6 ოქტომბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-567-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ს–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ს–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, საწარმო) წინააღმდეგ მ.ს–მა (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, აპელანტი, დასაქმებული) სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსარჩელემ მოითხოვა:
1.1. დისციპლინური სახდელის დაკისრების, საყვედურის გამოცხადების, განთავისუფლებისა და მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 16 სექტემბრის ბრძანებების ბათილად ცნობა;
1.2. სამუშაოზე აღდგენა;
1.3. მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, 2020 წლის 16 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დარიცხული 895 ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეზე სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა, ხოლო 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მტკიცებულებათა დართვის, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
ამავდროულად, აპელანტის მოთხოვნა იყო მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ 2021 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის მოსამზადებელი სტადიიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება, ასევე, წერილობითი მტკიცებულებების დართვის, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 მარტის განჩინებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ ამავე სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინება, მტკიცებულებათა დართვაზე, მოწმეთა გამოძახებასა და დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინება და საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
5.1. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 203.1, 203.2, 205.1, 207-ე, 4.1 მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ საქმის მოსამზადებელი ეტაპი სამოქალაქო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, რომლის განმავლობაშიც შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველსაყოფად მხარეებს უფლება აქვთ, ყველა ის ფაქტი და მტკიცებულება წარადგინონ, რომელსაც საკუთარ პოზიციას ამყარებენ და რომლებიც განსახილველი დავის ფარგლებში რელევანტურია. მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ მხარეები შეზღუდული არიან წარადგინონ ახალი ფაქტები და მტკიცებულებები ან სადავოდ გახადონ ის გარემოებები, რომელთა შესახებაც საქმის მოსამზადებელ ეტაპზე პრეტენზია არ გაცხადებულა. შესაბამისად, მოსამზადებელ ეტაპზე მხარეებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, სადავო საკითხებთან დაკავშირებით მათი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებების თაობაზე პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა ამოწურონ.
5.2. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი სარჩელისა და შესაგებლის ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს მიერ მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის გარეშე მთავარი სხდომის დანიშვნის დროს მხარეთა შორის ისეთი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არსებობდა, რომელთა შესახებაც შესაბამისი პოზიციები და მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო, კერძოდ, შესაგებელში მოპასუხემ ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე - სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითა და მოსარჩელის კანონიერ გაფიცვაში მონაწილეობის ფაქტი დამატებით სადავოდ გახადა. აღნიშნული გარემოებები სარჩელის მოთხოვნების განხორციელებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა, ხოლო სარჩელში მოცემული არგუმენტები და მასზე დართული მტკიცებულებები შესაგებელში ჩამოყალიბებულ პოზიციებს არ პასუხობდა, რაც მტკიცების ტვირთს მოსარჩელეზე აბრუნებდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქმის მომზადებულად მიჩნევისთვის წარმოდგენილი მასალები საკმარისი იყო და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის წინაპირობა აღარ არსებობდა, რადგან სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესი მოსარჩელისათვის მოპასუხის შედავებაზე პასუხის გაცემისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობის მიცემას ითვალისწინებდა.
5.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოპასუხის პოზიციაზე საპასუხოდ მოსარჩელეს საკმარისი დრო ჰქონდა, ვინაიდან საქმის გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელისთვის განჭვრეტადი არ ყოფილა, რომ მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის გარეშე სასამართლო პირდაპირ საქმის არსებითად განხილვაზე გადავიდოდა.
5.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ცალსახა იყო, რომ ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება და ამის საფუძველზე მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის წინაპირობა არსებობდა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა.
5.5. რაკი პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას, რომლის მიღებაზეც მას უარი ეთქვა, შესაძლოა საქმის შედეგზე გადამწყვეტი გავლენა ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, რისი საჭიროებაც ცალსახად არსებობდა, შესაძლებელია საქმეზე სრულიად სხვა შედეგი დამდგარიყო.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს.
საკასაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებზეა დამყარებული:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 205.1 მუხლიდან გამომდინარე, მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა სასამართლოს დისკრეციაა და არა - იმპერატიული ვალდებულება, კერძოდ, კანონმდებელმა სასამართლოს ასეთი დისკრეციული უფლებამოსილება იმ დაშვებით მიანიჭა, რომ საქმის ზეპირი შეჯიბრებითობისათვის მოსამზადებლად მხარეებს საკმარისი დრო ჰქონდეთ. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი 2020 წლის 13 ნოემბერსაა წარმოდგენილი, მოპასუხემ შესაგებელი 2020 წლის 4 დეკემბერს შეიტანა, ხოლო სასამართლოს მთავარი სხდომა 2021 წლის 14 ივნისს დაინიშნა. ამდენად, მოსარჩელეს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად საჭირო ყველა მტკიცებულება წარედგინა, თუმცა ასე არ უმოქმედია.
6.2. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის გარეშე სასამართლოს მიერ საქმის პირდაპირ არსებითად განხილვის ფაქტს მოსარჩელე წინასწარ ვერ განსაზღვრავდა, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამი ადვოკატი წარმოადგენდა, რომელთაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოქმედ შეჯიბრებითობისა და საპროცესო ეკონომიის პრინციპებზე უნდა სცოდნოდათ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. მოცემულ საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა.
9. ზემომითითებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ხოლო სააპელაციო საჩივრის პრეტენზია იმ გარემოებაზე ააგო, რომ მთავარი სხდომის დანიშვნამდე პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა არ დანიშნა, რითაც მას მოპასუხის საწინააღმდეგო არგუმენტებზე პასუხის გაცემისა და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა არ მიეცა და რაც იმაში გამოიხატა, რომ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენისა და მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილებაც და საოქმო განჩინებაც სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა, რაც შემდეგი ძირითადი მოსაზრებით დაასაბუთა:
სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესი მოსარჩელისათვის მოპასუხის შედავებაზე პასუხის გაცემისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობის მიცემას ითვალისწინებს; მოცემულ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებებთან (მათ შორის, სარჩელის ხანდაზმულობა) დაკავშირებით საქმეზე დამატებითი პოზიციებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის საჭიროება და ამის საფუძველზე მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის წინაპირობა გამოიკვეთა; რაკი პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას (რომლის მიღებაზეც მას უარი ეთქვა), შესაძლოა, საქმის შედეგზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა.
11. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილ მსჯელობას ვერ გაიზიარებს, რასაც შემდეგი არგუმენტებით ასაბუთებს:
11.1. იმ წერილობითი მტკიცებულებების შესახებ, რომელთა საქმეზე დართვის შუამდგომლობაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის სხდომაზე გაჟღერდა (წერილობით სასამართლოს კანცელარიაში წარმოდგენილია 2021 წლის 11 ივნისს), მოსარჩელეს სარჩელში არ აღუნიშნავს (იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-18).
უფრო მეტიც, მოპასუხის შესაგებლის (სადაც სარჩელის ხანდაზმულობაზე მიეთითა) ჩაბარებიდან (2020 წლის 4 დეკემბერი, იხ. ს.ფ. 93-94) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით იმავე წლის 14 ივნისს მთავარი სხდომის დანიშვნამდე პერიოდში მოსარჩელეს ზემომითითებული მტკიცებულებების საქმეზე დართვის შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს და არც მანამდე მათი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი დაუსახელებია.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ).
სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე; მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნულია 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით, მოსარჩელისთვის შესაგებლის (სადაც მოპასუხემ სარჩელის ხანდაზმულობაზე პრეტენზია განაცხადა) ჩაბარებიდან ოთხ თვეზე (ოთხი თვე და 23 დღე) მეტი პერიოდის გასვლის შემდეგ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მ.ს–ს საკმარისად დიდი დრო ჰქონდა სასამართლოსადმი შესაბამისი შუამდგომლობით მიმართვის უფლების სარეალიზაციოდ.
11.2. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე სამოქალაქო საქმეთა განხილვის შემჭიდროებული (1-თვიანი) ვადაა დადგენილი (სსსკ-ის 59.3 მუხლი), რაც ამ ტიპის დავების დროულად განხილვის მიზნიდან გამომდინარეობს. ეს გარემოებაც იმის მაუწყებელია, რომ მტკიცებულებათა წარდგენისა და მოწმეთა დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლების სარეალიზაციოდ მოსარჩელისთვის ოთხ თვეზე ხანგრძლივი პერიოდი გინივრულია და მ.ს–ს გააჩნდა საკმარისი ვადა რათა სასამართლოსთვის სათანადო შუამდგომლობით მიემართა.
11.3. სსსკ-ის 205-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. ამავე კოდექსის 207.1 მუხლის შესაბამისად, მოსამართლე მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას საქმის არსებითი განხილვისათვის, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის.
მოხმობილი საპროცესო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა სასამართლოს დისკრეციული უფლებაა, რაც ამავე ნორმის დისპოზიციაში აღწერილი წინაპირობების გათვალისწინებით გამოიყენება. შესაბამისად, აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვის მიზნით პირდაპირ მთავარი სხდომის დანიშვნა კანონშეუსაბამო ქმედებად ვერ შეფასდება, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც საპროცესო კანონმდებლობა შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სარჩელების განხილვისთვის შემჭიდროებულ ვადებს ითვალისწინებს და მხარისთვის შესაგებლის ჩაბარებიდან ოთხ თვეზე მეტია გასული.
12. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოპასუხის პოზიციაზე შეპასუხებისთვის მოსარჩელეს საკმარისი დრო ჰქონდა. ეს მოსაზრება სააპელაციო სასამართლომ იმით დაასაბუთა, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელისათვის განჭვრეტადი არ ყოფილა, თუკი მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის გარეშე სასამართლო პირდაპირ საქმის არსებითად განხილვაზე გადავიდოდა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული გარემოება მოსარჩელეს ხელს არ უშლიდა შესაგებელში აღწერილი პოზიციისგან თავდასაცავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება საქმის მომზადების სტადიაზევე გამოეყენებინა.
კერძოდ, დროის მითითებულ მონაკვეთში მისთვის სასურველი წერილობითი მტკიცებულების საქმეზე დართვისა და შესაბამისი მოწმეების დაკითხვის თაობაზე სასამართლოს წინაშე შუამდგომლობები წარედგინა. როგორც ზემოთ განიმარტა, საქმის მასალებიდან გამომდინარე, საამისოდ მოსარჩელეს საკმარისი დრო ჰქონდა. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული დისპოზიციურობის პრინციპის არსი კი ისაა, რომ მათთვის სასურველი პროცესუალური შედეგის დადგომის უზრუნველსაყოფად მხარეებმა კანონით ნებადართული ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ.
13. განსახილველი საკითხის სწორად შესაფასებლად კიდევ ერთი გარემოებაა საყურადღებო, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს სამი ადვოკატი წარმოადგენდა, რაც მათ მიერ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების, ასევე სასამართლოს მხრიდან შრომითი დავების შემჭიდროებულ ვადებში განხილვის ვალდებულების ცოდნის პრეზუმფციის დაშვებას განაპირობებს.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მ.ს–ის ადვოკატების წარმოდგენილ მტკიცებულებათა თარიღს, რომელთა ანალიზით აშკარაა, რომ ყველა მტკიცებულება 2021 წლის 27 აპრილამდეა შექმნილი (მთავარი სხდომის დანიშვნის თარიღი). მოსარჩელის წარმომადგენლებს არ მიუთითებიათ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები მათთან არ იმყოფებოდა და წარმოიშვა მათი სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვის აუცილებლობა რაც დოკუმენტების დაგვიანებით წარმოდგენას დაასაბუთებდა.
შესაბამისად, ეს გარემოებები დამატებით ამყარებს პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მხარეს ერთმნიშვნელოვნად შეეძლო სასურველი წერილობითი მტკიცებულებების საქმის მომზადების სტადიაზე წარმოდგენა და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნების შესახებ სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
14. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ვინაიდან საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
15. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე