საქმე №ას-90-2019 3 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ჩ–ი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება (ძირითად სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.კ–ძე (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან „დედა“) და მ.ჩ–ი (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „მამა“ ან „კასატორი“) დაქორწინდნენ 2013 წლის 27 დეკემბერს. თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 08 იანვარს, შეეძინათ შვილი ა.ჩ–ი (შემდგომში - „არასრულწლოვანი“, „ბავშვი“ ან „შვილი“).
2. მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა ერთ წელზე მეტია შეწყვეტილია, ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად.
3. მოსარჩელე ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: თბილისი, ...... ბინა არის ოთხოთახიანი, კეთილმოწყობილი, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვანს დედასთან ერთად აქვს თავისი საძინებელი ოთახი. მოსარჩელის მშობლების ოჯახში არის მყუდრო და ბავშვის მიმართ კეთილგანწყობილი გარემო. სოციალური მუშაკის დაკვირვებით, ბავშვს უყვარს დედა და აქვს მასთან მიჯაჭვულობა. როდესაც დედა მუშაობს, ბავშვზე მოსარჩელის მშობლები ზრუნავენ.
4. მოსარჩელის ინიციატივით, ბავშვის გასინჯვისა და ჩატარებული კვლევის საფუძველზე, არასრულწლოვანს შპს „მ. ი. სახ. ბ.ც.ს–ში“ დაუდგინდა დიაგნოზი - „აუტისტური სპექტრის აშლილობა, განვითარების ეტაპების დაყოვნებით“. პაციენტს მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: ქცევითი თერაპია - 10 მეცადინეობა, მეტყველების თერაპია - 10 მეცადინეობა. მოსარჩელემ შპს „მ. ი.სახ. ბ.ც.ს–ში“ ბავშვის განვითარების შეფასებისა და კონსულტაციისათვის გასწია გარკვეული ხარჯი.
5. მოსარჩელე დასაქმებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის №10 რაიონულ სამსახურში უმცროს ექიმად და მისი ერთი თვის საშუალო დარიცხული ხელფასი შეადგენს 1116 ლარს, საიდანაც ხელზე ასაღები თანხის ოდენობაა 893 ლარი. მოსარჩელე მუშაობს ყოველ მეოთხე დღეს ოცდაოთხსაათიანი მორიგეობის რეჟიმში.
6. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მოსარჩელის დასაბეგრი შემოსავალი 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შეადგენდა: 2016 წლის იანვარში - 1228,73 ლარს, თებერვალში - 1210,95 ლარს, მარტში - 1847,16 ლარს, აპრილში - 1836 ლარს, მაისში - 1297,2 ლარს, ივნისში - 1152 ლარს, ივლისში - 1297,2 ლარს, აგვისტოში - 2168 ლარს, სექტემბერში - 1008 ლარს, ოქტომბერში - 1297,2 ლარს, ნოემბერში - 1297,2 ლარს.
7. მოსარჩელეს სს „ბ.რ–ას“ მიმართ, 2017 წლის 25 იანვრის მდგომარეობით, გააჩნია საკრედიტო დავალიანება 4118,84 ლარის ოდენობით; იგი ასევე სარგებლობს სს „ბ.რ–ას“ ოვერდრაფტის სერვისით, რომლის ლიმიტის ოდენობა შეადგენს 800 ლარს; მოსარჩელეს სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გააჩნია ფინანსური ვალდებულება 300 ლარის ოდენობით; მოსარჩელე სს „ლ.ბ–ის“ წინაშე პერიოდულად კისრულობს ფულად ვალდებულებებს. მის მიერ 2017 წლის იანვარში ათვისებული კრედიტის თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 500 ლარი.
8. მოპასუხე ფაქტობრივად ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ....... საცხოვრებელი წარმოადგენს ერთოთახიან, ნათელ ბინას, რომელშიც დამაკმაყოფილებელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, განთავსებულია ოჯახისათვის საჭირო ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. მოპასუხეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ჰქონდა კონტაქტი შვილთან იმის გამო, რომ ყოველი მისი ვიზიტი ყოფილ მეუღლესთან ჩხუბით მთავრდება, რაც ბავშვის თვალწინ ხდება.
9. მოპასუხეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, 2002 წლის 24 ნოემბერს დაბადებული ნ.ჩ–ი.
10. მოპასუხე დაქირავებულია „მერსი ქორფსის“ საქართველოს წარმომადგენლობის მიერ მეცხოველეობის სპეციალისტის თანამდებობაზე. აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს „Niras Georgia”-ს პარტნიორს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროგრამის - „ეკონომიკური განვითარება სოფლად საქართველოს სამხრეთ რეგიონებში“ ფარგლებში.
11. მოპასუხე 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის - „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლობა საქართველოში, ქვემო ქართლის რეგიონალურ კოორდინატორად, რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პროექტი ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში; 2016 წლის 01 ნოემბრიდან იგი მუშაობდა მერძევეობის/მეცხოველოების სპეციალისტის თანამდებობაზე, რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პროექტი ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში. მასთან მიმდინარე შრომითი ხელშეკრულება ძალაშია 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით. მოპასუხეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება 2017 წლის 01 აგვისტოდან პროექტის დამთავრების გამო.
12. მოპასუხის სახელფასო სარგო წლების მიხედვით შეადგენდა: 1. 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით ყოველთვიურად გადასახადების ჩათვლით 1773 აშშ დოლარის ეკვივალენტს გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით; 2. 2016 წლის 01 ივნისიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათლით ყოველთვიურად გადასახადების ჩათვლით - 1879 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში; 3. 2016 წლის 01 ნოემბრიდან 1879 აშშ დოლარის ეკვივალენტს გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით. პრემიები ან რაიმე სახის დანამატი მოპასუხეს არ ერიცხება.
13. მოპასუხე „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას“ უწევს მომსახურებას, როგორც კონსულტანტი რძის პროდუქტების დარგში. იგი ორგანიზაციაში დასაქმებულია დღიური ანაზღაურების პრინციპით. მისი დარიცხული დღიური განაკვეთი სავალდებულო დაქვითამდე შეადგენს 249 ლარს. 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით მოპასუხის ჯამური თვიური ჰონორარი შეადგენდა: 2016 წლის მარტში - 2478,79 ლარს, აპრილში - 2478,79 ლარს, მაისში - 2478,79 ლარს, ივნისში - 2478,79 ლარს, ივლისში - 2478,79 ლარს, სექტემბერში - 2478,79 ლარს, ოქტომბერში - 2478,79 ლარს, ნოემბერში - 2478,79 ლარს, დეკემბერში - 2478,79 ლარს, 2017 წლის იანვარში - 1735,16 ლარს და თებერვალში - 743,64 ლარს. მოპასუხის შრომითი ხელშეკრულების ვადა „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან“ იწურება 2017 წლის 10 ივლისს.
14. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მოპასუხის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის სექტემბრის ჩათვლით შეადგენს: იანვარში - 100 ლარს, თებერვალში - 4 488,9 ლარს, მარტში - 4 487,9 ლარს, აპრილში - 8 171,8 ლარს, მაისში - 106,3 ლარს, ივნისში - 3 910,2 ლარს, ივლისში - 4 465,5 ლარს, აგვისტოში - 4 518 ლარს და 175,5 ლარს, ხოლო სექტემბერში - 4 439,6 ლარს.
15. 2016 წლის 26 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს სს „თ.ბ–ის“ მიმართ გააჩნია საბანკო დავალიანება. ამ დავალიანების დასაფარად ყოველთვიურად შესატანი თანხა შეადგენს 568,79 ლარს, ხოლო საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, თანხის დაფარვის ბოლო ვადაა 04.11.2020წ.
16. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა და მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1500 ლარის გადახდის დაკისრება, სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
17. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში.
18. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.
19. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მიერ 2017 წლის 14 თებერვალს მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლითაც მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით, სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ხოლო, იმავე სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის დროებითი განკარგულებით მამას განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი.
21. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეწყდა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება და გაუქმდა შესაბამისი ქორწინების სააქტო ჩანაწერი; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 650 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2016 წლის 21 ოქტომბრიდან მისი სრულწლოვანების მიღწევამდე; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესი (იხ. 14.06.2017წ. სარეზოლუციო ნაწილის 2.1-2.8 პუნქტები); იმავე გადაწყვეტილებით გაუქმდა 14.02.2017წ. და 16.05.2017წ. დროებითი განკარგულებები.
22. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, როგორც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ისე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში; ხოლო, მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში და მისი შემცირება მოითხოვა.
23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
24. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-15 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დაადგინა შემდეგი:
24.1. მოპასუხის საბანკო ამონაწერითა და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 09.11.2018წ. გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ მოპასუხეს აქვს არასტაბილური შემოსავალი. საბანკო ამონაწერის თანახმად, ბოლო გადახდა ფიქსირდება 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ხოლო შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 09.11.2018წ. გაცემული ინფორმაციით, მოპასუხე წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს და მის მიმართ 01.01.2018 წლიდან 07.11.2018 წლამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება. 08.11.2018წ. მდგომარეობით, მოპასუხის მიერ 01.01.2018 წლიდან 07.11.2018 წლამდე ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების თანხა შეადგენს 4833,95 ლარს. ამდენად, მოპასუხე როგორც ფიზიკური პირი, თავად ახორციელებს მიღებული შემოსავლის 20%-ის გადახდას. შესაბამისად, მას არ აქვს სტაბილური შემოსავალი;
24.2. ფსიქოლოგის 03.10.2018წ. დასკვნის თანახმად, რომელშიც მითითებულია შვილი-მშობლის ურთიერთდამოკიდებულებები: ბავშვს დადებითი და ყველაზე მჭიდრო ემოციურო კავშირი აქვს დედასთან. მასთან თავს უსაფრთხოდ, კომფორტულად და თავისუფლად გრძნობს. დედაც ყურადღებიანი და მზრუნველია. დედა პოზიტიურად აღწერს მამა-შვილის ურთიერთობასაც, ამბობს, რომ ბავშვს სურს მასთან ურთიერთობა, ხშირად კითხულობს როდის მივა, რატომ არ მიდის, ნერვიულობს, როცა მამა ვერ ახერხებს მისვლას. იგი თანახმაა მამას იმაზე მეტი დრო ჰქონდეს ბავშვთან ურთიერთობისთვის, ვიდრე ეხლა აქვს (იგულისხმება კვირაში ორი დღე რამდენიმე საათი). არსებული გრაფიკი მისაღებია ბავშვის მამისთვისაც. იგი ბავშვთან ურთიერთობას ახასიათებს პოზიტიურად. წაყვანა-მოყვანის დროს არ აწყდებიან სირთულეებს. ბავშვი მასთან თავს კარგად გრძნობს და კარგად ერთობა, არ ითხოვს დედასთან დაბრუნებას. ერთობლივ ვიზიტზეც გამოვლინდა, რომ მამა-შვილს შორის დადებითი ემოციური კავშირია. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ნეიროფსიქოლოგთან ორივე მშობლის თანამშრომლობა და მათ მიერ ნეიროფსიქოლოგის რეკომენდაციების გათვალისწინება;
24.3. ფსიქოლოგის 17.12.2017წ. დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი პირის ქცევა, სააზროვნო ოპერაციების შესრულების უნარი, მიხვედრილობა, გარემოსთან ადაპტაციის უნარი, ფსიქოლოგიური განვითარება შეესაბამება ასაკს, თუმცა ადგილი აქვს პედაგოგიურ ხელმიშვებულობას. გაცემულ იქნა შემდეგი რეკომენდაცია - სასურველია წვრილ და მსხვილ მოტორიკაზე აქცენტის გაკეთება, თვითშეფასების ამაღლება, ყურადღების კონცენტრაციაზე მუშაობა, რაზედაც მუშაობა შესაძლებელია მშობლის მიერ სახლის პირობებში.
25. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198.1, 1198.2, ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე მუხლებით, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლებით და ალიმენტვალდებული პირის შემოსავლებისა და იმის გათვალიწინებთ, რომ მას ჰყავს კმაყოფაზე მყოფი შვილი, არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის გაზრდის, ასევე, მოპასუხის მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე.
26. სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” კონვენციის მე-8 მუხლით და საქმეში წარდგენილი სოციალური სამსახურისა და ფსიქოლოგის დასკვნების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული მამა-შვილის ურთიერთობის წესი ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად მიიჩნია.
27. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ალიმენტის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ალიმენტის ოდენობის შემცირება მოითხოვა.
28. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
28.1. სააპელაციო სასამართლომ არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა;
28.2. მოპასუხე ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ სისტემატურად, ყოველთვიურად უხდიდა ბავშვს თანხას როგორც კვებისთვის, ასევე, ტანსაცმლის, ჯანმრთელობის დაზღვევისა და დასვენებისთვის, რასაც ადასტურებს დედის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები;
28.3. მოპასუხეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც არის 15 წლის და ასაკიდან გამომდინარე, მისი ყოველდღიური საჭიროებები არის გაზრდილი. ბავშვის დედას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც უჭირს სიარული. იგი არის უმუშევარი. პირველი ოჯახის სრულ ფინანსურ მხარდაჭერას, როგორც ერთადერთი მარჩენალი, სწორედ მოპასუხე ახორციელებს. სასამართლომ მეორე შვილის სასარგებლოდ მამისათვის ალიმენტის სახით 650 ლარის დაკისრებით, უფროს შვილს წაართვა შესაძლებლობა მიიღოს მამისგან რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელი თანხა;
28.4. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს კმაყოფაზე ჰყავს 84 წლის დედა, რომელსაც სხვა მარჩენალი არ ჰყავს;
28.5. უგულებელყოფილია ის გარემოება, რომ მოპასუხეს 26.10.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „თ.ბ–ის“ მიმართ გააჩნია დავალიანება, რომლის დაფარვის მიზნით ყოველთვიურად იხდის 568,79 ლარს;
28.6. მოპასუხე ამჟამად დაქირავებულია შტატგარეშე კონსულტანტად ექვსთვიანი ხელშეკრულებით „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში“. წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, საბანკო ამონაწერები და ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ადასტურებს, რომ მისი შემოსავალი არასტაბილურია, საქმდება მოკლევადიანი კონტრაქტებით დონორი ორგანიზაციების პროექტების ფარგლებში, რომლებიც დროებითია;
28.7. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კასატორის რეალური შემოსავალი შემცირდა 74%-ით 2016 წელთან შედარებით. მათ შორის, 5 თვის განმავლობაში მას არანაირი შემოსავალი არ ჰქონია, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა;
28.8. ბავშვის მამასთან ურთიერთობის დროს მამა ცდილობს შეძლებისდაგვარად შეასრულოს მისი სურვილები, რაც ასევე გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული;
28.9. პირველი ინსტანციის სასამართლოში ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა შპს „მ.ი.ს. ბ.ც.ს–ოს“ მიერ ბავშვისთვის დასმული დიაგნოზი „აუტისტური სპექტრის აშლილობის დაბალი-საშუალო რისკი, განვითარების ეტაპის დაყოვნებით“, თუმცა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციით დგინდება, რომ ბავშვის ქცევა და განვითარება შეესაბამება მის ასაკს, ე.ი ბავშვის მდგომარეობა ჩარევას ამ მხრივ არ საჭიროებს და დღეისათვის რაიმე სახის პრობლემა არ არსებობს. ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე მეტყველებს ასევე სოციალური სამსახურის ფსიქოლოგის დასკვნაც;
28.10. გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული დედის ფინანსური მდგომარეობა.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
34. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
35. განსახილველ შემთხვევაში ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი [შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ], 1198-ე მუხლის მე-2 ნაწილი [მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება], 1202-ე მუხლი [მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ], 1212-ე მუხლი [მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ] და 1234-ე მუხლის პირველი ნაწილი [იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან].
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. თუმცა, ნიშანდობლივია გადაწყვეტილების აღსრულების რეალურობაც, კერძოდ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ ბავშვის საჭიროებები, არამედ ის გარემოება, შესწევს თუ არა უნარი ანუ, გადახდისუნარინია თუ არა მშობელი (ალიმენტვალდებული) დადგენილი ოდენობით ალიმენტის გადახდაზე (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წელი; №ას-829-2019, 11 ივლისი, 2019 წელი).
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა განსაზღვრა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მიდგომა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1027-2018, 21 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1524-2018, 12 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-1875-2018, 29 მარტი, 2019 წელი; №ას-1803-2018, 06 ივნისი, 2019 წელი; №ას-829-2019, 11 ივლისი, 2019 წელი; №ას-332-2019, 02 აგვისტო, 2019 წელი; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წელი), ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში - 300 ლარის (150-150 ლარის) 70% – 210 ლარი.
41. კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. იმავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა; ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; კომპიუტერული ტომოგრაფია; პათოლოგიურ-ანატომიური კვლევის შედეგი; ნ.დ–ძის განცხადება; პერსონალის მომსახურების ხელშეკრულება), მთლიანობაში „11“ ფურცლად (ტ. 3, ს.ფ. 276-280, 293-298).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს მ.ჩ–ს (პ/ნ N.....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 11 თებერვლის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის და ნ.ლ–ის (პ/ნ N......) მიერ 2019 წლის 9 იანვრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, საერთო ჯამში 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კასატორს მ.ჩ–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა; ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; კომპიუტერული ტომოგრაფია; პათოლოგიურ-ანატომიური კვლევის შედეგი; ნ.დ–ძის განცხადება; პერსონალის მომსახურების ხელშეკრულება), მთლიანობაში „11“ ფურცლად (ტ. 3. ს.ფ. 276-280, 293-298);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე