Facebook Twitter

საქმე №ა-6564-შ-160-2022 2 მარტი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ა.პ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - საბერძნეთის, კოს მუნიციპალიტეტის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა.პ.–მ 2022 წლის 9 დეკემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ალანიის პრიგოროდნი სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბერს განჩინებით ა.პ–ს შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა.პ–ს შუამდგომლობა საბერძნეთის, კოს მუნიციპალიტეტის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შესაბამისი წესით დამოწმებული, საბერძნეთის, კოს მუნიციპალიტეტის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ა.ხ–ია (პ.) აღიარებულ იქნა ვასილიოს პ–ს ნაშვილებ შვილად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მითითებულ გადაწყვეტილებაზე არ შეტანილა რეგულარული ან რიგ გარეშე საჩივარი. ამასთან დადგენილია, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე ა.ხ–იამ მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა და მის სახელად განისაზღვრა ა.პ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ალანიის პრიგოროდნი სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.პ–ს შუამდგომლობა საბერძნეთის, კოს მუნიციპალიტეტის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის, კოს მუნიციპალიტეტის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა.პ. (გადაწყვეტილებაში მითითებული როგორც „ა.ხ–ია“) აღიარებულ იქნა ვასილიოს პ–ს ნაშვილებ შვილად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე