№ას-1060-2021
28 აპრილი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ.ძ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს–ია (მოსარჩელე)
მესამე პირი – ე.ძ–ი
მესამე პირის კანონიერი წარმომადგენელი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.ს–იამ (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შ.ძ–ის (შემდეგში - მოპასუხეები) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1.არასრულწლოვან ე.ძ–ის (პ/ნ .....) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ს.ს–იას (პ/ნ ........) საცხოვრებელი ადგილი ავსტრალიაში;
1.2.არასრულწლოვან ე.ძ–ის (პ/ნ ........) მამას - შ.ძ–ს (პ/ნ ........) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება სრულად, რათა არასრულწლოვანი ე.ს–ას დედამ - ს.ს–იამ დამოუკიდებლად შეძლოს არასრულწლოვანი ე.ძ–ის წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელება, რაც დაკავშირებულია განათლებასთან, მკურნალობასთან, დაზღვევის, პირადობის მოწმობის, პასპორტის, ვიზის აღებასთან, საზღვრის კვეთასთან ნებისმიერი მიმართულებით, რაც დაკავშირებულია სასწავლო ან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობასთან, ასევე იმისათვის, რომ განახორციელოს სხვა ნებისმიერი მოქმედება ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე;
1.3.შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების შესახებ:
1.3.1. სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შ.ძ–ს (პ/ნ ........) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ნაწილობრივ, კერძოდ, შვილის - ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ ........) ავსტრალიის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთასთან, ავსტრალიის ვიზის აღებასთან და ავსტრალიაში სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, სავიზო განაცხადის და სხვა, ამისათვის საჭირო დოკუმენტების მიღებაზე თანხმობისა და შევსების ნაწილში. ს.ს–იას მიენიჭოს უფლებამოსილება, მოპასუხე შ.ძ–ის მონაწილეობისა და თანხმობის გარეშე, შეავსოს, აიღოს, მიმართოს და შესაბამის ორგანოში წარადგინოს, არასრულწლოვანი შვილის ე.ძ–ის სასარგებლოდ, ავსტრალიის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთის, ავსტრალიის ვიზის, პასპორტის აღებისა და ავსტრალიაში ბავშვის სკოლაში ჩარიცხვის მიზნით, სავიზო განაცხადი და სხვა ამ მიზნისათვის საჭირო ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
3.1. ს.ს–იას სარჩელი შ.ძ–ის მიმართ, არასრულწლოვან ე.ძ–ის (პ/ნ ........) საცხოვრებელ ადგილად ავსტრალიაში დედის - ს.ს–იას (პ/ნ ........) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა;
3.1.1. არასრულწლოვანი ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ ........) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ს.ს–იას (პ/ნ ........) საცხოვრებელი ადგილი ავსტრალიაში;
3.1.2. ს.ს–იას (პ/ნ ........) დაევალა გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არასრულწლოვანი ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ ........) საცხოვრებელი ადგილის მისამართის (ავსტრალია, ქ. პერთი, ....., სტირლინგი) შეცვლის შემთხვევაში, წერილობითი სახით აცნობოს არასრულწლოვანის მამას - შ.ძ–ს (პ/ნ ........) არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის მისამართი და მიაწოდოს ინფორმაცია არასრულწლოვანი ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ ........) სკოლის დასახელებისა და მისამართის შესახებ;
3.1.3. ს.ს–იას სარჩელი შ.ძ–ის მიმართ, შ.ძ–ისთვის (პ/ნ ........) მშობლის წარმომადგენლობითი უფლების სრულად შეზღუდვის თაობაზე დაკმაყოფილდა;
3.1.4. შ.ძ–ს (პ/ნ ........) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის, ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ ........) მიმართ სრულად, აღნიშნული უფლებამოსილება მიენიჭა ს.ს–იას რათა, არასრულწლოვანი ე.ს–ას დედამ - დამოუკიდებლად შეძლოს არასრულწლოვანი ე.ძ–ის წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელება, მათ-შორის რაც დაკავშირებულია განათლებასთან, მკურნალობასთან, დაზღვევის, პირადობის მოწმობის, პასპორტის, ვიზის აღებასთან, საზღვრის კვეთასთან ნებისმიერი მიმართულებით, დაკავშირებული სასწავლო ან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობასთან, ასევე იმისათვის, რომ განახორციელოს სხვა ნებისმიერი მოქმედება ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში;
3.1.5. ს.ს–იას (პ/ნ ........) და შ.ძ–ს (პ/ნ ........) დაევალათ, არასრულწლოვანი ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ ........) მამასთან - შ.ძ–თან (პ/ნ ........) ურთიერთობის აღდგენა - გაძლიერების, ასევე ბავშვის ავსტრალიაში საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით, ფსიქოკონსულტირება ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგ - ნ.ლ–ძესთან;
3.1.6. ს.ს–იას შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა;
3.1.7. სამოქალაქო საქმეზე N2/6835-20 მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, დროებითი განკარგულების სახით შ.ძ–ს (პ/ნ ........) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ნაწილობრივ, კერძოდ, შვილის - ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ ........) ავსტრალიის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთასთან, ავსტრალიის ვიზის აღებასთან და ავსტრალიაში სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, სავიზო განაცხადის და სხვა ამისათვის საჭირო დოკუმენტების მიღებაზე თანხმობისა და შევსების ნაწილში. ს.ს–იას მიენიჭა უფლებამოსილება, მოპასუხე შ.ძ–ის მონაწილეობისა და თანხმობის გარეშე, შეავსოს, აიღოს, მიმართოს და შესაბამის ორგანოში წარადგინოს, არასრულწლოვანი შვილის ე.ძ–ის სასარგებლოდ, ავსტრალიის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთის, ავსტრალიის ვიზის, პასპორტის აღების და ავსტრალიაში ბავშვის სკოლაში ჩარიცხვის მიზნით, სავიზო განაცხადი და სხვა ამ მიზნისათვის საჭირო ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია.
3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ს.ს–ია და შ.ძ–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2009 წლის 13 თებერვლიდან, ხოლო, 2013 წელს, ისინი განქორწინდნენ. მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2010 წლის 25 აგვისტოს დაბადებული ე.ძ–ი, რომელიც ცხოვრობს დედასთან - ს.ს–იასთან ერთად. მამა-შვილს შორის ურთიერთობის დაძაბვამდე, ე. ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ატარებდა მამასთან, ხოლო დედასთან ბრუნდებოდა კვირას 12 საათზე.
3.2.2. ს.ს–ია 2018 წლის 20 ნოემბერს დაქორწინდა ავსტრალიის მოქალაქეზე მ.რ.ა–ზე (დაბ.18.02.1979წ.).
3.2.3. ა.მ.რ–მა ავსტრალიის მოქალაქეობა მიიღო 2013 წლის 23 აგვისტოს.
3.2.4. მოპასუხე შ.ძ–ი ქორწინებაში იმყოფება ბ.ბ.გ.ვ–თან, რომლებსაც 2020 წლის 17 სექტემბერს შეეძინათ შვილი მ.ძ–ი.
3.2.5. ს.ს–იას და შ.ძ–ის საერთო შვილი - ე.ძ–ი, 2017 წლის 10 მაისის №2/177 ბრძანების საფუძველზე, ჩაირიცხა შპს „ნ.თ.ს–ში“ და ამჟამად არის ამავე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე.
3.2.6. ავსტრალიის მთავრობის საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის მიერ, ს.ს–იას მიენიჭა პარტნიორის (დროებითი) (ქვეკლასი 309) ვიზა 2019 წლის 02 ივლისს.
3.2.7. საბავშვო ვიზა ავსტრალიის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ბავშვს საშუალებას აძლევს გადავიდეს ავსტრალიაში მშობლებთან საცხოვრებლად. ვიზით ბავშვს შეუძლია გადასახლდეს ავსტრალიაში როგორც მუდმივი მაცხოვრებელი, ისწავლოს და ჰქონდეს წვდომა Medicare-ზე, განაცხადი გააკეთოს ავსტრალიის მოქალაქეობაზე თუკი უფლებამოსილია. დამოუკიდებლად დარჩეს ავსტრალიაში, ისწავლოს და იმუშაოს ავსტრალიაში, ჩაირიცხოს ავსტრალიის საზოგადოებრივ ჯანდაცვის სქემაში, დაასპონსოროს ნათესავები ავსტრალიაში ჩასასვლელად.
3.2.8. 2017 წლის 19 ივლისს, საქართველოს ნოტარიუსის ნ.მ–ის მიერ დამოწმებული იქნა სანოტარო აქტი, კერძოდ, ს.ს–იას თანხმობა, შვილის - ე.ძ–ის მიმართ, სრულწლოვანებამდე, მრავალჯერადად საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ვადით მისი მამის შ.ძ–ის თანხლებით მოგზაურობასთან და უკან საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
3.2.9. საგარეო საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 27 ნოემბრის (№01/31096) წერილის თანახმად, საქართველოსა და ავსტრალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 16 ივლისს. 2010 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმება, რომელიც არ წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას. საქართველოსა და ავსტრალიას შორის საერთაშორისო ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის.
3.2.10. „საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგის ნ.ლ–ძის ფსიქოლოგის ანგარიშში ჩატარებული სამუშაოს შესახებ, მითითებულია, რომ მუშაობის შედეგედ მოხდა შეთანხმება მნიშვნელოვან საკითხებზე, კერძოდ, მამასა და შვილის ურთიერთობის აღდგენის საკითხთან მიმართებით, ბავშვის დედა გამოხატავს მზაობას მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით წარმართოს შვილთან - ე.ძ–თან მამის მიმართ პოზიტიურ კონტექსტში მოქმედება. ორივე მშობლის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ამ პროცესში ფსიქოლოგის მუშაობის გაგრძელების აუცილებლობასთან დაკავშირებით; ბავშვის მამა გამოხატავს მზაობას შვილთან კონტაქტი მოახდინოს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ფორმატში. მოხდეს ბავშვის მიერ ფსიქოლოგთან გამოთქმული სურვილის (ავსტრალიაში წასვლასთან დაკავშირებით) თავსებადობის განსაზღვრა მის ამჟამინდელ საჭიროებებთან მიმართებით. ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და საუბრის წარმართვა განხორციელდეს რაციონალურ კონტექსტში, ემოციური მხარდაჭერის ფონზე.
ბავშვის მამამ გამოხატა თანხმობა შვილის ავსტრალიაში წასვლასთან დაკავშირებით, არდადეგების განმავლობაში მოგზაურობის მიზნით.
მნიშვნელოვან სირთულედ რჩება მშობლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, იმასთან დაკავშირებით, რომ არის თუ არა ე.ძ–ის მიერ გამოთქმული სურვილი ავსტრალიაში წასვლასთან მიმართებით, ბავშვის თავისუფალ ნებაზე დაფუძვნებული. ბავშვის მამისთვის პრიორიტეტულია, საქმესთან დაკავშირებით, განხორციელდეს ფსიქოლოგიური შეფასება.
3.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.3.1. 2019 წლის საგარანტიო წერილიდან გამომდინარე ა.მ–მა მიიღო შემოთავაზება C.H.robinson Wordlwide (AU) Pty Ltd-ში შემდეგი პირობებით:
პოზიცია - პროექტის ზედამხედველი მიანმარის პროექტისთვის;
წლიური საბაზისო ხელფასი - 110000 ავსტრალიური დოლარი;
საპენსიო ფონდი - წლიური საბაზისო ხელფასის - 9,5%;
დასაქმების პირობები - 12 თვიანი დასაქმება დადგენილი ვადით სრულ განაკვეთზე 2010 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 31 მარტამდე, ექვემდებარება გაგრძელებას ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე;
მდებარეობა: პერეთი, ავსტრალია. ორი კვირა მუშაობა ტაილანდში როტაციით.
2020 წლის 27 ნოემბერს შრომითი ხელშეკრულებით, დადასტურებულ იქნა ა.მ–ის დასაქმება შპს დ.პ. პტ-ში, დასავლეთი რეგიონში, ბიზნესის განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე. დოკუმენტის თანახმად, მუშაობა დაიწყება 2021 წლის 18 იანვარს, გამოსაცდელი ვადით - 6 თვე. შეიძლება მოეთხოვოს მოგზაურობა ავსტრალიის შიგნით და მის გარეთ დუეგროს საქმიანობასთან დაკავშირებით. შემოსავალი (ხელფასი) იქნება 130000 ავსტრალიური დოლარი წელიწადში, საპენსიო ანგარიშზე დაგროვებების გარდა, ხელფასი გადასახადების გადახდის შემდეგ და გადაიხდება ყოველი თვის ბოლო დღეს.
3.3.2. ავსტრალიის მთავრობის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის, 18 წლამდე ასაკის ბავშვისათვის ავსტრალიის ვიზის მინიჭებაზე 1229 ფორმის მიხედვით, როდესაც 18 წლამდე ასაკის ბავშვები აპირებენ ავსტრალიაში გამგზავრებას, მათმა მშობელმა ან მშობლის პასუხისმგებლობის მქონე პირ(ებ)მა, რომელიც არ ახლავთ ბავშვებს, უნდა შეავსოს თანხმობის ფორმა, რომ ბავშვმა მიიღოს ავსტრალიის ვიზა ავსტრალიაში გამგზავრების და იქ დროებით ან მუდმივად ცხოვრების მიზნით.
3.3.3. შპს „თ.ფ.ჯ.კ.ი.ს–ის“ ფსიქოლოგის თ.ლ–ას შეფასების შედეგებისა და რეკომენდაციის მიხედვით, ე. არის კომუნიკაბელური, არ უჭირს ურთიერთობა, ხალისით პასუხობს დასმულ შეკითხვებს, ჰყვება ამბებს საკუთარი თავისა და ოჯახის შესახებ, ასახელებს საერთო სასიამოვნო აქტივობებს ცალკე მამასთან ერთად და ცალკე დედასთან ერთად. ე–სთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი მშობლებს შორის არის დედის და მისი პარტნიორის ავსტრალიაში საცხოვრებლად გადასვლა ე–ს თანხლებით. დედის გადმოცემით ე–ს უნდა ავსტრალიაში საცხოვრებლად გადასვლა, თუმცა, მამას ხათრს ვერ უტეხავს. მამა-შვილს შორის ვერბალური თუ არაველბალური კომუნიკაციის ფორმები მხოლოდ ორმხრივი დადებითი ურთიერთობის დასკვნის საფუძველს იძლევა. მამის გარეშე დარჩენის შემდეგ, ე. აღნიშნავს, რომ უჭირს გადაწყვეტილების მიღება - აქ დარჩენაც უნდა და ავსტრალიაში წასვლაც, არ უნდა აწყენინოს არც მამს და არც დედას.
მშობლებს შორის შეუთანხმებლობა ცხადია უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. გოგონა გაორებულია. ემოციური მიჯაჭვულობა აქვს როგორც დედასთან, ასევე მამასთან და ამგვარი არჩევანის გაკეთება მისთვის ზედმეტად სტრესულია.
რეკომენდირებულია ორმხრივი კომპრომისების გზით შეთანხმების მიღწევა ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
აღნიშნულ შეფასებასთან დაკავშირებით, მხარეების მიერ კითხვები მიეცა სასამართლო სხდომაზე მოწვეულ „საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგს, ნ.ლ–ძეს, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულის შემდეგ გასულია გარკვეული პერიოდი და დღევანდელი მდგომარეობით, სხვა მოცემულობაა, რაც მან ასახა კიდევაც თავის შეფასებაში. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის განხილვის მომენტისათვის, ფსიქოლოგის მიერ გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები არასრულწლოვანთან მიმართებაში.
3.3.4. 2020 წლის 31 ოქტომბერს, ფსიქოთერაპევტი თ.თ–ი ე.ძ–თან განხორციელებულ ინტერვიუში მიუთითებს, რომ ე.ს არ სურდა მამასთან შეხვედრა, რადგან მამა ბევრ კითხვას დაუსვამდა და ეშინოდა კითხვების დასმის. მისი განმარტებით, „მე საერთოდ არ ვპასუხობ ხოლმე არცერთ კითხვაზე, რომ აღარ გააგრძელოს კითხვების დასმა, მაგრამ თუ ერთს ვუპასუხე, აღარ დაამთავრებს და შავ დღეში ჩავვარდები“, რაც გულისხმობდა, რომ მამა გაბრაზდებოდა და ყვირილს დაიწყებდა. მას არ მოსწონს, რომ სჯიან, რაც გამოიხატება ნივთების ჩამორთმევითა და ოთახში ჩაკეტვით. მას უბრალოდ გარეთ გამოსვლის უფლებას არ აძლევენ, სანამ არ „დაფიქრდება და იტყვის რა შეეშალა“.
ფსიქოთერაპევტის განმარტებით, ე–ს პასუხებიდან ვარაუდობს, რომ მას დასჯისას ხშირად არ ესმოდა რატომ სჯიდნენ და არ ეთანხმებოდა გადაწყვეტილებას ოთახში ჯდომის შესახებ. ე–ს განმარტებით, მამას როდესაც ელეპარაკება, ყველაფერი ავიწყდება და ენა უვარდება, მაგრამ როგორც კი მამა სხვა ოთახში გადის, ყველაფერზე იცის პასუხი. ფსიქოთერაპევტის ვარაუდით, ე–ს ეშინია მამასთან საუბრის, ის იბნევა და მარტივ კითხვაზეც აღარ მოსდის პასუხი. მას მამის ყვირილის ეშინია, რადგან რამდენჯერმე ახსენა საუბრისას, რომ „ყვირილი ყველაზე უარესიაო“. ს.ს აღზრდის სტილი ლიბერალურია. ის კრეატიული და მხიარული ადამიანია. მის მიერ ე–ს აღზრდის მთავარი პრინციპი არის ემოციური ჯანმრთელობა და ლაღი ბავშვობა. ს. ე–ს არ სჯის; გააზრებულად, თავისი რეპერტუარიდან ამოღებული აქვს აკრძალვა და დასჯა. თუკი ე. ეჯიუტება, ს. უხსნის რატომ არის ასეთი ქცევა მისთვის საზიანო.
აღნიშნულ შეფასებასთან დაკავშირებით, მხარეების მიერ კითხვები მიეცა სასამართლო სხდომაზე მოწვეულ „საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგს - ნ.ლ–ძეს, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულის შემდეგ გასულია გარკვეული პერიოდი და დღევანდელი მდგომარეობით, სხვა მოცემულობაა, რაც მან ასახა კიდევაც თავის შეფასებაში. შესაბამისად. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის განხილვის მომენტისათვის, ფსიქოლოგის მიერ გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები არასრულწლოვანთან მიმართებაში. ამასთან, სასამართლომ სათანადო და უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნია 2020 წლის 31 ოქტომბერს, ფსიქოთერაპევტ თ.თ–ის მიერ ე.ძ–თან განხორციელებული ინტერვიუ, რადგან აღნიშნული ინტერვიუ მიღებული იყო მხოლოდ ერთი მხარის, მოსარჩელის - ს.ს–იასა და მისი შვილის - ე.ძ–ის გამოკითხვაზე დაყრდნობით და არ იყო შეფასებული თავად მამა-შვილს შორის რეალურად ემოციური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.
3.3.5. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 30 ივნისის №07-13/1151 დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა შ.ძ–ის საცხოვრებელ ბინაში მისამართზე: ....... აღნიშნულ ბინაში ცხოვრობენ: შ.ძ–ი, მისი მეუღლე ბ. ბ. გ., შ–ას დედა - ნ.ს–ძე და მამა - ა.ძ–ი. ვიზიტის დროს, შ.ძ–ისა და ს.ს–იას საერთო შვილი - ე.ძ–ი იმყოფებოდა მამასთან სახლში.
შ.ძ–ისგან მიღებული ინფორმაციით, ბავშვის დაბადებიდან ზრუნავს შვილზე და მასთან აქვს ძალიან კარგი, მოსიყვარულე ურთიერთობა. ამჟამად მას შვილის ნახვის დღეებად განსაზღვრული აქვს კვირაში სამი დღე: ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. მას როგორც ე–ს მშობელს და მამას, პრეტენზია აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან თანაბრად. შ–ას განმარტებით, მას ე–სთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის გამო პრობლემა არასდროს შეუქმნია, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ნოტარიულად გაფორმებული. ე. სწავლობს ნ.თ.ს–ში, არის მეოთხე კლასის წარჩინებული მოსწავლე. შ–ა და ბ. ელოდებიან შვილს და შესაბამისად, ე. ელოდება დას. მნიშვნელოვანია დების ურთიერთობის ჩამოყალიბება პატარას დაბადებიდანვე. დედას უნდა ე–ს წაყვანა ავსტრალიაში საცხოვრებლად. შ–ას არ აქვს იმედი, რომ ამის შემდეგ, მას შვილთან ურთიერთობა სტაბილურად ექნება.
ე. მამის ოჯახში თავს გრძნობს ლაღად და თავისუფლად. მისთვის განკუთვნილია ოთახი, რომელიც არის გარემონტებული. დგას კარადა ტანსაცმლით, სათამაშოებით. ზოგადად, ბინა არის კეთილმოწყობილი. ყავთ კატა და ძაღლი, რომლებიც ე–ს ძალიან უყვარს და ეთამაშება.
შ–ა მუშაობს საქართველოს მ.ტ.ე.ც–ში შესყიდვების უფროსის პოზიციაზე, ასევე, ფრანგული კომპანიის „ფაუერგროტის“ წარმომადგენელია საქართველოში. შესაბამისად, მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 5000-6000 ლარს, შესაბამისად, მას შეუძლია დააკმაყოფილოს შვილის ყველა საჭიროება.
2020 წლის 29 ივნისს სოციალური მუშაკის ვიზიტი განხორციელდა ს.ს–იას საცხოვრებელ სახლში მისამართზე: ........ აღნიშნულ ბინაში ცხოვრობენ: ს.ს–ია, მისი შვილი - ე.ძ–ი, ს.ს მშობლები - ნ.ბ–ა და ა.ს–ა.
ს.ს–იას განმარტებით, მხარეების განქორწინების ინიციატორი იყო შ–ა, რადგან ცოლ-ქმრობის პერიოდში უკვე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ბ–თან. ბავშვის გაჩენის პერიოდში, შ–ა არ მონაწილეობდა ჩვილის მოვლაში და მისი საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ს. ბავშვთან ერთად ჩამოვიდა 2011 წელს, ხოლო მას შემდეგ, რაც შ–ა თბილისში ჩამოვიდა ბ–თან ერთად, გახდა შვილისთვის მზრუნველი. მუდმივად ცდილობს იყოს დომინანტი, მუდმივად ზღუდავს ბავშვს, დაჰყავს ექიმებთან და პედაგოგებთან. ყველგან უნდა გამოჩნდეს, როგორც მზრუნველი მამა.
2017 წელს ს. დაქორწინდა ავსტრალიის მოქალაქეზე ა.მ–ზე. ა. და ე.ს შორის არის მოსიყვარულე ურთიერთობა. ს–ს მითითებით, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია დედასთან ერთად ცხოვრება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როცა ე. შედის ქალწულობის ასაკში და ამ დროს, გოგონასათვის მნიშვნელოვანია დედასთან ურთიერთობა და მისთვის სხვადასხვა საკითხების გაზიარება. დედას და ე–ს შორის ჩამოყალიბებულია ძლიერი მიჯაჭვულობა და ს. ვერ შეძლებს შვილისგან ასეთ შორ დისტანციაზე ყოფნას. იგი თანახმაა მამა-შვილს ურთიერთობა ჰქონდეთ არდადეგების პერიოდში, ასევე შ–ას შვილის მონატრების შემთხვევაში, ყოველთვის ექნება ავსტრალიაში ჩამოსვლის და შვილის ნახვის საშუალება. ს. მიიჩნევს, რომ ავსტრალიაში მიაღებინებს ე–ს საუკეთესო განათლებას და როცა ე. გახდება სრულწლოვანი, თვითონ გადაწყვეტს საკუთარ მომავალს და საცხოვრებელ ადგილს.
ს.ს–ია მუშაობს ტელეკომპანია „ფ–ში“ საერთაშორისო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, არის პროექტ „ნამდვილი ამბების“ პროდიუსერი. მისი და მისი მეუღლის შემოსავალი სრულიად ყოფნის ე–ს საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ბინა სადაც ოჯახი ცხოვრობს არის ოთხოთახიანი, ე–ს აქვს თავის ოთახი კეთილმოწყობილი, ავეჯით, განვითარებისთვის საჭირო სათამაშოებით და წიგნებით. ე. კარგად ხატავს და თავისი ნახატები უკიდია კედელზე.
ე. სახლში დედასთან და ბებიასთან იქცეოდა ძალიან თბილად, გამოხატავდა მათ მიმართ სიყვარულს, ეხუტებოდა მათ. ბოლო დროს დედა-შვილი გატაცებული არიან კულინარიით და აცხობენ ტკბილეულს და აკეთებენ სალათებს ერთად.
ორივე ოჯახში ვიზიტისას გამოიკვეთა, რომ ე. ორივე ოჯახში თავს გრძნობს მშობლიურ გარემოში, მაგრამ მეტად გამოხატა სიყვარული დედის და ბებიის მიმართ ჩახუტებით. თვითონ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე არ დაელაპარაკა სოციალურ მუშაკს, რითაც სოციალურმა მუშაკმა შეიტყო, რომ ე–ს არ სურს რომელიმე მხარეს აწყენინოს.
მშობლები არიან ვალდებულები გაითვალისწინონ ბავშვის ინტერესები და მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც არ დააზარალებს ბავშვის ფსიქიკას.
3.3.6. საქმის განხილვის დროს არასრულწლოვანი ე.ძ–ის მიმართ არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ღრმა კვალი რომელიმე მშობლის მხრიდან; ამგვარი ფაქტობრივი გარემოების დასტურად რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
3.3.7. საქმის მასალებით დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ ს.ს–იას მხრიდან, როგორც მშობლის მოვალეობებიდან გამომდინარე, დადებითად ხორციელდება შვილის - ე.ძ–ის სათანადო ზრუნვა და აღზრდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 30 ივნისის №07-13/1151 დასკვნის მიხედვით, ბინა სადაც ე. ცხოვრობს დედასთან არის ოთხოთახიანი, ე–ს აქვს თავისი კეთილმოწყობილი ოთახი, ავეჯით, განვითარებისთვის საჭირო სათამაშოებით და წიგნებით. ე. კარგად ხატავს და თავისი ნახატები უკიდია კედელზე. ე. სახლში დედასთან და ბებიასთან იქცეოდა ძალიან თბილად, გამოხატავდა მათ მიმართ სიყვარულს, ეხუტებოდა მათ. ბოლო დროს დედა-შვილი გატაცებული არიან კულინარიით და აცხობენ ტკბილეულს და აკეთებენ სალათებს ერთად.
ორივე ოჯახში ვიზიტისას გამოიკვეთა, რომ ე. ორივე ოჯახში თავს გრძნობს მშობლიურ გარემოში, მაგრამ მეტად გამოხატა სიყვარული დედის და ბებიის მიმართ ჩახუტებით.
სასამართლომ სოციალური მუშაკის დასკვნიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ დედა ზრუნავს შვილს ჰქონდეს შესაბამისი გარემო მისი განვითარებისათვის. ამასთან, ე–ს ჩახუტება დედის მიმართ სწორედ იმ სითბოს და სიყვარულის გამოხატულება და საპასუხო რეაქციაა, რასაც ის იღებს დედისგან მზრუნველობის სახით. სასამართლომ არასრულწლოვანთან გასაუბრებისას ყურადღება მიაქცია ასევე დედა-შვილს შორის დამოკიდებულების საკითხს, სადაც არასულწლოვანი სითბოთი, სიყვარულით მოიხსენიებს დედას, მიუთითებს რომ დედასთან ერთად სძინავს, ერთად ხატავენ, ეხმარებიან ერთმანეთს და ნაკლებად ჩხუბობენ. როდესაც აწყენინებს შემდეგ წერილს უწერს, ბოდიშს უხდის, ეხუტება, უხსნის, რომ ცუდად მოიქცა და ურიგდება. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მითითებაზეც, რომ მეურვეობის და მზრუნველობის მხრიდან კითხვის ნიშნები არ დაბადებულა იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმეს უნარ-ჩვევები პრობლემატურია ბავშვის მიმართ. ორივე მშობელი ზრუნავს ბავშვზე, ძალიან უყვართ შვილი, კარგად აცნობიერებენ მათი შვილის მომავალს, საჭიროებებს, თუმცა ავსტრალიაში ბავშვის გამგზავრებასთან დაკავშირებით ამ კონკრეტულ საკითხზე შეუთანხმებლობა არ ნიშნავს, რომ არასათანადო უნარ-ჩვევები არსებობს რომელიმე მშობლის მხრიდან. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სადავო არ გამხდარა დედის შვილის მიმართ დამოკიდებულება, არასრულწლოვანის უსაფრთხოების, მისი მოვლის, აღზრდა-განვითარების და მზრუნველობის საკითხებში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეს მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო პოზიცია ან რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ს.ს–იას და მის ოჯახს არ შეუძლიათ, არ აქვთ სათანადო პირობები და ვერ ახორციელებენ ან ვერ განახორციელებენ არასრულწლოვანის სათანადო ზრუნვას და აღზრდას, არ წარმოუდგენიათ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული ფსიქოლოგის მითითებით, მათი დაკვირვებით „ს.ს–ია აბსოლუტურად აკმაყოფილებს ბავშვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს“.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დავა შეეხებოდა არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, აქ უპირატესი იყო ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის, უსაფრთხოების დაცვის, აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინება. შესაბამისად, არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა ბავშვის საუკეთესო ინტერესები. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დედის მხრიდან არ გამოვლენილა გარემოება, რომ იგი ვერ განახორციელებდა თუნდაც საქართველოდან მოშორებით შვილის უსაფრთხოებაზე, მისთვის შესაფერისი საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე, აღზრდა-განვითარებაზე და მის კეთილდღეობაზე ზრუნვას, აღნიშნული საკითხი არც მოპასუხე მხარეს გაუხდია სადავოდ. მოპასუხე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ს.ს–იას მეუღლეს - მ.რ.ა–ს სამსახურიდან გამომდინარე მოუწევს სხვადასხვა ლოკაციებიდან მუშაობა, მათ შორის საზღვარგარეთაც, რაც უარყოფითად იმოქმედებს ბავშვზე, რადგან როგორც მოსარჩელეს, მასაც მოუწევს გადასვლა სხვა ლოკაციებზე. შეგუებული არ იქნება ერთ გარემოს და მოუწევს გადასვლა სხვა ადგილზე, რაც ეწინააღმდეგება მის საუკეთესო ინტერესებს და აღზრდა-განვითარებას. მოპასუხის მიერ მითითებული მოსაზრებაზე მოსარჩელე - ს.ს–იამ განმარტა, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, იგი დარჩება შვილთან ერთად ავსტრალიაში მათი ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე და შვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მეუღლის სხვადასხვა ლოკაციებზე გადაადგილებით, ხელი არ შეეშლება შვილის აღზრდა-განვითარებას იმ სკოლაში სადაც დაიწყებს სწავლას, ახალ გარემოეში, რომელიც ბავშვის მხრიდან ადაპტაციას ნამდვილად საჭიროებს. ამასთან, მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით მოსარჩელის სურვილის, მისი, როგორც მშობლის პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია აღნიშნულთან მიმართებაში მოსარჩელის პოზიცია, სხვა რაიმე არგუმენტი და საწინააღმდეგო პოზიცია, რომ დედა ვერ განახორციელებს შვილის მიმართ სათანადო მზრუნველობას და მისი უნარ-ჩვევები პრობლემატურია ბავშვის მიმართ, მოპასუხე მხარეს არ დაუსახელებია და არც რაიმე მტკიცებულება აღნიშნულთან დაკავშირებით არ წარუდგენია, ამასთან არც საქმის გარემოებებიდან იკვეთებოდა საწინააღმდეგო.
შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ს.ს–იას აქვს სათანადო უნარ - ჩვევები განახორციელოს მშობლის უფლება-მოვალეობები არასრულწლოვანი შვილის - ე.ძ–ის მიმართ, მისი უსაფრთხოების დაცვის, აღზრდა - განვითარების, კეთილსაიმედო გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად.
3.3.8. მოპასუხე შ.ძ–ს არასრულწლოვან შვილთან ე.ძ–თან აქვს თბილი, პოზიტიური მამა-შვილური ურთიერთობა, რაც ვლინდება როგორც მამა-შვილს შორის დამოკიდებულებიდან, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის წარმომადგენლის და ფსიქოლოგის პოზიციიდან.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე, შვილის - ე.ძ–ის მიმართ გრძნობს პასუხისმგებლობას კეთილსინდისიერად და ნებაყოფლობით შეასრულოს მშობლის ვალდებულება. ის მზრუნველობას და ყურადღებას იჩენს შვილის მიმართ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 30 ივნისის დასკვნიდან გამომდინარე, ამჟამად მოპასუხე შ.ძ–ს შვილის ნახვის დღეებად განსაზღვრული აქვს კვირაში სამი დღე: ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. ე. მამის ოჯახში თავს გრძნობს ლაღად და თავისუფლად. მისთვის განკუთვნილია ოთახი, რომელიც არის გარემონტებული. დგას კარადა ტანსაცმლით, სათამაშოებით. ზოგადად ბინა არის კეთილმოწყობილი. ჰყავთ კატა და ძაღლი, რომლებიც ე–ს ძალიან უყვარს და ეთამაშება. თავად არასრულწლოვანი ე.ძ–ის განმარტებით, მას მამასთან თავისი ოთახი აქვს ვარდისფერი კედლებით, ფუმფულა სკამი, პატარა კარავი, აქვს თავისი სამეცადინო ადგილი, კარადა. მამასთან ხატავს და ნახატს მთელ ოჯახს აჩვენებს. ის და მამა ვაკის პარკში სეირნობენ, ასევე არდადეგებზე ზაფხულში მამას მიჰყავს შვედეთში.
ფსიქოლოგის განმარტებით, ე–ს აქვს ორივე მშობლის სიახლოვის განცდა. მისი დაკვირვებით ე. თავს გრძნობდა კარგად მამის ოჯახის წევრების მიმართ, აქვს პოზიტიური დამოკიდებულება მათ მიმართ, ასევე მამის მეუღლესთან და დის მიმართ. იგივე დამოკიდებულებაა მამის ნათესავების მხრიდან.
მამა-შვილს შორის ბოლო დროს არსებობდა უთანხმოება, მაგრამ არსებული უთანხმოებიდან გამომდინარე არ შეიძლება მიჩნეული იქნას, რომ მამა-შვილს შორის დროებით ურთიერთობის დაძაბვა და ბავშვის მიერ მამის უარყოფით კონტექსტში წარმოჩინება, იმასთან დაკავშირებით, რომ სჯის და ტელეფონს ართმევს, გამოწვეული იქნა მამის მიერ არასწორი და მიუღებელი ქმედებებიდან გამომდინარე შვილის მიმართ. აღნიშნული დაძაბულობა გამოიწვეულია მხოლოდ იმით, რომ მამა წინააღმდეგია ე. გაემგზავროს ავსტრალიაში საცხოვრებლად დედასთან ერთად, რაც ასევე მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ მამას აქვს შვილის სიახლოვის განცდა, უყვარს და მასთან დიდი ხნით დაშორების წინააღმდეგია. იგი ცდილობს მეტად დაუახლოვდეს შვილს და მეტი დრო გაატაროს მასთან.
მამა-შვილს შორის პრობლემა მხოლოდ მომდინარეობს ავსტრალიის თემასთან დაკავშირებით და აქ, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ფსიქოლოგის განმარტება, რომ ეს პრობლემა რომ არ ყოფილიყო, ეს მაინც არ მოახდენდა რღვევას ბავშვის გადაწყვეტილებაზე ავსტრალიაში წასვლასთან დაკავშირებით და ალბათ, უფრო ბედნიერი წავიდოდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მამა-შვილს შორის მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობაა. არასრულწლოვანს გააჩნია ორივე მშობელთან ურთიერთობის სურვილი; გასაუბრებისას მიუთითა, რომ „მინდა მამა წამოვიდეს ავსტრალიაში, რადგან აქეთ-იქეთ არ ვიარო ყოველ 5 წამს“, რითაც თავად არასრულწლოვანმაც გამოხატა მამის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულება. მას აქვს სურვილი გაემგზავროს ავსტრალიაში დედასთან ერთად საცხოვრებლად და აღნიშნულის თაობაზე გაუგოს მამამ და გაიზიაროს მისი მოსაზრება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ორივე მშობელი თანაბრად ცდილობს შვილის მიმართ განახორციელონ მშობლის უფლება-მოვალეობები, იზრუნონ, აღზარდონ იგი, არ მოაკლონ სითბო და სიყვარული. როგორც დედის, ასევე მამის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით შვილის მიმართ, კითხვის ნიშნები არ დაბადებულა როგორც მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს, ფსიქოლოგის, ასევე სასამართლოს მხრიდან, რადგან ორივე მშობელი სათანადოდ აფასებს შვილის მომავალს და მის საჭიროებებს.
3.3.9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ე.ძ–ის გამგზავრება დედასთან ერთად ავსტრალიაში საცხოვრებლად, შეესაბამებოდა მის საუკეთესო ინტერესებს.
აღნიშნული შეფასების საფუძველი სასამართლოს მისცა საქმეზე დადგენილმა შემდეგმა ფაქტობრივმა გარემოებებმა:
არასრულწლოვანს, რომელიც არის 10 წლის, სურვილი აქვს დედასთან ერთად საცხოვრებლად წავიდეს ავსტრალიაში და იქ გააგრძელოს სწავლა, ხოლო ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში კი, ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან, მის ოჯახთან, მეგობრებთან და დედის ოჯახის წევრებთან. მან გასაუბრებისას მიუთითა შემდეგი: „ავსტრალიაში მინდა წავიდე, ვიცი, რომ ძალიან ლამაზია, ძალიან მიყვარს ცხოველები და მცენარეები, იქ ბევრია სიმწვანე. დედას უნდა, რომ იცხოვროს ავსტრალიაში და მეც მინდა წავყვე“... „ავსტრალიაში თუ დედას წავყვები იქ მინდა ვცადო ინგლისური სკოლა, აქ როდესაც ჩამოვალ არდადეგებზე, ჩემს მეგობრებს და მასწავლებლებს ვნახავ, იქ არ ვიცნობ, მაგრამ თუ წავალ უფრო ბევრი მეგობრები მეყოლება“ ... „მინდა ავსტრალიაში ვცადო ცხოვრება, დედამ მითხრა იმ წამში ჩამოგვიყვან თუ არ მოგეწონება იქ ცხოვრებაო, დედის გარეშე თუ გავძლებ არ ვიცი, 3 თვე იყო ჩარჩენილი და ძალიან ცუდად ვცხოვრობდი, ძალიან მენატრებოდა, დედის გარეშე გაჩერება მიჭირს, მე მინდა დედასთან ერთად ყოფნა და უფრო მიზეზი ეგეც არის“.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, თუ რამდენად იყო შესაბამისი არასრულწლოვანი ე.ძ–ის სურვილი დედასთან ერთად საცხოვრებლად ავსტრალიაში გადასვლა მის საუკეთესო ინტრესთან და ხომ არ შეიძლებოდა ეს მისი ინტერესების საწინააღმდეგო ყოფილიყო. ამასთან, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია განესაზღვრა ის გარემოებაც, რომ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ვერ გაემგზავრებოდა დედასთან ერთად ავსტრალიაში, გამოიწვევდა თუ არა აღნიშნული მამა-შვილს შორის უფრო მეტ დაძაბულობას და დაშორებას. ამიტომ, რომელიმე გარემოებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისას, მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს დაედგინა რა დადებით/უარყოფით შედეგებთან შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლოს განმარტებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ასევე არასრულწლოვანთან გასაუბრებით დადგინდა, რომ ე.ძ–ის სურვილის - (დედასთან ერთად გაემგზავროს საცხოვრებლად ავსტრალიაში) გათვალისწინება და მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის ხელეშეწყობა იყო ამ შემთხვევაში უპირატესი და მნიშვნელოვანი აღნიშნული დავის გადაწყვეტის დროს. მნიშვნელოვანი იყო, რომ არასრულწლოვანს გადაწყვეტილებები მიეღო თავისუფალ გარემოში, მშობლებთან თავისუფალი ურთიერთობების პირობებში, მათი ხელშეწყობითა და თანადგომით, ასევე აღედგინა და შეენარჩუნებინა მამასთან დადებითი დამოკიდებულება.
სასამართლოს მითითებით, ბავშვს აქვს ნება, უსაფრთხოების განცდა დედის მიმართ და უნდა მასთან ყოფნა, აქვს სურვილი ნახოს და სცადოს სწავლა-განათლება უცხო ქვეყანაში, შეიძინოს მეგობრები. სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ფსიქოლოგის განმარტება მასზედ, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული სურვილი, არასრულწლოვანის ნება, იყო თავისუფალი და იგი სასამართლო დავის პერიოდში არ წარმოშობილა. რაც შეეხება დედას, როგორც აღინიშნა, მშობლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მხარეებს რაიმე პრეტენზია ან უარყოფითი დამოკიდებულება არ გაუჟღერებიათ, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ დედა ვერ განახორციელებდა სათანადო მოვლა-პატრონობას, ზრუნვას, აღზრდას შვილის მიმართ, ან შესაძლებელი იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ ე. არ მოინდომებდა ავსტრალიაში ცხოვრებას, ძალდატანებით მოეხდინა შვილის დაკავება უცხო სახელმწიფოში.
სასამართლომ გაითვალისწინა ე–ს ასაკი, რომ იგი არის - 10 წლის, აქვს კარგი კოგნიტური უნარ-ჩვევები, ადაპტაციის უნარი, ამასთან, არ აღენიშნება ზრდა-განვითარებისა და ფსიქიკური პროცესების მხრივ ქცევის დარღვევა, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საზოგადოებაში აღიარებულ ნორმებთან. არის ჯანმრთელი, მეგობრული, პოზიტიური, კარგად ფლობს ინგლისურ ენას, რაც მოწმობდა, რომ არ შეექმნება ბარიერი განათლების მიღებაში. სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ ბავშვს გამოცდილება ჰქონდა უცხო ქვეყანაში არც თუ მცირე დროით მოგზაურობებისა, რაც მოწმობდა იმ გარემოებას, რომ მისთვის ახალი და უცხო არ იქნებოდა ავსტრალიაში გამგზავრება, ახალ გარემოში ადაპტაცია არ შეუქმნიდა სირთულეებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანს დისტანციური კომუნიკაციების საშუალებით შესაძლებლობა ექნებოდა ურთიერთობა ჰქონოდა მამასთან, რომელსაც ასევე ეცოდინებოდა ე–ს სურვილები, მისი შემდგომი განვითარების თუ ცხოვრებისეული ასპექტების შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ არ დაეთანხმებოდა შვილის ცხოვრებისეულ რეჟიმს, უფლება ექნებდა კანონის ფარგლებში მოეხდინა ჩარევა შვილის კეთილდღეობისათვის გადამწყვეტ საკითხებში. მამას ასევე შესაძლებლობა ექნებოდა ურთიერთობა ჰქონოდა შვილთან სასწავლო არდადეგების პერიოდში.
სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ფსიქოლოგის განმარტების თანახმად, უთანხმოება მამა-შვილს შორის შეეხება მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხს, ხოლო დედის მხრიდან ბავშვის მიზანმიმართულად განწყობას მამის პიროვნების წინააღმდეგ ადგილი არ ჰქონდა. აღნიშნულს ადასტურებდა როგორც საქმეზე მოწვეული ფსიქოლოგი, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი. ბავშვი კატეგორიულ პოზიციას გამოხატავდა ავსტრალიაში წასვლის სურვილთან დაკავშირებით და უკავშირებდა უამრავ დადებით გარემოებას მისი განვითარების კუთხით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ე–სთვის ამ ეტაპზე დედასთან ერთად ავსტრალიაში გამგზავრებასთან დაკავშირებით უარის თქმა, იქნებოდა იმედგაცრუების წყარო, რასაც შეეძლო გამოეწვია მამის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, რაც უარყოფითად აისახებოდა არასრულწოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, რისი მხარდაჭერაც ფსიქოლოგისა და მეურვეობის ორგანოს განმარტებით, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იყო. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით ყურადღება მისაქცევი იყო ის გარემოება, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება და ბავშის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის მხარდაჭერაზე უარის თქმა, ვერ გამოიწვევდა მამა-შვილს შორის ამ ეტაპზე წარმოქმნილი ურთიერთობს პრობლემების გადაჭრას და შესაძლებელი იყო პირიქით, ურთიერთობის დაძაბვა გამეოწვია. არასრულწლოვანის განმარტებით, მას დიდი სურვილი ჰქონდა რომ მამას ამ საკითხში გაეგო და გაეთვალისწინება მისი ნება. უნდოდა დაემშვიდებინა მამა, რომ მასთან ურთიერთობას არ შეწყვეტდა. არასრულწლოვანი ავსტრალიაში გამგზავრების მიზეზად ასევე დედასთან ცხოვრების სურვილს ასახელებდა და განმარტავდა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა სამი თვის განმავლობაში, როდესაც დედამ ვერ გადმოლახა საქართველოს საზღვარი და მოუწია სხვა სახელმწიფოში ყოფნა.
რაც შეეხება ბავშვის დედასთან ავსტრალიაში ცხოვრების შემთხვევაში მის დაცულობას, უსაფრთხოებისა და მისთვის შესაბამისი საცხოვრებელი გარემო-პირობების შექმნის თვალსაზრისით, სასამართლომ სრულად გაიზიარა აღნიშნულთან დაკავშირებით მეურვეობისა და მზურნველობის ორგანოს, ფსიქოლოგის პოზიცია, რომ ორივე მშობელს სრულად ჰქონდა გათვითცნობიერებული მშობლის მაღალი პასუხისმგებლობა, ს.ს–ია აბსოლუტურად აკმაყოფილებდა და უზრუნველყოფდა ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს, ამასთან, თავად მხარეებს ერთმანეთის მიმართ რაიმე უარყოფითი გარემოებები არ გაუჟღერებიათ და არც საქმის განხილვის მიმდინარეობისას გამოკვეთილა საწინააღმდეგო.
3.4. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ბავშვის ასაკის, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის, უსაფრთხოების, აღზრდა-განვითარების, ოჯახური კავშირების შენარჩუნებისა და მისი ზემოაღნიშნული ინეტერესების გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ არასრულწლოვანი ე.ძ–ის გამგზავრება დედასთან ერთად ავსტრალიაში საცხოვრებლად, შეესაბამებოდა მის საუკეთესო ინტერესებს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე - შ.ძ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით, შ.ძ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შევიდა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაში და ს.ს–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ე.ძ–ის საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, შ.ძ–ს მიეცა უფლება ურთიერთობა იქონიოს შვილთან - ე.ძ–თან შეუზღუდავად, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, ბავშვის გრაფიკის გათვალისწინებით და მისი სურვილის შესაბამისად; ე.ძ–ის საქართველოში ყოფნის პერიოდში, შ.ძ–ს მიეცა უფლება ურთიერთობა იქონიოს შვილთან, ე.ძ–თან შეუზღუდავად, მათ შორის, საცხოვრებელ ადგილას ღამის თევით წაყვანის უფლებით, ბავშვის სურვილის შესაბამისად; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. 2010 წლის 25 აგვისტოს დაბადებული ე.ძ–ი არის ს.ს–იას (მოსარჩელე) და შ.ძ–ის (აპელანტი) შვილი.
6.1.2. მოსარჩელე 2018 წლის 20 ნოემბრიდან დაქორწინებულია ავსტრალიის მოქალაქე მ.რ.ა–სთან და ცხოვრობს ავსტრალიის კავშირში.
6.1.3. აპელანტი დაქორწინებულია ბ.ბ.გ.ვ–თან და ჰყავს შვილი - მ.ძ–ი. აპელანტი, ოჯახთან ერთად, ცხოვრობს საქართველოში.
6.1.4. ე.ძ–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად, ავსტრალიის კავშირში.
6.2. პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1205-ე მუხლებისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.
6.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 81-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილება თითოეულ საბაზისო კრიტერიუმთან მიმართებით შეამოწმა. ამავდროულად, პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მოდავე მხარეებს შექმნილი აქვთ ოჯახები და სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ბავშვს ერთ-ერთი მშობლისაგან შორს ცხოვრება მოუწევდა.
6.4. პალატამ აღნიშნა, რომ ავსტრალიის კავშირი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, დემოკრატიული, სამართლებრივი და უსაფრთხო სახელმწიფოა, სადაც ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვთა უფლებები სავსებით უზრუნველყოფილი და დაცულია. პალატის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება არც-ერთი მტკიცებულება და არც მხარეებს მიუთითებიათ, რომ ამ სახელმწიფოში ე.ძ–ს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საფრთხე დაემუქრება; იგი ვერ მიიღებს განათლებას; არ იქნება დაცული მისი ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები; იქნება ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი.
6.5. სააპელაციო პალატა სასამართლო სხდომაზე ე.ძ–ს გაესაუბრა, დაათვალიერა მისი საცხოვრებელი სახლი და დაადგინა, რომ იგი თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს; სწავლობს; გააჩნია ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობები; აქვს ცალკე ოთახი და იზოლირებული სველი წერტილი, რაც აპელანტმაც დაადასტურა. ამის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.
6.6. სააპელაციო პალატის განმარტებით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ბავშვმა ცალსახად და არაორაზროვნად დააფიქსირა დედასთან, ე.ი. მოსარჩელესთან ცხოვრების სურვილი. პალატა გარკვეულწილად დაეთანხმა აპელანტს, რომ ბავშვს, შესაძლებელია, სრულად არ ჰქონოდა გააზრებული უცხო ქვეყანაში ხანგრძლივად ყოფნით გამოწვეული განცდის სიმძაფრე, თუმცა იმას, თუ რომელ მშობელთან ერთად სურს ცხოვრება, იგი, უთუოდ კარგად აცნობიერებდა. პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ბავშვი თითქმის თერთმეტი წლისაა, ე.ი. მოზარდია და ამიტომ, ნება უკეთ აქვს ჩამოყალიბებული. პალატამ განმეორებით აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თავისთავად გამოიწვევდა ბავშვის დედისაგან განშორებას, ეს კი მის სურვილსა და ნებას ცალსახად ეწინააღმდეგება; მეტიც, პალატის განმარტებით, სავსებით სამართლიანად და სწორად დაადგინა საქალაქო სასამართლომ, რომ აღნიშნული მისთვის საზიანოც კი იქნებოდა. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მშობლის გავლენით, თუ მის გარეშე, ბავშვის ინტერესს ავსტრალიაში ცხოვრება წარმოადგენდა.
6.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტაზე: „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა“ (შდრ. სუს. №ას- 861-2019, 3 ოქტომბერი, 2019 წელი, პ.12) და აღნიშნა, რომ ბავშვი, ასაკის მიუხედავად, სამართლის სუბიექტი - პიროვნებაა. ამიტომ, ყველა ვალდებულია მის ინტერესებს პატივი სცეს და გაითვალისწინოს. ამ პრინციპისგან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, როცა დადგინდება, რომ ბავშვის სურვილების გათვალისწინება მის ნამდვილ ინტერესებს დააზიანებს. როგორც პალატამ აღნიშნა, საქმეში არ იყო არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ავსტრალიის კავშირში, დედასთან ერთად ცხოვრება ბავშვს ზიანს მიაყენებდა. ამგვარი რწმენა არც პალატას არ გასჩენია. ამიტომ, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზემოხსენებული ნორმის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებდა.
6.8. პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის შესაბამისად, მშობლის უფლების შეზღუდვა განსაკუთრებული და იშვიათი ღონისძიებაა, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული; თუმცა, პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბავშვი საზღვარგარეთ, ავსტრალიაში იმყოფება და მასზე მზრუნველობას, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით მოსარჩელე ახორციელებს. მხარეებს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს, ე.ი. ურთიერთობა დაძაბულია; თითოეული მათგანი მეორე მხარის მიერ ბავშვთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეჭვით და უნდობლობით უყურებს. ეს კი ბავშვის უფლებების დროულ და სათანადოდ დაცვას შეაფერხებს. ასეც რომ არ იყოს, პალატის განმარტებით, მანძილი ავსტრალიასა და საქართველოს შორის რამდენიმე ათასი კილომეტრია, რაც, ბუნებრივი მიზეზების გამო, კომუნიკაციას ართულებს. ამ ვითარებაში, მოსარჩელისათვის, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ცალკეული ქმედებების განსახორციელებლად აპელანტის თანხმობის აუცილებლობას, შესაძლოა ბავშვის უფლებათა დაცვის შეფერხება, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დარღვევა და ჰარმონიული განვითარების ხელშეშლა, მხარეთა ნება-სურვილის მიუხედავადაც კი გამოეწვია. ამის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებს შეესაბამებოდა.
6.9. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით პალატამ სავსებით გაიზიარა და ამავდროულად, აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ, მართალია, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის თაობაზეც იმსჯელა, თუმცა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში იგი არ აუსახავს. ამიტომ, ამ ნაწილში, პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილებაში ცვლილება უნდა შესულიყო; კერძოდ, პალატის განმარტებით, აპელანტისა და შვილის ურთირთობა შენარჩუნდებოდა, თუ ბავშვის საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, აპელანტს მიეცემოდა უფლება ურთიერთობა ჰქონოდა მასთან შეუზღუდავად, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, ოღონდ - ბავშვის გრაფიკის გათვალისწინებითა და მისი სურვილის შესაბამისად, ხოლო, ბავშვის საქართველოში ყოფნის პერიოდში, აპელანტს უფლება მიეცემოდა ურთიერთობა ჰქონოდა მასთან შეუზღუდავად, მათ შორის, საცხოვრებელ ადგილას ღამის თევით წაყვანის უფლებით, ოღონდ - ბავშვის სურვილის შესაბამისად. პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ ურთიერთობის ამგვარ წესს, როგორც მოსარჩელე, ისე თავად ბავშვი და მისი ინტერესების დამცველებიც დაეთანხმნენ.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.ძ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
8. კასატორების მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლები და საქმის არსებითი განხილვისას საქმეს უკანონოდ დაურთო მოსარჩელის განცხადება და ფოტოსურათები, ისე, რომ აღნიშნულზე არც მხარეთა პოზიცია არ მოისმინა და არც განჩინება არ მიიღო. აღნიშნული მიეთითა სააპელაციო საჩივარშიც, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ რეაგირების გაეშე დატოვა და მოთხოვნის მიუხედავად არ შეისწავლა წარდგენილ მტკიცებულებათა კანონიერება;
8.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ უგულვებელყო „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პირველი მუხლი, არასწორად გაიზიარა საქალაქო საამართლოს მსჯელობა, სადაც, სასამართლომ არასრულად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1202-ე და 1197- ე მუხლები და არასწორად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლისა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლთან მიმართებით. არ გამოიყენა ბავშვის უფლებათა კოდექსის 72-ე მუხლი და არ განახორციელა საქმეზე მულტიდისციპლინური მიდგომა. ამასთან, კასატორის განმარტებით, მართალია, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლი, მაგრამ არ გაითვალისწინა შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტები:
ა) ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვა და უსაფრთხოება - ბავშვს საქართველოში ჰყავს ოჯახი, სამეგობრო, მისთვის შექმნილია ყველა საჭირო პირობა, რათა იყოს ყველა საჭიროებით უზრუნველყოფილი და იყოს უსაფრთხოდ, ამის საპირისპიროდ ბავშვის ავტრალიაში გადასვლის შემთხვევაში მას მოუწევს ცხოვრება უცხო ქვეყანაში ერთადერთი მის გვერდით იქნება დედა, რომელსაც სასმსახურთან ერთად შეთავსებით საკმაოდ გაუჭირდება ბავშვზე სათანადო ზრუნვა;
ბ) ბავშვისთვის განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა - ბავშვს საქართველოში შექმნილი აქვს ყველა საჭირო პირობა, ავსტრალიაში კი, უცხო კონტინენტზე, უცნობია ის სოციუმიც ვის გვერდითაც მას მოუწევს ცხოვრება;
გ) ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის, მისი შეურაცხყოფისა და საფრთხის თავიდან აცილება - უცნობია როგორ შეძლებს მოწინააღმდეგე მხარე ბავშვისთვის მარტო მოვლა-პარტონობას, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაში საქართველოში ორი ოჯახი იყო ჩართული. ბავშვს სკოლაში ხან მშობლები ხან ბებიები აკითხავდნენ, ავსტრალიაში ბავშვის ცხოვრება კი ბევრ სირთულეს წარმოშობს, რომლის გადაჭრის გზებიც არ გამოკვლეულა;
დ) ბავშვის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, მისი პიროვნების, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების პატივისცემა - ე.ს მისწრაფებებს ყოველთვის პატივს სცემდნენ ოჯახის წევრები, მამა ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს ბავშვის განვითარებას;
ე) ბავშვის მოსაზრებები - ბავშვის მოსაზრებები მნიშვნელოვანია, თუმცა, ამ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ხელოვნურად შექმნა გარემო და ბავშზე ზეგავლენის მოხდენით მიაღწია იმას, რომ ბავშვის სურვილია იყოს ავსტრალიაში, თუმცა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ე-ს არ აქვს გააზრებული რას ნიშნავს საცხოვრებლად ავსტრალიაში გადასვლა, მას არ უსაუბრია მამასთან აღნიშნულ საკითხზე, და ეს სურვილი ნაკარნახევია დედისგან;
ვ) ბავშვსა და მის მშობელს ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელ სხვა პირს შორის ურთიერთობა - ცნობილია, რომ ბავშვს არ აქვს მიჯაჭვულობა რომელიმე მშობლის მიმართ;
ზ) ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების ან აღდგენის შესაძლებლობა - იმ პირობებში, როდესაც ბავშვისა და მამის ურთიერთობა დამოკიდებული ხდება დედის ნება-სურვილზე, ცხადია მიღებული გადაწყვეტილება მამა-შვილის დაშორების ტოლფასია. ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას მოსარჩელე ყველანაირად ხელს უშლიდა მამა-შვილს ჰქონოდათ ჯანსაღი ურთიეთობა;
- გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე სოც. მუშაკის განმარტება, რომ ბავშვი 3 თვით უნდა წასულიყო და პროცესის ბოლოსაც დააფიქსირა ფსიქოლოგმა, რომ „3 თვე წავა და ნახავს გარემოს“ (30.12.2020, 16:13). დამატებით ისიც განმარტა, რომ საჭიროა ამ საკითხის კვლევა და დაკვირვება ბავშვზე, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ფორსირებულ რეჟიმში მიიღო გადაწყვეტილება, სათანადოდ არ შეაფასა არსებული გარემოებები და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. ხოლო, იმაზე დაყრდნობით, რომ ბავშვი უკვე ავსტრალიაშია, სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობებსა და გადაწყვეტილებას.
8.3.სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას უგულვებელყო სამართლიანი სასამართლოს პრინციპი და შეფასების გარეშე დატოვა სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი უსწორობები:
1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ახსნა განმარტება - საცხოვრებელი პირობები, სადაც მოუწევს ბავშვს ყოფნა მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან არცერთი მხარის მხრიდან კითხვის ნიშნები არ ყოფილა ამ საკითხზე, მცდარია, რადგან მოპასუხემ არ იცოდა სად მიდიოდა ბავშვი და მას სურდა აღნიშნულის შესწავლა, ეს დააფიქსირა როგორც მორიგების პროცესში, სადაც მონაწილეობდა სოც. მუშაკიც, ასევე სასამართლო სხდომაზეც;
2. სასამართლომ არასწორი ინტერპრეტირება გაუკეთა ბავშვის მონაყოლს და არასწორად უთითებს, თითქოს ე. დედასთან და მეგობრის ოჯახთან ერთად გუდაურში იყო დასასვენებლად და იქ მისი მეგობრის დედამ დაპატიჟა. იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელემ ე. გუდაურში წაიყვანა, დაგეგმილი იყო მამა-შვილის შეხვედრა. ფსიქოლოგმაც განმარტა, რომ გუდაურში გამგზავრება ხელშეშლის ფაქტორია დედის მხრიდან;
3. სასამართლომ არასწორად დაადგინა უდავო გარემოებად, რომ ე.ძ–ი ცხოვრობს დედასთან - ს.ს–იასთან ერთად;
4. სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება თითქოს, საქმის განხილვის დროს არასრულწლოვანი ე.ძ–ის მიმართ არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ღრმა კვალი რომელიმე მშობლის მხრიდან; ასევე, არასწორად იქნა დადგენილი, რომ ს.ს–იას მხრიდან, დადებითად ხორციელდება შვილის - ე.ძ–ის სათანადო ზრუნვა და აღზრდა. ფსიქოლოგმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სახეზეა ბავშვზე არაპირდაპირი გავლენა, ხოლო, არაპირდაპირი გავლენა რომ არ მომხდარიყო, მამა-შვილის ურთიერთობაში რღვევა არ იქნებოდა;
5. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დედის მხრიდან არ გამოვლენილა გარემოება, რომ იგი ვერ განახორციელებს თუნდაც საქართველოდან მოშორებით შვილის უსაფრთხოებაზე, მისთვის შესაფერისი საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე, აღზრდა-განვითარებაზე და მის კეთილდღეობაზე ზრუნვას. დედა ცდილობს ბავშვი მამას დააშოროს და სათანადოდ არ ზრუნავს ბავშვის კეთილდღეობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ფსიქოლოგმა არაერთხელ განუმარტა მოსარჩელეს და სასამართლო პროცესზეც გაიმეორა, რომ საზღვარგარეთ წასვლის გაცნობიერებისათვის, ე-სთვის კარგი იქნებოდა მამის მხრიდან არგუმენტების გაზიარება, თუმცა, აღნიშნულის საპირისპიროდ, იმისათვის, რომ არ მომხდარიყო მამა-შვილის შეხვედრა, მოსარჩელემ ყველა ღონე იხმარა და მართლაც ვერ შედგა დაგეგმილი შეხვედრა მოსარჩელის ბრალით;
6. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ არასრულწლოვანი ე.ძ–ის გამგზავრება დედასთან ერთად ავსტრალიაში საცხოვრებლად, შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს;
7. სასამართლო არასწორად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ფსიქოლოგის განმარტების თანახმად, უთანხმოება მამა-შვილს შორის ეხება მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხს, ხოლო დედის მხრიდან ბავშვის მიზანმიმართულად განწყობას მამის პიროვნების წინააღმდეგ, ადგილი არ აქვს. ფსიქოლოგმა არაერთი განცხადება გააკეთა აღნიშნულის საპირისპიროდ. გარდა ამისა წარმოადგინა შეფასებაც სადაც მითითებულია, რომ დედა ახორციელებს ზეგავლენას ბავშვზე. საბოლოოდ კი ეს უარყოფითად ისახება მამა-შვილის ურთიერთობაზე;
8. სასამართლომ არასწორად დაადგინა, მშობლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მხარეებს რაიმე პრეტენზია ან უარყოფითი დამოკიდებულება არ გაუჟღერებიათ, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ დედა ვერ განახორციელებს სათანადო მოვლა-პატრონობას, ზრუნვას, აღზრდას შვილის მიმართ ან შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ე. არ მოინდომებს ავსტრალიაში ცხოვრებას, ძალდატანებით მოახდინოს შვილის დაკავება უცხო სახელმწიფოში. გაუგებარია სასამართლოს ამდაგვარი მსჯელობა. მოპასუხე მხარე ყოველთვის ეჭქვეშ აყენებდა მოსარჩელე მხარის კეთილსინდისიერების საკითხს, მიაჩნია რომ ე-ს სურვილები დედისგან ნაკარნახევია და არ აქვს გარანტიები ბავშვის საქართველოში დაბრუნების. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მოპასუხის მოსაზრებებსა და პრეტენზიებს, შესაბამისად, არასწორად დაადგინა ეს და სხვა რიგი გარემოებები;
9. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ბავშვზე მზრუნველობას დედა ახორციელებდა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და გაუგებარია, რას დაეფუძნა მსჯელობა მასზედ, რომ ე-ს დედასთან აქვს მიჯაჭვულობა;
10. სასამართლომ არასწორი ინტერპრეტირება გაუკეთა ბავშვთან გასაუბრებისას მიღებულ ინფორმაციას;
11. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, კასატორის განმარტებით, შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებითა და კანონმდებლობის თანახმად, განისაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის საკითხი.
12. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ბავშვს ავსტარალიაში ცხოვრება ზიანს არ მიაყენებს.
8.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, შ.ძ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (სუსგ N ას-251-2018, 08.02.2022 წ.).
13. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინებიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე (თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს) 1205.1-ლი (მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი) და 1205.2 (სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად) მუხლები.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება მხოლოდ კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ბავშვის საცხოვრებელ ადგილად ავსტრალიაში, დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვისა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ფაქტს. ბავშვის მამას/კასატორს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ე.ძ–ის დედასთან ერთად ავსტრალიაში საცხოვრებლად გამგზავრება, არ შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს და აღნიშნული საზიანოა ბავშვის ინტერესებისათვის.
16. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პრეტენზიების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენა და იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რა იქნება ბავშვის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრის ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო.
17. საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულების შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო უპირველესყოვლისა, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულ მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
18. ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლოსათვის სახელმძღვანელო რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზე:
18.1. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალკე თავის სახით არის გამოყოფილი, რადგან მას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები. ამ თავისებურებას განაპირობებს საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკა, რომელიც უპირატესად ატარებს პირადულ და განგრძობად ხასიათს. ერთ-ერთ ფუნდამენტურ თავისებურებას საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვისას, სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ინკვიზიციურობის პრინციპის უფრო ფართოდ გამოყენება. მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი). მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არის სპეციალური ნორმა და მას უპირატესობა ენიჭება ამავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ნორმასთან შედარებით (იხ. სუსგ №ას-173-2022, 8 ივლისი, 2022წ.).
18.2. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ., სუსგ №ას-53-51-2016, 6 ივლისი, 2016 წელი).
19. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლება, ბავშვის სოციალური და კულტურული მახასიათებლები, მის მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა და ბავშვის მოსაზრებები.
20. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითაც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები (ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ N.71776/12 2 თებერვალი 2016 წელი; პ-19); ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).
21. ამდენად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ Nას-967-916-2015, 25.02.2016წ).
22. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილზე; მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი - 2010 წლის 25 აგვისტოს დაბადებული ე.ძ–ი. მოსარჩელე 2018 წლის 20 ნოემბრიდან დაქორწინებულია ავსტრალიის მოქალაქე მ.რ.ა–ზე, რომელიც 2013 წლის 23 აგვისტოდან ავსტრალიის მოქალაქეა. 2019 წლის 02 ივლისს, ავსტრალიის მთავრობის საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის მიერ, ს.ს–იას მიენიჭა პარტნიორის (დროებითი) (ქვეკლასი 309) ვიზა და ამჟამად, არასრულწლოვან შვილთან - ე.ძ–თან ერთად ცხოვრობს ავსტრალიის კავშირში; მოპასუხე შ.ძ–ი კი, ქორწინებაში იმყოფება ბ.ბ.გ.ვ–თან, რომლებსაც 2020 წლის 17 სექტემბერს შეეძინათ შვილი მ.ძ–ი.
23. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. „ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“ (ევროპის საბჭოს ასამბლეა, 31-ს სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 4.10.1979წ).
24. პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას შესწავლილი უნდა იქნეს საკითხი იმის შესახებ, როდის და სად სჯობს იყოს ბავშვი, სად არის მისთვის უკეთესი, რომელ მშობელს აქვს უფრო მეტი რესურსი კონკრეტულ პერიოდში, რომ მისცეს ბავშვს უკეთ განვითარების შანსი. გარემომ, სადაც მომავალში იქნება ბავშვი, ხელი უნდა შეუწყოს მის ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარების, სამომავლო ურთიერთობებსა და სოციალიზაციის პროცესს. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (იხ. სუსგ Nას-53-51-2016, 6.07.2016წ).
25. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული რამდენიმე დასკვნა, ასევე ფსიქოლოგების დასკვნები და რეკომენდაციები, რომელთა ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ორივე მშობლის ოჯახში შექმნილია ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ორივე შემთხვევაში - არასრულწლოვანისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემოა. ორივე მშობელი თანაბრად ცდილობს შვილის მიმართ განახორციელონ მშობლის უფლება-მოვალეობები, იზრუნონ, აღზარდონ იგი, არ მოაკლონ სითბო და სიყვარული. ორივე მშობელი სათანადოდ აფასებს შვილის მომავალს და მის საჭიროებებს. არასრულწლოვან ბავშვს ემოციური მიჯაჭვულობა აქვს როგორც დედასთან, ასევე მამასთან, ხოლო, შვილის მიმართ მშობლების უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით, რაიმე კითხვის ნიშნები არ დაბადებულა. ს.ს–იას მხრიდან, როგორც მშობლის მოვალეობებიდან გამომდინარე, დადებითად ხორციელდება შვილის - ე.ძ–ის სათანადო ზრუნვა და აღზრდა, ისევე როგორც შ.ძ–ის მხრიდან. ორივე მშობელს არასრულწლოვან შვილთან - ე.ძ–თან აქვთ თბილი და პოზიტიური ურთიერთობა, რაც ვლინდება როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის წარმომადგენლის და ფსიქოლოგის პოზიციიდან, ასევე, მშობლებსა და შვილს შორის ურთიერთობიდან.
26. პალატა განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება ამ განჩინების 24-ე აბზაცში მითითებული გარემოებების გარდა მოიცავს: ა) ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და ბ) მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის №12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII).
27. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას, ბავშვის მიერ გამოთქმული მოსაზრების შეფასებისა და მათთვის სამართლებრივი მნიშვნელობის მინიჭების პრინციპი ასახულია „ბავშვის უფლებათა კოდექსსა“ და „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაშიც. კერძოდ, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად; ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ყოველთვის, როდესაც მას აზრის გამოთქმის სურვილი აქვს, უშუალოდ, მისი ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისი მხარდაჭერით, მისთვის სასურველი და შესაძლებელი კომუნიკაციის ფორმითა და საშუალებით; დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა გარემოების საფუძველზე შეზღუდვა; ბავშვთან გასაუბრებისა და მისი აზრის მოსმენის პროცესი უნდა იყოს ინფორმაციული, ნებაყოფლობითი, ბავშვისადმი პატივისცემისა და ანგარიშვალდებულების გამომხატველი, ბავშვისთვის მორგებული, ინკლუზიური, უსაფრთხო, ბავშვის საკითხებზე სათანადოდ მომზადებული სპეციალისტების მიერ წარმართული. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება; ბ) ბავშვის ყველა სხვა უფლების დაცვა, მათ შორის, ღირსების დაცვის, თავისუფალი განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ყველა ფორმის ძალადობისგან დაცვისა და ბავშვებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; გ) მულტიდისციპლინური მიდგომით, სპეციალიზებული პირების მიერ ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის, მისი სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების შეფასება და გათვალისწინება; ამავე კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად; ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით.
28. ბავშვის მიერ გამოთქმული მოსაზრების შეფასებისა და მათთვის სამართლებრივი მნიშვნელობის მინიჭებისთვის, განმსაზღვრელია ბავშვის შეხედულება რეალურად ასახავდეს მის ნებას. ამავდროულად, საკასაციო პალატის განმარტებით, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით კი - დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე–12–ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და ასევე ნიშნავს, რომ დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები (იხ. სუსგ Nას-70-2022, 16.02.2022 წ.).
29. პალატა აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინტანციის სასამართლოებმა განსახილველი დავის ფარგლებში, ზედმიწევნით დაიცვეს ბავშვებისათვის სამართალწარმოების პროცესში მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობის მინიჭების თაობაზე კონვენციის მე-12 მუხლით დადგენილი სტანდარტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლომ მოუსმინა არასრულწლოვან ე.ძ–ს, რა დროსაც გამოიკვეთა მისი აშკარა სურვილი დედასთან ერთად, ავსტრალიაში ცხოვრების თაობაზე. ამასთან, თავად არასრულწლოვნის დამაჯერებელი ახსნა-განმარტების საფუძველზე, რომელიც ავსტრალიაში გამგზავრების სურვილს უკავშირდება, პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი კარგად აცნობიერებს თუ რატომ და რომელ მშობელთან ერთად სურს ცხოვრება. პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მისი მოსაზრება - „ავსტრალიაში თუ დედას წავყვები იქ მინდა ვცადო ინგლისური სკოლა, აქ როდესაც ჩამოვალ არდადეგებზე, ჩემს მეგობრებს და მასწავლებლებს ვნახავ, იქ არ ვიცნობ, მაგრამ თუ წავალ უფრო ბევრი მეგობრები მეყოლება“ თავისუფალია ყოველგვარი ზეგავლენისაგან, რაც იმავდროულად ფსიქოლოგის განმარტებითაც დასტურდება. ამგვარ ვითარებაში კი, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება, შესაძლოა არასრულწლოვნის ფსიქიკისათვის მატრავმირებელი გახდეს და მნიშვნელოვნად უარყოფითად აისახოს შემდგომ ბავშვის პიროვნულ ფორმირებაზე, რაც უდავოდ წინააღმდეგობაში მოვა მის ინტერესებთან.
30. პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“. ამ კონტექსტში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის - დედის მიერ, შესაბამისი უნარების არქონა, ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობა, არამდგრადობა ან/და მისი მხრიდან ბავშვის რომელიმე საჭიროების უგულებელყოფა, რაც პალატას შეუქმნიდა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ ავსტრალიაში დედასთან ერთად ცხოვრება ბავშვს ზიანს მიაყენებდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ ს.ს–ია აბსულუტურად აკმაყოფილებს ბავშვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს და ეჭვგარეშეა მისი, როგორც მშობლის პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი. ამასთან, არ არსებობს რაიმე ფაქტობრივი გარემოება დედის მიერ, თავისი უფლებების ბოროტად და არამართლზომიერად გამოყენების ვარაუდისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნის დედასთან ერთად ავსტრალიაში ცხოვრება არ იქნება ბავშვისათვის ზიანის მომტანი, არ დააბრკოლებს მის განვითარებას, სოციალიზაციას და არ შეუქმნის საფრთხეს სამომავლოდ მის, როგორც საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებას. საკასაციო პალატა აქვე, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატა სასამართლო სხდომაზე გაესაუბრა ე.ძ–ს, დაათვალიერა მისი საცხოვრებელი სახლი ავსტრალიაში და დაადგინა, რომ მას გააჩნია ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობები; აქვს ცალკე ოთახი და იზოლირებული სველი წერტილი; იგი სწავლობს და ამავდროულად, თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს. ამასთან მოსამართლის შეკითხვაზე, თუ სად ურჩევნია ცხოვრება - საქართველოსა თუ ავსტრალიაში, არასრულწლოვანმა - ე.ძ–მა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა, რომ მას ავსტრალიაში ცხოვრება ურჩევნია, რადგან იქ უკეთ უმეგობრდება ბავშვებს, უკეთ ასწავლიან სკოლაში, მოსწონს გარემო პირობები, ავსტრალიის მრავალფეროვანი ბუნება, რაც მას ასე ძალიან უყვარს, ხოლო, საქართველოში სიამოვნებით ჩამოვა დასასვენებლად.
31. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც საქმეზე დადგენილი გარემოებებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მიერ მომზადებული დასკვნების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დგინდება, რომ ორივე მშობელი ორიენტირებულია ბავშვის ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობაზე, ორივე მშობლის ოჯახში შექმნილია არასრულწლოვანისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო, ორივე მათგანი თანაბრად ცდილობს შვილის მიმართ განახორციელონ მშობლის უფლება-მოვალეობები, იზრუნონ, აღზარდონ იგი, არ მოაკლონ სითბო და სიყვარული, საკასაციო პალატისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავად არასრულწლოვნის - ე.ძ–ის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და მის მკაფიო ნება-სურვილს დედასთან ერთად ავსტრალიაში ცხოვრების თაობაზე. ამასთან, არასრულწლოვნის ასაკი (სააპელაციო განხილვის ეტაპზე არასრულწლოვანი თითქმის 11 წლის იყო), მოწიფულობა და საკუთარი შეხედულებების ნათლად, დამაჯერებელი არგუმენტებით ჩამოყალიბებისა და გამოხატვის უნარი, საკასაციო პალატას აძლევს იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ იგი კარგად აცნობიერებს მისი პოზიციის მნიშვნელობას და რეალურად ასახავს მის ნებას.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, სასამართლომ მულტიდისციპლინური მიდგომის განხორციელებით (სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, ადვოკატებისა და უშუალოდ ბავშვის ერთობლივი მონაწილეობით) გამოიკვლია ბავშვის საუკეთესო ინტერესები „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ თითოეულ საბაზისო კრიტერიუმთან მიმართებით; ასევე, არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის დასადგენად, გამოიკვლია ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება როგორც სამართლებრივი, ისე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ფსიქოლოგების მითითებებისა და რეკომენდაციების, ასევე, არასრულწლოვანის სურვილის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასრულწლოვანი ე.ძ–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, მართებული გადაწყვეტილება მიიღეს.
33. რაც შეეხება მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, გამომდინარე იქედან, რომ საკასაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად ავსტრალიაში დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ცალკეული ქმედებების განსახორციელებლად მამის თანხმობის აუცილებლობამ, შეიძლება ბავშვის უფლებათა დაცვის შეფერხება, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დარღვევა ანდა ჰარმონიული განვითარების ხელშეშლა განაპიროს, რის გამოც მიზანშეწონილია მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის მიმართ, გარდა უფლებისა ურთიერთობა იქონიოს შვილთან.
34. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ბავშვთან დაკავშირებული საქმეთა განხილვის მულტიდისცილინარული მიდგომის ჭრილში მართებული გადაწყვეტილება მიიღო.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
36. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
39. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, შ.ძ–ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.ძ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შ.ძ–ს (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 10.11.2021) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე