Facebook Twitter

№ას-689-2022 10 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.კ.მ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.უ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხ.უ–მა (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი შპს „თ.კ.მ–ის“ (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2018 წლის ნოემბრის თვის კომპენსაცია 700 ლარის ოდენობით, 6 თვის პირგასამტეხლო 126 ლარი (სულ 826 ლარი), ასევე 2019 წლის 06 მაისიდან საცხოვრებელი ბინის ჩაბარებამდე, ან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლო, თვეში 21 ლარის ოდენობით;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2018 წლის დეკემბრის თვის კომპენსაცია 700 ლარის ოდენობით, 5 თვის პირგასამტეხლო 105 ლარი (სულ 805 ლარი), ასევე 2019 წლის 06 მაისიდან საცხოვრებელი ბინის ჩაბარებამდე, ან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლო, თვეში 21 ლარის ოდენობით;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2019 წლის იანვრის თვის კომპენსაცია 700 ლარის ოდენობით, 4 თვის პირგასამტეხლო 84 ლარი (სულ 784 ლარი), ასევე 2019 წლის 06 მაისიდან საცხოვრებელი ბინის ჩაბარებამდე, ან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლო, თვეში 21 ლარის ოდენობით;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2019 წლის თებერვლის თვის კომპენსაცია 700 ლარის ოდენობით, 3 თვის პირგასამტეხლო 63 ლარი (სულ 763 ლარი), ასევე 2019 წლის 06 მაისიდან საცხოვრებელი ბინის ჩაბარებამდე, ან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლო, თვეში 21 ლარის ოდენობით;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2019 წლის მარტის თვის კომპენსაცია 700 ლარის ოდენობით, 2 თვის პირგასამტეხლო 42 ლარი (სულ 742 ლარი), ასევე 2019 წლის 06 მაისიდან საცხოვრებელი ბინის ჩაბარებამდე, ან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლო, თვეში 21 ლარის ოდენობით;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2019 წლის აპრილის თვის კომპენსაცია 700 ლარის ოდენობით, 1 თვის პირგასამტეხლო 21 ლარი (სულ 721 ლარი), ასევე 2019 წლის 06 მაისიდან საცხოვრებელი ბინის ჩაბარებამდე, ან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლო, თვეში 21 ლარის ოდენობით;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2019 წლის 6 მაისიდან თვეში 700 ლარის კომპენსაციის გადახდა საცხოვრებელი ბინის მიღება-ჩაბარების აქტით ჩაბარებამდე;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 5 თვის პირგასამტეხლო 31 500 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე დაეკისროს პირგასამტეხლო 2019 წლის 06 მაისიდან ყოველთვიურად 6 300 აშშ დოლარის ოდენობით ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონებების ჩაბარებამდე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.02.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდზე მხარეთა მიერ შეთანხმებული კომპენსაციის თანხის გადახდა 4200 ლარის ოდენობით, ასევე 2019 წლის მაისიდან შენობა-ნაგებობის მშენებლობის სრულად დასრულებამდე ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 6 მაისამდე 220.5 ლარის ოდენობით, ასევე 2019 წლის 6 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4200 ლარის 0.05%-ის (2.1 ლარი) გადახდა;

- მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის 31 500 აშშ დოლარის და 2019 წლის 6 მაისიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული ფართების მოსარჩელისთვის ჩაბარებამდე, ყოველთვიურად 6 300 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1. ს.ფ. 196-210). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 55-64). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.06.2022 წლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარზე დაწესებულ იქნა ხარვეზი და კასატორს განესაზღვრა 10 დღის ვადა 1594.4 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად. ამავე განჩინებით განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.2, ს.ფ.83-86).

6. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა მის დირექტორს (ტ.2, ს.ფ. 66, 87, 88). კასატორმა იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.07.2022 წლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.2, ს.ფ.90, 91).

8. აღნიშნული განჩინება კასატორს ორჯერ გაეგზავნა მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ტ.2, ს.ფ.66, 95, 98), თუმცა მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი ვერ მოიძებნა, მისამართზე არავინ დახვდათ (ტ.2, ს.ფ.96, 99). განჩინება დამატებით ერთხელ გაიგზავნა იმავე მისამართზე, თუმცა კვლავ ვერ ჩაჰბარდა და დაბრუნდა აღნიშვნით, რომ დირექტორი საფოსტო განყოფილებას მიაკითხავდა (ტ.2, ს.ფ.102, 103), რისი დასტურიც წარმოდგენილი არ ყოფილა. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული მისამართი კასატორის რეგისტრირებული მისამართია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.09.2022 წლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა კასატორის მოძიება და მისთვის განჩინების ჩაბარება. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-8 სამმართველოს მომართვაში აღნიშნულია, რომ მითითებულ მისამართზე კასატორი არ არის (ტ. 2, ს.ფ.109-112).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.12.2022 წლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა კასატორის დირექტორის - ტ.ღ–ის მოძიება და მისთვის ხარვეზის დადგენის განჩინების ჩაბარება. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს მომართვით დგინდება, რომ განჩინება ადრესატს ვერ ჩაჰბარდა, ვინაიდან მისამართზე არავინ იმყოფებოდა (ტ.2, ს.ფ.117-119).

11. სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.01.2023 წლის განჩინებით დადგინდა კასატორისათვის საჯარო შეტყობინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.07.2022 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება და მისთვის განმარტება, რომ ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარებულად მიიჩნეოდა მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-7 დღეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.07.2022 წლის განჩინება საჯაროდ გავრცელდა 30.01.2023 წელს (ტ.2, ს.ფ.125).

12. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.07.2022 წლის განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან (30.01.2023 წლიდან) მე-7 დღეს და მისი მომდევნო დღიდან უნდა იქნეს ათვლილი ხარვეზის შევსების გაგრძელებული ვადა (10 დღე), რომელიც ამოიწურა 16.02.2023 წელს.

13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1303-2022, 13.01.2023წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თ.კ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე