საქმე №ას-487-2020 22 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - მ.ჩ–ვა, მ.ე–ძე, ე.ე–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები - დ.ჩ–ვა, ნ.ჩ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, უძრავი ქონების რეგისტრაციის ბათილად ცნობა და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.კ–ძე (შემდგომ - პირველი და მეორე მოსარჩელეების მამა ან მამკვიდებელი, მესამე მოსარჩელის პაპა, აწ გარდაცვლილი) 1996 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა. მისი კანონისმიერი მემკვიდრეები არიან მეუღლე - ნ.კ–ძე (შემდგომ - აწ გარდაცვლილის მეუღლე, ქონების მჩუქებელი), შვილები: დ.ჩ–ვა (ქორწინებამდე გვარი კ–ძე; შემდგომ - პირველი მოსარჩელე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე), ნ.ჩ–ძე (ქორწინებამდე გვარი კ–ძე; შემდგომ - მეორე მოსარჩელე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) და ე.მ–სი (ქორწინებამდე გვარი კ–ძე; შემდგომ - მესამე შვილი).
2. მესამე შვილი 2013 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ამ უკანასკნელის შვილია ა.მ–სი (შემდგომ - მესამე მოსარჩელე).
3. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში მის მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ.
4. აწ გარდაცვლილს მეუღლემ, 2011 წლის 19 აპრილს, წერილობით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე. მისი განცხადებით, ერთადერთი მემკვიდრეა და სხვა მემკვიდრეები არ არსებობდნენ, რის შემდგომაც, ამ უკანასკნელმა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით. სამკვიდრო ქონება, რომელზეც გაიცა სამკვიდრო მოწმობა, არის მთელი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. ქუთაისი, ..... (........) №22-ში (შემდგომ - სადავო ქონება).
5. აწ გარდაცვლილის მეუღლემ, 2011 წლის 2 მაისს, სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად ნ.ჩ–ვას (შემდგომ - დასაჩუქრებული, გამჩუქებლის შვილიშვილი, პირველი მოსარჩელის შვილი, პირველი მოპასუხის მეუღლე) აჩუქა უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ქუთაისში, ........ (ყოფილი ..... №22). ჩუქების ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: N110438606) დადებას ესწრებოდნენ მოწმეები: მესამე შვილი (წამკითხველი), მ.ბ–ძე და ნ.ტ–ძე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქონება საჯარო რეესტრში 2011 წლის 10 მაისიდან დასაჩუქრებულის საკუთრებად აღირიცხა.
6. 2013 წლის 6 ივნისს, დასაჩუქრებულმა შეიცვალა სახელი და გვარი (აქტის ჩანაწერი: 68136000189) და გახდა დ.ე–ძე.
7. დასაჩუქრებული 2017 წლის 27 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი კანონისმიერი მემკვიდრეები არიან: პირველი მოსარჩელე (დედა), ე.ე–ძე (შემდგომ - პირელი მოპასუხე, დასაჩუქრებულის მეუღლე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) და შვილები - მ.ჩ–ვა (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) და მ.ე–ძე (შემდგომ - მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი, მესამე კასატორი).
8. პირველი მოსარჩელე მამის გარდაცვალების შემდეგ და შვილის - დასაჩუქრებულის გარდაცვალების შემდეგაც, მუდმივად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ..... (ყოფილი ....... N22) მდებარე საცხოვრებელ სახლში.
9. 2018 წლის 12 აპრილს, დასაჩუქრებულის მეუღლემ და შვილებმა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა, საკუთრებაში მიიღეს მთელი სამკვიდრო ქონების 3/4 ნაწილი თანაბარ უფლებებში, სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით, ხოლო მთელი უძრავ-მოძრავი სამკვიდრო ქონების დარჩენილი 1/4 ნაწილი დატოვებულია ღიად, დასაჩუქრებულის მემკვიდრისთვის.
10. 2018 წლის 21 მაისის მონაცემებით, ქ. ქუთაისში, ....... (ყოფილი ..... N22) მდებარე ქონების 3/4 ნაწილი საჯარო რეესტრში აღრიცხულია დასაჩუქრებულის საკუთრებად, ხოლო 1/4 - მისი მეუღლის (პირველი მოპასუხის) საკუთრებად.
სარჩელის საფუძვლები:
.
11. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვეს: ცვლილება შევიდეს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (რეგისტრაციის ნომერი 110403239, რეგისტრაციის თარიღი 19.04.2011), რომლითაც მამკვიდრებლის სამკვიდრო მთლიანად მისმა მეუღლემ (პირველი და მეორე მოსარჩელეების დედამ და მესამე მოსარჩელის ბებიამ) მიიღო; მოსარჩელეები ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილის მემკვიდრეებად თითოეული 1/4 წილზე; 3/4 ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი აწ გარდაცვლილის მეუღლესა და მის შვილიშვილს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება; ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი 12.04.2018 წლის სამკვიდრო მოწმობა და ქუთაისში ...... (ყოფ. ....... №22, საკადასტრო კოდი: ......) მდებარე უძრავ ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ქონების მესაკუთრეებად ცნობილ იქნენ მოსარჩელეები, თითოეული 1/4 ნაწილში.
12. მოსარჩელეთა მითითებით, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ შვილები სამკვიდრო ქონებაში ცხოვრობდნენ და ფაქტობრივად დაუფლებული იყვნენ როგორც უძრავ ქონებას, ისე მასში არსებულ მოძრავ ნივთებს. მათთვის ახლახან გახდა ცნობილი, რომ სანოტარო წესით არა თუ 1/4-ზე, არამედ მთელ სამკვიდროზე მემკვიდრეობა მიიღო მათმა დედამ, რომელმაც სამკვიდროს მიღების შემდეგ აღნიშნული ქონება შვილიშვილს აჩუქა.
13. დასაჩუქრებული 2017 წლის 27 სექტემბერს გარდაიცვალა. მას დარჩა შვილები და მეუღლე, რომლებსაც მიღებული აქვთ ზოგადი სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც პირველმა მოპასუხემ საკუთრებაში მეუღლის სახელზე რიცხული ქონების ნაწილი დაირეგისტრირა.
14. მოსარჩელეთა მითითებით, მათ მიღებული აქვთ მამის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით, რისი გათვალისწინებითაც, მათ დედას არ ჰქონდა უფლება, მთლიანი ქონება საკუთრებად დაერეგისტრირებინა და გაეჩუქებინა. ამჟამად დასაჩუქრებული გარდაცვლილია და სადავო ქონების ნაწილი არასწორად არის შეტანილი მის სამკვიდრო მასაში.
მოპასუხეთა პოზიცია:
15. მოპასუხეებმა სარჩელზე წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ გარდა პირველი მოსარჩელისა, სხვა მემკვიდრეები აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდნენ და არც სამკვიდროს სახით რამე ქონება არ მიუღიათ.
16. გამჩუქებელმა თავისი კუთვნილი ქონება აჩუქა შვილიშვილს, რომელიც ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში და მეუღლესთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე უვლიდა გამჩუქებელს.
17. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს პირველი მოსარჩელის ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
18. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, პირველი და მეორე მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა სამკვიდრო მოწმობაში (რეგისტრაციის ნომერი: №110403239, რეგისტრაციის თარიღი: 19.04.2011, გაცემული ნოტარიუს ა.ჯ–ძის მიერ), რომლითაც მამკვიდრებლის სამკვიდრო მთლიანად მიღებული აქვს მის მეუღლეს და პირველი და მეორე მოსარჩელეები ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილის მემკვიდრეებად, თითოეული 1/4 წილზე; ბათილად იქნა ცნობილი ჩუქების ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი: N110438606, რეგისტრაციის თარიღი: 02.05.2011, ნოტარიუსი ა.ჯ–ძე) ქ. ქუთაისში, ..... №22-ში (ყოფ. ......) მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/4 ნაწილის გაჩუქების ნაწილში; ასევე - ბათილად იქნა ცნობილი №180391420 (რეგისტრაციის თარიღი: 12.04.2018) სამკვიდრო მოწმობა და სადავო ქონებაზე პირველი მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ქ. ქუთაისში, ....... (ყოფ. ....... მე-5 შეს. №22, საკადასტრო კოდი: .........) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებად ცნობილ იქნენ პირველი მოსარჩელე 1/4 და მეორე მოსარჩელე 1/4 ნაწილზე; მესამე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
19. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, აპელანტთა (მოპასუხეთა) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სამკვიდრო მოწმობა №180391420 (რეგისტრაციის თარიღი: 12.04.2018, ნოტარიუსი-ა.ჯ–ძე), ასევე - ქ. ქუთაისში, .... (ყოფ. ......., საკადასტრო კოდი: ......) მდებარე ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი და მეორე მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი, 2018 წლის 12 აპრილს, ნოტარიუს ა.ჯ–ძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის ნომერი №180391420) 2017 წლის 27 სექტემბერს გარდაცვლილი დასაჩუქრებულის მთელი სამკვიდრო ქონებიდან, სადავო უძრავი ქონების 2/4 ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი, ქ. ქუთაისში, ....... №22-ში (ყოფ. ........ N22) მდებარე, №........ საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და, ნაცვლად ამ ქონების 1/4 ნაწილისა, პირველი მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულ იქნა 1/8 ნაწილი; სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
21. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1421-ე და 1424-ე მუხლებზე და მიუთითა, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მამის კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა და მისი ქონებით სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად, მოსარჩელე მხარემ წარადგინა მოწმეთა ჩვენებები. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხული ციცინო ბაღიშვილის (მეორე მოსარჩელის ძმიშვილი), ტ.ლ–ძის (მეზობელი) და ვენერა კ–ძის (მამკვიდრებლის ძმის მეუღლე) ჩვენებებით, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მესამე შვილთან და აწ გარდაცვლილის მეუღლესთან ერთად, მეორე მოსარჩელეც მამის გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში სამკვიდრო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა, შემდეგ კი, სამკვიდრო ქონებიდან წაიღო საოჯახო ნივთები, ხოლო პირველი მოსარჩელე მამის გარდაცვალებამდე და მის შემდეგაც, მუდმივად ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სამკვიდრო ქონებიდან თითოეული მოსარჩელის მიერ 1/4 ნაწილის დაუფლებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, აპელანტების მსჯელობა, რომ მოსარჩელეებს მამის სამკვიდრო არ მიუღიათ, სასამართლომ არ გაიზიარა.
22. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1433-ე და 54-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ ვინაიდან, პირველი და მეორე მოსარჩელეები ფაქტობრივად დაეუფლენ მამის დანაშთ სამკვიდროს, სსკ-ის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ისინი გახდნენ ამ მთლიანი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრეები, ამდენად, 2011 წლის 19 აპრილს აწ გარდაცვლილის მეუღლის სახელზე მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის №110403239) გაცემით, ხოლო შემდეგ, 2011 წლის 2 მაისს ჩუქების ხელშკრულების დადებით, განიკარგა მათი საკუთრება, რაც სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, პირველ და მეორე მოსარჩელეების კუთვნილ, მთლიანად 2/4 ნაწილში მისი ბათილად ცნობის საფუძველია, რისი გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობისა (რეესტრში რეგისტრაციის №110403239) და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და ამ უძრავი ქონების ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების თაობაზე დასაბუთებულია და გამორიცხავს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
23. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორად დაადგინა მოსარჩელეთა მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტი და მათი წილის ოდენობა, თუმცა დასაჩუქრებულის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის სრულად გაბათილებითა და სადავო უძრავ ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის სრულად გაუქმებით, არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, კერძოდ, სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოპასუხეები არიან დასაჩუქრებულის პირველი რიგის მემკვიდრეები (მეუღლე და შვილები), რომლებმაც საკუთრებაში მიიღეს მთელი სამკვიდრო ქონების 3/4 ნაწილი თანაბარ უფლებებში, სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით, რაზედაც 2018 წლის 12 აპრილს, ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა და აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. ქუთაისში, ..... (ყოფილი ......) მდებარე სადავო უძრავი ქონების 1/4 ნაწილი აღირიცხა პირველი მოპასუხის საკუთრებად, ხოლო 2018 წლის 21 მაისის ვითარებით, ამ უძრავი ქონების 3/4 ნაწილი, კვლავ დასაჩუქრებულის სახელზეა რეგისტრირებული.
24. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, მოცემული დავის განხილვამდე, ქ. ქუთაისში, ...... (ყოფილი ........) მდებარე სადავო უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მთლიანად დასაჩურებულის საკუთრებაში იყო რეგისტრირებული, ამ ქონების 2/4 ნაწილზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილობით, ამ უკანასკნელს საკუთრებად დარჩა ქონების მხოლოდ 2/4 ნაწილი, შესაბამისად, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, მის მთლიან სამკვიდროზე 2018 წლის 12 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რაც, იმავდროულად, მთლიანად მოიცავდა სადავო უძრავ ქონებასაც, ბათილია მხოლოდ პირველი და მეორე მოსარჩელის კუთვნილ 2/4 ნაწილში. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე აპელანტის პრეტენზია, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სამკვიდრო მოწმობა, ნაწილობრივ საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და, ნაცვლად მთელი სამკვიდრო მოწმობისა, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, 2018 წლის 12 აპრილს, ნოტარიუს ა.ჯ–ძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის ნომერი №180391420) 2017 წლის 27 სექტემბერს გარდაცვლილი დასაჩუქრებულის მთელი სამკვიდრო ქონებიდან, ქ. ქუთაისში, ........ (ყოფ. .......) მდებარე №........ საკადასტრო კოდის უძრავი ქონების 2/4 ნაწილში.
25. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნია აპელანტთა პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზეც, რომლითაც მთლიანად გაუქმდა საჯარო რეესტრში ქ. ქუთაისში, ..... ქუჩა №22-ში პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
26. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, ქონების მხოლოდ 2/4 ნაწილი წარმოადგენდა დასაჩუქრებულის საკუთრებას, სამკვიდრო მოწმობაში დაფიქსირებული წილის გათვალისწინებით, პირველი მოპასუხის კუთვნილი ნაწილი ამ ქონებაში შეადგენს 2/4-ის 1/4-ს, ანუ 1/8 ნაწილს. ამდენად, გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მთლიანად გაუქმდა ქ. ქუთაისში, ......ქუჩა №22-ში მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არასწორია, უნდა გაუქმდეს და №......... საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრებად, ნაცვლად ამ ქონების 1/4 ნაწილისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს 1/8 ნაწილი.
კასატორთა მოთხოვნა და საფუძვლები:
27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი წარადგინეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
28. კასატორთა განმარტებით, დაუსაბუთებელია, თითქოს მეორე მოსარჩელე დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას და გახდა ქონების ნაწილის მესაკუთრე და აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით. სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რომელი მოწმის ჩვენებით მიიჩნია სარწმუნოდ მოსარჩელის მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტი, მაშინ, როდესაც მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან გასულია 22 წელი. ამასთან, დაუსაბუთებელია, რატომ არ გაითვალისწინა სხვა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც საწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებდნენ.
29. სასამართლოს არ დაუდგენია, ეკუთვნოდა თუ არა ოჯახიდან მეორე მოსარჩელის წაღებული ნივთები მამკვიდრებელს. დაუსაბუთებელია იმის თქმაც, რომ რადგან მოსარჩელეები მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მის სამკვიდრო ქონებაში 40 დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ, სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს.
30. კასატორთა მითითებით, სასამართლოს არ გაუთვალისწინებია დავის სწორად გადასაწყვეტად დასადგენი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, იყვნენ თუ არა სადავო ქონების კეთილსინდისიერი შემძენი დასაჩუქრებულის პირველი რიგის მემკვიდრეები.
31. კასატორთა განმარტებით, სარჩელის აღძვრის დროისათვის გასული იყო 22 წელი და მოსარჩელეებს არასდროს, არცერთ ვითარებაში პრეტენზია მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მიღებაზე არ გამოუთქვამთ. პრეტენზია არც მაშინ განუცხადებიათ, როცა სამკვიდრო იქნა 2011 წელს გაცემული მამკვიდრებლის მეუღლის სახელზე და არც მაშინ, როდესც ამ უკანასკნელმა 2011 წელს ქონება მის შვილიშვილს აჩუქა. მამკვიდრებლის მეუღლის სამკვიდროს მოწმობის მიღებიდან გასულია როგორც სსკ-ის 1450-ე მუხლით, ასევე - ამავე კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი შედავების ვადა და მოსარჩელეების მოთხოვნა ხანდაზმულია.
32. კასატორთა მითითებით, 2018 წლის 12 აპრილს შედგენილ სამკვიდრო მოწმობაში 1/4 წილი თავისუფალია, რადგან იგი პირველმა მოსარჩელემ უნდა მიიღოს, რისი გათვალისწინებითაც, პირველი მოსარჩელის მხრიდან სარჩელის აღძვრის საფუძველი არ არსებობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
33. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
34. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
36. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
37. მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 990-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს), 1306-ე (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი ან, თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან - თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი), 1336 (I, II) (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)), 1328-ე (სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის), 1433-ე (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1421-ე (სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო) მუხლები.
38. განსახილელ შემთხვევაში, მოსარჩელეებს წარმოადგენენ აწ გარდაცვლილის შვილები (პირველი და მეორე მოსარჩელე) და შვილიშვილი (მესამე მოსარჩელე). ამ უკანასკნელის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც არ გასაჩივრებულა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. რაც შეეხება პირველ მოსარჩელეს, უდავოა, რომ მის ნაწილში მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ.1. ს.ფ 343), შესაბამისად, სადავოა მხოლოდ მეორე მოსარჩელესთან მიმართებით რამდენად კანონიერად დაკმაყოფილდა სარჩელი.
39. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მეორე მოსარჩელის სარჩელი წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაამტკიცებს, რომ მან სამკვიდრო მიიღო და, ამდენად, სამკვიდრო ქონებაში მისი წილის დედაზე საკუთრების უფლებით აღრიცხვითა და შემდგომ ჩუქების ხელშეკრულების დადებით, მისი კანონიერი ინტერესი შეილახა.
40. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია, თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში (სსკ-ის 1424-ე მუხლი) შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება. სამკვიდროს მიღების წესი დადგენილია სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად მიიჩნევა, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო (შეად. სუსგ-ებს: საქმე №ას-670-637-2014, 04.05.2015 წ; №ას-18-15-2015, 26.10. 2015წ; №ას-283-268-2017, 07.07.2017წ; №ას-263-263-2018, 15.05.2018წ.). ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა), (შდრ. სუსგ-ები №ას-283-268-2017, 07.07.2017; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; №ას-203-193-2016, 02.06.2016; №ას-972-921-2015, 15.12.2015წ; №ას-482-455-2012, 31.05.2012წ).
41. მოცემულ შემთხვევაში, მეორე მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მამის გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში სამკვიდრო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა, შემდეგ კი, სამკვიდრო ქონებიდან წაიღო საოჯახო ნივთები. ამ გარემოებას ადასტურებენ მოწმეებიც. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი. მოპასუხემ, ვერაფერი დაუპირისპირა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს. მის მიერ მითითებულ მოწმეთა ჩვენებებს კი საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მ.ჩ–ვას (პირველი მოსარჩელის შვილი, დასაჩუქრებულის და) ჩვენების გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს ის გარემოება, რომ იგი საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, კერძოდ, როგორც ამ უკანასკნელის ჩვენებით ირკვევა, იგი მოსარჩელეებთან დაპირისპირებულია და პროცესზე მისი ძმისშვილების (მოპასუხეების) ქონებრივი უფლებების დასაცავად გამოცხდდა, რისი გათვალისწინებითაც, მისი ჩვენება სანდოობის მკაცრ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, რაც მისი შინაარსობრივი მხარის გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს (საკითხისადმი ამგვარი მიდგომა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან თანხვდენილია, იხ. სუსგ. №ას-91-2022, 4.05.2022წ). აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ მოწმის განმარტებით, სამკვიდროს არცერთი მოსარჩელე, მათ შორის, არც პირველი მოსარჩელე დაუფლებია, მაშინ, როდესაც, უდავო გარემოებაა და არც მოპასუხე მხარე უარყოფს, რომ ეს უკანასკნელი მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და მის შემდეგაც უწყვეტად ცხოვრობს სადავო სახლში. რაც შეეხება ვ.ს–ის ჩვენებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი ჩვენება განსახილველ საქმეზე მოპასუხე მხარისათვის სასარგებლო სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ვერ იქნება, ვინაიდან, 2001 წლამდე, სანამ პირველი მოპასუხე გათხოვდებოდა, ამ ოჯახს არ იცნობდა და არც რაიმე ინფორმაციას არ ფლობდა, რისი გათვალისწინებითაც, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები საკმარისი არ არის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დამტკიცებულად ცნობისათვის.
42. ამდენად, მეორე მოსარჩელე გარდაცვლილი მამის სამკვიდრო ქონების, კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში დაუფლებით მამკვიდრებლის დანაშთი ქონების 1/4 ნაწილის მესაკუთრე გახდა, შესაბამისად, 2011 წლის 19 აპრილს აწ გარდაცვლილის მეუღლის სახელზე მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის №110403239) გაცემით, ხოლო შემდეგ, 2011 წლის 2 მაისს ჩუქების ხელშკრულების დადებით, განიკარგა პირველი მოსარჩელის საკუთრება, რისი გათვალისწინებითაც, კანონიერია ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები.
43. რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე კასატორთა მითითებას, ამ საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების მიღება ფაქტობრივი ფლობით ან მართვით აყენებს მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმედებებით) მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში მემკვიდრეს აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის - იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც საკუთრების უფლება დაირეგისტრირეს. ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება (შდრ. სუსგ. საქმე №ას-351-2019,15.10.2020წ). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა დედის მიერ უკანონოდ განიკარგა სამკვიდრო ქონების ის ნაწილი, რომელიც მოსარჩელეს ფაქტობრივი ფლობით ჰქონდა მიღებული და მის საკუთრებას წარმოადგენდა, შესაბამისად, მის მოთხოვნაზე ხანდაზმულობა არ უნდა გავრცელდეს (შდრ. საქმე №ას-351-2019, 15.10.2020წ.). ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ჩუქების ხელშეკრულება არ არის დაცული კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტით (სსკ-ის 185-ე მუხლი), რადგან ამ ტიპის გარიგების შემთხვევაზე კეთილსინდისიერების პრეზუმფციის დამდგენი ნორმა არ ვრცელდება (შეად. სუსგ №ას-397-397-2018, 19.04.2019წ; 22.1 ქვეპუნქტი; №ას-1198-2019, 25.06.2021წ.). ჩუქების, როგორც უსასყიდლო გარიგების დროს, არ არსებობს შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია და მტკიცების ტვირთი შემძენს უბრუნდება (შდრ. სუსგ №ას-1230-2018, 14.12.2018წ.), რისი გათვალისწინებითაც, კასატორთა წინამდებარე განჩინების 30-ე პუნქტში მითითებული პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.
44. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა წინამდებარე განჩინების 32-ე პუნქტში მითითებულ პრეტენზიასაც და განმარტავს, რომ მოპასუხეებმა პირველი მოსარჩელის მიმართ სარჩელი სრულად ცნეს, რაც მათი პრეტენზიის საფუძვლიანობას გამორიცხავს.
45. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.
46. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
47. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
48. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
50. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-674-674-2018, 2022 წლის 9 თებერვლის განჩინება; №ას-351-2019, 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება; საქმე №ას-351-2019, 2020 წლის 15 ოქტომბერის განჩინება; საქმე №ას-278-2019, 2019 წლის 27 ივნისის განჩინება).
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
52. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ჩ–ვას, მ.ე–ძისა და ე.ე–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. მ.ჩ–ვას (პ/ნ ....), მ.ე–ძის (პ/ნ ........) და ე.ე–ძის (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ.ე–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 750 ლარის (საგადასახადო დავალება №1 / გადახდის თარიღი 17.08.2020), 70% - 525 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე