Facebook Twitter

საქმე №ას-152-2023 22 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ა–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის სოლიდარულად დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი.ა–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ნ.გ–ძეს მოსარჩელე ი.ა–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 8 000 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების მ.გ–ძის და ა.ტ–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ.გ–ძეს მოსარჩელე ი.ა–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 767 ლარის გადახდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2022 წლის 08 თებერვალის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნანა გაგნიძემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ.გ–ძემ, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აპელანტის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი, თუმცა მხარისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღნიშნული ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარდგენილი იქნა ვადის დარღვევით, რის გამოც სასამართლოს შეეძლო აღნიშნული ქვითრის წარდგენის თარიღის გათვალისწინებით ჩაეთვალა ხარვეზი შევსებულად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.გ–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

12. განსახილველ შემთხვევაში, 2022 წლის 09 დეკემბერს აპელანტის ნ.გ–ძის წარმომადგენელს დ.კ–ძეს სასამართლო შეტყობინების შესახებ აქტით ეცნო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 10 დეკემბერს და ამოიწურა 2022 წლის 19 დეკემბერს, რომელიც არ იყო უქმე დღე. 2022 წლის 20 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა აპელანტის წარმომადგენელმა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის 855.50 ლარის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ხოლო, 2022 წლის 21 დეკემბერს წარმოადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევით, შესაბამისად, სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, ამდენად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე