Facebook Twitter

საქმე №ას-1675-2018 25 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.დ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ც–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი.დ–ი (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) და რ.ც–ი (შემდგომში - „მოპასუხე“), როგორც შპს ,,ს.ყ.კ–ის“ ( G.C.C.) (შემდგომში - „კომპანია“) წარმომადგენელი (დირექტორი, დამფუძნებელი), 2014 წლის 20 ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, მხარეთა შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელისა და ა.დ–ის სარჩელი კომპანიის მიმართ დაკმაყოფილდა. კომპანიას (წარმომადგენელი/დირექტორი - მოპასუხე) მოსარჩელისა და ა.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 73 000 აშშ დოლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა კომპანიის მიერ მოსარჩელეების მიმართ 2014 წლის 20 ოქტომბრისა და 2014 წლის 22 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელეების მიმართ თანხის დაკისრებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენდა კომპანია.

3. 2014 წლის 22 ნოემბრის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა, ერთი მხრივ, კომპანიის დამფუძნებელ და დირექტორ მოპასუხესა და, მეორე მხრივ, ა.დ–ს შორის. ხელშეკრულების საფუძველზე, ა.დ–მა აიღო ვალდებულება, აღნიშნული კომპანიის გაძლიერება-განვითარებისათვის, მოპასუხისათვის გადაეცა 120 000 აშშ დოლარი, სესხად, ინვესტიციის სახით, ერთი წლის ვადით. ამასთან, მოპასუხემ აიღო ვალდებულება, აღნიშნული თანხა მოეხმარებინა კომპანიის გაძლიერებისათვის და მიღებული მთლიანი მოგების 50% გადაეცა ყოველთვიურად ინვესტორისათვის, უკვე დაბეგრილი თანხა დივიდენდის სახით. ხელშეკრულებას ხელს აწერს ა.დ–ი მინაწერით - „აღნიშნული თანხა გადავეცი“; მოპასუხე - „თანხა მივიღე“, რაც დამოწმებულია კომპანიის ბეჭდით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ამ დავაში მონაწილე მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2014 წლის 22 ნოემბრის შეთანხმებაში ა.დ–ის მიერ მოპასუხისათვის გადასაცემი 120 000 აშშ დოლარი ასევე მოიცავდა 20 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე (რომელიც დადებული იყო მოსარჩელესა და კომპანიის დამფუძნებელ და დირექტორ მოპასუხეს შორის) გადაცემულ 60 000 აშშ დოლარს.

5. 2014 წლის 01 ნოემბერს, ერთი მხრივ, კომპანიის დამფუძნებელ და დირექტორ მოპასუხესა და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, აღნიშნული კომპანიის გაძლიერება-განვითარების მიზნით, მოპასუხისათვის გადაეცა 70 000 აშშ დოლარი, სესხად, უპროცენტოდ, სამი თვის ვადით. ამასთან, მოპასუხემ აიღო ვალდებულება, მიღებული სესხი სრულად დაებრუნებინა მოსარჩელისათვის აღნიშნულ ვადაში. ხელშეკრულებას ხელს აწერს მოსარჩელე მინაწერით - „აღნიშნული თანხა გადავეცი“; მოპასუხე - „თანხა მივიღე“.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 70 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

7. სარჩელის თანახმად, 2014 წლის 1 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 70 000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით. ვადის დადგომის მიუხედავად, მოპასუხე არ აბრუნებს სესხის თანხას.

8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 70 000 აშშ დოლარის გადახდა.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტები და აღნიშნა, რომ სადავო გარემოებას წარმოადგენდა 2014 წლის 01 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 01 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების მხარეებს ასევე წარმოადგენენ მოსარჩელე და კომპანია.

14. პალატის ზემოაღნიშნული დასკვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 1. ხელშეკრულება დადებულია კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის - მოპასუხის მიერ; 2. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სესხად გადაცემული თანხა უნდა მოხმარებოდა აღნიშნული კომპანიის გაძლიერება-განვითარებას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ დასკვნას ასევე ამყარებს ის გარემოება, რომ 2014 წლის 22 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე, რომელიც წარმოადგენს სადავო 2014 წლის 01 ნოემბრის ხელშეკრულების იდენტურს, მოსარჩელემ და ა.დ–მა სარჩელი აღძრეს არა ფიზიკური პირის - მოპასუხის მიმართ, არამედ, იურიდიული პირის - კომპანიის მიმართ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის მითითებით, მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, მოსამართლის კითხვაზე, თუ რამ განაპირობა კონკრეტულ შემთხვევაში ფიზიკური პირის მიმართ სარჩელის აღძვრის საჭიროება მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევაში მსგავსი სასესხო ურთიერთობის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრული იყო იურიდიული პირის მიმართ, მოსარჩელე მხარე პასუხობს, რომ აღნიშნული განპირობებული იყო იურიდიული პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობით (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმში, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე მხარის) განმარტება).

15. აღნიშნული გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო ხელშეკრულება დადებული იყო ორ ფიზიკურ პირს - მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის.

16. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 01 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 70 000 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა სესხის ხელშეკრულების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებზე. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე დაყრდნობით, დაასკვნა, რომ, ვინაიდან 2014 წლის 01 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების მხარეები არიან მოსარჩელე და კომპანია და, შესაბამისად, მოპასუხე არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს და სესხის დაბრუნებაზე ვალდებულ პირს, მის მიმართ სადავო მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

18. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

18.1. 2014 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულება დადებულია ორ ფიზიკურ პირს შორის, ვინაიდან მოპასუხე იღებს ვალდებულებას მიღებული სესხი სრულად დაუბრუნოს მოსარჩელეს, რაც დასტურდება მხოლოდ ხელის მოწერით, რასაც კავშირი არ აქვს კომპანიასთან. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება არ ეხება აღნიშნული კომპანიის გაძლიერება-განვითარებას. ამასთან, არ დასტურდება კომპანიის მიერ თანხის მიღება, მოპასუხემ პირადად მოიხმარა მიღებული თანხა;

18.2. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება იურიდიული პირის მიმართ სხვა დავას და სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იურიდიული პირის მიმართ სხვა დავიდან გამომდინარე. ფაქტიურად სასამართლო პროცესზე იხილებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ეხებოდა კომპანიას და არა - ფიზიკურ პირს. მოსამართლეების კითხვებიც მოსარჩელის მიმართ ეხებოდა სხვა საქმეს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რადგან არ დასცალდა განმარტების ბოლომდე ჩამოყალიბება (იხ. სხდომის ოქმის აუდიო-ჩანაწერი);

18.3. სასამართლოს მოსარჩელისთვის არ დაუსვამს გადაწყვეტილებაში აღნიშნული შეკითხვა, არამედ მოსამართლემ იკითხა: აღსრულდა ის გადაწყვეტილებაო? (იხ. მოსარჩელის განმარტება 11:42:35).

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სსკ-ის 623-ე მუხლით [სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი] გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სადავო 2014 წლის 01 ნოემბრის ხელშეკრულება დადებულია ორ ფიზიკურ პირს შორის. გამომდინარე იქედან, რომ სადავო ხელშეკრულებაში მოპასუხე მითითებულია, როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი და, ამავე დროს, სესხი აღებულია კომპანიის გაძლიერება-განვითარების მიზნით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ხელშეკრულების მხარეები არიან მოსარჩელე და კომპანია.

26. ამასთან, სადავო ხელშეკრულების მხოლოდ ხელმოწერებით დადასტურებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იურიდიული პირის მიერ ნების გამოხატვისთვის საკმარისია მისი ხელმძღვანელი პირის ხელმოწერა (გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა [სსკ-ის 69.3 მუხლი]; საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი [„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 5.5 მუხლი]).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

28. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის 70% – 4 200 ლარი.

30. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2014 წლის 01 ნოემბრის ხელშეკრულება N1, 2014 წლის 22 ნოემბრის ხელშეკრულება N1/1), მთლიანობაში „2“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. 67-68).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ი.დ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 22 ოქტომბრის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 (ექვსი ათასი) ლარის 70% – 4 200 (ოთხი ათას ორასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. კასატორს ი.დ–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2014 წლის 01 ნოემბრის ხელშეკრულება N1, 2014 წლის 22 ნოემბრის ხელშეკრულება N1/1), მთლიანობაში „2“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. 67-68);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე