვის სასარგებლოდაც მეტყველებს შედავებული ფაქტობრივი გარემოება“ (იხ. სუსგ. №ას-509-509-2018, 05.04.2019წ; №ას-1299-2018, 29.11.2019წ).
15.10. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ჰოსპიტლისათვის უქმე დღეებში ოპერირების ვალდებულების დაწესება უნდა განიმარტოს მიზნიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს სწორედ იმას, რომ ჰოსპიტალს აღნიშნულ პერიოდში უნდა ჰქონოდა მზადყოფნა კორონავირუსული ინფექციის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მართვის სფეროში, შესაბამისად, კონკრეტული დასაქმებულის მიმართ უქმე დღეების გავრცელება-არგავრცელებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დამსაქმებელს ობიექტურად უნდა შეეფასებინა დამსაქმებლის ფუნქციური მონაწილეობის ხარისხი ინფექციის პრევენციის/დიაგნოსტირების/მართვის პროცესში. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ მიუთითა რაიმე წონად არგუმენტზე, რომ აუდიტის სამსახურის უფროსის პოზიცია მოიცავდა იმგვარ სპეციფიურ უფლებამოსილებებს, რომლებიც დაკავშირებული იყო პანდემიური მდგომარეობის მართვაში დასაქმებულის უშუალო მონაწილეობასთან. ამასთან, არც ის გარემოება დადასტურებულა, რომ ხსენებულ პერიოდში ჰოსპიტლის ყველა თანამშრომელი, აუდიტის სამსახურის სხვა თანამშრომლების ჩათვლით, ასრულებდა შრომით საქმიანობას. აღნიშნული მიმართულებით მტკიცების არარსებობა კი მოწმობს სწორედ იმაზე, რომ მ.ს–ისთვის 2021 წლის 03 იანვრიდან 15 იანვრის დროის შუალედში სამსახურში გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს მის მიერ შრომითი ვალდებულების დარღვევას. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიის იმ ნაწილს, რომ სამსახურში გამოცხადების ვალდებულება, 2020 წლის 31 დეკემბრის ბრძანების გათვალისწინებით, არსებობდა 2021 წლის 01 იანვრიდანვე, აღნიშნული მტკიცება თავისთავად უსაფუძვლოა საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, 1-ლი და 2 იანვარი (ახალი წლის სადღესასწაულო დღეები) უქმე დღეებია. ნორმატიული აქტების იერარქიის გათვალისწინებით, ორგანული კანონის ამ დანაწესის შეცვლა მინისტრის კანონქვემდებარე აქტით ვერ განხორციელდებოდა.
15.11. რაც შეეხება 2021 წლის 16-17 იანვარს, მითითებული თარიღები დაემთხვა შაბათ-კვირას. იმ პირობებში, როდესაც დამსაქმებლის მიერ შედგენილი შრომის შინაგანაწესის თანახმად, სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (იხ. ამავე შინაგანაწესის 22-ემუხლის მე-2 პუნქტი - ტ.1, ს.ფ. 179), თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, დამსაქმებელი დასვენების დღეებში სამსახურში გამოუცხადებლობას აკვალიფიცირებს შრომითი ვალდებულების დარღვევად, სწორედ მისი მტკიცების ტვირთია, დაადასტუროს, რომ მასსა და დასაქმებულს შორის დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულის სამუშაო დღეებს შინაგანაწესისგან განსხვავებულად აწესრიგებდა. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს აღნიშნული მიმართულებით მტკიცებითი საქმიანობა არ წარუმართავს, ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ 2021 წლის 16-17 იანვარს სამსახურში გამოუცხადებლობა დასაქმებულს შრომითი მოვალეობის დარღვევად შეერაცხება.
15.12. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ დასაქმებულს სამუშაოზე გამოცხადების ვალდებულება წარმოეშვა 2021 წლის 18 იანვრიდან. ვინაიდან სადავო ბრძანებით დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდა 2021 წლის 20 იანვრიდან, მართებულია დასკვნა მასზედ, რომ დასაქმებულის მიმართ შრომითი პასუხისმგებლობის ზომა სამსახურიდან გათავისუფლების სახით გამოყენებულ იქნა მის მიერ 2 სამუშაო დღით სამსახურის გაცდენის გამო.
15.13. შრომის სამართალში “Ultima Ratio“ -ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობის შემოწმებას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (იხ. სუსგ №ას-416-399-2016, 29.06.2016წ; №ას-658-2020 04.12.2020წ.).
15.14. დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. ამდენად, დამსაქმებელმა, შესაძლოა, დასაქმებულის ქმედება ჩათვალოს კიდეც ვალდებულებათა უხეშ დარღვევად, თუმცა ამგვარი კვალიფიკაციის მართებულობა ექვემდებარება სასამართლო კონტროლს (იხ. სუსგ. №ას-468-2021, 23.09.2022წ).
15.15. მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ თავად დასაქმებულის მიერ შედგენილი შრომის შინაგანაწესიც კი, ზედიზედ ორჯერ არასაპატიო მიზეზით დასაქმებულის სამსახურში გამოუცხადებლობას არ განიხილავს საკმარის საფუძვლად შრომითი ურთიერთობის შესაწყვეტად (შინაგანაწესის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ხსენებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის საჭიროა სამსახურში ზედიზედ სამჯერ გამოუცხადებლობა). ამავდროულად, დამსაქმებელი ვერ უთითებს, თუ რა ზიანი მიაყენა, ან რა საფრთხე წარმოუშვა 2 დღით მ.ს–ის სამსახურში არყოფნამ სამხედრო ჰოსპიტალს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომა, შესაძლოა, გამხდარიყო უფრო მსუბუქი სანქციის დაკისრების საფუძველი, თუმცა აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოების (სამსახურში გამოუცხადებლობა 2 დღით) შრომითი ვალდებულების უხეშ დარღვევად კვალიფიკაცია და პასუხისმგებლობის სახედ და ზომად სამსახურიდან განთავისუფლება აშკარად არღვევს თანაზომიერების პრინციპს და წარმოადგენს დასაქმებულის გადაჭარბებული დასჯის მაგალითს. ამრიგად, სადავო ბრძანება უკანონოა და მართებულად დაექვემდებარა ბათილად ცნობას სსკ 54-ე მუხლის შესაბამისად.
16.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
16.2. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ კასატორს დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენის, განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და სახელფასო დავალიანების დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო პრეტენზიები წარმოდგენილი არ აქვს. ამრიგად, საკასაციო პალატა შეზღუდულია რა საკასაციო საჩივრის ფარგლებით, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების უფლებამოსილება კასატორის მიერ შეუდავებელ ნაწილში მას არ გააჩნია.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2234.13 ლარის 70%, რაც შეადგენს 1563.89 ლარს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2234.13 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №18002, გადახდის თარიღი: 03.08.2022წ) 70% – 1563.89 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი