საქმე №ას-1515-2022 2 მარტი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „მ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.მ–ნი
დავის საგანი - დოკუმენტაციის გადაცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
მ.მ–ნმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - შპს „მ–ის“ მიმართ და მოითხოვა კომპანიის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ.მ–ნის სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ, შპს „მ–ს“ დაევალა მ.მ–ნს გადასცეს: შპს „მ–ის“ მონაცემები ფინანსური ანგარიშებიდან სრულად 2010 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში, კომპანიის ყოველთვიური შემოსავლების, გასავლის, ხარჯისა ან/და გადახდილი გადასახადების თაობაზე; ყველა კრების ოქმის ასლი, შედგენილი კომპანიის დაფუძნებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში, გარდა სამეწარმეო რეესტრში დართული კრების ოქმებისა და ასევე, 2019 წლის 3 ივნისის №3/19 და 2016 წლის 20 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმებისა; ყველა კრების ოქმი და გადაწყვეტილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც ეხება „ობიექტმიკუთვნებული“ პარტნიორებისთვის მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გზის პირას განთავსებული შენობა-ნაგებობების მათ მართვაში გადაცემას; დოკუმენტები იმის თაობაზე, რის საფუძველზე იღებენ „ობიექტმიკუთვნებული პირები“ ასეთი მიკუთვნებული ობიექტებიდან შემოსავლებს ინდივიდუალურად; მონაცემები 2010 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში კომპანიის პარტნიორებზე გადაცემული შემოსავლების, ხელფასებისა ან/და დივიდენდის შესახებ, მათ შორის თითოეულ პარტნიორზე გადაცემული თანხების ოდენობა (წლიურადაც და თვეების მიხედვითაც); კომპანიის ყველა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები 2010 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში და კომპანიის ყველა საბანკო ანგარიშიდან საბანკო ამონაწერები 2010 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში; 2010 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში კომპანიიდან გაცემული დივიდენდის განაწილების პრინციპის თაობაზე დოკუმენტი და ასეთი განაწილების საფუძვლად არსებული დოკუმენტებთან ან/და გადაწყვეტილებებთან ერთად; მ.მ–ნის საბანკო ანგარიშზე ხელფასების სახით დარიცხული თანხების საფუძველი, მათ შორის პარტნიორთა გადაწყვეტილება ან/და დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რა დოკუმენტიც განსაზღვრავს მ.მ–ნისათვის თანხების გაანგარიშების პრინციპებს, მათ შორის მოსარჩელე მ.მ–ნისათვის ყოველთვიურად ხელფასის სახით თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ხელშეკრულება ან/და სხვა სახის დოკუმენტი, სამართლებრივი საფუძველი ხელფასად თანხების ჩარიცხვის თაობაზე; კომპანიის პარტნიორებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები, გაფორმებული 2010 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში; კომპანიის მიერ შპს „ N.M.”-თან (ს/კ .......) გაფორმებული ყველა სახის ხელშეკრულება, 2010 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში; კომპანიის მიერ ყველა მოიჯარესთან გაფორმებული ხელშეკრულებები 2010 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში, მათ შორის ყველა ის ხელშეკრულება, რაც საჯარო რეესტრში არ არის წარდგენილი; კომპანიის მიერ ს/კ ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 7871 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აშენებული თითოეული შენობის ღირებულება (სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა); მოპასუხის საკუთრებაში არსებული 7871.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ ......) არქიტექტურის საქალაქო სამსახურში გაცემული ნებართვების შესაბამისად, აშენებული შენობები თუკი აშენებულია სამშენებლო ნებართვის დარღვევით და არსებობს ნამეტი ფართი, არსებული შენობები ფაქტობრივი აზომვითი ნახაზები თითოეულ შენობაზე კვადრატულობის მითითებით, რა კვადრატულობის შენობებია კომპანიის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ .....) აშენებული და შეესაბამება თუ არა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ თითოეულ მათგანს; ჩატარებულია თუ არა ქონების ინვენტარიზაცია, კერძოდ, აღრიცხულია თუ არა 7871.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ ......) არსებული შენობების დაზუსტებული ოდენობა კვ.მ.-ში და არსებობს თუ არა ფაქტობრივი ანაზომი; 2010 წლიდან სარჩელის შემოტანამდე პერიოდში ინდივიდუალური ფართების გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და გასხვისებიდან მიღებული ნასყიდობის სრული ღირებულების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; 2010 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში ყოველწლიური აუდიტის დასკვნები ასეთის არსებობის შემთხვევაში; 2010 წლიდან სარჩელის შემოტანამდე პერიოდში ჩატარებული იქნა თუ არა შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმება (კამერალური, გასვლით) და დადებით შემთხვევაში, ყველა რევიზიის აქტის გადაცემა; რა თანხები გადაიხადა ჯამურად კომპანიამ 2011-2012 წლებში ჩატარებული რევიზიის აქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სათანადო აქტების გადაცემა და ამ დავალიანებაში მ.მ–ნისათვის გადასაცემი თანხებიდან რა ოდენობის თანხები გადაიხადა კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში; 2011-2012 წლების გარდა, არსებობს თუ არა შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის მიმართ რევიზიის აქტი და ასეთი აქტის არსებობის შემთხვევაში, კომპანიის მიერ გადახდილი იქნა თუ არა ბიუჯეტის წინაშე თანხები და ამ თანხების ოდენობა; 2010 წლიდან დღემდე შპს „მ–ის“ მიერ, გარდა პარტნიორებისა მესამე პირებთან, დასაქმებულებთან გაფორმებული შრომითი ურთიერთობის ამსახველი ყველა ხელშეკრულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით შპს „მ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ მოსარჩელეს მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნაწილი უკვე გადასცა; ხოლო დანარჩენი ნაწილის გადაცემა ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია, ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საწარმოს პარტნიორის მიერ კომპანიის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლიანობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით. კანონის ამავე რედაქციის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საწარმოს პარტნიორი, საზოგადოების წილის შეძენასთან ერთად შეიძენს მის წილთან დაკავშირებულ ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის ერთ-ერთ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს საზოგადოების კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე. თავის მხრივ, კანონით დადგენილია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს №ას-1571-2018 და 2021 წლის 28 სექტემბრის №ას-54-2022 განჩინებები).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ.მ–ნი არის შპს „მ–ის“ 5.75%-იანი წილის მფლობელი, რომელმაც გამოხატა საწარმოში არსებული გარკვეული სახის ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიღების ინტერესი. საკასაციო პალატა, მითითებული ნორმების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს, როგორც შპს „მ–ის“ პარტნიორს, დაუსაბუთებლად შეეზღუდა საწარმოში დაცული დოკუმენტაციის გაცნობის უფლება. აღნიშნული გარემოება კი, მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ წარმოუდგენია სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია/შედავება.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის არგუმენტაციას კომპანიაში მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნაწილის არარსებობის გამო, დაკისრებული ვალდებულების შესრულების შეუძლებლობასთან მიმართებით. პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან წინამდებარე დავის საგანს ვინდიკაციური მოთხოვნა არ წარმოადგენს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის არ არის აუცილებელი დადგინდეს სადავო დოკუმენტაციაზე მოპასუხის მფლობელობის ფაქტი, ურომლისოდაც ვერ იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება ამ ნივთის გამოთხოვის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია კომპანიის მეწილის მიერ გარკვეული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაციის მოპოვება. კანონის მიხედვით, მეწილეს უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტებთან. ამდენად, თუ ამ დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი, რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, საწარმოს არ გააჩნია, ეს გაირკვევა გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ვინაიდან კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 600 ლარის ოდენობით, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 300 ლარი და დარჩენილი თანხის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინება;
3. შპს „მ–ს“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ღ–ის (პ.ნ. ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 08.07.2022 წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. შპს „მ–ს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 300 ლარი (საგადახდო დავალება №15253563283, გადახდის თარიღი 29.11.2022 წ.), შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე