საქმე №ას-1409-2022 2 მარტი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ჯ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ს.ხ–ძე
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, უკანონო მშენებლობის მოშლა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ.კ–ძემ სარჩელით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს, მოპასუხის - ს.ხ–ძის მიმართ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის და მშენებლობის დემონტაჟის მოთხოვნით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა თავისი ხარჯით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, შენობა-ნაგებობაზე (ს/კ ........) განხორციელებული უკანონო მშენებლობის მოშლა; ს.ხ–ძეს ასევე აეკრძალა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მშენებლობის განხორციელებაში ხელის შეშლა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ს.ხ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ჯ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის შენობის მზიდ კედელზე უკანონოდ დაშენებულია მოპასუხის კედელი, რომლის მოცულობაც შეადგენს 2.38 კვ. მ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთარი შენობის გამაგრებითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ჯ.კ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სამეზობლო ურთიერთობის ფარგლებში საკუთრების უფლებით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთის საფუძვლიანობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. ხოლო, 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.
მითითებული ნორმები განსაზღვრავს, სამეზობლო ურთიერთობის ფარგლებში საკუთრების უფლებით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთის წინაპირობებს და ადგენს მომიჯნავე უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედებაზე თმენის ზოგად ვალდებულებას. ამასთან, 179-ე მუხლის დანაწესი, შენობის დემონტაჟის მოთხოვნის მართლზომიერებისთვის, აუცილებელი წინაპირობის სახით, განსაზღვრავს ხელმყოფის მიერ განზრახი მოქმედების ელემენტს. კერძოდ მესაკუთრეს შეუძლია მისი ნაკვეთის სივრცეში შემოჭრილი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოითხოვოს თუკი, ხელმყოფი პირის ბრალეულად მოქმედებდა ან მესაკუთრემ მშენებლობის წინააღმდეგ პრეტენზია წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე ვალდებულია ამგვარი ზემოქმედება ითმინოს, რის საკომპენსაციოდაც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს თანხობრივი ანაზღაურება. ამდენად, 179-ე მუხლი საკუთრების უფლების შეზღუდვის მართლზომიერი საფუძველია, რომლის მიზანია სამართლებრივი ბალანსის დადგენა იმგვარად, რომ როდესაც მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე დაარღვევს საზღვარს, მაგრამ ის ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, ხოლო მეორე მესაკუთრე თავიდანვე არ განაცხადებს პრეტენზიას, „ასეთ შემთხვევაში კანონი, ერთი მხრივ, იცავს ნაგებობის მესაკუთრის ინტერესებს, მეორე მხრივ, დაცვის გარეშე არ ტოვებს არც უფლებადარღვეულ მესაკუთრეს, რომელსაც ანიჭებს თმენისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას. საკუთრების ბოჭვის ამგვარი წინაპირობა სრულად შეესაბამება საკუთრების ინსტიტუტის სოციალურ არსს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით (ამჟამად მე-19 მუხლი) ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტითაა რეგლამენტირებული“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №ას-740-692-2017 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის უძრავი ქონების კედელი შეჭრილია მოსარჩელის უძრავ ქონებაში. მოპასუხის შედავება აგებულია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო კედელი აგებულია დაახლოებით 30 წლის წინ, მაშინ, როდესაც ის არც კი წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს და მხარეები არ იყვნენ ერთმანეთის მეზობლები. მოპასუხემ წარმოადგინა მოწმე ე.ხ–ის - მოდავე მხარეთა მეზობლის ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის გარემოება, რომ იმ უძრავ ქონებას, რომლის მესაკუთრეც ამჟამად არის ს.ხ–ძე 1994 წლიდან ფლობდა მოწმის ოჯახი, რა დროსაც სადავო კედელი უკვე არსებობდა.
ს.ხ–ძე უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა 2020 წელს, ამიტომ საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მიჯნის დარღვევისა და სადავო კედლის აშენებისას მოპასუხე არ წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს. მოცემული დავის ფარგლებში კი, მოდავე მხარეებს წარმოადგენენ ჯ.კ–ძე (რომელმაც უძრავი ქონებები საკუთრებაში დაირეგისტრირა 2017 წელს) და ს.ხ–ძე (რომელმაც უძრავი ქონება საკუთრებაში დაირეგისტრირა 2020 წელს), მომიჯნავე უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეები. ამასთან საგულისხმოა, რომ განსახილველ საქმეზე პალატა უდავოდ დადასტურებულია, რომ არც მოსარჩელეს, არც მის წინამორბედ მესაკუთრეს არანაირი პრეტენზია სადავო კედლის მიმართ არ გამოუთქვამთ, იმისდა მიუხედავად, რომ კედელი დაახლოებით 30 წელია აღმართული.
განსახილველ საქმეში დადასტურებული ფაქტების და მითითებული სამართლებრივი მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართალია ს.ხ–ძის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილი (კედელი) შეჭრილია მოსარჩელის უძრავ ქონებაში, თუმცა მოპასუხე ამ გარემოების მიმართ კეთილსინდისიერია. შედეგად, ჯ.კ–ძეს წარმოეშვა სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი თმენის ვალდებულება, რაც გამორიცხავს შენობის დემონტაჟის მოთხოვნის საფუძვლიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ.კ–ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე მართებულად ეთქვა უარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსახილველ დავაზე შეადგენს 150 ლარს. იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ.კ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ჯ.კ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.კ–ძის (პ/ნ .....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი - 21.11.2022წ.) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე