Facebook Twitter

ბს-1397-84-გ-04 8 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიასა და ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შორის დავა საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოების სარჩელის განსჯადობის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოებამ 2004წ. 21 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე რესტორან “ს-ის” მიმართ და “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის საფუძველზე მოპასუხის მიერ ნაწარმოების გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 აგვისტოს განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ, რადგან ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოება მოპასუხესთან მიმართებაში არა კერძო სამართლებრივ, არამედ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა, დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო და საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ნოემბრის განჩინების შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, რადგან მოსარჩელე “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის საფუძველზე რესტორან “ს-ისაგან” საავტორო ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის საჭირო დოკუმენტაციის გაცემას ითხოვდა, აღნიშნული დავა ინტელექტუალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავად უნდა მიჩნეულიყო და განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას გადასცემოდა. ამავე განჩინების თანახმად, საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიისა და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინებების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოების სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის განსჯად სამოქალაქო დავას წარმოადგენს და განსახილველად მას უნდა დაექვემდებაროს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა ჩამონათვალს, რომლის მიხედვით, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგ პირობათა არსებობა:

1) სადავო სამართალურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან;

2) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.

ამდენად, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევის ერთ-ერთი პირობა დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობაა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად: “ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომლებიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.” ამ ნორმის თანახმად, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ნებისმიერი სხვა პირი, თუნდაც კერძო სამართლის სუბიექტი, ადმინისტრაციულ ორგანოდ, თუ იგი კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს განახორციელებს.

მოცემულ დავაში მოსარჩელე “საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოებაა”, ხოლო მოპასუხე _ რესტორანი “ს-ი”. მოსარჩელე “საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოება” “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილია ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ, არასამეწარმეო იურიდიული პირის _ კავშირის (ასოციაციის) ფორმით და კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს.

ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოების საქმიანობაზე ხელმძღვანელობას ახორციელებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელები, რომელთა ქონებრივ უფლებებსაც მართავს ეს ორგანიზაცია. მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ხდება საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა საერთო კრებაზე.

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი საზოგადოების საქმიანობა, უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია ამ კანონის 64-ე, 65-ე და 66-ე მუხლებით. ამასთან, კანონით საზოგადოებას მინიჭებული არა აქვს საჯარო უფლებამოსილებები, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოადგენს, არ ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავა სსკ-ის მე-14 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობიდან წარმოშობილ ინტელექტუალურ დავას განეკუთვნება და, შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოების სარჩელი რესტორან “ს-ის” მიმართ განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას დაექვემდებაროს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.