საქმე №ას-506-2020 15 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
II კასატორი - შპს „ვ–ა“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ვ–ას“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მეორე კასატორი, კომპანია ან მიმწოდებელი) და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, პირველი კასატორი ან შემსყიდეველი) შორის, 2016 წლის 1 აპრილს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №78 ხელშეკრულება გაფორმდა.
2. ხელშეკრულების საგანს სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კვირიკეს №1 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა წარმოადგენდა; სამუშაოთა საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 490 817 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი 2016 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა.
3. მიწოდება უნდა განხორციელებულიყო გეგმა გრაფიკის ფარგლებში, კერძოდ: ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 30 დღის ვადაში - ხელშეკრულების ღირებულების 20%, ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე 30 დღის ვადაში - ხელშეკრულების ღირებულების 20% (სულ 40%), ხელშეკრულების გაფორმებიდან მესამე 30 დღის ვადაში - ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის შესრულება (სულ 60%) (ხელშეკრულების 6.2 პუნქტი); მხარეთა შეთანხმების მიხედვით, სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2016 წლის 25 აპრილიდან და დასრულებულიყო 2016 წლის 12 სექტემბრამდე. ხელშეკრულების მე-9 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდაზე.
4. მიმწოდებელმა, ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 27 დეკემბრამდე შემსყიდველს მიაწოდა შემდეგი მოცულობის სამუშაოები: 1) 2016 წლის 13 მაისს - 109.170.95 ლარის; 2) 2016 წლის 21 ივნისს -54.683 ლარის; 3) 2016 წლის 07 ივლისს-51.196 ლარის; 4) 2016 წლის 02 აგვისტოს-57.993.67 ლარის 5) 2016 წლის 08 სექტემბერს-39.901 ლარის; 6) 2016 წლის 04 ოქტომბერს - 19.361 ლარის; 7) 2016 წლის 18 ოქტომბერს-20.442 ლარის; 8) 2016 წლის 16 ნოემბერს-32.353.22 ლარის; სულ, 385.100.84 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც შემსყიდველმა კომისიური მიღება–ჩაბარების აქტების საფუძველზე აღიარა და ჩაიბარა.
5. შემსყიდველმა, მიწოდებული, 8 მიღება-ჩაბარების აქტით აღიარებული შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, მოსარჩელეს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 365 400.84 ლარი.
6. სამუშაოთა დასრულების ვადა 2016 წლის 12 სექტემბრიდან გაგრძელდა 2016 წლის 29 დეკემბრამდე.
7. მიმწოდებლის მიერ დათქმულ ვადაში სამუშაოთა შეუსრულებლობის გამო, შემსყიდველმა 2016 წლის 29 დეკემბერს ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და მოსარჩელეს პირგასამტეხლო დააკისრა.
8. მოპასუხემ, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობით აცნობა მოსარჩელეს და გააგზავნა მოთხოვნა საბანკო გარანტიების გამცემ კომპანიებთან უზრუნველყოფისა და საავანსო გარანტიების ამოქმედების თაობაზე.
9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 მარტის 5001334817 დასკვნით დადგინდა: 1. მიმწოდებლის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კვირიკეს №1 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების (გაუთვალისწინებელი სამუშაოები) ღირებულება წარმოდგენილ მიღება- ჩაბარების აქტი ფორმა №2-ების მიხედვით დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 25 585 ლარს. ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოს ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით 17 857.04 ლარს. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს (25 167.27 – 17 857.04)=7 727.96 ლარს; 2. მიმწოდებლის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კვირიკეს №1 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების (დამატებით შესრულებული სამუშაოები) ღირებულება, წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2-ების მიხედვით, დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 87 314 ლარს. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით 51. 167.27 ლარს შეადგენს. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 36.14673 ლარს (87 314-51 167.27=36 14673 ).
10. სარჩელის მოთხოვნა
10.1. კომპანიამ (მიმწოდებელმა), 2017 წლის 24 იანვარს სარჩელი აღძრა სასამართლოში, შემსყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა:
10.1.1. გაწეული მომსახურების ღირებულების 88 724. 13 ლარის დაკისრება;
10.1.2. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის 56 324.70 ლარის და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 62.10 ლარის ანაზღაურება;
10.1.3. პროცესის ხარჯების ანაზღაურება, სახელმწიფო ბაჟის სახით 3 157.33 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის 1919 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 5 801.95 ლარის დაკისრება;
11. შემსყიდველის პოზიცია
11.1. მოპასუხემ (შემსყიდველმა) სარჩელი არ ცნო;
12. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
12.1. შემსყიდველმა, 2017 წლის 16 მარტს, შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის (მიმწოდებლის) წინააღმდეგ და პირგასამტეხლოს სახით 11 276.90 ლარის დაკისრება მოითხოვა;
13. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
13.1. მიმწოდებელმა, შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო;
14. პირველი ინსტანაციის სასამართლოს გადაწყვეტილება
14.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით:
14.1.1. კომპანიის (მიმწოდებლის) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
14.1.2. შემსყიდველს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულება 88 724.13 ლარის გადახდან დაეკისრა.
14.1.3. ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;
14.1.4. შემსყიდველს დაეკისრა საპროცესო ხარჯების ანაზღაურება;
14.2. შემსყიდველის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 11 276.90 ლარის ოდენობით.
15. შემსყიდველის სააპელაციო საჩივარი
15.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემსყიდველმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა;
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით:
16.1.1. მიმწოდებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-1.1 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შემსყიდველს კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა - 33724.13 ლარი;
16.1.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 და 1.5 პუნქტების შეცვლით მიღებული იქნა გადაწყვეტილება საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილშიც, შემსყიდველს, კოპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 734.23 ლარის და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილის - 1348.97 ლარის გადახდა დაეკისრა.
16.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ და წინამდებარე განჩინების 1-9 ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
16.3. სააპელაციო პალატამ დამატებით დაადგინა შემდეგი გარემოებები:
16.3.1. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის არსებული ხელშეკრულების 3.1-3.2 პუნქტების თანახმად, სამუშაოთა საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრა 490 817 ლარი, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ღირებულება შესაძლებელია დაზუსტებულიყო ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისად.
16.3.2. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეები მიახლოვებით ხარჯთაღრიცხვაზე შეთანხმდნენ, რომელიც გულისხმობდა ისეთი სამუშაოების შესრულებას, რაც აუცილებელი იქნებოდა ვალდებულების შესრულებისთვის და რომლის წინასწარ გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო.
16.3.3. შემსყიდველმა, მიმწოდებელს ავანსის სახით ჩაურიცხა 55 000 ლარი. მოსარჩელემ, თანხა საბანკო გარანტიის უზრუნველსაყოფად გამოიყენა.
16.3.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შემსყიდველმა გარანტორისგან გამოითხოვა საბანკო გარანტია. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელისთვის ჩარიცხული აქვს ჯამში 420 400.84 ლარი (364 400.84+55 000=420 400.84).
16.3.5. მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა 2019 წლის 29 დეკემბერს.
16.4. სააპელაციო პალატამ საჩივრის ფარგლებში მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების 88 724.13 ლარის ანაზღაურების მართებულობა შეაფასა და განმარტა, რომ მხარეთა განმარტებების და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, შპს „ვ–ა“-მ 88 724,13 ლარიდან ნაწილი- 19700 ლარის სამუშაო ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტამდე შეასრულა, ხოლო 69024,13 ლარი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.
16.5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოსათვის თანხის დაკისრების ნაწილში სსკ-ის 636-ე მუხლიდან, ხოლო შეწყვეტის შემდეგ, სსკ-ის 987.1 მუხლიდან გამომდინარეობდა.
16.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში მიმწოდებელს 385 100.84 ლარის სამუშაო აქვს შესრულებული. შემკვეთის ვალდებულებას ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის ამ ოდენობით თანხის ანაზღაურება წარმოადგენდა, რაც განახორციელა კიდეც, ვინაიდან მოსარჩელის ანგარიშზე 420 400,84 ლარი ჩარიცხული აქვს.
16.7. 2017 წლის 13 მარტის №5001334817 დასკვნის მიხედვით, მიმწოდებელმა 69024,13 ლარის სამუშაო ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ შეასრულა, საიდანაც 51.167.27 ლარი ხარჯთაღრიცხვით გაწერილი სამუშაოების შესაბამისი იყო, ხოლო 17 857.04 ლარი ამ სამუშაოს შესრულებისთვის გაუთვალისწინებელი სამუშაოები. მათ განხორციელებაში შემკვეთს ხელი არ შეუშლია და ხარჯების გაწევა სადავო არ გაუხდია. სააპელაციო სასამართლო დასკვნით, სახეზეა სსკ-ის 987-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც დასაბუთებულს ხდის მოსარჩელეს მოთხოვნას, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გაწეული დანახარჯების- 69024,13 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
16.8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების ფარგლებში სკოლის შენობის რეაბილიტაციის მიზნით, განხორციელებული აქვს 454 125,15 ლარის სამუშაოები შეასრულა. შემსყიდველს, სამუშაოების შესრულებისათვის ჩარიცხული აქვს, მხოლოდ 420 400,84 ლარი.
16.9 სასამართლომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და შემსყიდველს დაეკისრა გადაუხდელი თანხის 33 724,31 ლარის ანაზღაურება.
16.10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, რომ ავანსის სახით ჩარიცხული თანხა 55 000 ლარი არ უნდა ჩათვლილიყო გადასახდელი თანხის ანგარიშში, ვინაიდან იგი გამოყენებული იქნა არა სამუშაოთა შესრულებისათვის, არამედ საბანკო გარანტიის უზრუნველსაყოფად, რაც შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე გარანტორისაგან უკან წაიღო ბენეფიციარმა.
16.11. სააპელაციო პალატის შეფასებით, ავანსად ჩარიცხული თანხის გამოყენების მიზნობრიობა, თავად მოსარჩელის გადასაწყვეტი იყო, რაც თავისი შეხედულებით განკარგა კიდეც და ეს თანხა საბანკო გარანტიისათვის გამოიყენა, რაც სრულ შესაბამისობაშია სსკ-ის 880-ე მუხლთან.
17. შემსყიდველის (პირველი კასატორის) საკასაციო საჩივარი
17.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემსყიდველმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
17.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს მიერ რიგი მტკიცებულებების შეუფასებლობამ გამოიწვია არასწორი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სადავო ურთიერთობის არასწორი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო პალატამ, სამართლებრივი შეფასებისას გამოიყენა კონდიქციური ვალდებულების მარეგულირებელი ნორმა, რაც საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ მიესადაგება სადავო ურთიერთობას.
17.3. ტექნიკურმა ზედამხედველმა წინასწარ დაამოწმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფორმა N2-ები ისეთ სამუშაოზე, რაც რეალურად არ იყო შესრულებული. საკითხი ეხება 385 100.84 ლარის ღირებულების სამუშაოებზე 8 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ წარდგენილ სამუშაოებს, რომელზეც მოსარჩელე ითხოვდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას და რაზეც ეთქვა უარი, ხოლო ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით.
17.4. კასატორი სადავოდ მიიჩნევს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას და აღნიშნავს, რომ იგი შესრულებულია სადავო ფორმა N2-ების საფუძველზე.
17.5. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა მთავარი მტკიცებულება შპს „ა–ის“ მიერ შემუშავებული ხარჯთაღრიცხვა დარჩენილ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელეს შეუსრულებელი დარჩა - 82 272 ლარის ღირებულების სამუშაოები.
17.6. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა (8 მიღება-ჩაბარების აქტის გარდა) 69 024 31 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება ისე, რომ არ უმსჯელია მოწმის (ტექზედამხედველის) ჩვენებაზე და შპს „ა–ის“ დასკვნაზე დარჩენილი სამუშაოების ღირებულებასთან დაკავშირებით.
17.7. კასატორის განმარტებით, სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად უნდა დაედგინა, რომ: მიმწოდებელს 8 მიღება-ჩაბარების აქტით დაუდასტურდა 385 100.84 ლარის სამუშაოს შესრულება; შეუსრულებელი დარჩა - 82 272 ლარის სამუშაო; ფორმა N2-ებით გათვალისწინებული იმ სამუშაოს ღირებულება რაც რეალურად შესრულდა შეადგენს -13 444.16 ლარს. მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვის საფუძველზე სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ ვ–ას სამინისტროსგან ზედმეტად მიღებული აქვს - 21 855.84 ლარი. (420 400.84-398.545)
18. მიმწოდებლის (მეორე კასატორი) საკასაციო საჩივარი
18.1. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს შემსყიდველისგან მიღებული ჰქონდა 55 000 ლარი, რომელიც გამოიყენა 8 მიღება-ჩაბარების აქტებით შესრულებულ სამუშაოთა შემსყიდველზე ჩაბარების შემდგომ პერიოდში, ე.ი. შემსყიდველს აღიარებული და მიღებული ჰქონდა 385 100.84 ლარის სამუშაოების შესრულება. საბანკო გარანტიით შემსყიდველისაგან მიღებული ავანსი 55.000 ლარი საბოლოოდ უნდა ჩათვლოდა სამუშაოთა დასრულებისას გადასახდელ თანხაში.
18.2. ხელშეკრულების შესაბამისად უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება საგარანტიო უზრუნველყოფა 24 541 ლარზე, რომელიც მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა ხელშეკრულების გაფორმებამდე.
18.3. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ შემსყიდველს ჩარიცხული აქვს 420 400.84 ლარი, ვინაიდან 55 000 ლარი საავანსოდ გადაცემული თანხა სამინისტრომ უკან გაითხოვა ბ.ქ–დან.
18.4. მოსარჩელის მიერ შემსყიდველზე მიწოდებულია (385.100.84+69.024.31)= 454.125.15 ლარის სამუშაოები, საიდანაც ანაზღაურებულია 365.400.84 ლარი და ასანაზღაურებელია (454.125.15-365.400.84)=88.724.31 ლარი.
18.5. მოპასუხემ საბანკო გარანტიის საფუძველზე ავანსის სახით გადაცემული 55 000 ლარი უკან წაიღო ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული 55.000 ლარი იყო საბანკო გარანტიის საფუძველზე მიღებული ავანსი და არა საგარანტიო თანხა, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების 4.4 პუნქტით დადგენილად ცნო როგორც ხელშეკრულების საბანკო საგარანტიო თანხად, რაც სრული უკანონობაა, ვინაიდან "ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული იყო სს "ს.კ.ჯ.ჰ–"-ს მიერ 2016 წლის 30 მარტს გაცემული ნომერი FG/16 012264 ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (საბანკო გარანტია) 24.541 ლარზე.
18.6. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით (მუხლი 10.3) უტყუარადაა დადგენილი, რომ ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია განსაზღვრულია 24.541 ლარი და არა 55.000 ლარი, როგორც ეს უკანონოდ გაზარდა და დადგენილად ცნო სააპელაციო სასამართლომ.
18.7. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საპროცესო ხარჯების განსაზღვრის ნაწილშიც.
18.8. კასატორი ითხოვს საოქმო განჩინების გაუქმებასაც, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს სს "ბ.ქ–დან" საბანკო გადარიცხვების საავანსო თანხის (25000+30000)=55.000 ლარის აპელანტ მხარეზე ჩარიცხვის შესახებ მტკიცებულებების მიღებაზე.
18.9 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი შუამდგომლობა, არ მისცა მას სწორი სამართლებრივი შეფასება და მიიღო უკანონო და არასამართლიანი გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
19.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის და 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
19.2. სსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები და მიიღო არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში, შეფასების საგანს წარმოადგენს, რამდენად სწორად ჩათვალა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად შესრულებული სამუშაოს ღირებულება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ამასთან, რამდენად მართებულად მიიჩნია შემსყიდველის მიერ ავანსის სახით გადახდილი და საბანკო გარანტიის სახით გამოთხოვილი 55 000 ლარი შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანგარიშში.
22. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“, 636-ე მუხლის „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“, 649-ე მუხლის „თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ დროში“, 385-ე მუხლის „ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი“ 987-ე მუხლის პირველი პუნქტის „პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა“ და მესამე პუნქტის „გ“ „პირმა, რომელსაც წაეყენება პრეტენზია, სადავო გახადა ხარჯები მათ განხორციელებამდე“ ქვეპუნქტის, საფუძველზე განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს ღირებულება მხარეთა შორის არსებული მიღება-ჩაბარებების აქტებისა და მათ მიერვე შესრულებული და მიღებული სამუშაოების მიხედვით დადგენილია, ამასთან, უდავოა, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო შემსყიდველს საბანკო გარანტიის გამოთხოვის უფლება წარმოეშვა, რაც განახორციელა კიდეც, აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ მხარეები ხელშეკრულების დადების მომენტში არა სამუშაოთა კონკრეტულ, არამედ მიახლოებულ ხარჯთაღრიცხვაზე შეთანხმდნენ, რაც მიღებული პრაქტიკაა და სამუშაოთა დასრულების მომენტში ან მხარეთა შეთანხმებით კონკრეტული ეტაპების მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით შესწორდება სამუშაოთა საბოლოო ღირებულება.
23. საკასაციო სასამართლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე განმარტავს, რომ უდავო იყო, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2016 წლის 12 სექტემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, ამასთან, მხარეებს არ გაუხდიათ სადავო, რომ აღნიშნული ხელშეკრულება 2016 წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდა, ხოლო, ამავე დღეს შემსყიდველმა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტამდე, 2016 წლის 27 დეკემბრისთვის, მიმწოდებელს მიღება-ჩაბარების აქტების გათვალისწინებით კომისიურად მიწოდებული აქვს 385 100.84 ლარის სამუშაოები. აღნიშნულის გარდა, მიღება-ჩაბარების აქტებით და მხარეთა შორის უდავოდ მიჩნეული გარემოებების გათვალისწინებით, დადგენილია, რომ დამატებით შესრულებული სამუშაოების ღირებულება 69 024.31 ლარია, ამასთან, შემსყიდველს გადახდილი ჰქონდა 365 400.84 ლარი, უკან გათხოვილი საბანკო გარანტიის 55 000 ლარის გათვალისწინებით.
24.ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე საკასაციო პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ჯამში - 454 125.15 ლარი შეადგინა, აქედან, 2016 წლის 27 დეკემბრისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 385 100.84 ლარის ნაწილი, 19 700 ლარით ნაკლები, 365 400.84 ლარი გადაურიცხა შემსყიდველმა მიმწოდებელს. გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დამატებით 69 024.31 ლარის აღიარებული და შემსყიდველის მიერ მიღებული სამუშაო შესრულდა რასაც გადაუხდელი 19 700 ლარი უნდა დაემატოს რის გამოც არსებულმა დავალიანებამ შეადგინა 88 724.31 ლარი.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მიმწოდებლის მოთხოვნა სწორედ აღნიშნული 88 724.31 ლარის გადახდის დაკისრება იყო შემსყიდველისთვის, თუმცა, ამ თანხას უნდა გამოაკლდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შემსყიდველის მიერ უკან გამოთხოვილი, საბანკო გარანტიის უზრუნველსაყოფად გამოყენებული 55 000 ლარი, ხოლო, ნარჩენი თანხა - 33 724.31 ლარი უნდა დაეკისროს შემსყიდველს აღიარებული და მიღებული შესრულების სანაცვლოდ.
25.საკასაციო სასამართლო კვლავ მიუბრუნდება, მეორე კასატორის პრეტენზიას, საბანკო გარანტიის თანხის 55 000 ლარის შემსყიდველის მიერ მოთხოვნასა და მიღებაზე და განმარტავს რომ მეორე კასატორის პრეტენზიები, თითქოს აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ავანსს და არა საბანკო გარანტიას, რაც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში, კრედიტორმა მართლზომიერად მოითხოვა, დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიმწოდებელმა ნამდვილად მიიღო ავანსად 55 000 ლარი, თუმცა, ამავე ავანსის უზრუნველყოფის მიზნით გაიცა საბანკო გარანტია. დასახელებულ ფაქტს ადასტურებს საქმეში წარდგენილი, შემსყიდველის წერილი სს „ბ.ქ–ს“ მიმართ, რომლითაც ის ითხოვდა ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, ავანსად გადარიცხული თანხის უზრუნველსაყოფად გაცემული ორი საბანკო გარანტიის (25 000 ლარისა და 30 000 ლარის შესახებ) ამოქმედებას (ტ.1,ს.ფ.376). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ავანსისა და საბანკო გარანტიის ერთმანეთისგან გამიჯვნის საჭიროება არ წარმოადგენს განხილვის საგანს, ნათელია, რომ მიღებული ავანსის უზრუნველსაყოფად, საბანკო გარანტია გაიცა, რაც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში კრედიტორმა მიიღო გარანტისგან. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მსგავსი სახის ურთიერთობებში, უმეტესად ავანსის სახით გაიცემა გარკვეული თანხები, ამასთან, ამავე ტიპის ურთიერთობებს ახასიათებს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საბანკო გარანტიის არსებობა, რაც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სამუშაოთა შესრულების შესაბამის ეტაპზე აზღვევს შემსყიდველის მოთხოვნას, ამდენად, ვალდებულების დარღვევის დროს საბანკო გარანტიის გამოთხოვის შემთხვევაში, მანამდე გაცემული ავანსის სამუშაოთა ღირებულებაში არ გათვალისწინება გამოიწვევს შემსრულებლის უსაფუძვლო გამდიდრებას, ამასთან არსს უკარგავს საბანკო გარანტიის გამოყენებას.
26.საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და განმარტავს, რომ ავანსად ჩარიცხული თანხის გამოყენების მიზნობრიობა, თავად კომპანიის გადასაწყვეტი იყო, რაც მოცემულ შემთხვევაში არა კონკრეტულ სამუშაოთა შესრულებას, არამედ საბანკო გარანტიას მოახმარა.
27. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიაზე, საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარდგენილ შუამდგომლობაზე უარის თქმის პასუხად განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის უკან გათხოვის გამო, კომპანიის მიერ გარკვეული თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით, რისი აუცილებლობაც საბანკო გარანტიის მიღებამ განაპირობა, დაუსაბუთებელია, ვინაიდან, აღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, რომელიც საქმის შედეგზე იმოქმედებს, ინფორმაციის მატარებელ დოკუმენტებს, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს არ გაუხდია სადავოდ მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა, ამდენად, ამ მტკიცებულებების შეფასება სასამართლოს მხარეთა შორის უდავოდ მიჩნეული გარემოებების ფარგლებშიც შეეძლო.
28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული მოტივაციით დასაბუთებულია, ხოლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „ვ–ას“ საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე