№ას-171-2022
13 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – პ.ნ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ი–სი“, მ.ჭ–ა (თ.ჭ–იას უფლებამონაცვლე) (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის, პ.ნ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, პ.ნ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით პ.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით პ.ნ–ძეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით, ასევე 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 07 მარტს.
2022 წლის 01 მარტს (2022 წლის 25 თებერვლის განჩინების პ.ნ–ძისათვის ჩაბარებამდე) საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორ პ.ნ–ძის წარმომადგენელმა, წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარე თ.ჭ–იას გარდაცვალების მოწმობა და ითხოვა საქმის წარმოების შეჩერება უფლებამონაცვლის დადგენამდე.
2022 წლის 11 მარტს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 10 დღით გაგრძელება ითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში ჩაერთო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების შემდგომ, რის გამოც, განსაზღვრული ვადა მისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში კი შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ კასატორი მონაწილეობს არაერთ სასამართლო დავაში და დღეის მდგომარეობით არ გააჩნია სახსრები ბაჟის გადასახდელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 07 მარტის განჩინებით შეჩერდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის (№ას-171-2022) წარმოება გარდაცვლილი თ.ჭ-ას (მოწინააღმდეგე მხარე) უფლებამონაცვლის დადგენამდე, არა უმეტეს ერთი წლის ვადით.
2022 წლის 21 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ი–სა“ და მ.ჭ–ას წარმომადგენელმა და მოცემულ საქმეზე გარდაცვლილი თ.ჭ–იას უფლებამონაცვლედ მ.ჭ–ას ცნობა ითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმეში №ას-171-2022 მოპასუხე (კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) თ.ჭ–იას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.ჭ–ა, ამასთან, განახლდა საქმის წარმოება და აღნიშნული საქმის განხილვა გაგრძელდა პ.ნ–ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 02 დეკემბრის განჩინებით პ.ნ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით, ასევე 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 07 დეკემბერს.
2022 წლის 19 დეკემბერს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ვინაიდან, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს - შაბათს, ხოლო 19 დეკემბერი იყო პირველი სამუშაო დღე შაბათის შემდეგ) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით, ასევე 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ამასთან, კასატორის წარმომადგენელმა 4000 ლარის ოდენობით დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ითხოვა საქმის განხილვის დასრულებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით პ.ნ–ძის შუამდგომლობა საქმის განხილვის დასრულებამდე 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. პ.ნ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებების ან 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2022 წლის 28 დეკემბერს სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის, ასევე 399-ე მუხლების შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა საკასაციო საჩივრის ავტორს.
2023 წლის 09 იანვარს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ვინაიდან, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5-დღიანი ვადის უკანასკნელი დღე - 2023 წლის 02 იანვარი - დაემთხვა უქმე დღეს, ამასთან, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N580 დადგენილებით 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეებიც განისაზღვრა უქმე დღეებად, შესაბამისად, 09 იანვარი კასატორისთვის იყო პირველი სამუშაო დღე უქმე და არასამუშაო დღეების შემდეგ) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით პ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
2023 წლის 23 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის - პ.ნ–ძის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ კასატორი უარს ამბობს მის საკასაციო საჩივარზე შპს „ი–სის“ და მ.ჭ–ას (თ.ჭ–იას უფლებამონაცვლე) მიმართ, რის გამოც, სასამართლოსგან საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ითხოვა. 2023 წლის 06 მარტს კასატორის წარმომადგენელმა ახალი წერილობითი განცხადებით დააზუსტა 2023 წლის 23 თებერვლის განცხადება და საკასაციო საჩივარზე უარის თქმით საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე არ დაწყებულა საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორი – პ.ნ–ძე უფლებამოსილია მომართოს საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის – პ.ნ–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული. ამასთან, კასატორს უნდა განემარტოს, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი.
სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 6000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე (2), 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ.ნ–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება პ.ნ–ძის საკასაციო საჩივარზე შპს „ი–სისა“ და მ.ჭ–ას (თ.ჭ–იას უფლებამონაცვლე) მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინებაზე.
3. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.
4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
5. პ.ნ–ძეს (პ/ნ …….) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟები 2000 ლარი (საგადახდო დავალება № 0, გადახდის თარიღი 19.12.2022) და 4000 ლარი (საგადახდო დავალება № 6144, გადახდის თარიღი 05.01.2023), სულ 6000 ლარი.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე