Facebook Twitter

საქმე №ას-80-2020 23 ივნისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.გ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი.გ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.გ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს 10641.60 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელემ და მოპასუხემ 1998-1999 წლებში კომერციული მიზნებისათვის ერთობლივი სახსრებით შეიძინეს უძრავი ნივთები, მდებარე ქ. გორში, ........, ბინა №22 და ბინა №25, რომლებიც ძმებს შორის არსებული ნდობის საფუძველზე მოპასუხის სახელზე გაფორმდა. ზეპირი შეთანხმებით ბინა №22 მოპასუხის საკუთრება იყო, ხოლო №25 ბინა მოსარჩელის.

3. შპს „ს.ა.ქ. ?-ს“ (შემდგომ - კომპანია) 2011 წლიდან წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული უძრავი ქონების სარგებლობის ინტერესი გაუჩნდა, თუმცა ეს უკანასკნელი ფართს იჯარით აიღებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ №25 ბინის სარემონტო სამუშაოები შესრულდებოდა.

4. მოსარჩელემ სარემონტო სამუშაოები საკუთარი სახსრებით შეასრულა, ვინაიდან მხარეთა ზეპირი შეთანხმების მიხედვით, ფართი სწორედ მის საკუთრებას წარმოადგენდა. სამუშაოების ღირებულება 10 641.60 ლარია, რომლითაც მოპასუხე მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელესთან №25 ბინის საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ ზეპირი ხელშეკრულება არ დადებულა.

6. მოპასუხესა და კომპანიას შორის, 2012 წლის 5 იანვარს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. აკადემიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე სავალდებულოდ ჩაითვალა ოფისში სარემონტო სამუშაოები ჩატარება და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აკადემიამ სარემონტო სამუშაოები დაიწყო. გამათბობელი ქვაბი და სათანადო გაყვანილობა დამონტაჟდა, შეკეთდა სველი წერტილები.

7. მოსარჩელეს 2011 წელს მოპასუხის კუთვნილი ფართი არ გაურემონტებია. 2012 წლიდან კომპანიაში დასაქმდა და ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ უშუალოდ თავად შეასრულა სარემოენტო სამუშაოები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.

10. სასამართლომ განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 987-ე მუხლზე, ,,პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გაწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს“ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4 მუხლზე დაყრდნობით იმსჯელა, დასტურდებოდა თუ არა მოსარჩელის სახსრებით უძრავი ქონების გასაუმჯობესებელი სამუშაოების შესრულება.

11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით უდავოა, რომ მოპასუხეს და კომპანიას შორის, 2012 წლის 5 იანვარს, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიას ქ. გორში, ......... მდებარე ბინა №22 და №25 ბინები სარგებლობაში 2013 წლის 5 იანვრამდე ყოველთვიური ქირის - 300 ლარის გადახდის პირობით გადაეცა. საქმეში წარდგენილია მოპასუხესა და კომპანიას შორის 2012 წელს გაფორმებული შეთანხმება, რომლის თანახმად, კომპანია კისრულობდა მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაში ბუნებრივი აირის შეყვანის, გათბობის სისტემის მონტაჟის, იატაკის დაგების, წყლის აღმრიცხველის მოწყობის, წყალ-კანალიზაციის შეცვლის, გაყვანილობის, სველი წერტილების მოწყობის, ფასადის, კიბის შერემონტების, რეკლამირებისა და სხვა სარემონტო სამუშაოები შესრულების ვალდებულებას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ გარემოების დამადასტურებელ არაპირდაპირ მტკიცებულებად შეიძლება შეფასებულიყო მოპასუხესა და კომპანიას შორის, 2013 წლის პირველ თებერვალს გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც ყოველთვიური ქირა 625 ლარამდე გაიზარდა. მოპასუხის განმარტებით, ვიდრე მოიჯარე იჯარით აღებულ ფართში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, ის იაფ ქირას დასთანხმდა, სამუშაოების დასრულების (თანხის გაქვითვის) შემდეგ კი, უნდა გაზრდილიყო.

12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გ.რ–მა (შემდგომ - პირველი მოწმე), რომელიც მოპასუხესთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმებისას მოიჯარე კომპანიის დირექტორს წარმოადგენდა, ფართზე გაწეული სარემონტო სამუშაოებისათვის კომპანიის მიერ ბევრი ხარჯის გაღების ფაქტი დაადასტურა. მისი განმარტებით, საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო დაქირავებული ფართის რემონტი, რისთვისაც შესაბამისი ხარჯები გაიღო. რაც შეეხება მოსარჩელის ჩართულობას სარემონტო სამუშაოების განხორციელების პროცესში, მოწმემ განმარტა, რომ სამუშაოები კომპანიის ხარჯებით შესრულდა და იგი მუშებისთვის გადასაცემად თანხებს აძლევდა მოსარჩელეს, რომელიც მხოლოდ სამუშაოების შესრულებას ზედამხედველობდა. თავად მოსარჩელეს ამ პერიოდში საამისოდ არანაირი სახსრები არ გააჩნდა და საბანკო ვალდებულებები ჰქონდა.

13. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა გ.შ–მა (შემდგომ - მეორე მოწმე) და ნ.ვ–მა (შემდგომ - მესამე მოწმე) დაადასტურეს, რომ ზემოაღნიშნულ ფართში მათ გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები შეასრულეს და ამ პროცესში ისინი მოლაპარაკებებს მოსარჩელესთან მართავდნენ. მოწმეები ვერ მიუთითებენ, დანახარჯი რამდენად იყო მოსარჩელის პირადი სახსარი.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე შპს „ს.ს.მ–ის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია. ამ კომპანიასა და მოპასუხეს შორის, 2014 წლის პირველ იანვარსა და 2015 წლის პირველ იანვარს გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულებები ქ. გორში, ....... მდებარე ბინა №22-ზე და №25-ზე. ასევე, წარმოდგენილია 2015 წლის 1 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, გამქირავებელმა გადასცა, ხოლო დამქირავებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირავნობის საგანი და მიღება-ჩაბარების პროცესში მხარეებს რაიმე პრეტენზია ერთმანეთის მიმართ არ გამოუთქვამთ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ეს ფაქტი მოსარჩელემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა და აღნიშნა, რომ კეთილსინდისიერად იხდიდა შეთანხმებულ ქირას, შესაბამისად, დგინდება სარემონტო სამუშაოების შემდგომ ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა სადავო ფართზე და მოსარჩელეს, როგორც დამქირავებელი საწარმოს ერთადერთ პარტნიორსა და დირექტორს, არათუ პრეტენზია არ გააჩნდა სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე, არამედ თავად უხდიდა მოპასუხეს ყოველთვიურ ქირას. როგორც სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მოპასუხემ ქირა გაზარდა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ დასტურდებოდა მოპასუხის ქონებაზე მოსარჩელის მიერ ხარჯების გაწევა და ამით მოპასუხის გამდიდრება, რაც კონდიქციური მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

16. მოსარჩელის მითითებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მას და მოპასუხეს შორის უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით ზეპირი შეთანხება არსებობდა, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 980-მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ამ მუხლის საფუძველზე ხარჯების ანაზღაურების წინაპირობაა პირის სუბიექტური დამოკიდებულება საგანზე მისი სამართლებრივი სტატუსის თაობაზე მას საგანი სამუდამოდ შეძენილი უნდა ეგონოს. ამასთან, უნდა არსებობდეს აღნიშნული ვარაუდის წარმოშობისათვის სათანადო ობიექტური საფუძველი. სსკ-ის 323-ე მუხლით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მხარეთა შორის უძრავი ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა და საჯარო რეესტრში უძრავი ნივთი კვლავ აღრიცხულია მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით. უფრო მეტიც, ქონების გადაცემის თაობაზე მოპასუხის მხრიდან ზეპირი დაპირების გაცემის ფაქტიც არ დგინდება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს ობიექტური საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელეს უძრავი ნივთი უკვე სამუდამოდ შეძენილად მიეჩნია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

19. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეს ქ. გორში, ....., ბინა №25-ში მდებარე უძრავი ქონების მშენებლობა-გარემონტებისათვის ხარჯები არ გაუწევია.

20. კასატორი მიუთითებს, რომ წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე ირიცხება, სარემონტო სამუშაოები კი, მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით შეასრულა, რაც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული ფართი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა. მოსარჩელის მიერ სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება 10641.60 ლარია, შესაბამისად, მოპასუხე მითითებული თანხით მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

21. კასატორის განმარტებით, მხარეები, მათ შორის არსებული ბიზნეს-პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, 1996-2000 წლამდე შპს ,,ძმები გ–ების“ სახელით ერთობლივად ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, სიგარეტების დისტრიბუცია/რეალიზაციას. 1998-1999 წლებში, სწორედ კომერციული მიზნებისათვის მხარეებმა ერთობლივი სახსრებით შეიძინეს წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული უძრავი ქონებები, რომელიც ძმებს შორის არსებული ნდობის საფუძველზე მოპასუხის სახელზე გაფორმდა, თუმცა ზეპირი შეთანხმებით №22 ბინა მოპასუხის საკუთრება იყო, ხოლო №25 ბინა მოსარჩელის.

22. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო მოსარჩელის მიერ ხარჯების გაწევის გასაქარწყლებლად საქმეში წარდგენილ 2012 წლის 5 იანვრის იჯარის ხელშეკრულებას, 2012 წელსა და 2013 წლის პირველ თებერვალს გაფორმებულ შეთანხმებას სრულად დაეყრდნო, რაც არასწორია. სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის განმარტებაც, რომლის თანახმად, ვიდრე მოიჯარე იჯარით აღებულ ფართში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა ის იაფ ქირას დასთანხმდა, დასრულების შემდეგ კი, უნდა გაზრდილიყო.

23. კასატორის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში პირველი მოწმის ჩვენება არასწორად განმარტა.

24. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოები შესრულდა 2011 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ხოლო კომპანიასთან იჯარის ხელშეკრულება 2012 წელს დაიდო, რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს მოიჯარის მიერ უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე ხარჯების გაწევას.

25. კასატორი სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ კომპანიის მიერ უძრავი ქონების გაუმჯობესების ხარჯების გაწევის ფაქტი უნდა დადასტურებულიყო კონკრეტული დოკუმენტებით (ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, სალაროს გასავლის ორდერი, სასაქონლო ზედნადები და სხვა), შესაბამისად, კომპანიის დირექტორის ჩვენება ვერ მიიჩნევა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად. გაუგებარია, რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ კომპანიის დირექტორის - როგორც მოწმის ჩვენება კომპანიის მიერ ხარჯების გაწევის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად.

26. კასატორის განმარტებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს თან ერთვის გაურკვეველი შეთანხმების აქტი, რომლის ნამდვილობაც არ დასტურდება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ აქტი დათარიღებულია 2012 წლით კონკრეტული თვისა და რიცხვის მითითების გარეშე და მასზე კომპანიის სახელით პირველი მოწმე აწერს ხელს. ვინაიდან 2012 წელს კომპანიის დირექტორი შეიცვალა არ დგინდება შეთანხმების აქტზე პირველი მოწმის უფლებამოსილება მით უფრო, რომ შეთანხმების აქტი არ არის დამოწმებული იურიდიული პირის ბეჭდით. ამასთან, არ იკვეთება რეალურად შესრულდა თუ არა აღნიშნულ შეთანხმების აქტში მითითებული სამუშაოები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამავე აქტში მითითებული სამუშაოები არ არის მოსარჩელის მიერ შესრულებული აუცილებელი სამუშაოების იდენტური, რომლის განხორციელებაც სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 ივლისის №004530518 დასკვნით დასტურდება.

27. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო იზიარებს განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე სარემონტო სამუშაოებს მხოლოდ ზედამხედველობდა, რაც სრულიად უსაფუძვლოა. გაუგებარია, რის საფუძველზე დაეყრდნო სასამართლო მოწმის ჩვენებას იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელეს იმ პერიოდში არანაირი სახსრები არ გააჩნდა და საბანკო ვალდებულებები ჰქონდა. აღნიშნული გარემოება არ შეესაბამება რეალობას და მოწმის ჩვენება ვერ იქნება არსებითი მტკიცებულება.

28. სასამართლომ არასწორად შეაფასა მეორე და მესამე მოწმეების ჩვენებაც, რომლის თანახმად, სასამართლომ ვერ დაადგინა გაღებული ხარჯები მოსარჩელის პირადი სახსრები იყო თუ არა. კასატორის განმარტებით, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თავად მოწმის ჩვენება მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა და კანონმდებლობა მოწმეს არ ავალდებულებს, სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს მის მიერ ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. მეორე და მესამე მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ მათ შეასრულეს სარემონტო სამუშაოები, ისინი მოლაპარაკებას მართავდნენ მოსარჩელესთან და შესაბამისად, ანაზღაურებასაც ამ უკანასკნელისგან იღებდნენ. ამასთან, მტკიცებულება, რომლითაც გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრება ხელოსნებისთვის გადახდილ ანაზღაურებაზე, საქმეში არ არის წარმოდგენილი.

29. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეს, როგორც დამქირავებელი საწარმოს ერთადერთ პარტნიორსა და დირექტორს პრეტენზია არ გააჩნდა სამუშაოების ღირებულებაზე, არამედ იგი თავად უხდიდა მოპასუხეს ყოველთვიურ ქირას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საიჯარო ურთიერთობა დამოუკიდებელია გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნისაგან. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი და მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის გადახდის ფაქტი ვერ იქნება იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის უძრავი ქონების გაუმჯობესებისათვის ხარჯები არ გაუწევია ან/და მას არ გააჩნდა პრეტენზია დანახარჯის მოთხოვნასთან მიმართებით. სასამართლოს მითითების უსაფუძვლობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დამქირავებელს წარმოადგენდა არა მოსარჩელე, არამედ შპს ,,ს.ს.მ–ი". ამდენად, გაუგებარია, რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ მოსარჩელეს პრეტენზია არ გააჩნდა სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე.

30. კასატორის განმარტებით, ქ. გორში, ........ მდებარე 25-ე ბინის შესახებ მხარეთა შეთანხმება წერილობით არ გაფორმებულა, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს უძრავი ნივთი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, რასაც ძმური ურთიერთობა განაპირობებდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

31. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

32. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

34. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

35. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:

36. ქ. გორში, ....... მდებარე ბინა №22 და ბინა №25 საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია 1998 წლის 22 ოქტომბრისა და 1999 წლის 15 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებები. ზემოაღნიშნული ფართები დღეის მონაცემებით გაერთიანებულია და ერთ ფართს წარმოადგენს.

37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

38. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო სამართლებრივი დავის გადასაწყვეტად სსკ-ის 987-ე მუხლის გამოყენებას და აღნიშნული ნორმის სამართლებრივ განმარტებაზე აღარ გაამახვილებს ყურადღებას.

39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დანახარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის ელემენტების მტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ხარჯების გამწევს ეკისრება, კერძოდ, ის არის ვალდებული, მიუთითოს დამფუძნებელი ნორმის წინაპირობები და იმის მიხედვით, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე, განისაზღვრება მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები, რომლებიც უტყუარად უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, აქვე უნდა განიმარტოს შედავების საფუძვლიანობა, რამდენადაც რიგ შემთხვევაში იგი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე: ძირითად შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან ფაქტის მხოლოდ უარყოფა - მარტივი შედავება შესაძლოა მტკიცების საგანზე გავლენას არც ახდენდეს. რაც შეეხება კვალიფიციურ შედავებას, იგი სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, ამ შედავების ფარგლებში, სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს მტკიცებულებები და საკუთარ შინაგან რწმენაზე დაყრდნობით განსაზღვროს ფაქტის დადგენილად ცნობის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შესაგებლით შეედავა უძრავ ქონებაზე ხარჯების გაწევას და მიუთითა, რომ რემონტის ხარჯები არა მოსარჩელემ, არამედ იმ კომპანიამ გასწია, რომელთანაც მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული.

40. მოსარჩელე იმის დასადასტურებლად, რომ სადავო ქონებაზე გაწეული ხარჯები მის ფინანსურ რესურსს წარმოადგენდა, საქმეში არსებულ 2018 წლის 2 ივლისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე უთითებს, რომლითაც ქ. გორში, ....... სამსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ფართში, განმცხადებლის მიერ მითითებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება (10641.60 ლარი) დადგინდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს მოსარჩელის მიერ უძრავ ქონებაზე სარემოენტო სამუშაოების ჩატარება.

41. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის ქონებაზე ხარჯების გაწევა არ დასტურდება. აღნიშნული შეფასების საფუძველს საკასაციო სასამართლოს უქმნის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული პირველი მოწმის ჩვენება, რომელმაც მიუთითა, რომ კომპანიამ გაიღო სარემონტო სამუშაოებისათვის ხარჯები. იგი მუშებისთვის გადასაცემად თანხებს მოსარჩელეს აძლევდა, რომელიც მხოლოდ სამუშაოების შესრულებას ზედამხედველობდა. რაც შეეხება, სხვა მოწმეთა ჩვენებას მათ უშუალოდ ვერ დაადასტურეს, რომ სადავო ქონებაზე გაწეული ხარჯები მოსარჩელის ფინანსურ რესურსს წარმოადგენდა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, მოპასუხესა და კომპანია შორის 2012 წელს გაფორმებულ შეთანხმებაზეც, რომლითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებას იღებდა მოპასუხის კუთვნილ ფართში სხვადასხვა სამუშაოები შეესრულებინა. გასათვალისწინებელია მოპასუხესა და პოლიტიკურ გაერთიანება ,,ეროვნულ ფორუმს“ შორის, 2010 წლის 1 ივლისს, გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ქირის თანხა 250 ლარი იყო. ასევე, მოპასუხესა და კომპანიას შორის, 2012 წლის 5 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საიჯარო ქირა ყოველთვიურად 300 ლარი იყო, ხოლო ამ უკანასკნელ მხარეებს შორის, იმავე უძრავ ქონებაზე, 2013 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, ქირავნობის ყოველთვიური თანხა - 625 ლარი გახდა. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებების საფუძველზე იზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ ვიდრე მოიჯარე იჯარით აღებულ ფართში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა, ის იაფ ქირას დასთანხმდა, სამუშაოების დასრულების (თანხის გაქვითვის) შემდეგ კი, ქირა გაიზარდა.

42. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზეც და იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა მოპასუხის უძრავ ქონებაზე ხარჯების გაწევის ფაქტი, ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გააბათილა სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხეს მოწმეთა ჩვენებების გასაქარწყლებლად არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის. ამასთან, მოწმეთა ჩვენების შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და მიუთითებს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობების დამდგენ სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომელის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

44. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების 24-ე პუნქტში მითითებულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ 2011 წელს უძრავი ქონების გარემონტება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არ დასტურდება.

45. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების 26-ე პუნქტში მითითებულ პრეტენიზას, საკასაციო პალატა მიუთითებს რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხესა და კომპანიას შორის 2012 წელს გაფორმებული შეთანხმების სიყალბის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ შეძლო მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება. ამასთან, ამ უკანასკნელს შეეძლო სასამართლოში მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც დადატურდებოდა, რომ კომპანიის მხრიდან ხელის მომწერი პირი არაუფლებამოსილი იყო, თუმცა მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის.

46. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

47. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

49. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1286-2018, 2019 წლის 3 ივნისის განჩინება; Nას-878-2018, 29 აგვისტო, 2018 წელი).

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 533 ლარის 70% – 373.1 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ი.გ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.გ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 533 ლარის (საგადასახადო დავალება №0 / გადახდის თარიღი 10.03.2020), 70% - 373.1 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე