საქმე №ას-223-2023 22 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ.კ–ძის სარჩელი, მოპასუხეების შპს „ბ.ჰ–ისა“ და შპს „ა.გის’’ მიმართ, თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ბ.ჰ–ს“ მოსარჩელე დ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 8200 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს „ა.გ–ს’’ მოსარჩელე დ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 1150 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის გაასაჩივრა შპს „ბ.ჰ–ის“ წარმომადგენელმა ნ.ბ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით აღნიშნული სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო დარჩა განუხილველი
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „ბ.ჰ–ი“ რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება. საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება საფუძვლიანია, თუმცა ის გარემოება, რომ გასაჩივრების ვადის პერიოდში მხარე საპროცესო წარმომადგენლის გარეშე დარჩა, ამჟამინდელ ახალ წარმომადგენელს კი საქმის გარემოებების შესახებ ეცნო 2022 წლის 26 ოქტომბერს, რომელმაც მხარისგან გაიგო, რომ მოტივირებული გადაწყვეტილება ჩაბარდათ 2022 წლის 17 ოქტომბერს, შესაბამისად, მან ვეღარ შეძლო გასაჩივრების ვადის დაცვით სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ.ჰ–ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
10. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
11. ამავე კოდექსის 259(1) მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ 2022 წლის 14 სექტემბერს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, შპს „ბ.ჰ–ის“ წარმომადგენელს ი.ჯ–ძეს 2022 წლის 13 სექტემბერს სატელეფონო აქტით ეცნო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მოპასუხეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში, სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
13. პალატის მითითებით, ბ.ჰ–ის წარმომადგენელი სასამართლოში დაგვიანებით, 2022 წლის 17 ოქტომბერს გამოცხადდა და გადაწყვეტილების ასლიც იმავე დღეს ჩაიბარა, შესაბამისად, შპს ,,ბ.ჰ–ისათვის“ გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის (2022 წლის 14 ოქტომბრის) მომდევნო დღიდან დაიწყო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის პირველი დღე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2022 წლის 15 ოქტომბერი, ხოლო, ვადის უკანასკნელი დღე - 2022 წლის 28 ოქტომბერი იყო, თუმცა მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2022 წლის 01 ნოემბერს (სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2022 წლის 31 ოქტომბერს), კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.
14. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 259-ე პრიმა მუხლით განსაზღვრული, ასევე 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესებს აქვთ იმპერატიული დათქმა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ვადების გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ვერ აღდგება აღშნიშნული ვადები, რადგან მხარემ გაუშვა გასაჩივრების 14 დღიანი ვადა, ხოლო მითითება საპროცესო წარმომადგენლის ცვლილებაზე ვერ ჩაითვლება ისეთი სახის დაუძლეველ ძალად, რომლის არსებობის შემთხვევაშიც მხარესთვის შეუძლებელი იქნებოდა საჩივრის წარდგენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აპელანტი იურიდიული პირია და მისი ფიზიკურ პირთან შედარებით საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის საკითხი უფრო მკაცრად განისაზღვრება.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, ამდენად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ბ.ჰ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე