საქმე №ას-503-2020 13 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.ლ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ე.რ–ი, ი.რ–ი, ო.რ–ი, შ. ი.ს.ნ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ.ლ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც სარჩელი ე.რ.ნ–ის, ო.რ–ის, ი.ს.ნ. შ–ო.რ–ის და ი.ნ–ი რ–ის (შემდეგში: მოპასუხეები, მყიდველები) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა სადავო უძრავი ქონების საფასურის მოსარჩელისთვის გადახდის ფაქტი. კასატორის განმარტებით სასამართლო ცრუ მოწმეებს დაეყრდნო გადაწყვეტილების დასაბუთებისას.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები:
7.1. მოსარჩელესა და მოპასუხეთა წარმომადგენელს მ.ზ.ნ–ის შორის, 2008 წლის 6 მარტს დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობად სახელდებული ხელშეკრულება (ტ.1,ს. ფ. 58-61).
7.2. ნასყიდობის ხელშეკრულების ობიექტს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ....., ფართობი 5600 კვ.მ, საკადასტრო კოდი ....... და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისი, ...., ფართობი 347 კვ.მ, საკადასტრო კოდი ....., წარმოადგენდა. ხელშეკრულების ფასი 1 070 872 აშშ დოლარით განისაზღვრა (ტ. 1, ს.ფ. 58-61).
7.3. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, მყიდველს ხელშეკრულების საფასური - 1 070 872 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 დღის განმავლობაში უნდა გადაეხადა. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი ზემოხსენებულ თანხას ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში არ გადაიხდიდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინამდებარე ხელშეკრულება გაუქმებულად ჩაითვლებოდა და მდგომარეობა პირვანდელ სახეს დაუბრუნდებოდა (ტ. 1, ს.ფ. 58-61).
7.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში მოპასუხეთა საკუთრებად აღირიცხა. უძრავი ქონება გაერთიანებულია სხვა საკადასტრო კოდებით მდებარე მიწის ნაკვეთებთან, ის სარჩელის აღძვრის დროისთვის დატვირთული იყო იპოთეკით და მასზე რეგისტრირებული იყო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (ტ .1, ს.ფ. 62-69, 69-81).
7.5. ხელშეკრულების გაფორმების დღეს, 2008 წლის 6 მარტს, მოპასუხეთა წარმომადგენელმა სს „ს.ბ–დან“ მოსარჩელეს, საკუთარ ანგარიშზე, 161 781 აშშ დოლარი ჩაურიცხა (ტ. 1, ს.ფ. 13, 144).
7.6. მოპასუხეთა წარმომადგენლის ანგარიშიდან, 2008 წლის 6 მარტს ი.ნ–ძის ანგარიშზე - 137 605 აშშ დოლარი, ა.ბ–ის ანგარიშზე - 391 704 აშშ დოლარი, ხოლო დ.დ–ძის ანგარიშზე - 404 782 აშშ დოლარი გადაირიცხა. სულ 2008 წლის 6 მარტს მეირ მოპასუხეთა წარმომადგენლის ანგარიშიდან სხვადასხვა პირებისათვის გადაირიცა 2 270 030 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, 25 მესაკუთრისგან 56 749 კვ.მ მიწა შეიძინეს (ტ. 1. ს.ფ. 144-145).
7.7. მოსარჩელის მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ტერიტორიული ორგანოს გამგეობის სპეციალისტად 2007 წლის 12 ივნისიდან 27 დეკემბრამდე მუშაობდა, 2008 წლის 17 მარტიდან გადავიდა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მსხალდიდის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელად, ხოლო 2008 წლის პირველ დეკემბერს, პირადი განცხადების საფუძველზე, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. 2010 წლის 17 ივნისიდან იგი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (ცნობის გაცემამდე პერიოდი 2014 წლის 9 ივნისი), 2014 წლის 24 ივნისიდან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე და აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიის წევრი, ფრაქცია მაჟორიტარის თავმჯდომარე, იყო (ტ. 1, ს.ფ. 252, 259, 258).
8. საკასაციო სასამართლო წინამდებარე გარემოებებთან ერთად ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის მიმდინარე დავის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, კერძოდ, დადგენილია:
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
8.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამყიდველის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
8.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპიდან.
9. საკასაციო სასამართლოს მითითების მიხედვით, იმ დროისთვის კასატორების (მოპასუხეების) მოთხოვნა რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზევე მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდებოდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის საქმის დაბრუნების შესახებ და ძალაში დარჩებოდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, პროცესუალურად დაუსაბუთებელი იყო. საკასაციო სასამართლოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არ ჰქონდა შესაძლებლობა ემსჯელა, დაედგინა და შეეფასებინა ახალი გარემოებები და ფაქტები.
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის საბოლოო ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე (სსსკ-ის 404-ე და 407-ე მუხლები), რომელიც უფლებამოსილია, უკვე დადგენილი ფაქტები შეაფასოს სამართლებრივად, მათ შორის, არ გაიზიაროს ქვემდგომი სასამართლოს იურიდიული დასაბუთება და განსხვავებულ სამართლებრივ მოტივაციას დააფუძნოს გადაწყვეტილება.
11. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე # ას-664-635-2016, პუნქტი 187).
12. საკასაციო სასამართლომ, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ერთ-ერთ მოტივად მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა, თუ რა სამართალურთიერთობა იყო მხარეთა შორის, რათა შემოწმებულიყო სარჩელის სარჩელის ეტაპი, ანუ სარჩელში მითითებული ფაქტების მიხედვით, რა მოთხოვნას აყენებდა მოსარჩელე მოპასუხეთა წინააღმდეგ. იმის გათვალისწინებით, თუ მოსარჩელის მოთხოვნას გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და განხორციელებად იქნებოდა, ხოლო, მოპასუხის ეტაპზე შემოწმდებოდა შესაგებელი სსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით.
13. სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებული განჩინებით განმარტა, რომ მხარეთა მიერ წარდგენილი სადავო ხელშეკრულება თავისი არსით ნასყიდობის ხელშეკრულება იყო. დასახელებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით დადგენილი იყო ნასყიდობის სრული საფასურის - 1 070 872 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 დღის განმავლობაში, ხოლო ასეთი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუქმებულად ჩაითვლებოდა და მდგომარეობა დაუბრუნდებოდა პირვანდელ სახეს.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სარჩელში მითითებულ მე-2, მე-3 და მე-4 ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, როგორც გამყიდველი/მოსარჩელე აღნიშნავდა, 2008 წლის 6 მარტის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, მყიდველებს უნდა გადაეხადათ 1 070 872 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 დღის განმავლობაში. ხელშეკრულება, დადების დღესვე, წარედგინა საჯარო რეესტრს და რამდენიმე დღეში მიწა მყიდველების სახელზე დარეგისტრირდა. ხელშეკრულების გაფორმების დღეს, ანუ 2008 წლის 6 მარტს მყიდველთა წარმომადგენელმა გამყიდველს თანხის ნაწილი - 161 781 აშშ დოლარი ჩაურიცხა, შემდეგ არც ერთი თეთრი მოპასუხეთა მხრიდან არ გადახდილა (იხ. სარჩელი- ტ.1, ს.ფ.45). ამ მხრივ სააპელაციო პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქმის მასალებში წარდგენილ მტკიცებულებებზე, საიდანაც ფაქტობრივი გარემოებები სხვაგვარად დგინდებოდა, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, გამყიდველსა და მყიდველს შორის ხელმოწერილი 2008 წლის 6 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე: ა) საჯარო რეესტრმა 2008 წლის 6 მარტს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთზე მიიღო განაცხადი ს/კ ....., 0.56 ჰა., რომელზეც მოპასუხეთა საკუთრების უფლება 2008 წლის 12 მარტს დარეგისტრირდა; ბ) რაც შეეხება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მეორე უძრავ ქონებას, რომელიც ამავე ხელშეკრულებითაა გასხვისებული, ს/კ ......, 0.0347 ჰა, მასზე საჯარო რეესტრმა განაცხადი 2008 წლის 19 მარტს მიიღო და მასზე მოპასუხეთა საკუთრების უფლება მხოლოდ 2008 წლის 25 მარტს აღირიცხა (ტ.1, ს.ფ. 62-63.).
15. მხარეთა ნება ნასყიდობის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით შემდეგნაირად უნდა განიმარტოს საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გამყიდველმა ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთები გადასცა მყიდველებს, რომელთაც წერილობით გაფორმებული გარიგების საფუძველზე, განსაზღვრული საკუთრების უფლების აღრიცხვისთვის საჭირო პროცედურები განახორციელეს ანუ საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართეს, რის შედეგადაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ერთ მიწის ნაკვეთზე მყიდველის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2008 წლის 12 მარტს, ხოლო მეორეზე - იმავე წლის 25 მარტს. ამავე შეთანხმებით, ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამ დღეში, მყიდველს ნასყიდობის საფასური უნდა გადაეხადა გამყიდველისათვის, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, ანუ, 2008 წლის 10 მარტს, თუკი გამყიდველი ვერ მიიღებდა ნასყიდობის საფასურს სრულად, მაშინ ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმებულად ჩაითვლებოდა და მხარეები დაუბრუნდებოდნენ პირვანდელ მდგომარეობას, რაც იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრებას ვერ დაირეგისტრირებდა მყიდველი, ხოლო თუკი ამ უკანასკნელს ნასყიდობის საფასურიდან რაიმე ნაწილი ექნებოდა გადახდილი გამყიდველისათვის, მაშინ მას ეს თანხა უნდა დაებრუნებინა მყიდველისათვის.
16. განსახილველი დავის სწორი გადაწყვეტის მიზნებისთვის უმნიშვნელოვანესია განიმარტოს ხელშეკრულებიდან გასვლისა და ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებები და მისი განხორციელების კანონისმიერი წინაპირობები. ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება. ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულების დადებამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდებიან, აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმი სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით წესრიგდება. 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), ხოლო, 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის ინტერესი დაკარგა. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის წარმატებისთვის აუცილებელია მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევა იყოს მნიშვნელოვანი და ეს დარღვევა მხარეს ხელშეკრულების მიმართ ინტერესს უკარგავდეს.
17. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების საფუძვლები შეიძლება მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად დაიყოს. მატერიალურში შეიძლება ვიგულისხმოთ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ფორმალურში – დამატებითი ვადის დაწესება და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს) ბ) მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი) გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც დაუყოვნებლივ წარდგენილი იქნება მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება.
18. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის მექანიზმს, მნიშვნელოვანია განიმარტოს რომ ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმა) სამართლებრივ ინსტიტუტსა და ხელშეკრულების შეწყვეტას შორის პრინციპული განსხვავებაა კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულების დადებამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდებიან, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტამდე განხორციელებული შესრულება და მისი შედეგები ძალაში რჩება. ამ მიმართებით, საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მოშლის/შეწყვეტის ინსტიტუტი მიმართულია არა შესრულების შედეგად მიღებული შედეგების უკან დაბრუნების, არამედ ხელშეკრულების შესრულებაზე მომავალში უარის თქმაზე, მართებულია მხოლოდ გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ, რადგან მოკლევადიან ხელშეკრულებებზე მოშლის ინსტიტუტი არ ვრცელდება. ხელშეკრულების მოშლა გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლით, რომელიც მხოლოდ გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობებს შეეხება. ხელშეკრულების მოშლა და ხელშეკრულებიდან გასვლა, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ვალდებულების ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე შეწყვეტას გულისხმობს, მაგრამ მოშლის თავისებურება სწორედ ისაა, რომ წყდება სამომავლო შესრულების ვალდებულება, ხოლო უკვე შესრულებული მხარეებს არ უბრუნდებათ (გარდა სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხელშეკრულებიდან გასვლა კი, ნატურით დაბრუნებას გულისხმობს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-779-746-2014).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2008 წლის 6 მარტს დადებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, გამყიდველს მყიდველისაგან უძრავ ქონებაზე გადაცემული საბუთების დაბრუნების მოთხოვნის უფლება 2008 წლის 10 მარტს წარმოეშვა, თუმცა, მას ეს უფლება არ გამოუყენებია, საქმის მასალებში წარდგენილი არ იყო არცერთი რელევანტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელემ 2008 წლის 10-13 მარტს მოპასუხეს მიმართა, ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა განუსაზღვრა ან/და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე შეთავაზება გაუკეთა.
20. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, მოსარჩელის მიერ მიღებული თანხის უკან დაბრუნებასაც გულისხმობდა, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს ამგვარი ნება გამოეხატა.
21. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მყიდველზე საკუთრების უფლება აღირიცხა 2008 წლის 12 და 25 მარტს, ანუ 2008 წლის 10 მარტიდან მოყოლებული, მოსარჩელეს შეეძლო არა მხოლოდ მყიდველებს დაკავშირებოდა და ხელშეკრულების შესრულების თაობაზე გაფრთხილება მიეცა, არამედ შეეძლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიემართა და პრეტენზიის არსებობის თაობაზე განეცხადებინა, რაც სულ მცირე, სამომავლოდ შემძენის კეთილსინდისიერების საკითხზე იქონიებდა გავლენას და ამასთან, შესაძლებელია საჯარო რეესტრის მიერ მოქმედების განხორციელების შეჩერების/შეწყვეტის (საკუთრების რეგისტრაცია) საფუძველიც კი, გამხდარიყო, თუმცა ამგვარი მიმართვის თაობაზე მტკიცებულებაც საქმის მასალებში არ მოიძებნება.
22. საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტს მიაქცევს კვლავ ყურადღებას და განმარტავს, რომ დასახელებული პუნქტით განსაზღვრული პირობა 3 დღის ვადაში ნივთის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუქმებულიყო, ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობებზე და ვადაშე შეთანხმებაა (სსკ-ის 355-ე მუხლის მიხედვით „ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით“, ხოლო 356-ე მუხლის მიხედვით: „თუ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა არ არის დადგენილი, მაშინ შეიძლება გამსვლელ პირს ხელშეკრულების მეორე მხარისაგან ასეთი ვადა განესაზღვროს. ვადა უნდა იყოს გონივრული. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ქარწყლდება, თუ უარი ვადის გასვლამდე არ იქნება გაცხადებული“). ამ შემთხვევაში, აპელანტის მითითება, რომ ვალდებულების დარღვევის მიუხედავად, ვერ შეძლო მოპასუხეთა მოძიება და ინფორმირება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, დაუსაბუთებელია. საქმის გარემოებებით დამტკიცებულია, რომ ხოლო, საპირისპირო მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის, რომ მას არანაირი სახით, მათ შორის მაგალითად ფოსტის ან სხვაგვარი საშუალებით არ უცდია მოპასუხეთათვის ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულების მოშლის ან ვალდებულების დარღვევისა და მის შესასრულებლად დამატებითი დროის განსაზღვრისთვის, ან ასეთი დროის განსაზღვრის უშედეგობის მიზეზებზე მითითებით. ამდენად, მხარეთა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ მოსარჩელის მიერ ამ პირობის შესაბამისი წესით განუხორციელებლობის გამო ამ უკანასკნელმა დაკარგა.
23. ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეებმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულეს, რაც იმთავითვე გამორიცხავდა, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით, მოსარჩელისთვის ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედება, სსკ-ის 427-ე მუხლის „ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით“ შეწყდა შესრულებით.
24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. დავალების ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებათა რიგს არ მიეკუთვნება, ანუ შესაძლებელია მისი, როგორც წერილობითი ასევე, ზეპირი ფორმით დადება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეეები აცხადებდნენ, რომ მოსარჩელის მითითებით შეთანხმებული თანხიდან ნაწილი მას პირად ანგარიშზე ჩაურიცხა, ხოლო ნაწილი მის მიერ დასახელებულ ოთხ პირს ნაღდი ანგარიშსწორების გზით, გადასცა.
25. აღნიშნული საკითხის შეფასებისთვის საჭირო იყო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეეფასებინათ უძრავი ქონების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამასთან, იმ გარემოების გამოსაკვლევად კონკრეტულად რა თანხა იყო გადახდილი, რა მიზნით და რომელი ვალდებულების შესასრულებლად საჭირო იყო დამატებითი გარემოებებისა და ფაქტების შესწავლა, მათ შორის, საქმეზე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებების, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასება.
26. საკასაციო სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ საქმის გარემოებებისა და იმავე მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, ერთ-ერთი მთავარი მოწმე და საქმის მნიშვნელოვანი მონაწილე ა.ბ–ი განმარტავდა, რომ ებრაელ ბიზნესმენებთან (მოპასუხეები) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ორგანიზატორი იყო, მანვე დააკავშირა მყიდველებს სხვა შუამავლებიც (დ–ძე, ნ–ძე), რომელთაც საშუამავლო გადასახადის სახით, ტრანზაქციიდან თითოეულს დაახლოებით 13 700 აშშ დოლარი შეხვდათ. მისივე განმარტებით, მოსარჩელე ხელშეკრულების გაფორმებისას საჯარო მოხელე იყო, მას არ სურდა მის ანგარიშზე დიდი ფულადი თანხები აკუმულირებულიყო, ამიტომ ითხოვა, რომ თანხის ნაწილი შუამავლების ანგარიშზე ჩარიცხულიყო, ნაწილი კი, თავად მას ჩარიცხვოდა. 2020 წლის 23 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე, დ.დ–ძე დაიკითხა, რომელმაც განმარტა, რომ ერთ-ერთ თანამოპასუხე ნ–ის დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა, ისრაელში მასთან ერთადაც კი, ცხოვრობდა. მოწმემ განმარტა, რომ ა.ბ–ი მისი მეგობარი იყო, რომელმაც სთხოვა დახმარება, კერძოდ, მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 27 თებერვალს მოწმე ი.ნ–ძეც დაიკითხა, რომელმაც განმარტა, რომ ა.ბ–ი ამ ხელშეკრულების გაფორმების მთავარი ორგანიზატორი იყო, მას ჰყავდა ინვესტორები, მოწმე იძიებდა მიწის ნაკვეთებს, მოლაპარაკებებს აწარმოებდა სოფელში მიწის მესაკუთრეებთან და აგვარებდნენ სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ამ მომსახურებისთვის მას დაახლოებით 12 000 აშშ დოლარი შეხვდა. მოწმე ი.ნ–ძე იდენტურ ჩვენებას აძლევს თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ და განმარტავს, რომ მოსარჩელეს არ სურდა მის ანგარიშზე დიდი თანხის აკუმულირება, რის გამოც შუამავლების ანგარიშზე ჩარიცხა თანხა, რომელიც მან გამოიტანა, თავისი კუთვნილი წილი დაიტოვა, ხოლო დარჩენილი თანხა ა.ბ–ს გადასცა.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებულ მოწმეთა სადავო საგანთან მიმართებით ორგანიზატორების სტატუსით ჩართულობას ადასტურებდა საქმის დოკუმენტაცია და ასევე, მოწმეების სახით გამოკითხული სოფელი ... მცხოვრები პირების ჩვენებები. დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა მოპასუხეებზე მოსარჩელის მსგავსი სახის ხელშეკრულებები გააფორმეს. კერძოდ, ვ.გ–ი, რომელიც 2017 წლის 10 ნოემბერს გამოიკითხა აცხადებდა, რომ მოსარჩელის შეთავაზებას, საკუთრებაში არსებული მიწის ინვესტორებისთვის მიყიდვის თაობაზე დათანხმდა, ვინაიდან მას არ გააჩნდა საბანკო ანგარიში მისთვის გადასაცემი მიწის საფასური - 25 000 აშშ დოლარი მოსარჩელის ანგარიშზე ჩაირიცხა, რომელმაც მოგვიანებით თანხა ხელზე გადასცა. მოლაპარაკებებში მოსარჩელის ჩართულობაზე საუბრობენ აგრეთვე გამოკითხული ს.ჩ–ნი და ზ.მ–ია, გ.გ–ძე, ე.მ–ა და მ.კ–ი. ასევე გამოკითხული ნ.ბ–ი განმარტავს, რომ მის მეუღლეს მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით ვინმე არჩილი დაუკავშირდა, მოლაპარაკებების შედეგად, საბოლოოდ ინვესტორმა მათი უძრავი ქონება შეიძინა. აგრეთვე, გამოკითხული რ.ლ–ი აცხადებდა, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გაყიდვაში ჯ.ბ–ძე და ა.ბ–ი იყვნენ ჩართულები. გ.ფ–ვა, მ.მ–ია, ლ.გ–ძე და ნ.მ–აც, სოფელ .... მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისებაში ა.ბ–ის ჩართულობას ადასტურებდნენ.
28. ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ქონებაზე ხელშეკრულებები მოსარჩელისა და მოწმედ დასახელებული პირების მონაწილეობით იდებოდა, მათ შორის იგივე პირებმა მიიღეს უძრავი ქონებების საფასური.
29. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე პირველ ინსტანციაში დაკითხული ნოტარიუსის ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც მოპასუხეთა წარმომადგენელი - ზ.მ.ნ–ი მისი კლიენტი იყო და მისი მონაწილეობით არაერთი გარიგება დაუმოწმებია. ნოტარიუსი თავისი პრაქტიკიდან გამომდინარე აცხადებდა, რომ მხარეს მხოლოდ მას შემდეგ ატანდა ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად, რაც მყიდველი გადაუხდიდა გამყიდველს თანხას. მოსარჩელეს (გამყიდველს) არც ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის განმავლობაში და არც შემდეგ, თანხის გადაუხდელობის შესახებ რაიმე პრეტენზიით მისთვის არ მიუმართავს.
30. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით (მხარეთა, მოპასუხეთა წარმომადგენლისა და მოწმეთა ამონაწერებით) დასტურდებოდა, ხელშეკრულების დადების დღესვე ნასყიდობის სრული საფასურის - 1 070 872 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 161 781 აშშ დოლარი გადახდილია საბანკო გადარიცხვით უშუალოდ მოსარჩელის სახელზე, ხოლო დანარჩენი თანხა, გადახდილია სხვა პირების - ა.ბ–ის - 391 704 აშშ დოლარი, დ.დ–ძის - 379 782 აშშ დოლარი და ი.ნ–ძის - 137 605 აშშ დოლარი, ანგარიშებზე, ეს თანხა ჯამში სწორედ სადავოდ გამხდარ 11 ხელშეკრულებაში შეთანხმებულ თანხას - 1 070 872 აშშ დოლარს ქმნის, რაც სასამართლოს უმყარებს შინაგან რწმენას რომ მხარეთა შეთანხმება ხელშკერულებაში მითითებული თანხის თაობაზე არა მხოლოდ მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მისაღებ, არამედ სხვა მიწის მესაკუთრეების მიერ გაყიდული მიწის ნაკვეთების საფასურსა და ორგანიზატორების სახით ჩართული პირების საკომისიოსაც მოიცავდა. დასახელებულ გარემოებას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ ერთდროულად და ერთ ტერიტორიაზე გასხვისებული 9 მიწის ნაკვეთის ფასისგან განსხვავებით სადაც თითოეული ნაკვეთის შემთხვევაში ქონების საბაზრო ღირებულება კვადრატზე 22-25 აშშ დოლარს შეადგენდა, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საფასური კვადრატზე 180 აშშ დოლარი იყო. საგულისხმოა, რომ დასახელებული ნაკვეთები ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული და რაიმე გარემოებით ერთმანეთისგან არსებითად არ განსხვავდება, რასაც შესაძლოა ფასში მსგავსი სხვაობა გამოეწვია. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოსარჩელის ქონება გზის პირას მდებარეობდა, ხოლო გამოკვლევებით დადგინდა, რომ გზის პირას არსებული ნაკვეთები უფრო იაფი ღირდა, ამდენად, მიუხედავად იმისა რომ მესაკუთრე თავადაა უფლებამოსილი მის საკუთრებაში არსებული ქონების ფასი თავად განსაზღვროს, რთულად სარწმუნოა, რომ მსგავსი სხვაობით შესაძლებელი ყოფილიყო უძრავი ქონების გასხვისება.
31. საკასაციო სასამართლო, კასატორის კიდევ ერთ მოთხოვნაზე, ზიანის ანაზღაურების შესახებ განმარტავს, რომ ასეთი მოთხოვნა დასახელებული გარემოებებისა და საკასაციო სასამართლოს შეფასების, რომ ვალდებულება შესრულებით შეწყდა დაუსაბუთებელია და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის პირველად მოთხოვნას მოპასუხეების მიმართ სსკ-ის 477-ე მუხლის მიხედვით მყიდველისთვის საფასურის გადახდის მოთხოვნა წარმოადგენდა.
32. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუბრუნდება საქმეზე დადგენილ გარემოებას ხელშეკრულების მოქმედების ვალდებულების შესულების მოტივით შეწყვეტის თაობაზე და განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც მოსარჩელეს პირველად მოთხოვნის შესრულება არ მოუთხოვია არც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამდღიან ვადაში და არც მას შემდეგ ამასთან, უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთის საფასური მოპასუხეებმა გადაიხადეს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გამორიცხულია.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ.ლ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. თ.ლ–ს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 05/08/2020), 6 000 ლარის 70% - 4 200 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე