საქმე №ას-1250-2022 2 მარტი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე)- ბ.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ბ.ჩ–ი
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
ბ.ჩ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ბ.ჩ–ის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა. ბ.ჩ–მა სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით და მოითხოვა ბ.ჩ–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ.ჩ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ.ჩ–ის სარჩელი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა ბ.ჩ–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება (ს.კ. №......). აღნიშნული გადაწყვეტილება ბ.ჩ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით ბ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ოქტომბრის და 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებები. მითითებული განჩინება საკასაციო წესით ბ.ჩ–მა გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული 2019 წლის 16 ივნისის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა და მხარეებმა სინამდვილეში ნება გამოხატეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე. ამდენად, არსებობს ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მოსარჩელის სადავო ქონების მესაკუთრედ აღიარების საფუძველი, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებასაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ბ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ბ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად შეფასების, ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად ცნობის და ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
ამდენად, „მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. თვალთმაქცური გარიგების დროს კი, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით... სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის №ას-474-455-2016 განჩინება). ამდენად, „თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მტკიცების ტვირთი კი თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის №ას-1382-2020 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 16 სექტემბერს ბ.ჩ–სა და ბ.ჩ–ს შორის დაიდო „გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება“ (სადავო ხელშეკრულება). ამ ხელშეკრულების თანახმად აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს 91000 აშშ დოლარად მიჰყიდა ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი. ხელშეკრულების 2.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველს ექნებოდა სადავო ბინის გამოსყიდვის უფლება ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში. ამდენად, 2020 წლის 16 მარტამდე, ხოლო თუ იგი ამ უფლებით არ ისარგებლებდა, მყიდველი გახდებოდა სადავო ბინის „შეუზღუდავი მესაკუთრე“. მაშასადამე, მისი საკუთრება აღარ იქნებოდა დატვირთული მოსარჩელის სასარგებლოდ და იგი დაკარგავდა ბინის ფლობის უფლებას. კასატორს მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხა არ დაუბრუნებია.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე ნების გამოვლენა. მაშასადამე, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების სათანადო მტკიცებულებით დადასტურება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის წინაპირობები. აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით ბ.ჩ–ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო შედავების საგანს ასევე წარმოადგენს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ბ.ჩ–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერებაც, რაც შეეხება შეგებებული სარჩელით მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გათავისუფლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის №ას-577-2019 და 2018 წლის 20 მარტის №ას-246-246-2018, განჩინებები).
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში უძრავ ქონებაზე ბ.ჩ–ის საკუთრების უფლება და მისი აღრიცხვის საფუძველი გაბათილებული არ არის, მაშასადამე, იგი მიიჩნევა სადავო ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრედ. ამასთან უდავოა, რომ სადავო უძრავ ქონებას მოცემულ მომენტში ბ.ჩ–ი ფლობს, რომელმაც სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის დასადასტურებლად საჭირო შესაბამისი მტკიცებულება. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, სახეზეა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საჭირო ყველა ელემენტი, რაც დასაბუთებულს ხდის ბ.ჩ–ის სარჩელს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, ვინაიდან საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ არსებითად განსახილველად იქნა დაშვებული, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხზე საკასაციო პალატა საჩივრის არსებითად გადაწყვეტის ეტაპზე იმსჯელებს.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, კასატორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1800 ლარის ოდენობით (გადასახდელი ბაჟის 30%), დარჩენილი 4200 ლარის გადახდა კი - გადაუვადდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გათვალისწინებით, აღარ არსებობს კასატორისთვის დამატებით ბაჟის გადახდის დავალების, ან გადახდილი ბაჟის ნაწილის უკან დაბრუნების წინაპირობები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე