Facebook Twitter

საქმე №ას-914-2020 22 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ტ.ა–ნი (მოპასუხე, სარჩელსა და შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა–ვი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ტ.ა–ნისა (შემდეგში - პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და მ.ა–ვის (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე ან წინამორბედი მესაკუთრის უფლებამონაცვლე) წინააღმდეგ ნ.გ–ამ (შემდეგში - მოსარჩელე, გამსესხებელი ან იპოთეკარი) სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც 2013 წლის 28 ოქტომბერს მასსა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან (შემდეგში - სადავო ხელშეკრულება) გამომდინარე დავალიანების, 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურება და ქ.თბილისში, ......... ქუჩის მეორე შესახვევის N4-ში მდებარე კუთვნილი უძრავი ქონების (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ქონება) რეალიზაციის გზით თანხის გადახდევინება მოითხოვა.

2. მოგვიანებით, მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის მიმართ სასამართლოს შეგებებული სარჩელით წინამორბედი მესაკუთრის უფლებამონაცვლემ მიმართა, რომელმაც სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნება, მოსარჩელისათვის მის სასარგებლოდ 19 200 ლარისა და უძრავი ნივთის დაბრუნებამდე ყოველთვიურად 540 ლარის დაკისრება მოითხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

3.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

3.2. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

3.3. მოსარჩელის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 9 000 აშშ დოლარისა და სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 1 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;

3.4. დადგინდა, რომ სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება წინამორბედი მესაკუთრის უფლებამონაცვლის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით შესრულებულიყო;

3.5. ამავდროულად, უძრავი ქონების პირველი მოპასუხისა და მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში წინამორბედი მესაკუთრის უფლებამონაცვლისათვის გადაცემა დადგინდა;

3.6. 2017 წლის 25 ოქტომბრიდან სადავო უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნებამდე, წინამორბედი მესაკუთრის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ მოსარჩელეს ყოველთვიურად 540 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის გადახდა დაეკისრა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

5.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ 2020 წლის 1 ივლისს 17:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე პირველი მოპასუხე (აპელანტი) არ გამოცხადდა, რომელიც აღნიშნული სხდომის დროის შესახებ ინფორმირებული იყო, ხოლო, სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იშუამდგომლა.

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 372-ე, 70.1, 275.1 მუხლებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

5.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მოტივით გამოუცხადებლობის საკითხზეც იმსჯელა და ჩათვალა, რომ აპელანტის წარმომადგენელ ნ.ჩ–ას, რომელმაც რუსთავის საქალაქო სასამართლოში დანიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მისი მონაწილეობის შესახებ მოსამართლის თანაშემწეს იმავე დღეს აცნობა, გონივრული დრო ჰქონდა მოცემულ საქმეზე დანიშნულ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, რადგან მის მიერ მითითებული სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 1 ივლისს 11:00 საათზე იყო დანიშნული, 11:56 საათზე დაიწყო და 13:30 საათზე დასრულდა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება პირველმა მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის საფუძვლად შემდეგი გარემოებაა დასახელებული:

6.1. მართალია, 2020 წლის 1 ივლისს დანიშნული სხდომის თაობაზე აპელანტის წარმომადგენელ ნ.ჩ–ას კანონით დადგენილი წესით ეცნობა, მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევა წარმოიშვა.

ხსენებულ დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაინიშნა და ჩატარდა, რომელიც ხუთი ბრალდებულის წინააღმდეგ იყო აღძრული და რომელზეც ნ.ჩ–ა წარმომადგენლად გამოდიოდა.

აღნიშნულის შესახებ წარმომადგენელმა მოსამართლის თანაშემწეს ტელეფონით აცნობა და შესაძლო დაგვიანების შესახებ შეატყობინა. მიუხედავად ამისა, წარმომადგენელს აპელანტის უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობა არ მიეცა, თავად აპელანტი კი, ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომებზე ვერ ცხადდებოდა და თავისი უფლებების დაცვას ვერ ახორციელებდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

9. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სსსკ-ის 229.1 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

10. ზემოაღნიშნული ნორმების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე უფლებამოსილია, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის, აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე იმ წესების დაცვით უნდა განახლდეს, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართაა დადგენილი.

12. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნული მუხლი იმ გარემოებათა წრეს განსაზღვრავს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები 233.1 მუხლშია მითითებული, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა გამოტანილია, სხვა გარემოებებზეც შეუძლია მიუთითოს, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო სასამართლოსათვის დროულად ეცნობებინა. ამავდროულად, კანონმდებელი მხარეს ავალდებულებს, სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ სასამართლოს წინასწარ აცნობოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მხარე თავის საჩივარში მიუთითებს, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, მომჩივანს ეკისრება, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. იხ.: სუსგ. №ას-1445-1459-2011, 31.10.2011; №ას-1410-1330-2017, 30.01.2008).

13. სსსკ-ის 215.3 მუხლში იმ გარემოებათა ჩამონათვალია წარმოდგენილი, რომლებიც სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება მიჩნეულ იქნეს. მოცემული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვა 2020 წლის 1 ივლისს, 17:00 საათზე დაინიშნა, რის შესახებაც აპელანტის წარმომადგენელ ნ.ჩ–ას კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სახელდობრ, ხსენებული სასამართლო სხდომის თაობაზე ამ უკანასკნელის ინფორმირება 2020 წლის 24 ივნისის სხდომაზე შედგენილი ხელწერილით შესრულდა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 245, 239-243).

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იშუამდგომლა.

15. საკასაციო პალატის შეფასებით, საქმის განხილვის შესახებ აპელანტს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, პროცესზე იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.

16. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კერძო საჩივრის ავტორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში იგივე დღეს დანიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვაში წარმომადგენლად მონაწილეობის გამო, პროცესზე შესაძლო დაგვიანების შესახებ მოსამართლის თანაშემწეს ტელეფონით შეატყობინა.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დასასაბუთებლად აპელანტის მარწმუნებელმა ნ.ჩ–ამ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა წარმოადგინა, თუმცა მითითებული მტკიცებულება არათუ არ ადასტურებს საპატიო მიზეზის არსებობას, არამედ, იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ წარმომადგენელს საკმარისი დრო ჰქონდა განსახილველ საქმეზე დანიშნულ სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად.

დასახელებული ცნობის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის განხილვა, სადაც ნ.ჩ–ა ერთ-ერთი ბრალდებულის ინტერესებს იცავდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 1 ივლისს 11:00 საათზე იყო დანიშნული, 11:56 საათზე დაიწყო და 13:30 საათზე დასრულდა (ტომი 2, ს.ფ. 265). აქედან გამომდინარე, ნ.ჩ–ას გონივრული დრო ჰქონდა იმისათვის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 1 ივლისს 17:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე გამოცხადებულიყო.

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ.ა–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე