Facebook Twitter

№ას-1060-2021

28 აპრილი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ.ძ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს–ია (მოსარჩელე)

მესამე პირი - ე.ძ–ი

მესამე პირის კანონიერი წარმომადგენელი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.ს–იამ (შემდგომში - მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შ.ძ–ის (შემდეგში - მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1.არასრულწლოვან ე.ძ–ის (პ/ნ ........) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ს.ს–იას (პ/ნ ..........) საცხოვრებელი ადგილი ავსტრალიაში;

1.2.არასრულწლოვან ე.ძ–ის (პ/ნ ......) მამას - შ.ძ–ს (პ/ნ .......) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება სრულად, რათა არასრულწლოვანი ე.ს–ას დედამ - ს.ს–იამ დამოუკიდებლად შეძლოს არასრულწლოვანი ე.ძ–ის წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელება, რაც დაკავშირებულია განათლებასთან, მკურნალობასთან, დაზღვევის, პირადობის მოწმობის, პასპორტის, ვიზის აღებასთან, საზღვრის კვეთასთან ნებისმიერი მიმართულებით, რაც დაკავშირებულია სასწავლო ან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობასთან, ასევე იმისათვის, რომ განახორციელოს სხვა ნებისმიერი მოქმედება ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

3.1.ს.ს–იას სარჩელი შ.ძ–ის მიმართ, არასრულწლოვან ე.ძ–ის (პ/ნ ....) საცხოვრებელ ადგილად ავსტრალიაში დედის - ს.ს–იას (პ/ნ ........) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა;

3.2.არასრულწლოვანი ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ .....) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ს.ს–იას (პ/ნ ......) საცხოვრებელი ადგილი ავსტრალიაში;

3.3.ს.ს–იას (პ/ნ .....) დაევალა გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არასრულწლოვანი ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ .......) საცხოვრებელი ადგილის მისამართის (ავსტრალია, ქ. პერთი, ......, სტირლინგი) შეცვლის შემთხვევაში, წერილობითი სახით აცნობოს არასრულწლოვანის მამას - შ.ძ–ს (პ/ნ ........) არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის მისამართი და მიაწოდოს ინფორმაცია არასრულწლოვანი ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ .....) სკოლის დასახელებისა და მისამართის შესახებ;

3.4.ს.ს–იას სარჩელი შ.ძ–ის მიმართ, შ.ძ–ისთვის (პ/ნ ......) მშობლის წარმომადგენლობითი უფლების სრულად შეზღუდვის თაობაზე დაკმაყოფილდა;

3.5.შ.ძ–ს (პ/ნ ......) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის, ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ .......) მიმართ სრულად, აღნიშნული უფლებამოსილება მიენიჭა ს.ს–იას რათა, არასრულწლოვანი ე.ს–ას დედამ - დამოუკიდებლად შეძლოს არასრულწლოვანი ე.ძ–ის წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელება, მათ-შორის რაც დაკავშირებულია განათლებასთან, მკურნალობასთან, დაზღვევის, პირადობის მოწმობის, პასპორტის, ვიზის აღებასთან, საზღვრის კვეთასთან ნებისმიერი მიმართულებით, დაკავშირებული სასწავლო ან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობასთან, ასევე იმისათვის, რომ განახორციელოს სხვა ნებისმიერი მოქმედება ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში;

3.6.ს.ს–იას (პ/ნ ......) და შ.ძ–ს (პ/ნ .....) დაევალათ, არასრულწლოვანი ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ .....) მამასთან - შ.ძ–თან (პ/ნ ....) ურთიერთობის აღდგენა - გაძლიერების, ასევე ბავშვის ავსტრალიაში საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით, ფსიქოკონსულტირება ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგ - ნ. ლ–თან.

3.7.ს.ს–იას შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა;

3.8.სამოქალაქო საქმეზე N2/6835-20 მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, დროებითი განკარგულების სახით შ.ძ–ს (პ/ნ ......) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ნაწილობრივ, კერძოდ, შვილის - ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ ......) ავსტრალიის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთასთან, ავსტრალიის ვიზის აღებასთან და ავსტრალიაში სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, სავიზო განაცხადის და სხვა ამისათვის საჭირო დოკუმენტების მიღებაზე თანხმობისა და შევსების ნაწილში. ს.ს–იას მიენიჭა უფლებამოსილება, მოპასუხე შ.ძ–ის მონაწილეობისა და თანხმობის გარეშე, შეავსოს, აიღოს, მიმართოს და შესაბამის ორგანოში წარადგინოს, არასრულწლოვანი შვილის ე.ძ–ის სასარგებლოდ, ავსტრალიის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთის, ავსტრალიის ვიზის, პასპორტის აღების და ავსტრალიაში ბავშვის სკოლაში ჩარიცხვის მიზნით, სავიზო განაცხადი და სხვა ამ მიზნისათვის საჭირო ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე - შ.ძ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინებით, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არასრულწლოვანი ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ ........) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ს.ს–იას (პ/ნ .......) საცხოვრებელი ადგილი ავსტრალიაში და შ.ძ–ს (პ/ნ ......) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის, ე.ძ–ის (დაბადებული - 2010 წლის 25 აგვისტოს, პ/ნ .......) მიმართ სრულად; აღნიშნული უფლებამოსილება მიენიჭა ს.ს–იას რათა არასრულწლოვანი ე.ს–ას დედას - დამოუკიდებლად შეძლებოდა არასრულწლოვანი ე.ძ–ის წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელება, მათ-შორის, რაც დაკავშირებულია განათლებასთან, მკურნალობასთან, დაზღვევის, პირადობის მოწმობის, პასპორტის, ვიზის აღებასთან, საზღვრის კვეთასთან ნებისმიერი მიმართულებით; დაკავშირებული სასწავლო ან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობასთან, ასევე იმისათვის, რომ განეხორციელებინა სხვა ნებისმიერი მოქმედება ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში.

6. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, შ.ძ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არასრულწლოვან ე.ძ–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ს.ს–იას საცხოვრებელი ადგილი ავსტრალიაში და შ.ძ–ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის მიმართ სრულად.

13. განსახილველ საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისსაც, როდესაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება, მხარეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან, თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

14. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წინაპირობებს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილი. დასახელებული ნორმის საფუძველზე, კანონმდებელი უშვებს განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მოსარჩელის ინტერესების მომეტებულად დაცვის საჭიროებიდან. იმავე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცემა, თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, რაც მიეთითება იმავე გადაწყვეტილებაში. ხსენებული მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვნის ინტერესებს და სპეციალურ მოწესრიგებას ექვემდებარება მასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გათვალისწინების გზით.

15. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ამის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს, რაც გულისხმობს იმგვარ გარემოებებზე მითითებას, რომლებიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას ნათელს ხდის.

16. ამდენად, მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას.

17. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორმა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის აუცილებლობა იმ გარემოებაზე მითითებით დაასაბუთა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების საფუძველზე, მოსარჩელემ - ს.ს–იამ შეძლო გადაეკვეთა საქართველოს საზღვარი და არასრულწლოვან შვილთან - ე.ძ–თან ერთად გამგზავრებულიყო ავსტრალიაში. ავსტრალიის მთავრობა ვერ აღიქვამს საქართველოს სასამართლოს დროებით განკარგულებას, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების ამოქმედების დოკუმენტს, ხოლო, იმისათვის, რომ ე.ძ–ის უფლებები დაცული იყოს და მას არ შეექმნას ავსტრალიაში ყოფნისას ლეგალურად ცხოვრების სირთულე, შუამდგომლობის ავტორმა აუცილებლად მიიჩნია გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსასრულებლად მიქცევა.

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობაში ასახული გარემოებები, საერთაშორისო აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა (ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 12 მუხლის საკანონმდებლო დანაწესის (არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცემა, თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, რაც მიეთითება იმავე გადაწყვეტილებაში) საფუძველზე, ქმნიდნენ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველს.

19. ამ მიმართებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ე.ძ–ი უკვე საზღვარგარეთ - ავსტრალიის კავშირში იმყოფება და მასზე მზრუნველობას, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით ს.ს–ია ახორციელებს. ამ ვითარებაში კი, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას მასზედ, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ცალკეული ქმედებების განსახორციელებლად მეორე მშობლის თანხმობის აუცილებლობამ, შეიძლება, ბავშვის უფლებათა დაცვის შეფერხება, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დარღვევა და ჰარმონიული განვითარების ხელშეშლა გამოიწვიოს, მით უფრო მაშინ, როდესაც მშობლებს შორის დაძაბული ურთიერთობაა.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო დავის შინაარსისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით, საერთაშორისო აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ბავშვის უფლებების დაცვის საჭიროების მიზნით, დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 410-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.ძ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე