Facebook Twitter

საქმე № ას-289-2020 4 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ჟ.ძ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - გ.ც–ძე (მ.ც–ძის უფლებამონაცვლე), ლ.ლ–ი, ხ.ს–ძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - შპს „ს–ის“ 2010 წლის 23 დეკემბრის N4 პარტნიორთა კრების ოქმის კანონიერად/ნამდვილად აღიარება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის შესაბამისი ცვლილებების ასახვის დავალება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ჟ.ძ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, სარჩელი შპს „ს–ის“ (შემდეგში: სკოლა) 2010 წლის 23 დეკემბრის #4 პარტნიორთა კრების ოქმის კანონიერად/ნამდვილად აღიარების შესახებ, პარტნიორებს შორის წილების გადანაწილების თაობაზე მათ მიერ განხორციელებული დამატებითი შენატანების პროპორციულად: ჟ.ძ–ზე - 28%, მ.ც–ძეზე - 38%, ხ.ს–ძეზე - 15%, ლ.ლ–ზე 19% არ დაკმაყოფილდა.

2. კასატორის განმარტებით სადავო კრების ოქმით დადგენილია წილის ცვლილება პარტნიორებს შორის. თავად სადავო კრების ოქმის ნამდვილობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს მითითებულ ნაწილში და აღიარეს, რომ კრების ოქმი ნამდვილია, ყველა პარტნიორმა მოაწერა ოქმზე ხელი, ამასთან, კრების ოქმით გათვალისწინებული თანხები ყველა პარტნიორმა შეიტანა კაპიტალში.

3. კასატორის მტკიცებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, როგორც აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება, შესაბამისად ამ კუთხითად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები:

8.1. შპს კ. ბ-ს. „ა-ბ–ას“ (რეგისტრაციის თარიღი: 29.03.1999წ.) უფლებამონაცვლე 2003 წლის 15 ივლისს გახდა შპს ს.ს.ს-კ. „ს–ი“.

8.2. პარტნიორთა კრებაზე 2017 წლის 23 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ს.ს.ს-კ–მა „ს–მა“ შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ს–ი“. ამავე კრებაზე, პარტნიორთა ხმების 100%-ით დამტკიცდა ახალი წესდების რედაქცია, არჩეულ იქნა სკოლის გენერალური დირექტორი და დირექტორი.

8.3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, 2017 წელს დარეგისტრირდა სკოლის ახალი წესდება და ცვლილებები.

8.4. 2017 წლის 23 იანვრის მდგომარეობით წესდების მე-4 მუხლის მიხედვით საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენენ მ.ც–ძე - 51%, წილის მფლობელი ლ.ლ–ი - 20%, წილის მფლობელი მოსარჩელე - 20% წილის მფლობელი და ხ.ს–ძე - 9% წილის მფლობელი. წესდებას ყველა პარტნიორი აწერს ხელს.

8.5. 2018 წლის 23 იანვრის განცხადებით მოსარჩელის წარმომადგენელმა ნ.ძ–მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2010 წლის 23 დეკემბრის კრების ოქმის მიხედვით საწესდებო კაპიტალში შენატანის გამო განხორციელებულიყო ცვლილება, შემდეგი წილობრივი მონაწილეობით: მ.ც–ძე - 38,2% წილი, ხ.ს–ძე - 14.3%, ჟ.ძ–ი - 29%, ლ.ლ–ი 18,5%. ასევე განმცხადებელმა მოითხოვა, კრების ოქმის თანახმად საწესდებო კაპიტალი განსაზღვრულიყო 740 000 ლარის ოდენობით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით შეაჩერა ცვლილების რეგისტრაცია, ხოლო 2018 წლის 26 თებერვალს შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.

8.6. 2010 წლის 23 დეკემბერს ჩატარდა სკოლის დამფუძნებელ პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდა ყველა პარტნიორი, დღის წესრიგის პირველი საკითხი იყო საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანების განსაზღვრა. მეორე საკითხი - საპრივატიზაციო თანხის გადარიცხვა. კრებაზე ყველა დამფუძნებლის თანხმობით განისაზღვრა საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანები „სულ 48 550 ლარი“, რომელიც მათივე შეთანხმებით გადაირიცხა პრივატიზაციისთვის. საბოლოოდ დამფუძნებელი პარტნიორების მიერ საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანები განისაზღვრა 740 000.75 ლარის ოდენობით. აღნიშნული კრების ოქმის საფუძველზე მოსარჩელე ითხოვს ცვლილებების რეგისტრაციას.

8.7. პარტნიორებს ერთობლივი შეთანხმებით საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანების განსაზღვრის თაობაზე რამდენიმე კრება აქვთ ჩატარებული, რის გამოც იზრდებოდა საწესდებო კაპიტალში ფულადი შენატანი, თუმცა აღნიშნული გარემოება სამეწარმეო რეესტრში არ ასახულა.

8.8. 2018 წლის 19 თებერვალს ჩატარდა სკოლის პარტნიორთა რიგგარეშე კრება. კრებას ესწრებოდა დამფუძნებელი პარტნიორი/მოსარჩელე. დღის წესრიგი შეეხებოდა პარტნიორთა შენატანის შესაბამისად წილთა განსაზღვრას, კერძოდ: მ.ც–ძე 38,2% (256 102/660 010), ხ.ს–ძე - 14,3% (94 897/660 010), ჟ.ძ–ი - 29% (185 929/660 010), ლ.ლ–ი - 18,5% (122 582/660 010). ვინაიდან კრებას არ ესწრებოდა სამი პარტნიორი საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა რეგისტრაციაზე, რადგან აღნიშნული ცვლილება საჭიროებდა პარტნიორთა თანხმობას, ჟ.ძ–მა 2018 წლის 26 თებერვალს, 17:30 საათზე დანიშნა განმეორებითი კრება.

8.9. მოპასუხემ საქმეზე წარადგინა 2010-2011 წლის და 2015-2016 წლის წესდებები, სადაც წილები გადანაწილებულია შემდეგი მონაცემებით: მ.ც–ძე - 51%, ხ.ს–ძე - 9%, ჟ.ძ–ი - 20%, ლ.ლ–ი - 20%.

8.10. 2017 წლის 24 იანვრის ამონაწერით სკოლა რეგისტრირებულია 1999 წლის 29 მარტს, გენერალური დირექტორია მ.ც–ძე, ხოლო, სკოლის დირექტორი შ.მ–ი. კომპანიის პარტნიორები არიან მ.ც–ძე - 51% წილით, ლ.ლ–ი 20%, ჟ.ძ–ი 20% და ხ.ს–ძე - 9% წილით.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა 2010 წლის 23 დეკემბრის კრების ოქმის შესაბამისად განხორციელებული შენატანისა და განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის პროპორციულად საწარმოს პარტნიორთა წილობრივი თანაფარდობის ცვლილებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სადავო კრების ოქმის ნამდვილად აღიარების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო თუ არა საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება და მოსარჩელის წილის ზრდა საწარმოში.

10. დადგენილია, რომ სკოლა კომპლექსი მ.ც–ძის (40%), მოსარჩელის (20%), ხ.ს–ძის (20%) და ლ.ლ–ის (20%) წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა 1999 წლის 31 მარტს. კომპანიის საწესდებო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრა - 2 000 ლარით. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, შეცვლილია თავდაპირველი წილობრივი თანაფარდობა და მ.ც–ძის საკუთრებაში რეგისტრირდება კომპანიის 51% წილი, ხოლო ხ.ს–ძის საკუთრებაში - 9% წილი. მოსარჩელე, 2010 წლის 23 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმზე დაყრდნობით მოითხოვდა საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებას და განმარტავდა, რომ კრების ოქმით გაზრდილი საწესდებო კაპიტალის შესაბამისად უნდა შეცვლილიყო პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა, კერძოდ მის საკუთრებაში უნდა აღრიცხულიყო კომპანიის - 28% წილი, მ.ც–ძის საკუთრებაში - 38%, ხ.ს–ძეს უნდა მიკუთვნებოდა - 15%, ხოლო ლ.ლ–ს - 19%.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (ძველი რედაქცია) 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. მოხმობილი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება, არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს საწარმოს ვალდებულებებს პარტნიორის (პარტნიორის) მიმართ და პარტნიორის უფლებებს საზოგადოებაში. სპეციალური კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 46-ე მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანი მოგების მიღებაა. პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღებაა - დივიდენდის სახით.

12. სამოქალაქო კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, „კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული“. ამავე კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, „ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს“. 152-ე მუხლის შესაბამისად, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.

13. შპს-ს წილი არის მიმოქცევადი უფლება, რომელიც ეკუთვნის პარტნიორს და შესაბამისად შეუძლია განკარგოს შეუზღუდავად, კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში (იხ. სსკ-ის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). ამგვარი სახელშეკრულებო ბოჭვა შესაძლებელია დაწესდეს საწარმოს დაფუძნებისას შედგენილი წესდებით, ან შემდგომაც, ყველა პარტნიორის შეთანხმებით. რადგან წილის გასხვისების უფლების შეზღუდვა პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებაზე, დაუშვებელია ამგვარი გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი პარტნიორის თანხმობის გარეშე (იხ. იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-52 პუნქტი);

14. სპეციალური კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. ამავე მუხლის 51 პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება, მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ანალოგიურ დათქმას შეიცავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბერს N241 ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი. ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი განსაზღვრულია სპეციალური კანონის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინი „დაინტერესებული პირი“ კანონში გამოიყენება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით, კერძოდ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირად მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულის მიხედვით, მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით საკუთრებაში ქონების გადასვლისათვის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.

16. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სადავო 2010 წლის 23 დეკემბრის ოქმის ფარგლებში პარტნიორთა მხრიდან გამოვლენილი ნებისა და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს შეფასების საგანია.

17. მითითებული კრების ოქმის შესაბამისად, მასზე განსახილველ დღის წესრიგს წარმოადგენდა საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანის განსაზღვრა და საპრივატიზებო თანხის გადარიცხვა. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანები, კერძოდ მ.ც–ძემ შეიტანა - 6 349 ლარი, ხ.ს–ძემ - 5 990 ლარი, ლ.ლ–მა - 11 207 ლარი და ჟ.ძ–მა - 25 004 ლარი (ჯამში საწესდებო კაპიტალს დაემატა - 48 550 ლარი), რომელიც ამავე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გადაირიცხა პრივატიზებისთვის.

18. კრების ოქმით დადასტურებულია, რომ ეტაპობრივი გადახდით, მთლიანობაში სკოლა კომპლექსის დამფუძნებელმა პარტნიორებმა საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანები განსაზღვრეს 740 000.75 ლარით (პირველი შენატანი - 294 000 ლარი, მეორე შენატანი - 162 450 ლარი, მესამე შენატანი - 235 000 ლარი და მეოთხე შენატანი - 48 550.75 ლარი). შენატანების ჯამიდან (740 000 ლარი) - დამფუძნებლების შენატანის ოდენობა განისაზღვრა - 660 010.75 ლარით, ხოლო 80 000 ლარი წარმოადგენდა პრივატიზებისათვის სესხად აღებულ თანხას. ამავე კრების ოქმის შესაბამისად, სკოლა კომპლექსის დამფუძნებელ პარტნიორთა მიერ საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანები განისაზღვრა შემდეგნაირად: მ.ც–ძე - 256 602.25 ლარის ოდენობით, ხ.ს–ძე - 94 897 ლარი, ჟ.ძ–ი - 185 929.25 ლარი და ლ.ლ–ი - 122 582.25 ლარი. სწორედ ხსენებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კომპანიის წილები დამფუძნებელთა შორის უნდა გადანაწილდეს გაზრდილი საწესდებო კაპიტალის ფარგლებში მათ მიერ განხორციელებული შენატანების პროპორციულად.

19. იმ დროისთვის მოქმედი სპეციალური კანონის მე-3 მუხლის 4​1 პუნქტის თანახმად, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზეც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. პარტნიორთა შეთანხმების (წესდების) ნაწილი, რომელიც შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს და რომელიც რეგისტრირდება რეესტრში, არის სარეგისტრაციო განაცხადი. პარტნიორთა შეთანხმება, რომლის რეგისტრაციაც არ არის სავალდებულო, იდება წერილობითი ფორმით და იგი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ენაზე (პარტნიორთა შეთანხმება (წესდება)). მოხმობილი ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა. ამავე მუხლის 5​2 პუნქტის თანახმად, თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია.

20. მოხმობილი კანონის 46.2​1 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორებს უფლება აქვთ, თავიანთი წილების პროპორციულად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საზოგადოების კაპიტალის გაზრდაში, პარტნიორთა საერთო კრების მიერ დადგენილ ვადაში კაპიტალში შესაბამისი შენატანების სრული ოდენობით განხორციელებით, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდება. ამასთანავე, რომელიმე პარტნიორის მიერ აღნიშნული უფლების სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობა წარმოიშვას.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებული საკორპორაციო სამართლებრივი ურთიერთობის შეფასების შედეგად, მათ შორის თავად სადავო კრების ოქმის შინაარსისა და მასში პარტნიორთა მხრიდან გამოვლენილი ნების, ასევე შემდეგ პერიოდშიც პრეტენზიის განუცხადებლობის (განახლებული წესდებებით წილობრივი მონაწილეობისა და საწესდებო კაპიტალის შეუცვლელობის) შედეგად ცალსახაა, რომ მხარეებს 2010 წლის 23 დეკემბერს ნება წილთა თანაფარდობის ცვლილებასთან მიმართებით არ გამოუვლენიათ და მხოლოდ ხსენებული კრების ოქმის არსებობა ვერ დაედება საფუძვლად ამგვარ ცვლილებას.

22. გარემოება, რომ პარტნიორთა მხრიდან საწარმოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე პერიოდულად ხორციელდებოდა თანხების შეტანა, აპრიორი ვერ წარმოშობს მათი წილობრივი მონაწილეობის ცვლილებას, რადგანაც არ დგინდება ყველა პარტნიორის მხრიდან ამგვარი ნების გამოვლენა.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წილობრივი თანაფარდობა თითოეული პარტნიორისათვის კორპორაციული ურთიერთობებისა და თავად საზოგადოების საქმიანობის წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, შესაბამისად ამგვარ ცვლილებას შესაძლოა საფუძვლად დაედოს თავად პარტნიორთა კრების მიერ სათანადო წესით მიღებული გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა დაედასტურებინა გარემოება, რომ მისი მხრიდან შენატანი განხორციელდა სათანადო პროცენტული ოდენობით წილის მიღების სანაცვლოდ, რისი დაუდასტურებლობაც საფუძველს აცლის წარდგენილ სარჩელს.

24. გარემოება, რომ წესდებით განისაზღვრა „საწესდებო კაპიტალში“ თანხის შეტანა აპრიორი არ მიუთითებს პარტნიორთა მხრიდან ნების გამოვლენას საწარმოს წილობრივი თანაფარდობის ცვლილებასთან მიმართებით, რომელიც თავის მხრივ კორპორაციული მართვისათვის უმთავრესი ელემენტია, რამეთუ წილი განაპირობებს თითოეული პარტნიორის შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს საწარმოს მართვაში მისი წილის შესაბამისად, ამავდროულად წილი დაკავშირებულია დივიდენდის შესაბამისი ოდენობის განსაზღვრასთან და მიკუთვნებასთან. ამდენად, წილობრივი თანაფარდობის ცვლილების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ პარტნიორთა კრებაზე, სათანადოდ - ცალსახად გამოვლენილი ნებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

25. მოცემულ შემთხვევაში, სადავო 2010 წლის 23 დეკემბრის კრების ოქმით არ დგინდება საწარმოს პარტნიორთა ნება შეცვლილიყო მათი წილების გადანაწილება, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მტკიცებას ამგვარი ნების გამოვლენასთან მიმართებით. პალატის მიდგომას ამყარებს ის გარემოებაც, რომ 2010 წლის შემდეგ კომპანიის არც ერთ პარტნიორს არ გამოუვლენია პრეტენზია აღნიშნულ კრების ოქმზე დაყრდნობით წილის ცვლილებასთან მიმართებით.

26. გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების მიერ მითითებული კრების ოქმის შემდგომ დამტკიცებული წესდებებითაც არ შეცვლილა პარტნიორთა წილობრივი მონაცემები და მასშიც ასახული იყო იგივე წილები. ასევე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კომპანიის საწესდებო კაპიტალი 2017 წელს დამტკიცებული წესდებითაც განსაზღვრულია 2000 ლარის ოდენობით. (ანალოგიურად არის გადანაწილებული წილები და საწესდებო კაპიტალი 2010-2011 წლის და 2015-2016წ. სასწავლო წესდებებით). ყველა წესდება დამოწმებულია მოსარჩელის მხრიდან, რაც მოწმობს იმ გარემოებას, რომ მის მიერ სადავოდ არ გამხდარა გარემოება წილის ოდენობასთან დაკავშირებით, ამასთან, საგულისხმოა, რომ კაპიტალის შეტანა 2010 წელს ვერ იქნება 2018 წლისთვის წილის განმსაზღვრელი გარემოების დამადასტურებელი ფაქტი.

27. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხეთა შედავებაზე კრების ოქმის ნამდვილობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მოსარჩელე, კრების ოქმის ნამდვილად აღიარების პირობებშიც, იმ სათანადო შედეგს, რომელიც მისი სარჩელის ინტერესია ვერ მიაღწევს, მეტიც, უშუალოდ კრების ოქმის ნამდვილობა სადავო არაა (იხ. სსკ-ის 180-ე მუხლი).

28. მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას მოწინააღმდეგე მხარეთა შედავების მართებულობასთან დაკავშირებით და სპეციალური კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად „ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს“ ხანდაზმულად განიხილავს 2010 წლის 23 დეკემბრის კრების ოქმიდან მომდინარე პრეტენზიას.

29. აპელანტის მითითება, რომ დავა შეეხება საკუთრების უფლებას, რომელზეც როგორც აბსოლიტურ კატეგორიაზე არ უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადები, საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად არ არის მართებული. მოცემულ შემთხვევაში დავა არ გამომდინარეობს უკვე არსებული საკუთრების უფლებიდან, არამედ შეეხება გარკვეული გარიგების (კრების ოქმის) სანაცვლოდ წილის საკუთრებაში მიღებას, რაც წარმოადგენს პარტნიორის მოთხოვნას და იგი ვერ განიხილება არსებულ საკუთრებად, როგორც აბსოლუტურ უფლებად. სასამართლო პრაქტიკით, ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება. მოცემულ შემთხვევაში პარტნიორთა მიერ წილთან მიმართებით წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება რელატიურ ურთიერთობად და მასზე უნდა გავრცელდეს ამ ურთიერთობის სპეციალური მოწესრიგების კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადა. ამდენად, სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, როგორც მისი უსაფუძვლობის, ასევე მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლითაც.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

31. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ჟ.ძ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ჟ.ძ–ს (.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 2020 წლის 23 მარტი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსარმართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე