საქმე №ას-1023-2022
26 იანვარი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ.ფ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.თ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ლ.ფ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე: გორი, ......... (საკადასტრო კოდით .........) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1 მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება მდებარე - გორი, ...... ს/კ ...........
2.2 მოპასუხე დღემდე ფლობს აღნიშნულ ქონებას და არ აძლევს მოსარჩელეს კუთვნილი უძრავი ნივთით სარგებლობის საშუალებას.
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა. მოპასუხემ ვერ შეძლო ვალის დაბრუნება. მხარეთა შორის თანხის გადახდასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა შეთანხმება. მოპასუხემ განმარტა, რომ სადავო ბინაში რეგისტრირებულია მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად, შესაბამისად, მისი მფლობელობა უკანონო არ არის.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1 გორის რაიონული სასამართლოს 25.01.2022წ. გადაწყვეტილებით ნ.თ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ.ფ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. გორი, ......... (საკადასტრო კოდით ......) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს, ნ.თ–ძეს.
4.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებში (ს.ფ.15) წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორი, ........ (ს/კ .....) წარმოადგენს ნ.თ–ძის საკუთრებას.
5.3 საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, ფლობს მოპასუხე.
5.4 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა არსებობდა.
5.5 სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168, 170-ე, 172-ე, 183-ე და 312-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ქონებას ფლობს კანონიერად და არ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რისი დადასტურებაც მას კანონის თანახმად ეკისრებოდა.
5.6 ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ცხოვრების პირობები. ანალოგიური შინაარსის არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, აპელანტი საკუთარი არასრულწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენელია და უშუალოდ მას, როგორც კანონიერ წარმომადგენელს, ევალება შვილის ინტერესების ჯეროვანი დაცვა.
5.7 ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1 აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ/აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2 კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სადავო ქონებას კასატორი ფლობს მართლზომიერად. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტს, რომ მასთან ერთად სადავო ბინაში ცხოვრობდნენ მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი.
6.3 ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მათ სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ და კანონიერად არიან დარეგისტრირებულები აღნიშნულ მისამართზე.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, ლ.ფ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მესაკუთრეა იმ უძრავი ნივთის, რომელსაც ფლობს მოპასუხე, თუმცა მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.
14. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინაღმდეგ" განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
16. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლების და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის I ნაწილი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას და 172-ე მუხლის I ნაწილი, რომლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, კერძოდ, ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.15), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.(იხ. სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).
21. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, იმ გარემოებასთან დაკავშირებით, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ქონებას ფლობს კანონიერად, ვინაიდან მას აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა, მოპასუხის მითითება სადავო უძრავი ქონების არაკანონიერად შეძენის შესახებ, დაუსაბუთებელია და პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
22. კასატორმა ვერ მიუთითა ვინდიკაცური სარჩელის დაკმაყოფილების საწინააღმდეგო გარემოებასა ან მტკიცებულებაზე, ამასთან, მითითება, რომ მოსარჩელემ არაკეთილსინდისიერად მოიპოვა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება, მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს. აღნიშნული ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც მესაკუთრის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქმის მასალებზე დაყრდნობით - სადავო ქონებაზე კასატორის მართლზომიერ მფლობელობას გაამართლებდა და გამორიცხავდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი განსახილველი საქმის დავის საგანი არ არის.
23. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, სადაც უთითებს, რომ სასამართლომ უგულებელყო ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ მასთან ერთად სადავო ბინაში ცხოვრობდნენ მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი.
24. ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. აქვე, პალატა მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელება და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა არ გულისხმობს კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევას. პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი გარემოება ვერ გახდება სადავო უძრავი ნივთის არასრულწლოვნის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა. შესაბამისად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფის თაობაზე, კასატორის პრეტენზია.(შდრ. სუსგ №ას-1282-2021, 15.06.2022წ; №ას-674-2022, 13.10.2022წ.; №ას-1351-2022, 14.12.2022წ.)
25. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ კასატორი რეგისტრირებულია სადავო მისამართზე და ეს ფაქტი სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული პალატა, განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, I პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ- ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმდ, პირის საცხოვრებელ ადგილად, მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ირჩევს საცხოვრებლად.
26. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 27.07.2011წ. N98 ბრძანების მე-7 მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირის საცხოვრებელ ადგილად, მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. ამავე ბრძანებით განსაზღვრულია რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლები, რომელთა შორის ერთ-ერთია საკუთრების უფლების მქონე პირის ნება მის საკუთრებაში არსებული ქონების მისამართზე სხვაპირის რეგისტრაციის არსებობის თაობაზე. ამდენად, ის გარემოება, რომ მოპასუხე ინარჩუნებს რეგისტრაციას აღნიშნულ მისამართზე, არ წარმოადგენს სარჩელის უსაფუძვლობის დამადასტურებელ გარემოებას.
28. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები ასევე დაუსაბუთებელია და არ წარმოშობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ამ უფლების არსი მოიაზრებს, როგორც მის მფლობელობას ასევე მის შეუფერხებლად განკარგვის უფლებას. საქმის მასალებში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით, დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება 2017 წლიდან მოსარჩელის საკუთრებაშია. შესაბამისად, უძრავი ქონების მესაკუთრეს არ უნდა შეეზღუდოს მისი ქონებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
33. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: Nას-102-2021, 31.03.2021წ.; Nას-11—2022, 15.04.2022წ.; №ას-246-246-2018, 20.03.2018წ.; №ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; №ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; №ას-1043-1004-2016, 12.16. 2016წ.).
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
8. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ფ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს ლ.ფ–ს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.გ–ძის, პ/ნ ....... მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „ტერაბანკში“, 2022 წლის 17 ოქტომბერს, N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე