Facebook Twitter

საქმე №ას-1440-2022 2 მარტი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „თ.ჰ.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ს.ც.კ–ა“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ს.ც.კ–ამ“, 2020 წლის 22 ივლისს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „თ.ჰ–ის“ წინააღმდეგ 6493 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დააფუძნა:

- 2018 წლის 4 ივლისს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე წარმოიშვა ცემენტის (შემდგომში „პროდუქცია") ნასყიდობის ხელშეკრულება. შეთანხმებისამებრ, მოსარჩელემ მიაწოდა მყიდველს პროდუქცია, ჯამური ღირებულებით - 7245.5 ლარი, საიდანაც მოპასუხემ დაფარა მხოლოდ 752.5 ლარი. ამდენად, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6493 ლარს.

- მოპასუხის მიერ დადასტურებულია ანგარიშფაქტურა, რომელიც გამოწერილია მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის საფუძველზე. მოსარჩელეს სურდა დავა მორიგებით დასრულებულიყო, ამიტომ 2 წლის მანძილზე ითხოვდა თანხის ჩარიცხვას, მაგრამ უშედეგოდ.

2020 წლის 2 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და წარადგინა მოპასუხეთათვის გზავნილის რამდენჯერმე გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტები - ჩაუბარებელი სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ იშუამდგომლა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება განხორციელებულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურისათვის გზავნილის ჩაბარების დავალების ან საჯარო შეტყობინების განხორციელების გზით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების უზრუნველყოფა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მიმართვის შესაბამისად განჩინებაში მითითებულ მისამართზე გზავნილი 2021 წლის 30 მარტს ჩაბარდა მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის ძმას. შესაგებლის წარმგენისათვის სასამართლომ მოპასუხეს განუსაზღვრა 10 დღის ვადა, რა დროშიც მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2021 წლის 31 მაისს, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს.ც.კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „თ.ჰ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 6493 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით შპს „თ.ჰ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შპს „თ.ჰ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2022 წლის 16 მარტის განჩინება. აღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები. სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ორგანიზაციის დირექტორის ძმას, არაუფლებამოსილ პირს, მაშინ როდესაც თავად დირექტორი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ამდენად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „თ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შესაგებლის დროულად წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერება და, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. საგულისხმოა, რომ არასაპატიო მიზეზით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, იმავე კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მესამე ნაწილზე, რომელთა შესაბამისადაც, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

ამრიგად, „მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა...“ დასახელებულ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში კი, „დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის №ას-759-2021 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები სრულად და კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2021 წლის 30 მარტს მატერიალური სახით.

ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლომ შესაგებლის წარსადგენად ათდღიანი ვადა განუსაზღვრა და მხარეს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგები. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს შესაგებელი დროულად არ წარუდგენია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა არასაპატიო მიზეზით მოხდა, ვინაიდან მოპასუხემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ფარგლებში სათანადო მტკიცებულებაზე მითითებით არ დაუდასტურებია შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა. აღნიშნული კი, ქმნიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებული იყო სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე. „მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის №ას-691-661-2014 განჩინება). ამასთან, „დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის №ას-759-2021 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადასტურებულად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად შესრულება, მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება და სანაცვლო ანაზღაურების არასრულად გადახდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და ქმნიდა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდის დაკისრების წინაპირობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებული არ არის სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინება;

3. შპს „თ.ჰ–ს“ (ს/ნ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.შ–ძის (პ/ნ .....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 324.65 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 22.11.2022წ.) 70% - 227.26 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე