საქმე №ას-1386-2022
13 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი/მ დ.ჩ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ნ.დ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ნასყიდობის საფასურის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
2021 წლის 28 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამათლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს"ნ.დ–ას" სარჩელი დაკმაყოფილდა და ი/მ დ.ჩ–ს დაეკისრა შპს"ნ.დ–ასათვის" 3 520 ლარის გადახდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა დ.ჩ–მა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი/მ დ.ჩ–ის საჩივარი და ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
რუსთავის საქალაქო სასამათლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ი/მ დ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი/მ დ.ჩ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ი/მ დ.ჩ–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის ქვითრის დედანი და კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კერძო საჩივრის მოტივების) მითითებით.
2022 წლის 21 დეკემბერს (დოკუმენტების ფოსტაში ჩაბარების თარიღია 20.12.2022) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა დ.ჩ–ის კერძო საჩივარი და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის ქვითრის დედანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განჩინება დ.ჩ–ს გაეგზავნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა მის შვილს, ონისე ჩოხელს, 2022 წლის 14 დეკემბრს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 14 დეკემბრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2022 წლის 19 დეკემბერს.
დ.ჩ–ი ვალდებული იყო კერძო საჩივრარზე დადგენილი ხარვეზი აღმოეფხვრა 2022 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის ქვითრის დედანი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2022 წლის 21 დეკემბერს. აღნიშნული დოკუმეტები დ.ჩ–მა, სასამართლოში წარმოსადგენად, ფოსტას ჩააბარა 2022 წლის 20 დეკემბერს. ორივე შემხვევაში ხარვეზის შესავსებად განხორციელებული ქმედებები შესრულებული იქნა ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ.ჩ–მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 25 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ი/მ დ.ჩ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. დ.ჩ–ს დაუბრუნდეს მის მიერ (პ/ნ .........) კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №28001058967 სახაზინო კოდი 300773150) (საგადახდო დავალება 15484864202; გადახდის თარიღი 2022 წლის 20 დეკემბერი);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე