Facebook Twitter

საქმე №ას-83-2020 17 ივნისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.ყ–ი, მ.ძ–ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. რ.მ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა ,,მ–ის“ დამფუძნებელი წევრების, ა.ტ–ის (შემდგომ შეიცვალა სათანადო მოპასუხით ი.ყ–ით (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი), მ.ძ–ასა (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) და გ.ქ–ის (შემდგომ - მესამე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეებს დაეკისროთ 15480 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე - 1258 აშშ დოლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 208 აშშ დოლარის გადახდა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის გაფორმდა გაცვლის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს გადაეცა ქ. თბილისში, ...... მდებარე №14 ბინა (86 კვ.მ), რომელიც დატვირთული იყო იპოთეკით სს ,,ს.ბ–ის" (შემდგომ - ბანკი) სასარგებლოდ.

3. მოპასუხემ ვალდებულება აიღო, ბინის ექსპლუატაციიდან, 2014 წლის 16 ივლისიდან, 3 თვეში უძრავი ქონება იპოთეკისაგან გაეთავისუფლებინა.

4. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ამხანაგობამ ბინა არ გაათავისუფლა უფლებრივი დატვირთვისაგან, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა სესხი - 15480 აშშ დოლარი აეღო და ამხანაგობის ვალდებულება შეესრულებინა.

5. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ის საბანკო პროცენტებიც, რომელსაც სესხის სარგებლობისათვის იხდის.

მოპასუხეების პოზიცია:

6. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ბანკს ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე მოპასუხეთა მიმართ არარსებული მოთხოვნის თანხა გადაუხადა, ამიტომ მოპასუხეები არ არიან ვალდებული მოსარჩელეს სადავო თანხა გადაუხადონ, მით უფრო მაშინ, როდესაც მოსარჩელეს არ წარუდგენია ბანკის მიმართ მოპასუხეთა ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

7. პირველი მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ბანკის მიერ მოპასუხეთა მიმართ წამოყენებული მოთხოვნის ოდენობა და რეალურობა.

8. მეორე და მესამე მოპასუხეებმა წარდგენილი არაკვალიფიციური შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს - პირველ, მეორე და მესამე მოპასუხეებს, 15480 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეებისათვის 1258 აშშ დოლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე 208 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო საჩივარი

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, აპელანტების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 292-ე მუხლი, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა ან, როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია, შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.

13. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ 15480 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ გაუქმდა ბანკის იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თაობაზეც, აღნიშნული უფლების განხორციელებამდე ეცნობა ამხანაგობის თავმჯდომარეს - პირველ მოპასუხეს, რომელსაც არაფერი მოუმოქმედებია.

14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იპოთეკის სანივთო უფლების აქცესორული ბუნება ნიშნავს არა იპოთეკით უზრუნველყოფილი საგნის შეძენის შემთხვევაში ვალდებულების შემძენზე გადასვლას, არამედ იპოთეკის არსებობას მანამ, ვიდრე იარსებებს უზრუნველყოფილი მოთხოვნა. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე გახდა ქონების მესაკუთრე, რომელიც სხვა პირის ვალდებულებას უზრუნველყოფდა. მას რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულების კრედიტორთან ან მოვალესთან არ აქვს, ამასთანავე, მან შეასრულა კრედიტორის (გამსესხებელი) წინაშე მოვალის ვალდებულება. ამ ფაქტების სამართლებრივი ანალიზისათვის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 292-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (სუსგ. საქმე №ას-363-339-2017);

15. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იპოთეკის მესაკუთრის მიერ ვალდებულების შესრულების გამო, მოსარჩელეს წარმოეშვა მოვალის (ვალდებული პირი) მიმართ მოთხოვნის უფლება, რომელიც მოპასუხეთა მიმართ დასაბუთებულია.

16. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მტკიცება, რომლის თანახმად, მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა გადახდას, ვინაიდან ის მოთხოვნა, რაც ბანკმა მესაკუთრეს წარუდგინა, მოპასუხე მხარეს შესრულებული ჰქონდა.

17. სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთზე გაამახვილა ყურადღება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლის პირველ ნაწილი, 105-ე მუხლი) და განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეზე იყო, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულების შესახებ სათანადო მტკიცებულებები და კრედიტორს არ ჰქონდა მოთხოვნის უფლება მესაკუთრის მიმართ. საქმეზე წარმოდგენილი 2015 წლის 21 მაისის მოსარჩელის წერილით, ამხანაგობის თავმჯდომარის (პირველი მოპასუხის) მიმართ, რომელიც ამ უკანასკნელს ჩაჰბარდა, დგინდება, რომ მესაკუთრემ ითხოვა წერილის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში ხელშეკრულების საგნის ბანკის იპოთეკისაგან განთავისუფლება. ამ წერილის საპასუხოდ კი, ამხანაგობამ არც გადახდის ვალდებულება არ იკისრა და არც ბანკის 2013 წლის 7 თებერვლის წერილების შესახებ არ აცნობა მოსარჩელეს. აღნიშნულის შემდგომ კი, მესაკუთრემ თავად შეასრულა კრედიტორის წინაშე ვალდებულება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორები მოითხოვენ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმებასაც, რომლითაც საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მათი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

20. კასატორების განმარტებით, მოსარჩელემ ბანკს გადაუხადა არარსებული მოთხოვნის თანხა და ბანკის ადგილი დაიკავა კასატორთა მიმართ ბანკის მიერ წამოსაყენებელ მოთხოვნასთან მიმართებით, შესაბამისად, ვალდებული იყო, სასამართლოსათვის დაემტკიცებინა, ამ იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის ოდენობა.

21. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შესახებ დადგენილ ფაქტობრივ გარემობებში განზრახ არ მიუთითა და, შესაბამისად, არც იმსჯელა იმაზე, რამაც არსებითი გავლენა იქონია გადაწყვეტილების მიღებაზე, ვინაიდან ამ მტკიცებულებით დასტურდება, რომ ბანკის პირველი იპოთეკიდან არსებული მოთხოვნა მოპასუხე მხარემ სრულად შეასრულა.

22. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა საქმეზე ახალი მტკიცებულების (სასამართლო გადაწყვეტილების) დართვისა და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მათი შუამდგომლობა. კასატორიების განმარტებით, ამ მტკიცებულებების წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში საპატიო მიზეზით არ შეეძლოთ. აღნიშნული მტკიცებულებები კი, პირდაპირ უკავშირდებოდა მოცემულ დავას და არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამ მტკიცებულების მიუღებლობამ, ასევე არსებითი გავლენა იქონია საქმის სწორად გადაწყვეტაზე, ვინაიდან დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მეორე იპოთეკიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნა ამ სასამართლო გადაწყვეტილებით დაახლოებით 29%-ით შემცირდა, ხოლო აპელაციაში კი არ არის გამორიცხული ამ მოთხოვნის კიდევ 13%-ით შემცირება ან სრულად ანულირება.

23. სააპელაციო პალატამ, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად გადაწყვეტილებაში არ მიუთითა, ბანკის მიერ ამხანაგობის მიმართ 2013 წლის 7 თებერვალს წერილით მიმართვის შესახებ, სადაც მიუთითა, რომ ბანკს 2006 წლის 29 ივნისს გაფორმებული №584100ა, რეესტრის №1-2385 იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა არ გააჩნია. გარდა ამისა, იმავე დღეს, ბანკმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა და უარი განაცხადა ზემოაღნიშნულ იპოთეკაზე. აქედან გამომდინარე, როდესაც ბანკმა 2015 წლის 29 ივლისს, 15480 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, ორივე იპოთეკის გაუქმების შესახებ მოსარჩელეს მიმართა წერილით, რომელშიც შედიოდა 2006 წლის 29 ივნისს გაფორმებული იპოთეკის №584100ა ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკა, ამით ბანკმა მოსარჩელე ფაქტობრივად მოატყუა და მოპასუხეთა მიერ გადახდილი თანხა ხელმეორედ გადაახდევინა.

24. კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მოპასუხეებმა ვერ წარადგინეს ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულების შესახებ სათანადო მტკიცებულება. მოპასუხეების მტკიცებით, მათ ეს მტკიცებულება წარადგინეს ბანკის 2013 წლის წერილების სახით, რომელთა შესახებაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს.

25. ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრებმა 2019 წლის 12 ნოემბერს განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს, რომლითაც საქმეზე დასართავად წარმოადგენის ახალი მტკიცებულებები, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მათი განმარტებით, ამხანაგობის დავალიანება ბანკის მიმართ შემცირდა, რაც ბანკის თავდაპირველი მოთხოვნის 29%-ს შეადგენს. მოპასუხეების განმარტებით, აღნიშნული გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და, თუ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, პროცენტის თანხის 300000 აშშ დოლარის შემცირების ნაწილში, მაშინ მოპასუხეთა დავალიანება ბანკის მიმართ შემცირდება დაახლოებით 1 000 000 აშშ დოლარით, ანდა ბანკის სარჩელი შეიძლება განუხილველი დარჩეს.

26. სსსკ-ის 380-ე მუხლზე მითითებით, კასატორები მოითხოვენ, ახალი მტკიცებულებები სააპელაციო საჩივარს დაერთოს, ასევე, სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის საფუძველზე საქმისწარმოება შეჩერდეს ბანკსა და მათ შორის არსებული დავის დასრულებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

30. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:

32. ამხანაგობასა და მოსარჩელეს შორის, 2013 წლის 5 მარტს, გაფორმდა გაცვლის ხელშეკრულება, რომელის საფუძველზეც, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ამხანაგობაში 86.0 კვ.მ ბინა №14 (ს/კ ........). აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ამხანაგობა ვალდებულებას იღებდა მშენებარე კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში ბინა უფლებრივი შეზღუდვისაგან გაეთავისუფლებინა.

33. 2013 წლის 12 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, წინამდებარე განჩინების 32-ე პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე 2006 წლის 5 ივლისისა და 2012 წლის 23 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებულია იპოთეკა.

34. ქ. თბილისში, ....... მდებარე მშენებარე კორპუსი ექსპლატაციაში 2014 წლის 16 ივლისს შევიდა.

35. 2013 წლის 7 თებერვლის ბანკის წერილების თანახმად, ბანკსა და ამხანაგობას შორის გაფორმებული 2006 წლის 29 ივნისის №584100-ა იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკს მოთხოვნა არ გააჩნია.

36. მოსარჩელეს, ბანკის 2015 წლის 29 ივლისის წერილით განემარტა, რომ 15480 აშშ დოლარის ამხანაგობის ანგარიშზე გადახდის სანაცვლოდ, №584100-ა (დამოწმებული 29.06.2006 წელს) და №587061-ლ (დამოწმებული 23.10.2012 წელს) იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ბანკი უძრავ ქონებას უფლებრივი შეზღუდვისაგან გაათავისუფლებდა.

37. მოსარჩელემ ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სესხი მიიღო და 2015 წლის 30 ივლისს ამხანაგობის დავალინება ბანკის წინაშე დაფარა, რის შემდგომაც ბანკმა იპოთეკის გაუქმების შესახებ თანხმობა გასცა.

38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

39. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 292-ე მუხლის დანაწესზე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტში) და მიუთითებს, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს იმ შემთხვევას, როდესაც მესაკუთრე კრედიტორს აკმაყოფილებს. მას შეუძლია სხვა ქონებიდან თავისი ნებით დააკმაყოფილოს კრედიტორი და, შესაბამისად, გამოიხსნას იპოთეკით დატვირთული ქონება. მუხლის მიზანია, დამატებითი დაცვითი მექანიზმი მიანიჭოს მესაკუთრეს იპოთეკის საგანზე საკუთრების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. კრედიტორის დაკმაყოფილებით მესაკუთრეზე გადადის შესაბამისი ვალდებულებითი მოთხოვნა. ამ შემთხვევაში მესაკუთრე იძენს მოთხოვნას მოვალის მიმართ კანონის საფუძველზე, ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე რეგრესული მოთხოვნისგან დამოუკიდებლად.

40. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიკვლია სსკ-ის 292-ე მუხლით განსაზღვრული შემადგენლობა, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის გაფორმებული გაცვლის ხელშეკრულებით, მოსარჩელეს საკუთრებაში ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი გადაეცა, რომლის უფლებრივი შეზღუდვისგან გათავისუფლება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ამხანაგობამ იკისრა. ვადა მშენებარე კორპუსის ექსპლოატაციაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში განისაზღვრა. უდავოა, რომ ამხანაგობამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა (მშენებარე კორპუსი ექსპლუატაციაში 2014 წლის 16 ივლისს შევიდა). მოსარჩელემ ჯერ ამხანაგობას მიმართა და ვალდებულების შესრულება მოითხოვა, შემდეგ კი, ვინაიდან ამხანაგობის მხრიდან აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია - ბანკს და ქონების იპოთეკით გათავისუფლების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება შეასრულა.

41. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოა, მოსარჩელის მიერ კრედიტორისათვის 15480 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, სსკ-ის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, კრედიტორისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება მოპასუხეებისათვის მოეთხოვა.

42. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლით თანახმად, არ დასტურდება, რომ მოპასუხეებს ბანკის მიმართ ვალდებულება შესრულებული ჰქონდათ და ბანკს მოთხოვნის უფლება მათ მიმართ არ ჰქონდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ მხარემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ფაქტობრივი გარემოება.

43. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტში მითითებულ პრეტენზიას და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ კასატორების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება დაადგინა, რომლის შესაბამისად, 2013 წლის 7 თებერვლის ბანკის წერილების თანახმად, ბანკსა და ამხანაგობას შორის გაფორმებული 2006 წლის 29 ივნისს №584100-ა იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბანკს მოთხოვნა არ გააჩნია (იხ. წინამდებარე განჩინების 35-ე პუნქტი). რაც შეეხება ამ დადგნილი გარემოებიდან გამომდინარე საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან, როდესაც მოსარჩელემ ამხანაგობას მიმართა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოითხოვა, კერძოდ, უძრავი ქონების უფლებრივი შეზღუდვისგან გათავისუფლება, მოპასუხემ მხარემ ბანკის 2013 წლის 7 თებერვლის წერილის შესახებ არ აცნობა მოსარჩელეს, მეტიც, მოპასუხეებისათვის აღნიშნული წერილის შესახებ იმ დროისათვის არც იყო ცნობილი (როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარემ მიუთითა). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კი, მესაკუთრის მიერ ვალდებულების შესრულების გამო, მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოვალის მიმართ და მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ დასაბუთებულია.

44. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოს წარმოებაშია ბანკის სარჩელი ფიზიკური პირების, მათ შორის მოცემული დავაში არსებული მოპასუხეთა მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის (სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით), გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება, მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმისწარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება (შდრ. სუსგ, №ას-551-519-2012, 11.06.2012წ.).

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული დავის საგნისა და მისი საფუძვლების გათვალისწინებით, კასატორები არ უთითებენ ისეთ აუცილებელ კავშირზე, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა საქმის განხილვას, მით უფრო, როდესაც კასატორების მიერ მითითებულ დავაში, მხარეს არ წარმოადგენს ამ საქმის მოსარჩელე.

46. კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებელობის გამო არ იზიარებს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი მტკიცებულებათა საქმეზე დართვა არ ყოფილა და აღნიშნულის შესახებ არც აპელანტებს დაუყენებიათ შუამდგომლობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

47. რაც შეეხება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორების შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო სასამართლოს მიერ საქმისათვის მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის საფუძველია (იხ. სუსგ №ას- 476-450-2012, 18.05.12წ.).

48. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

49. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

50. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

51. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-726-694-2016, 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინება; №ას-89-83-2015, 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინება, №ას-330-315-2012, 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინება).

52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

53. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 2216.04 ლარის 70% – 1551.23 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ყ–ისა და მ.ძ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ი.ყ–ს (პ/ნ .....) და მ.ძ–ას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ძ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2216.04 ლარის (საგადასახადო დავალება №1 / გადახდის თარიღი 19.02.2020), 70% - 1551.23 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე