ას-1079-2021
5 მაისი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „კ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ლ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.ლ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში შპს „კ–ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „კ–ის“ 2018 წლის 31 დეკემბრის N295 ბრძანება დ.ლ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და დ.ლ–ძე აღდგენილი იქნეს შპს „კ–აში“ მეეზოვის პოზიციაზე;
1.2. შპს „კ–ას“ დ.ლ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები 650 ლარის ოდენობით, 2019 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.3. შპს „კ–ას“ დ.ლ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებით გაცდენილი დროის გამო ასანაზღაურებელი თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, დ.ლ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შპს „კ–ის“ დირექტორის კ.კ–ძის 2018 წლის 31 დეკემბრის N295 ბრძანება დ.ლ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და დ.ლ–ძე აღდგენილ იქნა შპს „კ–ის“ მეეზოვის თანამდებობაზე; შპს „კ–ას“ დ.ლ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი მოცდენის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები 540 ლარის ოდენობით, გათავისუფლების მომენტიდან (2019 წლის 1 იანვრიდან) სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დ.ლ–ძეს უარი ეთქვა ასანაზღაურებელი თანხის 0.07 პროცენტის დაკისრებაზე.
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 1996 წლის 20 ნოემბერს, ქალაქ ახალციხის მერიის მიერ დამტკიცდა საწარმო „კ–ის“ წესდება, რომლის თანახმად, კ–ის სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები იყო შემდეგი: განახორციელოს ქალაქის მოსახლეობის, საწარმოო და სხვა ორგანიზაციების კომუნალური მომსახურება, თანახმად დადებული კონტრაქტისა; განახორციელოს ქალაქის კ–ის დასუფთავების და აუცილებელი ღონისძიებები; ასევე, შეასრულოს ქალაქის მერიის დაკვეთის სარემონტო სამუშაოები. ახორციელებს აუცილებელ ღონისძიებებს გარემოს დაცვის, ქალაქში სანიტარული ნორმების მოთხოვნის გათვალისწინებით. ხელი შეუწოს ეკ. რეფორმების თანამიმდევრულ გატარებას და დარგში საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრებას. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია დაიცვას საქართველოს კომუნალური მეურნეობის მთავარი სამმართველოს მითითებები და შესრულოს ქალაქის მერიის მიერ მიღებული დადგენილებები და განკარგულებები.
3.1.2. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის ბრძანებით, დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კ–ა“.
3.1.3. 2017 წლის 19 დეკემბერს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა შპს „კ–ა“, ს/კ ...., მისამართი - ქ. ახალციხე, ........ შპს „კ–ის“ მიზანს, სხვა მიზნებთან ერთად წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ორგანიზება.
3.1.4. 2018 წლის 2 აპრილს, შპს „კ–ასა“ და დ.ლ–ძეს შორის დაიდო შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ.ლ–ძე დაინიშნა მეეზოვის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 2 აპრილიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
3.1.5. 2018 წლის 1 ივლისს, შპს „კ–ასა“ და დ.ლ–ძეს შორის დაიდო შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ.ლ–ძე დაინიშნა მეეზოვის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
3.1.6. 2018 წლის 1 ოქტომბერს ცვლილება შევიდა 01.07.2018 წლის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
3.1.7. შპს „კ–ის“ დირექტორის 2018 წლის 12 ივლისის N146/1 ბრძანებით, შპს „კ–ის“ მეეზოვეს - დ.ლ–ძეს, სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისა და არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო, გამოეცხადა საყვედური.
3.1.8. შპს „კ–ის“ დირექტორის 2018 წლის 22 ნოემბრის N247 ბრძანებით, შპს „კ–ის“ მეეზოვეს - დ.ლ–ძეს, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო, არაჯეროვნად შესრულებული დღის შესაბამისი ანაზღაურება დაუკავდა ნოემბრის თვის ხელფასიდან.
3.1.9. 2018 წლის 10 დეკემბერს, შპს „კ–ის“ მხრიდან დ.ლ–ძეს ეცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო ხელშეკრულებების ვადები იწურებოდა 2018 წლის 31 დეკემბერს; ასევე, დასაქმებულებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების მოქმედების ვადაც იწურებოდა 2018 წლის 31 დეკემბერს. ასევე, მიეწოდა ინფორმაცია ვადის გასვლის შემდეგ შესაძლო განთავისუფლების შესახებ.
3.1.10. 2018 წლის 28 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულსა და შპს „კ–ას“ შორის გაფორმდა „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვება და გატანის მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება. მომსახურების გაწევის პერიოდი - 2019 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
3.1.11. 2019 წლის 3 იანვარს შპს „კ–ასა“ და თ.ფ–ძეს შორის დაიდო შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თ.ფ–ძე დასაქმდა მეეზოვის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 3 იანვრიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
3.1.12. 2019 წლის 1 თებერვალს ცვლილება შევიდა 03.01.2019წ. ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით.
3.1.13. 2019 წლის 1 აპრილს შპს „კ–ასა“ და თ.ფ–ძეს შორის დაიდო შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ.ფ–ძე დასაქმდა მეეზოვის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
3.1.14. დ.ლ–ძის თანამდებობრივი სარგოს დარიცხული ოდენობა შეადგენდა: იანვარი - 875 ლარი, თებერვალი - 875 ლარი, მარტი - 875 ლარი, აპრილი - 875 ლარი, მაისი - 875 ლარი, ივნისი - 875 ლარი, ივლისი - 675 ლარი, აგვისტო - 675 ლარი, სექტემბერი - 675 ლარი, ოქტომბერი - 675 ლარი, ნოემბერი - 652, 50 ლარი, დეკემბერი 675 ლარი.
3.1.15. დ.ლ–ძე 2009 წლიდან მუშაობდა მეეზოვის პოზიციაზე.
3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შპს „კ–ის“ დირექტორის 2018 წლის 31 დეკემბრის N295 ბრძანებით, დ.ლ–ძე გათავისუფლდა შპს „კ–ის“ მეეზოვის თანამდებობიდან 2019 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით.
3.2.2. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე დ.ლ–ძეს და მოპასუხე შპს „კ–ას“ შორის არსებობდა უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შპს „კ–ამ“ (ს/კ ......) გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით, შპს „კ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ.ლ–ძე 2009 წლიდან დასაქმებული იყო სსიპ „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის“ მიერ დაფუძნებულ შპს „კ–აში“ (ს/კ .....) მეეზოვის პოზიციაზე და მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.
6.2.სააპელაციო პალატამ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ განხორციელდა შპს „კ–ის“ (ს/კ .....) რეორგანიზაცია და სხვა კომპანიასთან შერწყრმის შედეგად ჩამოყალიბდა შპს „ს–ი“ (ს/ნ .....), ხოლო სსიპ „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის“ მიერ დაფუძნდა იმავე სახელწოდების კომპანია - შპს „კ–ა“, რომელიც 2017 წლის 19 დეკემბერს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში ს/კ-ით ...... და კომპანიის საქმიანობის საგნად განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ორგანიზება. დ.ლ–ძემ იგივე საქმიანობა გააგრძელა ახალ კომპანიაში.
6.3.პალატამ დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები: 2018 წლის 2 აპრილიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგ - 2018 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. 2018 წლის 1 ოქტომბერს ცვლილება შევიდა 01.07.2018 წლის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შპს „კ–ის“ დირექტორის 2018 წლის 31 დეკემბრის N295 ბრძანებით, დ.ლ–ძე გათავისუფლდა მეეზოვის თანამდებობიდან 2019 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით (29.09.2020წ. #7177 ცვლილებამდე).
6.4.სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საწარმოებისა და ბიზნესების სრული ან ნაწილობრივი გასხვისების შემთხვევაში, დასაქმებულთა უფლებების დაცვას უკავშირდება ევროკავშირის საბჭოს 2001 წლის 12 მარტის 2001/23/EC დირექტივა, რომლის რეგულირების სფეროში შედის საწარმოს ან ბიზნესის ნებისმიერი გასხვისება ან მათი ნაწილების ნებისმიერი გადაცემა სხვა დამსაქმებლებისადმი კანონიერი გასხვისების ან შერწმყის შედეგად. დირექტივა ვრცელდება ნებისმიერ საჯარო თუ კერძო საწარმოზე, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას მიუხედავად იმისა, ორიენტირებული არიან თუ არა მოგებაზე. აღნიშნული დირექტივის თანახმად, გამსხვისებლის ვალდებულებები და უფლებები, რომლებიც განსაზღვრული იყო შრომის ხელშკერულებით ან გამომდინარეობდა შრომითი ურთიერთობებიდან, უნდა გადაეცეს მიმღებს - ახალ დამსაქმებელს. ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ გასხისების შემდეგ გამსხვისებელი და მიმღები ერთობლივად და ცალ-ცალკეც პასუხისმგებელნი არიან იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან ან შრომითი ურთიერთობებიდან.
6.5.სააპელაციო პალატის განმარტებით, დირექტივის მითითებები ასახულ იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, (ცვლილება 29.09.2020წ. #7177) ამ კანონის მიზნებისთვის, საწარმოს გადაცემა ნიშნავს გარიგების ან კანონის საფუძველზე საწარმოს ან ბიზნესის ან საწარმოს ან ბიზნესის ნაწილის სხვა დამსაქმებლისთვის გადაცემას, რაც, მათ შორის, მოიაზრებს ეკონომიკური საქმიანობის გადაცემას, რომლის დროსაც შენარჩუნებულია მისი იდენტურობა ან/და არსებითი მსგავსება და რომელიც გულისხმობს რესურსების ორგანიზებულ დაჯგუფებას ძირითადი და დამხმარე ეკონომიკური საქმიანობების განსახორციელებლად. ამავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, საწარმოს გადაცემის თარიღის დროს მოქმედი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე გადამცემი საწარმოს უფლებები და ვალდებულებები საწარმოს გადაცემის საფუძვლით გადაეცემა მიმღებ საწარმოს. მე-10 პუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის პასუხისმგებლობა მიმღებ საწარმოს ეკისრება, თუ შრომითი ხელშეკრულება წყდება იმ საფუძვლით, რომ საწარმოს გადაცემა მოიცავს შრომის პირობების დასაქმებულთა საზიანოდ ცვლილებას.
6.6.განსახილველ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს რეგისტრირებულ შპს „კ–ას“ (ს/კ ....) გადაეცა ის საქმიანობის საგანი, რასაც რეორგანიზაციამდე შპს „კ–ა“ (ს/კ .....) ახორციელებდა და ამ კომპანიაში, იმავე პოზიციაზე, უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო დ.ლ–ძე. ზემოთმითითებული ნორმებიდან გამომდინარე, დ.ლ–ძე სააპელაციო პალატამ მიიჩნია შპს „კ–აში“ (ს/კ .....) უვადო ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად და ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, არამართლზომიერი იყო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, ბათილ გარიგებას წარმოადგენდა.
6.7. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კ–ა“ კვლავ ახორციელებს იმავე საქმიანობას და მეეზოვის პოზიციაზე ვადიანი ხელშეკრულებების საფუძველზე დასაქმებული ყავს პირები, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართლზომიერად იქნა აღდგენილი მოსარჩელე დ.ლ–ძე პირვანდელ თანამდებობაზე და მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ–ამ“ (ს/კ ....), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე დ.ლ–ძესა და მოპასუხე შპს „კ–ას“ შორის არსებობდა უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, რადგან შპს „კ–ა“ (ს/ნ ....) და შპს „კ–ა“ (ს/ნ .....) არიან სხვადასხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირები, რომლებსაც ერთმანეთთან რაიმე კავშირი არ აქვთ და დამოუკიდებლად ახორციელებენ თავიანთ უფლება–მოვალეობებს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, შპს „კ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
15. ვიდრე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლის ნორმებთან სუბსუმირებას შეუდგებოდეს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია საქართველოს შრომის კოდექსის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით.
16. განსახილველ საქმეში, მოსარჩელე ითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ; შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), 38.8-ე (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებული იყო „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-38 მუხლებით (დღეს მოქმედი რედაქციის 47-48 მუხლები), რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შესაძლოა განიმარტოს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.; №ას-1189-2020, 04.02.2021წ.).
18. შრომით ურთიერთობებში უფლებათა რეალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შესაძლებელია, სამართალურთიერთობა შეწყდეს როგორც ლეგიტიმურ, ისე არალეგიტიმულ საფუძველზე. შრომითი ურთიერთობის სწორი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლის არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.
19. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი). მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016). შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლის განმაპირობებელი გარემოებები, რომლებიც არ ყოფილა სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი.
20. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში ირკვევა, რომ შპს „კ–ის“ დირექტორის 2018 წლის 31 დეკემბრის N295 ბრძანებით, დ.ლ–ძე გათავისუფლდა შპს „კ–ის“ მეეზოვის პოზიციიდან 2019 წლის 1 იანვრიდან. სადავო ბრძანების თანახმად, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა დავის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა, რაც მოქმედი „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის იდენტურ მოწესრიგებას წარმოადგენს.
21. პალატა აღნიშნავს, რომ ვადის ამოწურვით განპირობებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენს ამ სამართალურთიერთობის დასრულების ლეგიტიმურ საფუძველს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ იგი მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო არა კონკრეტული, არამედ განუსაზღვრელი ვადით, რის გამოც დამსაქმებელი არ იყო უფლებამოსილი ზემოაღნიშნული საფუძლით გაეთავისუფლებინა დასაქმებული. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია - რა ტიპის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეთა შორის, ვადიანი თუ უვადო. სწორედ ამ საკვანძო საკითხის გამორკვევის შემდეგ შეიძლება შეფასდეს დამსაქმებლის ქმედების მართლზომიერება.
22. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლობმა მხარეთა მიერ წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათ დასამტკიცებლად თანდართული მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე დაადგინეს, რომ დასაქმებულთან არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა და ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო დასაქმებულის გათავისუფლება უკანონო იყო, რასაც დაუკავშირდა დასაქმებულის უფლებრივ რესტიტუციასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაც.
23. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის (დამსაქმებლის) მტკიცება მასზედ, რომ მხარეებს შორის ვადიანი შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა. ამ საკითხის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-6 მუხლის 13 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს შესაბამის წინაპირობებს შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევისათვის. დასახელებული ნორმის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. მითითებული ნორმით უვადო შრომითი ურთიერთობების მახასიათებელი და მაკვალიფიცირებელი კრიტერიუმია ვადიანი ხელშეკრულებების მრავალჯერადობა და განგრძობადობა. ამით საქართველოს შრომის კოდექსი დაუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტს დასაქმების და სოციალური პოლიტიკის სფეროში; გაჩნდა ვადის ბოროტად გამოყენების პრევენციისა და კონტროლის ინსტრუმენტი (შდრ.: ეკატერინე ქარდავა, საქართველოს შრომის სამართლის რეფორმა ევროპული ინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა ჭრილში, დისერტაცია, თბილისი 2018, გვ.106).
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სრულად არის რეალიზებული სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-6 მუხლის 13 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები. კერძოდ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, დ.ლ–ძე ჯერ კიდევ 2009 წლიდან მუშაობდა სსიპ „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის“ მიერ დაფუძნებულ შპს „კ–აში“ (ს/კ ......) მეეზოვის პოზიციაზე. დადგენილია, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კ–ა“ (ს/კ .....), რომელიც იმავე დღეს დარეგისტრირდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. დადგენილია ისიც, რომ შპს „კ–ას“ (ს/კ .....) გადაეცა ყველა ის უფლება-მოვალეობა, რასაც რეორგანიზაციამდე არსებული შპს „კ–ა“ (ს/კ .....) ახორციელებდა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ორგანიზება. შესაბამისად, ნათელია, რომ ახლად შექმნილმა კომპანიამ ჩაანაცვლა ძველი დამსაქმებელი და იგი, როგორც დამსაქმებლის „უფლებამონაცვლე“, შებოჭილი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული უფლება-მოვალეობებით.
25. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე უდავოდ არის დადგენილი, რომ 2018 წლის 2 აპრილს, შპს „კ–ასა“ (ს/კ .....) და დ.ლ–ძეს შორის დაიდო შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ.ლ–ძე დაინიშნა მეეზოვის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 2 აპრილიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით; 2018 წლის 1 ივლისს, შპს „კ–ასა“ (ს/კ ....) და დ.ლ–ძეს შორის კვლავ დაიდო შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ.ლ–ძე ისევ მეეზოვის პოზიციაზე დაინიშნა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო, 2018 წლის 1 ოქტომბერს ცვლილება შევიდა 01.07.2018 წლის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებების მიხედვით, დ.ლ–ძის ფუნქცია-მოვალეობებს შეადგენდა მასში მითითებული ტერიტორიების დაგვა-დასუფთავება. შესაბამისად, ფორმალური ნიშნით განსხვავების მიუხედავად, დადგენილია, რომ დ.ლ–ძე მუშაობდა შინაარსობრივად ერთი და იმავე ფუნქციის მატარებელ ორგანიზაციაში და მის ფუნქცია-მოვალეობებს შეადგენდა ანალოგიური სამუშაო, რასაც იგი შპს „კ–ის“ (ს/კ ......) დაფუძნებამდე ასრულებდა. ამდენად, აპელირება მასზედ, რომ მოპასუხე წარმოადგენს ახალ დამსაქმებელს, არარელევანტურია წინა პერიოდში უვადოდ დანიშნულ თანამშრომელთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისათვის.
26. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოდავე მხარეთა შორის, შრომითსამართლებრივი ურთიერთობა გრძელდებოდა მიმდევრობით და მათი ხანგრძლივობა საერთო ჯამში, 30 თვეს აღემატებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა. აღნიშნულის გამო, დამსაქმებელს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის საფუძვლით, ხელშეკრულების მოშლის უფლება არ ჰქონდა და მისი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებას, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ N ას-951-901-2015, 29.01.2016).
28. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უვადო შრომითი ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგოდ შეწყდა, დამსაქმებლის ცალმხრივი ნება მართებულად იქნა ცნობილი ბათილად და სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
29. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის სპეციალური წესის მოქმედების პირობებში, სწორედ დამსაქმებელს ავალებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთს, რადგან დამსაქმებელს მეტად ხელეწიფება, როგორც შრომითი ურთიერთობის არსებობის, ასევე მისი შეწყვეტის მართლზომიერების დამტკიცების შესაძლებლობა. განსახილველ შემთვევაშიც, სადავო ბრძანების მართლზომიერების მტკიცების ტვირთი სწორედ დამსაქმებელს ეკისრებოდა, თუმცა, მან სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით, დასაქმებულების სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერება ვერ დაადასტურა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს.
30. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
33. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, შპს „კ–ას“ (......) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 837 ლარის 70% – 585.9 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შპს „კ–ას“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 837 ლარის (საგადახდო დავალება 51, გადახდის თარიღი 11.11.2021) 70% – 585.9 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე