ას-1043-2021
5 მაისი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ „ს.გ.ს–ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ა–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებლების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხ.ა–მა (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა(ა)იპ „ს.მ.პ.მ.ს–ოს“ (ს/კ ......) მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, „სააგენტო“) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:
1.1.მოპასუხე ა(ა)იპ „ს.მ.პ.მ.ს–ოს“ დაევალოს ხ.ა–სა და ა(ა)იპ „ს.მ.პ.მ.ს–ოს“ შორის 2014 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული თანადაფინანსების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება 2015 წლის 14 იანვრიდან.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 ნოემბრის საოქმო განჩინებით, ხ.ა–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ.ა–ვი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით, თ.ა–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა და ა(ა)იპ „ს.მ.პ. მ.ს–ოს“ დაევალა ხ.ა–სა და ა(ა)იპ „ს.მ.პ. მ.ს–ოს“ შორის 2014 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული თანადაფინანსების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება 2015 წლის 14 იანვრიდან.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ა(ა)იპ „ს.მ.პ. მ.ს–ომ“ (ს/კ .....) გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება.
6. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, ა(ა)იპ „ს.მ.პ.მ.ს–ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
7.1.1. 2014 წლის 09 ოქტომბერს, ა(ა)იპ „ს.მ.პ.მ.ს–ოსა“ და ხ.ა–ს (მიმღებს) (კასპის რაიონი, სოფელი .........) შორის გაფორმდა შეთანხმება თანადაფინანსების შესახებ, რომლის მიხედვით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, სს „პ.ბ–სა“ და მიმღებს - ხ.ა–ს შორის, 2014 წლის 09 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №14.13090, 45 000 აშშ დოლარის ოდენობით, 13,75 საპროცენტო განაკვეთით, 84 თვის ვადით.
შეთანხმების მიზნობრიობად განისაზღვრა მეცხოველეობა, ძირითადი საშუალებები - მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა და ძროხების შეძენა - 45 000,00 აშშ დოლარი. სააგენტოს თანადაფინანსება კი, განისაზღვრა 22 595,1 აშშ დოლარით.
7.1.2. 2014 წლის 09 ოქტომბერს, ხ.ა–სა და სს „პ.ბ–ს“ შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №14.13090, რომლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მთელი მოცულობით, ამასთან საპროცენტო სარგებლის ნაწილის (მიზნობრივი თანადაფინანსება) გადახდას მსესხებელი უზრუნველყოფდა, როგორც საკუთარი, ასევე შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული სახსრებით. პროექტის ფარგლებში დამტკიცებული კრედიტის მოცულობამ შეადგინა 45 000,00 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა - 84 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 13.75%. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, განისაზღრა სააგენტოს მიერ პროცენტის გადახდის გრაფიკი: 2015 წლის 18 სექტემბრიდან 2021 წლის 20 სექტემბრამდე.
7.1.2. თანადაფინანსების შესახებ შეთანხმების მე-2 პუნქტით, სააგენტო უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე განეხორციელებინა ბანკის მიერ გაცემული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. თუ მონიტორინგის შედეგად სააგენტო დაადგენდა მიმღების მიერ მიზნობრიობის დარღვევას, შეწყვეტდა მიმღების თანადაფინანსებას და ამის შესახებ აცნობებდა ბანკს. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილი იყო მოეთხოვა მიმღებისათვის მიღებული თანხების უკან დაბრუნება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმავე შეთანხმების მე-8 პუნქტის თანახამდ, სააგენტო უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს გამოეთხოვა მიმღების სესხის თაობაზე ბანკში არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, შეთანხმების საფუძველზე თანადაფინანსების მიზნობრიობის მონიტორინგის მიზნით.
7.1.4. 2014 წლის 09 ოქტომბერს, სს „პ.ბ–მა“ №14.13090 საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გასცა სესხი 45 000,00 აშშ დოლარის ოდენობით.
7.1.5. 2015 წლის 23 იანვრის წერილით, ა(ა)იპ „ს.მ.პ.მ.ს–ომ“ ხ.ა–ს აცნობა, რომ მის მიერ, კერძო ვალის - 20 000,00 ლარის დაფარვისა და შესაბამისად, შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობის დარღვევის მოტივით, 2014 წლის 09 ოქტომბრის ხელშეკრულებას წყვეტდა 2015 წლის 14 იანვრიდან, შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად.
7.1.6. ხ.ა–ის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მისი შვილი თ.ა–ვი.
7.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
7.2.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა მასზედ, რომ ხ.ა–ის მხრიდან, სესხის მიზნობრიობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
7.2.1.1.სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენდა აპელანტის მიერ, ხ.ა–თან გაფორმებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი; კერძოდ, აპელანტის განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა ხ.ა–ის მხრიდან სესხის მიზნობრიობის დარღვევის საფუძველზე. საკუთარ პოზიციას აპელანტი ამყარებდა ხ.ა–ის ფერმაში ჩატარებული საველე მონიტორინგის ფორმას, რომლის მიხედვითაც, მსესხებელმა განმარტა, რომ ბანკისგან მიღებული კრედიტით მან დაფარა პირადი ვალი 20 000 ლარის ოდენობით; სააგენტოს განმარტებით კი, აღნიშნული წარმოადგენდა სესხის მიზნობრიობის დარღვევას.
7.2.1.2.საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის, სააპელაციო პალატამ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის გაფორმებული თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების მიზნებზე, რომლის თანახმად, ხ.ა–ის მიმართ სესხი გაცემულ იქნა მეცხოველეობის ფერმის მოწყობის მიზნით, რომელიც თავის თავში მოიცავდა როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას, ისე ცხოველების შეძენას. საქმეში წარმოდგენილი საველე მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლის მიერ, მონიტორინგის განხორციელების მიზნით შევსებულ იქნა კითხვარი, რაც ასახავდა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ, ადგილზე შესწავლილ და გამოკვლეულ ინფორმაციას - თანადაფინანსების მიზნობრიობის შესრულების გამოკვლევის შედეგებს. საველე მონიტორინგის სპეციალური ფორმა შეიცავდა როგორც მსესხებლის მიერ სესხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით დადებითი ან უარყოფითი შეფასებების გრაფას, ასევე მონიტორინგის ჯგუფის მიერ, სესხის მიზნობრიობის შესაბამისობის თაობაზე დადებითი ან უარყოფითი შეფასებების დადასტურებას. საყურადღებო გარემოებას წარმოადგენდა, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ დადებითად იყო შეფასებული მსესხებლის მიერ აღებული სესხის მიზნობრიობის შესაბამისობის დადასტურება; ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ თავად მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლის მიერ იყო დადასტურებული აღებული სესხის მიზნობრიობის შესაბამისობა პროექტით დადგენილ მიზნობრიობასთან, ისევე როგორც დადასტურებული იყო აღებული სესხის უზრუნველყოფის ადეკვატური შეფასება პროექტით გათვალისწინებულ პირობებთან. საველე მონიტორინგის სპეციალურ ფორმაში, კერძოდ, „შესრულებულ სამუშაოებში“ მითითებული იყო, რომ მსესხებლის ინფორმაციით, სესხი მოხმარდა საქონლის ფერმის მშენებლობისათვის არსებული ვალის - 20 000,00 ლარის დაფარვას, 20 სული მეწველი ძროხის შეძენას - 28 000,00 ლარი, 8 დეკეულის შეძენას - 3 000,00 ლარი, ფერმის რემონტს - 7 000,00 ლარი, ფერმის იატაკისათვის ხის მასალას - 3000,00 ლარი, ელექტროენერგიით უზრუნველყოფას – 1200,00 ლარი, შემოსაღობი ბლოკის შეძენას - 5000,00 ლარი, საყარაულო ოთახის მშენებლობას – 3000,00 ლარი. დაგეგმილ სამუშაოებში კი მიეთითა, რომ დარჩენილი 9 000,00 ლარამდე თანხა მოხმარდებოდა მეწველი საქონლისა და სანაშენე დეკეულის შეძენას.
7.2.1.3.პალატამ ყურადღება გაამახვილა, რომ თავად საველე მონიტორინგის სპეციალურ ფორმაში შესაბამისი ჯგუფის მიერ დაფიქსირდა, რომ ხ.ა–ის განმარტებით, სესხი მოხმარდა საქონლის ფერმის მშენებლობისათვის არსებული ვალის 20000,00 ლარის დაფარვას, ამასთან თავად ფორმაში არ იყო დაფიქსირებული მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისათვის ხარჯის გადახდის და გაწევის ფაქტი, არამედ აღინიშნა გარემონტებისა და შემდგომი სამუშაოების შესრულების შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სესხის ხარჯვის მიზნობრიობა ხ.ა–ის მიერ განმარტებულ იქნა კეთილსინდისიერად, ვინაიდან მსესხებელმა თავად მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლებს და არ დაუმალავს თანხის ხსენებული გზით დახარჯვის ფაქტი, მაშინ როდესაც ხ.ა–ს ჰქონდა შესაძლებლობა ეთქვა, რომ თანხა მოხმარდა ფერმის მშენებლობას.
7.2.1.4.პალატამ მიუთითა, რომ თავად მონიტორინგით გამოვლენილი შედეგები და სპეციალურ ფორმაში ასახული ინფორმაცია იძლეოდა მყარი ვარაუდის საფუძველს, რომ ფერმისათვის შენობა ჯერ კიდევ 2014 წლის 27 ნოემბრისათვის – საველე მონიტორინგის განხორციელების დროისათვის იყო აშენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფის წევრების მიერ ვერ დაფიქსირდებოდა ფერმის რემონტისათვის უკვე გაღებული ხარჯის ოდენობა, ვინაიდან შენობის გარეშე ვერც რემონტი ჩატარდებოდა; შეთანხმება კი, ფერმის მშენებლობასაც მოიცავდა. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ სესხი გაიცა 2014 წლის 09 ოქტომბერს, ხოლო, საველე მონიტორინგი ჩატარდა 2014 წლის 27 ნოემბერს. ამ მცირე პერიოდშიც კი, ხ.ა–ს შესრულებული ჰქონდა ის სამუშაოები და განხორციელებული ჰქონდა ქმედებები (მათ შორის საქონლის შეძენით), რითიც თანადაფინანსების შეთანხმებით განსაზღვრული მიზნობრიობა მიიღწეოდა.
7.2.1.5.საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა საკრედიტო ექსპერტი, კ.ლ–ი, რომელმაც განმარტა, რომ პროექტის ფარგლებში, ბანკს ევალებოდა მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში ეცნობებინა სააგენტოსათვის. მოწმემ განმარტა, რომ ერთი–ერთი სხვა ობიექტის მონიტორინგის დროს, მან ნახა ხ.ა–ის მიერ აშენებული ფერმა და მიმღების ვაჟს გაესაუბრა კიდეც. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სესხის გაცემამდე, ტერიტორიის შემოწმებისას ნახა, რომ ფერმის გარკვეული ნაწილი აშენებული იყო, მაგრამ სამუშაოები დასრულებული არ იყო.
7.2.1.6.მოწმის სახით დაკითხულ იქნა ასევე ვ.ქ–ი, რომელიც ამავე დროს საველე მონიტორინგის სპეციალური ფორმის შემდგენი, მონიტორინგის ჯგუფის წევრი და ფორმაზე ხელმომწერი პირია. მოწმემ განმარტა, რომ მონიტორინგის მიზანი იყო ადგილზე მდგომარეობის შესწავლა და სპეციალურ აქტში ასახვა. თავად ვ.ქ–მა დაადასტურა, რომ მონიტორინგის განხორციელების მომენტისათვის, ფერმა აშენებული იყო და თავადაც ნახა იგი, თუმცა, რამდენადაც ხ.ა–მა განმარტა, რომ ფერმის აშენების მიზნით გამოყოფილი მიზნობრივი თანხიდან, დაფარა კერძო ვალი 20 000,00 ლარის ოდენობით, ეს უკვე ითვლებოდა საკმარისად მიზნობრიობის დარღვევისათვის. მოწმემ განმარტა, რომ დოკუმენტაცია ვალის გასტუმრების თაობაზე ხ.ა–ისათვის არ მოუთხოვიათ, ვინაიდან მისი განმარტებაც საკმარისი იყო მიზნობრიობის დარღვეულად მიჩნევისათვის.
7.2.1.7.სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული თანადაფინანსებისა და საკრედიტო ხელშეკრულებების მიზანს წარმოადგენდა მეცხოველეობის ფერმის მოწყობა, რომელიც რა თქმა უნდა ითვალისწინებდა შეძენილი ცხოველებისთვის შესაფერისი ფერმის აშენებასა და მოწყობას. საქმის მასალებით დადგენილი იყო და მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ფერმის შენობა საველე მონიტორინგის განხორციელების დროისთვის დასრულებული და გარემონტებული იყო; შესაბამისად, მსესხებლის მიერ შესრულებული იყო მხარეთა შეთანხების ხსენებული ნაწილი. ამასთან, ის ფაქტი, რომ ხ.ა–მა კრედიტად მიღებული თანხით დაფარა მანამდე არსებული სესხი, რომელიც ფერმის ასაშენებლად დასჭირდა, საფრთხეს არ უქმნიდა აგროკრედიტის მიზნობრიობას, გამომდინარე იქედან, რომ დამდგარი შედეგით კრედიტის მიზანი მიღწეული იყო და საველე მონიტორინგის სპეციალურ ფორმაშიც დადებითი პასუხი ჰქონდა გაცემული კითხვას - დაადასტურა თუ არა მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელმა აღებული სესხის მიზნობრიობის შესაბამისობა პროექტით დადგენილ მიზნობრიობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შედეგობრივად, სურათს არ ცვლიდა ის გარემოება - აგროკრედიტის ფარგლებში, ხ.ა–ი მანამდე არსებულ, ფერმის მშენებლობისთვის გამოყენებულ სესხს დაფარავდა თუ მიღებული თანხით ააშენებდა, ვინაიდან ორივე შემთხვევაში, თანხა ფერმის მშენებლობაზე იყო დახარჯული.
7.2.1.8.სააპელაციო პალატამ იქვე მიუთითა, რომ სააგენტოს მხრიდან არც რაიმე დამატებითი კვლევა ჩატარებულა და არც მტკიცებულება წარმოდგენილა სასამართლოში, რაც დაადასტურებდა, რომ ხ.ა–მა აგროკრედიტის ფარგლებში მიღებული თანხით გაისტუმრა პირადი ვალი, რომელსაც აგროკრედიტის მიზანთან კავშირი არ ჰქონდა. სესხის თანხის არამიზნობრივად ხარჯვის მტკიცების ტვირთი კი, სააგენტოს მხარეს იყო, რაც მისი მხრიდან ვერ განხორციელდა.
7.2.1.9.პალატამ მიუთითა, რომ რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტს ხ.ა–ის მიერ პირუტყვის შეძენა სადავოდ აღარ გაუხდია; შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას შეფასება არ მისცა.
7.2.1.10. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვარის №139 განკარგულებით დამტკიცებული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მე-3 მუხლის მიხედვით, დადგენილია პროექტის მიზნები; კერძოდ, პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით; პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ შეღავათიან აგროკრედიტს/აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის. სხვაგვარად, პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება. სასამართლომ განმარტა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის თანადაფინანსების ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის მიზანი სააგენტოს მხრიდან მხოლოდ ფორმალური ხასიათის ღონისძიებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, რამდენადაც ამ გზით ჩატარებული მონიტორინგი ვერ უზრუნველყოფს თანადაფინანსების პროექტის მიზნების მიღწევას და მათ სწორ კონტროლს.
7.2.1.11. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ იყო საკმარისად დასაბუთებული. ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში, როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტია, თანადაფინანსების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ა(ა)იპ „ს.მ.პ.მ.ს–ო“, როგორც მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო, ვალდებული იყო გამოეკვლია და შეესწავლა ყველა საკითხი, რაც სესხის მიზნობრივად ხარჯვას შეეხებოდა და არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ მონიტორინგის სპეციალური ფორმის შევსებით; მასში ბენეფიციარის მიერ დაფიქსირებული განმარტება, რაც ეჭვს იწვევდა მიზნობრიობის დარღვევაში, უნდა გამოეკვლია და მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება საქმის გარემოებების ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
7.2.1.12. პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იყო ა(ა)იპ „ს.მ.პ.მ.ს–ოს“ 2015 წლის 14 იანვრის კომისიის სხდომის ოქმი №1, რომლითაც მოხდა თანადაფინანსების შეწყვეტა. ოქმში დარღვევად ფიქსირდებოდა - კერძო ვალის დაფარვა. სასამართლომ მიუთითა, რომ თანადაფინანსების შესახებ შეთანხმების მეორე პუნქტით, თუ მონიტორინგის შედეგად სააგენტო დაადგენდა მიმღების მიერ მიზნობრიობის დარღვევას, შეწყვეტდა მიმღების თანადაფინანსებას და ამის შესახებ აცნობებდა ბანკს. შესაბამისად, სააგენტოს უნდა დაედგინა მიზნობრიობის დარღვევის შესახებ გარემოება სათანადო მტკიცებულებებით და არა მხოლოდ ბენეფიციარის განმარტებით. სააგენტოს ჰქონდა უფლებამოსილება გადაწყვეტილების მიღებამდე მოეთხოვა ბენეფიციარისთვის სესხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მონიტორინგი განხორციელდა მხოლოდ ერთხელ და სააგენტოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარისი გახდა მხოლოდ ხ.ა–ის მიერ ფერმის მშენებლობისათვის აღებული კერძო ვალის გადაფარვის თაობაზე ინფორმაცია. ამასთან, სააგენტოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ხ.ა–ის განმარტება, რომ დაფარული სესხიც სწორედ ფერმის მშენებლობას მოხმარდა, რასაც მიზნად ისახავდა ხ.ა–ის სახელზე გაცემული სესხიც. სააგენტოს მხრიდან არ მოხდა ასევე მსესხებლის მიერ განხორციელებული სამუშაოებისა და სესხად მიღებული თანხის დახარჯვით მიღებული შედეგის ობიექტური შეფასება, რომელიც რეალურად ემთხვეოდა აგროკრედიტის მიზნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ხ.ა–ის მიერ არ დარღვეულა თანადაფინანსების შესახებ შეთანმხებით განსაზღვრული მიზნობრიობა.
7.3. სააბოლოო ჯამში, სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 352-ე და 399-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ ა(ა)იპ „ს.მ.პ.მ.ს–ომ“ თანადაფინანსების შესახებ შეთანხმება არამართლზომიერად შეწყვიტა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და თ.ა–ვს, როგორც ხ.ა–ის უფლებამონაცვლეს, უფლება ჰქონდა სააგენტოსათვის მოეთხოვა 2014 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „ს.გ.ს–ომ“ (ს/კ ......), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1.1. კასატორის განმარტებით, მათი მხრიდან დაცული იყო ხელშეკრულებიდან გასვლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაირღვა სესხის ხარჯვის მიზნობრიობა და აღნიშნული დარღვევის გამოსწორებისთვის, დამატებითი ვადის მიცემა აზრს მოკლებული იყო, რადგან ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანდა. კასატორის მოსაზრებით, დამატებითი ვადის მიცემის შემთხვევაშიც, მოწინააღმდეგე მხარე ვერ გამოასწორებდა იმ ფაქტს, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული სესხის თანხით, მან კერძო ვალი გადაფარა. კასატორისათვის გაურკვეველია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა თბილისი სააპელაციო სასამართლომ, რომ მოპასუხეს არ დაურღვევია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები მაშინ, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდებოდა პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის არამიზნობრივი ხარჯვა, რაც კერძო ვალის დაფარვაში გამოიხატა. ასეთ მიზნობრიობას კი, არც შეთანმება ითვალისწინებდა და არც პროექტი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ა(ა)იპ „ს.გ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც უარყოფილი იქნა სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააგენტოსათვის ხ.ა–სა და ა(ა)იპ „ს.მ.პ.მ.ს–ოს“ შორის, 2014 წლის 09 ოქტომბერს გაფორმებული, თანადაფინანსების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების 2015 წლის 14 იანვრიდან შესრულების დავალდებულების თაობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო (რაც სესხის სახით მიღებული თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში - კერძო ვალის დაფარვაში გამოიხატა), სახეზე იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები, რის გამოც, სააგენტოს არ უნდა დავალებოდა ზემოაღნიშნული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ამდენად, განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, უნდა დადგინდეს სააგენტოს მხრიდან მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება.
16. საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა. (იხ. მ. თოდუა/ ჰ.ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 37.).
17. ვალდებულების შესრულებისას, ქართული სამოქალაქო კოდექსი იძლევა ინტერესთა მშვიდობიანი თანაარსებობის შესაძლებლობას. პატივსადები ინტერესი ხდება ვალდებულებითი ურთიერთობის როგორც ტრანსფორმაციის, ისე მისი შეწყვეტის საფუძველი. თავად ინტერესის მდგომარეობას განსაზღვრავს როგორც შესრულების პროცესი, ისე მის გარეთ არსებული გარემოებანი. ხელშეკრულების შეწყვეტა, შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ იგი ხელშეკრულების ადაპტაციასთან შედარებით უკეთესად უზრუნველყოფს მხარეთა ორმხრივ ინტერესებს და ამასთან, შეწყვეტით ზიანი არ ადგება საჯარო ან მესამე პირების ინტერესებს (იხ., ნათია ჩიტაშვილი, „შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე“ , 2014, თსუ, გვ: 180-181).
18. პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას. ვალდებულების დარღვევა ობიექტური მაშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ორმხრივი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოიშობა მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო (იხ., სუსგ საქმე №ას-1069-2021, 23 დეკემბერი, 2021 წ.).
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების მიზნობრიობად განისაზღვრა მეცხოველეობა, ძირითად საშუალებებად - მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა და ძროხების შეძენა. ამდენად, შეთანხმების მიზანი, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, მოიცავდა მეცხოველეობის ფერმის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასა და ცხოველების შეძენას.
20. მოცემულ შემთხვევაში, ფაქტი ფერმის აშენების შესახებ სადავო არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება საქონლის მფლობელობის ფაქტი ჯერ ხ.ა–ის მიერ, ხოლო, შემდგომ თ.ა–ვის მიერ. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების მიზანი მიღწეულია, ხოლო, მონიტორინგის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ხ.ა–მა მისთვის გამოყოფილი მიზნობრივი თანხიდან დაფარა მანამდე არსებული სესხი, რომელიც ფერმის ასაშენებლად დასჭირდა, არ შეიძლება ჩაითვალოს შეთანხმების მიზნობრიობის დარღვევად, რამდენადაც ხარჯის გაწევა მოხმარდა ისევ და ისევ ფერმის მშენებლობას, რითაც საბოლოო ჯამში მიღწეულ იქნა ის მიზანი, რასაც თანადაფინანსება ისახავდა. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საკასაციო პალატამ იმსჯელა მსგავს სამართლებრივ საკითხზე და რომლისგანაც არ განსხვავდება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა (იხ., სუსგ საქმე №ას-1069-2021, 23 დეკემბერი, 2021 წ.).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხე სააგენტომ მოსარჩელესთან ხელშეკრულება არამართლზომიერად შეწყვიტა.
22. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, ა(ა)იპ „ს.გ.ს–ოს“ (ს/კ ......) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3554.95 ლარის 70% – 2488.46 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ „ს.გ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ა(ა)იპ „ს.გ.ს–ოს“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3554.95 ლარის (1620 ლარი, საგადახდო მოთხოვნა 24261, გადახდის თარიღი 18.08.2021; 1934.95 ლარი, საგადახდო მოთხოვნა 38687, გადახდის თარიღი 09.11.2021) 70% – 2488.46 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე