Facebook Twitter

საქმე №ას-12-2019 9 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ე.ჩ–ია (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.დ–ი (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე მესამე პირის დამოუკიდებელ სარჩელში )

თავდაპირველი მოპასუხე (ძირითად სარჩელში) - შპს „ს–ო“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ.დ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოპასუხე მესამე პირის დამოუკიდებელ სარჩელში“ ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს–ოს“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 02.04.2007წ. №73 წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და იმავე დღეს გადახდილი კომერციული ფართის ღირებულების 35 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება; ასევე, მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის - 10 800 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ე.ჩ–იამ (შემდგომში - „მესამე პირი“ ან „კასატორი“), როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი მოთხოვნით, სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის 5 250 ლარის გადახდის დაკისრება.

4. მესამე პირის სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. მოსარჩელესა და მესამე პირს შორის გაფორმდა განვადებით ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ......, კომერციული ფართი 5-6 და ა-დ ღერძებს შორის, 51 კვ.მ, ს.კ. ......., რომლის საფუძველზეც მესამე პირს მოსარჩელისთვის ეტაპობრივად გადახდილი აქვს 2 500 აშშ დოლარი;

4.2. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული კომერციული ფართი მისმა შვილმა შეიძინა 2007 წლის 02 აპრილს და მას მოთხოვნა დაუთმო 2011 წელს, ხოლო 2014 წელს მოსარჩელის სახელზე გააფორმა საჯარო რეესტრში;

4.3. მესამე პირი კეთილსინდისიერად იხდიდა თანხას, თუმცა მისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ მისგან ფარულად მოსარჩელე ითხოვს საკუთრების უფლების გაუქმებას და თანხის დაბრუნებას იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც მას მიჰყიდა. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ნებისმიერ დროს დაკარგოს მოსარჩელემ საკუთრების უფლება აღნიშნულ ქონებაზე, რის გამოც მესამე პირი ვეღარც ქონებას შეისყიდის და ვერც გადახდილ თანხას დაიბრუნებს უკან.

5. მოსარჩელემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მესამე პირის სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარ ქონებასთან მესამე პირის მიერ მითითებულ გარიგებას საერთო არ აქვს. მოსარჩელემ მოპასუხისგან ორი უძრავი ქონება შეიძინა - ერთი, რომელიც საჯარო რეესტრში მის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო მეორე რომელიც სარჩელით სადავოდ არის გამხდარი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მესამე პირის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს მესამე პირის სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 აშშ დოლარის გადახდა.

7. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მესამე პირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. მოსარჩელესა (გამყიდველი) და მესამე პირს (მყიდველი) შორის 2015 წლის 28 სექტემბერს დაიდო უძრავი ქონების (მშენებარე კომერციული ფართის) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა 35 000 აშშ დოლარის გადახდის განვადებით, მყიდველს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, სართული 1, 5-6 და ა-დ ღერძებს შორის კომერციული ფართი, 51 კვ.მ, ს.კ. ........ ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა - 35 000 აშშ დოლარს. მყიდველს 500 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე, ხოლო დარჩენილი 34 500 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ, 2016 წლის მაისის ბოლომდე (იხ. ს.ფ. 73-74);

9.2. მესამე პირმა მოსარჩელეს, ნაღდი ფულის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ჯამში 2 000 აშშ დოლარი გადასცა (იხ. ს.ფ 185-188). მესამე პირის განმარტებით, მან მოსარჩელეს 2 000 აშშ დოლარი წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბეს სახით, გადაუხადა;

9.3. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, როგორც სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას, ისე საქმის სასამართლოში წარმოების დროს მოსარჩელის სახელზე იყო აღრიცხული. მას აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და საქმეში წარდგენილი მტკიცებულების მიხედვით, არც მისი გაყიდვა უცდია.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მესამე პირი გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული ვალდებულება დაარღვია, თუმცა საქმის მასალებით მოსარჩელის მხრიდან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა არ დასტურდება.

11. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული დასკვნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს დააფუძნა: სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 12 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მესამე პირმა დაადასტურა, რომ მან მის მიერ ნაკისრი ვალდებულების (35 000 აშშ დოლარის) შესრულება მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შიშით შეწყვიტა, რადგან მან სხვა მყიდველების მოძიება და სასამართლოში აღნიშნულ უძრავ ქონებასთან მიმართებით საქმის წარმოება დაიწყო. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელემ სასამართლო საქმის წარმოება სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დაიწყო. 2015 წლის 28 სექტემბრის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება კი, რომელიც ნასყიდობის საფასურის გადახდის შემდეგ, საკუთრების უფლებით მესამე პირს უნდა გადასცემოდა, მოსარჩელის სახელზე ირიცხება (იხ. ს.ფ. 31-32, 69-74). აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელეს მესამე პირთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია და არც მისი დარღვევა უცდია. შესაბამისად, სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნებისათვის, გადაცემული თანხა ბედ შეფასდება, თუ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ ავანსად, სარჩელით გათვალისწინებული საფუძვლებით, მესამე პირის მიერ მოსარჩელისათვის გადაცემული თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუ მესამე პირის მიერ მოსარჩელისათვის გადაცემული თანხა ბეა და მოსარჩელის მხრიდან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა არ დგინდება, ე.ი. ხელშეკრულების დამრღვევი ბეს გადამცემია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. აღნიშნული დასკვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი.

13. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირმა აღნიშნული თანხა მოსარჩელეს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ავანსის სახით გადასცა, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევა უნდა დადასტურდეს, რათა მესამე პირის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა მართებულად ჩაითვალოს.

14. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მესამე პირმა 2015 წლის 04 სექტემბერს, 2015 წლის 20 ნოემბერსა და 2016 წლის 12 თებერვალს მოსარჩელეს, საერთო ჯამში, 2 000 აშშ დოლარი გადასცა, თუმცა ამ თარიღის შემდეგ თანხის გადახდა ცალმხრივად შეწყვიტა. როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოებში, მესამე პირი ვალდებულების შესრულების შეწყვეტას გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისა და მის მიერ გადახდილი თანხის დაკარგვის რისკს უკავშირებდა. თუმცა, ის გარემოება - მყიდველს ნამდვილად გაუჩნდა თუ არა მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შიში ან/და მის მიერ გადახდილი თანხის დაკარგვის საფუძვლიანი ვარაუდი, არც საქმის მასალებით და არც მის მიერ განხორციელებული ქმედებებით არ დგინდება. კერძოდ, ამ მიმართებით საყურადღებოა, რომ უძრავი ქონება დღეის მდგომარეობითაც მოსარჩელის სახელზეა აღრიცხული, პროცესზე აპელანტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დღესაც შეუძლია ამ ქონების ყიდვა, თუ მას ეს სურს, თუმცა აღნიშნულ მოსაზრებას მხარე მხოლოდ ზოგადი საშიშროების შესახებ არსებული არგუმენტით დაუპირისპირდა. ამასთან, მესამე პირის ზეპირი მითითების შემთხვევაშიც, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაედასტურებინა, რომ მისი შიში რეალური და აღსრულებადი იყო, მას უნდა ემტკიცებინა, რომ მოსარჩელე სწორედ იმ უძრავი ქონების გაყიდვას აპირებდა, რომელზეც მხარეებს წინარე ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული. იმისათვის, რომ მესამე პირის შიში გამყიდველის მიერ ხელშეკრულების იმგვარ დარღვევად მიჩნეულიყო, რომელიც მხარის ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნას გაამართლებდა, სულ მცირე, მას უნდა დაედასტურებინა, რომ მან გამყიდველს საჯარო რეესტრში წინარე ხელშეკრულებისა და, შესაბამისად, მისი სამომავლო უფლების დარეგისტრირება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, ანუ მას უნდა დაედასტურებინა, რომ საკუთარი უფლებებისა და ხელშეკრულების პირობების დასაცავად უშედეგოდ სცადა სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენება, რამაც მას ხელშეკრულების მიმართ ინტერესი დაუკარგა. თავად მესამე პირის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ არცერთ ზემოხსენებულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულებიდან გასვლის სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებულ ერთ - ერთ მთავარ წინაპირობას - ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ ვალდებულების დარღვევას, რის გამოც მესამე პირს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არ გააჩნდა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, მოსარჩელისათვის გადაცემული თანხის დაბრუნებას გამორიცხავს.

16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მესამე პირმა წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

17.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მესამე პირის მიერ მოსარჩელისათვის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული თანხა ბეს წარმოადგენდა. მხარეთა შორის დადებული გარიგება იყო ნასყიდობა განვადებით, რის საფუძველზეც მესამე პირმა თანხის გადახდა დაიწყო;

17.2. სასამართლომ ვერ დაასაბუთა ხელშეკრულებიდან გასვლაზე უარის თქმა. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას;

17.3. მოსარჩელემ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნასყიდობის საგნის სხვა პირზე გადაცემის სურვილი გამოთქვა, რაც გამორიცხავდა მასსა და მესამე პირს შორის ურთიერთობის გაგრძელებას. თავდაპირველად მოსარჩელემ მესამე პირის გვერდის ავლით, სწორედ, იმ ქონებაზე დაიწყო მოპასუხესთან დავა, რომელიც მესამე პირისთვის უნდა გადაეცა. მოსარჩელე ითხოვდა ხელშეკრულებიდან გასვლას და მესამე პირისათვის გადასაცემი ქონების მოპასუხისათვის დაბრუნებას. აღნიშნულის თაობაზე მესამე პირი ინფორმირებული არ ყოფილა. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების შეძენამ ინტერესი დაკარგა, ვინაიდან ქონება უფლებრივი ნაკლის მქონე გახდა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

24. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ვალდებულების დარღვევის მოტივით ხელშეკრულებიდან გასვლაზე უარის თქმის მართლზომიერება.

25. კასატორი დავობს, რომ სააპელაციო სასამართლომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი თანხა არასწორად მიიჩნია ბედ. ამასთან, ასევე არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია.

26. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მესამე პირის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი თანხა ბედ არ მიუჩნევია და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ დაუდგენია. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მესამე პირის მიერ მოსარჩელისათვის ბეს გადახდას არ ეფუძნება, შესაბამისად, ამ ნაწილში კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

27. მესამე პირი მისი მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაზე მიუთითებდა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება სწორედ იმას, რომ მესამე პირის სარჩელით მოთხოვნილი თანხის ავანსად მიჩნევისა და ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერებისთვის სახეზე უნდა იყოს ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-ე მუხლები). ხელშეკრულებიდან გასვლის - როგორც მეორეული მოთხოვნის უფლების, საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალური შეიძლება გულისხმობდეს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას, ხოლო ფორმალური - დამატებითი ვადის დაწესებასა და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებას (იხ. სუსგ საქმე №ას-294-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

29. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები კერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი. თუმცა, სსკ-ის 405-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს შეუძლია შესრულების ვადის დადგომამდე განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლის პირობა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1003-924-2017, 01 დეკემბერი, 2017 წელი).

30. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

31. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

32. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს მასსა და მესამე პირს შორის დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია. მესამე პირს, მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარუდგენია. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე მუხლების შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებასა და მოსარჩელისათვის გადახდილი თანხის დაბრუნებას გამორიცხავს.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

36. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.ჩ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ე.ჩ–იას (პ/ნ N.....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 29 იანვრის №12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე