Facebook Twitter

საქმე №ას-428-2020 29 სექტემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – ნ. კ–ძე, ა.კ–კი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.02.2020 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.10.2018 წლის გადაწყვეტილებით გ. კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ნ. კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“), ნ. კ–ძისა და ა.კ–კის მიმართ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ და „მესამე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“) დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 16.01.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულება, პირველი მოპასუხის მიერ მეორე მოპასუხისთვის ქ. ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის ჩუქების ნაწილში. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 15.04.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულება, მეორე მოპასუხის მიერ მესამე მოპასუხისთვის ქ. ბათუმში, ..... მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის ჩუქების ნაწილში. მოსარჩელე ცნობილი იქნა ქ. ბათუმში, ........ მდებარე, რევაზ კ–ძის (შემდეგში „მამკვიდრებელი“) სამკვიდრო უძრავი ქონების (ს/კ ......) ½ ნაწილის მესაკუთრედ. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. მხარეები ახლო ნათესავები არიან: მოსარჩელე და მეორე მოპასუხე - პირველი მოპასუხის შვილები, ხოლო მესამე მოპასუხე - მეორე მოპასუხის შვილი.

1.2. ქ. ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონება 1990 წლამდე წარმოადგენდა მამკვიდრებლის საკუთრებას.

1.3. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 13.03.1990 წელს. მამკვიდრებლის მეუღლე - პირველი მოპასუხე და შვილი - მოსარჩელე, მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტიდან ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას, რითაც მათ მიიღეს მემკვიდრეობა.

1.4. პირველმა მოპასუხემ 13.09.1990 წელს სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით მიმართა ნოტარიუსს, მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის მიღების მიზნით. 14.09.1990 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც პირველმა მოპასუხემ მემკვიდრეობით მიიღო მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხა.

1.5. 05.12.2008 წელს ნოტარიუსმა პირველი მოპასუხის სახელზე გასცა მამკვიდრებლის სამკვიდროზე კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც პირველი მოპასუხე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონებიდან 82.30 კვმ. ფართის მესაკუთრედ (ს/კ ......, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 473 კვმ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 264.60 კვმ).

1.6. 16.01.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულებით პირველმა მოპასუხემ ქ. ბათუმში, ....... მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ........) მისი კუთვნილი წილი - 82.30 კვმ. ფართი მთლიანად აჩუქა შვილს - მეორე მოპასუხეს.

1.7. 15.04.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულებით მეორე მოპასუხემ ქ. ბათუმში, ....... მდებარე უძრავი ქონებიდან მისი კუთვნილი წილი - 82.30 კვმ. ფართი მთლიანად აჩუქა შვილს - მესამე მოპასუხეს. მესამე მოპასუხე საჯარო რეესტრში აღირიცხა ნაჩუქარი უძრავი ნივთის მესაკუთრედ.

1.8. მოსარჩელემ 2013 წელს აღძრა სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების მიმართ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ½ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი 05.12.2008 წლის სამკვიდრო მოწმობა, მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, მდებარე - ქ. ბათუმი, ......., მიჩნეული იქნა მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებულად. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე.

1.9. 23.02.2016 წელს მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს უსწორობის აღმოფხვრის თაობაზე განცხადებით და განმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო ასახული პასუხი მოთხოვნებზე ჩუქების ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, რის გარეშეც იგი ვერ ირეგისტრირებდა მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.05.2016 წლის დამატებითი გადაწყვეტილებით განცხადება, უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამასთან, სასამართლომ თავისი ინიციატივით მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება 16.01.2013 წლის და 15.04.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულებების ½ ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.01.2017 წლის განჩინებით დამატებითი გადაწყვეტილება გაუქმდა. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.05.2017 წლის განჩინება, ტ.2, ს.ფ.149-156). ამდენად, 16.01.2013 წლის და 15.04.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულებების ½ ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, მხარეთა შორის დავა სასამართლოს გადაწყვეტილებით არსებითად არ გადაწყვეტილა.

1.10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე 25.02.2016 წელს შევიდა ცვლილება მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე 05.12.2008 წელს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და დადასტურდა, რომ პირველმა მოპასუხემ და მოსარჩელემ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა, საკუთრებაში თანაბარწილად მიიღეს სამკვიდრო უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, …….

1.11. სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, ………., ჩუქების სადავო ხელშეკრულების საფუძველზე დღემდე სრულად ირიცხება მესამე მოპასუხის საკუთრებად.

1.12. 25.07.2017 წელს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების ნაწილობრივ (½ ნაწილში) ბათილად ცნობა და უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარება. საქმის განხილვისას მოპასუხე მხარემ იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე იმ მოტივით, რომ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს განემარტა, რომ მის მიერ მითითებული საქმეზე, წინამდებარე საქმისგან განსხვავებით, დავის საგანს არ წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება და ამასთან, ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

1.13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება მიიღეს მისმა პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა, მეუღლემ და შვილმა - პირველმა მოპასუხემ და მოსარჩელემ. სსკ-ის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ პირველ მოპასუხესთან ერთად მიიღო სამკვიდრო, მან მოიპოვა საკუთრების უფლება სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე.

1.14. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ხოლო ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

1.15. პირველმა მოპასუხემ 16.01.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულებით მთლიანად განკარგა სამკვიდრო ქონება, მათ შორის მოსარჩელის კუთვნილი წილი და დაარღვია მოსარჩელის კანონით გათვალისწინებული უფლებები. შესაბამისად, არსებობს ამ გარიგების ბათილად ცნობის სსკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. რაც შეეხება 15.04.2013 წლის ხელშეკრულებას, რომლითაც მეორე მოპასუხემ უძრავი ქონება აჩუქა შვილს - მესამე მოპასუხეს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა, ვინაიდან იგი რეალურად მიზნად ისახავდა მოსარჩელისთვის დაბრკოლების შექმნას და მისთვის სამკვიდრო ქონების გადაცემისთვის თავის არიდებას. გარიგების მიზანი იყო, გამოერიცხათ შესაძლებლობა, მოსარჩელეს, როგორც მემკვიდრესა და მესაკუთრეს, მოეხდინა უძრავი ნივთის მიმართ უფლებების რეალიზება. გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს ის გარემოება, რომ მხარეები არიან ახლო ნათესავები, მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო სამკვიდრო ქონებაზე მოსარჩელის უფლებების შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ მოსარჩელის ნებისაგან დამოუკიდებლად განკარგეს სადავო უძრავი ქონება. აღსანიშნავია, რომ უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელი დღემდე პირველი მოპასუხეა. დასაბუთებულია ვარაუდი, რომ უძრავი ქონების განკარგვა რეალურად მოხდა მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, რაც ამ გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.02.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.

9. განსახილველ შემთხვევაში, მემკვიდრე, რომელმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო, ითხოვს სამკვიდროში შემავალ უძრავ ნივთზე 16.01.2013 წელს და 15.04.2013 წელს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებების ½ ნაწილში ბათილად ცნობას (კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილებით (ტ,2,ს.ფ.16-31), რომლითაც ½ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი პირველი მოპასუხის სახელზე 05.12.2008 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, მდებარე - ქ. ბათუმში, ......., მიჩნეული იქნა მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებულად, პრეიუდიციულად დადგენილია, რომ მოსარჩელემ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 266-ე მუხლის თანახმად, ეს ფაქტი დამტკიცებას აღარ საჭიროებს (სუსგ №ას-547-510-2017, 04.05.2018წ.; სუსგ№ას-914-2021, 31.05.2022წ.)).

10. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. აღნიშნულ ნორმასთან მიმართებაში, დოქტრინაში გამოთქმული არაერთი მოსაზრებისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული ნორმა ზოგადდეფინიციური ხასიათისაა, ბლანკეტურ, მითითებით მოწესრიგებას წარმოადგენს. აღნიშნული მუხლი სხვა ნორმების, რომლებიც მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიცავენ, მითითების გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული. ასეთ ვითარებაში, დამატებით შესაძლოა კონტრაჰენტთა ქმედებების შეფასება მოხდეს სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით განმტკიცებული კეთილსინდისიერების მასშტაბითაც (იხ.: სუსგ № ას-212-201-2017, 15.05.2017წ.; შდრ. სუსგ-ებს: № ას-225-215-2016; № ას-761-729-2016) (სუსგ Nას-1273-2020, 18.02.2021წ). სადავო ჩუქების ხელშეკრულებების მხარეები არიან დედა, შვილი და შვილიშვილი და მათ შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებები კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. იმ პირობებში, როდესაც დასაჩუქრებული და მჩუქებლები არიან ერთი ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ცნობილია მოსარჩელის უფლებების შესახებ, სამკვიდრო ქონების განკარგვა ვერ შეფასდება კეთილსინდისიერ, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში გამოვლენილ ნებად (შდრ. სუსგ Nას-337-337-2018, 31.01.2022წ.).

11. ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ 15.04.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულება დაიდო მხოლოდ მოსაჩვენებლად (სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)). საკასაციო სასამართლოს არაერთი განჩინებით განიმარტა, რომ მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად (შდრ. სუსგ N ას-976-908-2017, 22.01.2018წ). მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (სუსგ-ებები: №ას-1029-2019 30.10.2019წ.; №ას-1348-2019, 22.01.2020წ., სუსგ Nას-3-2020, 16.06.2020წ.).

12. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილება), საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობა იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება.

13. საქმის მასალებით დგინდება, რომ კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილებით 16.01.2013 წლის და 15.04.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნაზე დავა არ გადაწყვეტილა - ასეთზე მითითებას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მითითებული ნორმის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები) (შდრ. სუსგ Nას-532-505-2015წ.17.06.2015წ.).

14. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და დანაწესების ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე, რომელიც სარჩელზე პირდაპირ და ზუსტ პასუხს წარმოადგენს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). საკასაციო პალატის მსჯელობას ამყარებს ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღსასრულებლად მიექცევა მხოლოდ სარეზოლუციო და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას (შდრ. სუსგ Nას-532-505-2015წ. 17.06.2015წ.). შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილითაც არ გადაწყვეტილა დავა 16.01.2013 წლის და 15.04.2013 წლის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნასთან მიმართებაში, ვერ მიიჩნევა მითითებული ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით აღძრულ დავაზე სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. კასატორი, სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია