საქმე №ას-1489-2022 2 მარტი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- სს „კ–ი“
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
სს „კ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო დაკავებული პირგასამტეხლოს ნაწილის - 48178 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა 48178 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, აღნიშნული განჩინება ადმინისტრაციულმა ორგანომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სს „კ–მა“ დროულად არ შეასრულა მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც კომპანიას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული წესით პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს ფულად თანხას და მოვალემ ის უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. „პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის №ას-428-428-2018 განჩინება). ამრიგად, „პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე, ასევე, პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის №ას-639-2021 და 2021 წლის 9 სექტემბრის №ას-574-2021 განჩინებები).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 14 ივნისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №116-19 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შემსრულებელს უნდა განეხორციელებინა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო–დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 14 აგვისტო. ხოლო, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.01%-ის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის მოსარჩელის მიერ სამუშაოების ნაწილის დასრულების ვადის 103 დღით გადაცილების ფაქტი. მოპასუხე ორგანიზაციამ კი, დაიანგარიშა პირგასამტეხლოს ოდენობა (61459.07 ლარი) ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან და აღნიშნული თანხა გამოქვითა მის მიერ გადასახდელი სახელშეკრულებო ფასიდან. მოსარჩელე დავობს დაკისრებული პირგასამტეხლოს გამოანგარიშების წესზე და მიუთითებს, რომ მისი ოდენობა მხოლოდ შეუსრულებელი ნაწილის შესაბამისად უნდა დაანგარიშებულიყო.
საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მიმწოდებელმა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაწილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეასრულა, რასაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს ვალდებულების დარღვევის შინაარსის და შესაბამისად პირგასამტეხლოს გამოთვლის წესის განსაზღვრისთვის. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატა ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების, არამედ ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის №ას-164-160-2016 გადაწყვეტილება; 2019 წლის 31 ივლისის №ას-581-2019 და 2022 წლის 25 ნოემბრის №ას-1157-2022 განჩინებები). ამიტომ, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, ვადაგადაცილებული შესრულების მოცულობის შესაბამისად, მართებულად შეუმცირდა 48178 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, რაც საფუძვლიანს ხდის ამავე ოდენობით თანხის გადახდის სასარჩელო მოთხოვნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე