საქმე № ას- 438-2021 15 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ლ–ძე, დ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ბ–ი, მ.ბ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ლ–ძისა და დ.ბ–ის საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ.ბ–ის სარჩელი გ.ბ–ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვნის შესახებ, მ.ბ–ისა და გ.ბ–ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, ნ.ლ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მ.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ.ლ–ძისა და დ.ბ–ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა #...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მ.ბ–ს.
2. კასატორის განმარტებით, 1997 წლიდან გ.ბ–ის მეუღლეა, სადავო ქონება კი 1998 წლიდან შეიძინეს, დასახელებული გარემოება, სადავო ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია, რაც გამორიცხავდა გ.ბ–ის მიერ სადავო ქონების ერთპიროვნულად განკარგვას და ამასთანავე უსაფუძვლოს ხდიდა მოსარჩელის მოთხოვნას, უკანონო მფლობელობიდან სადავო ქონების გამოთხოვის შესახებ.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ)გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია;
6. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები:
6.1. ნ.ლ–ძე 1997 წლიდან ფაქტობრივ ქორწინებაში, ხოლო 2002 წლის 7 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ.ბ–თან.
6.2. ერთად ცხოვრების პერიოდში ნ.ლ–ძეს და გ.ბ–ს შეეძინათ ერთი შვილი - დ.ბ–ი - დაბადებული 1998 წლის 24 ივნისს.
6.3. გ.ბ–მა 1998 წლის 6 მარტს შეიძინა უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. გორი, ........, საკადასტრო კოდი: 3 №...... საცხოვრებელი ბინის შეძენისას, გ.ბ–ი და ნ.ლ–ძე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში.
6.4. უძრავი ქონებაზე - საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. გორი, ....., საკადასტრო კოდი: №...... გ.ბ–ის სახელზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში, აღირიცხა 2007 წლის 12 დეკემბერს.
6.5. უძრავი ქონება მდებარე: ქ.გორი, ......., საკადასტრო კოდი: №... საჯარო რეესტრში 2018 წლის 3 იანვრიდან აღრიცხულია მ.ბ–ის სახელზე.
6.6. ნ.ლ–ძე 1980 წლის 1 მაისს დაიბადა და როგორც დაქორწინებისას, ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულების ფაქტობრივად დადებისას (რომელიც გაფორმდა 1998 წლის 6 მარტს, ხოლო, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2007 წლის 10 დეკემბერს) არასრულწლოვანი იყო.
6.7. გ.ბ–მა სადავო უძრავი ქონება 2007 წლის 12 დეკემბერს მიყიდა დეიდას - მ.ბ–ს, დავის განხილვის მომენტში სადავო ბინაში ნ.ლ–ძე და დ.ბ–ი ცხოვრობენ.
7. სსკ-ის 1106-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით.
8. სსკ-ის 1151-ე მუხლის მიხედვით მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი. სსკ-ის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. სსკ-ის 1161-ე მუხლის მიხედვით თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და ასევე, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
9. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ "ერთ-ერთმა მეუღლემ სადავო ბინა შეიძინა 2001 წლის 13 აპრილს ნაწყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 2001 წლის 10 ივლისს, ანუ მეუღლემ ბინა შეიძინა ქორწინებამდე, ხოლო დაარეგისტირა ქორწინების შემდეგ. საჯარო რეესტრი წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, სახელდობრ როგორიცაა უძრავ ნივთებზე საკუთრება და სხვა სანივთო უფლებები. საჯარო რეესტრის ძირითადი დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ იგი ასრულებს მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის გარანტიის ფუნქციას. ქორწინების შემდეგ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების აღრიცხვით, სადავო ბინა ვერ ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ქონება შეძენილი უნდა იყოს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში ერთობლივი შრომითა და საერთო სახსრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია ,რომ სადავო ბინის ღირებულება ერთ-ერთმა მეუღლემ გადაიხადა ქორწინებამდე, სადავო ბინა უნდა ჩაითვალოს შესაბამისად მის ინდივიდუალურ საკუთრებად და მასზე ვერ გავრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი" (ას-33-483-06, 8.09.2006).
10. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია რომ ნ.ლ–ძე და გ.ბ–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2002 წლის 7 ნოემბრიდან, ხოლო, სადავო ქონება გ.ბ–მა შეიძინა 1998 წლის 6 მარტს, შესაბამისად, დასახელებული ქონება არა მეუღლეთა თანასაკუთრებას, არამედ გ.ბ–ის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც 2007 წლის 12 დეკემბერს საჯარო რეესტრში აღრიცხა, ხოლო, 2017 წლის 27 დეკემბერს გაასხვისა. აღსანიშნავია, რომ ნ.ლ–ძემ ვერ დაადასტურა სადავო ქონების შეძენა მისი მშობლების მიერ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ქონების საფასურის ნაწილი 1 500 აშშ დოლარი გაბრიელმა გადაიხადა, ასევე მისი მონაწილეობით ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, სადავო ქონების დარჩენილი საფასური კი არ დასტურდება თუ ვინ გადაიხადა.
11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უდავოა, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მ.ბ–ია, რომლის უძრავ ქონებასაც უკანონოდ ფლობენ კასატორები.
12. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 1163-ე მუხლს „თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა. მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული“ მოიხმობს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არც საქორწინო ხელშეკრულებაზე მიუთითებიათ მხარეებს, რომელიც ზოგადისგან განსხვავებულ, სპეციალურ მიდგომას შემოგვთავაზებდა სადავო საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით და არც რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ სადავო ქონების ღირებულების ისეთ გადაგეგმარებაზე, მშენებლობის დასრულებაზე, გადაკეთებაზე ან სხვა გაუმჯობესებაზე მიუთითებიათ, რომელიც სადავო ქონების ღირებულებას გაზრდიდა და მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივ რეჟიმში მოაქცევდა.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 168-ე მუხლზე ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, 170-ე მუხლის პირველ ნაწილსა მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისულად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას და 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
14. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, კასატორს, მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა, კასატორის უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით. კასატორმა ვერ მიუთითა ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლებოდა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ლ–ძისა და დ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ნ.ლ–ძესა (....) და დ.ბ–ს (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №11177989379, გადახდის თარიღი 07.07.2021), 2 124.77 ლარის 70% - 1 487.33 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე