საქმე №ას-1329-2022 20 მარტი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.გ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.ს–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.08.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.გ–ნმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა შპს „ლ.ს–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ და მოითხოვა 132 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება; დავალიანების გადახდევინება მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, ........., (ნაკვეთი ...) სართული 7, ბინა N14, მე-2 ბლოკი, რეალიზაციის გზით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.09.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.143-151). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.08.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ.58-65). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
5. 17.03.2023 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
7. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.; №ას-714-2019, 14.06.2022წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
8. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).
9. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
10. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. შესაბამისად, არ არსებობს მისთვის სახელმწიფო ბაჟის სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, ნ.გ–ნს (მოსარჩელე/კასატორი), მეორე მხრივ, შპს „ლ.ს–ის“ (მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარე) შორის, შემდეგი პირობებით:
1.1. გამსესხებელი - ნ.გ–ნი (პ/ნ .....) და მსესხებელი შპს „ლ.ს–ი“ (ს/ნ .....) ადასტურებენ, რომ მათ შორის 05.08.2008 წელს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (დამოწმებული ნოტარიუს ლ.გ–ის მიერ, სანოტარო აქტის რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 1-1968) საფუძველზე წარმოშობილი დავალიანება ნ.გ–ნის მიმართ შეადგენს 120 000 (ას ოცი ათასი) აშშ დოლარს;
1.2. შპს „ლ.ს–ი“ კისრულობს ვალდებულებას ნ.გ–ნს გადაუხადოს დავალიანება (120 000 აშშ დოლარი) არაუგვიანეს 2025 წლის 03 თებერვლამდე;
1.3. შპს „ლ.ს–ის“ მიერ დავალიანების დაფარვა მოხდება ნ.გ–ნის მიერ მითითებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით: სს „საქართველოს ბანკი“; ბანკის კოდი: BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000100675994;
1.4. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ შპს „ლ.ს–ი“ ან მის მიერ მითითებული მესამე პირი უფლებამოსილია 120 000 (ას ოცი ათასი) აშშ დოლარად ნ.გ–ნისგან შეიძინოს ნ.გ–ნის კუთვნილი შპს „ლ.ს–ის“ მიმართ არსებული 120 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება არაუგვიანეს 2025 წლის 03 თებერვლამდე (შესყიდვის ოფცია);
1.5. მხარეები თანხმდებიან, რომ მოთხოვნის უფლების შეძენის სრული საფასურის (120 000 აშშ დოლარის) არაუგვიანეს 2025 წლის 03 თებერვლამდე გადახდისთანავე ნ.გ–ნსა და მოთხოვნის უფლების შემძენს (შპს „ლ.ს–ი“ ან მის მიერ მითითებული მესამე პირი) შორის დაიდება მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება წინამდებარე მორიგების აქტში მითითებული პირობების გათვალისწინებით;
1.6. შპს „ლ.ს–ი“ და ნ.გ–ნი თანხმდებიან, რომ ნ.გ–ნის კუთვნილი მოთხოვნის უფლების შეძენის უფლება (შესყიდვის ოფცია) განისაზღვროს 2025 წლის 03 თებერვლამდე. შესყიდვის ოფციის ვადის (2025 წლის 03 თებერვლამდე) გასვლამდე, შპს „ლ.ს–ის“ წერილობითი თანხმობის გარეშე ნ.გ–ნს ეკრძალება მოთხოვნის უფლების გასხვისება და/ან ვალდებულებებით დატვირთვა. შპს „ლ.ს–ის“ წერილობითი თანხმობის გარეშე ნ.გ–ნის მიერ მოთხოვნის უფლების გასხვისების და/ან ვალდებულებებით დატვირთვის შემთხვევაში, ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული შპს „ლ.ს–ის“ ფულადი ვალდებულება ნ.გ–ნის მიმართ წყდება და არანაირი სახის პრეტენზია ნ.გ–ნს (ან მის უფლებამონაცვლეს) აღარ ექნება. ამასთან, მორიგების აქტით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით შპს „ლ.ს–ისთან“ ან მის მიერ მითითებულ მესამე პირთან მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული შპს „ლ.ს–ის“ ფულადი ვალდებულება ნ.გ–ნის მიმართ წყდება და არანაირი სახის პრეტენზია ნ.გ–ნს აღარ ექნება და ასევე, ნ.გ–ნს ეკისრება მოთხოვნის უფლების მიღებული საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ დაბრუნების ვალდებულება.
1.7. შპს „ლ.ს–ის“ ან მოთხოვნის უფლების შემძენი მესამე პირის მხრიდან ანგარიშსწორება ხორციელდება ნ.გ–ნის მიერ მითითებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით: სს „საქართველოს ბანკი“; ბანკის კოდი: BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000100675994;
1.8. მოთხოვნის უფლების ნასყიდობის საფასურის 120 000 აშშ დოლარის სრულად გადახდისა და მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, შემძენი ხდება შემდეგი მოთხოვნის უფლების მესაკუთრე. კერძოდ, მოთხოვნა წარმოადგენს შპს „ლ.ს–ისგან" 120 000 (ას ოცი ათასი) აშშ დოლარის მიღების უფლებასა და მისგან გამომდინარე და/ან მასთან დაკავშირებულ სხვა უფლებებს, იმ მოცულობითა და შინაარსით, რაც დადგენილია მხარეთა შორის დადებული მორიგების აქტითა და 05.08.2008 წელს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით (დამოწმებული ნოტარიუს ლ.გ–ის მიერ, სანოტარო აქტის რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 1-1968).
1.9. მესამე პირის მხრიდან ნ.გ–ნის მოთხოვნის უფლების შეძენის შემთხვევაში, მოთხოვნის მყიდველზე (ახალ კრედიტორზე), გადადის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაც, კერძოდ, იპოთეკა, რომელიც დადგენილია შემდეგი უძრავი ქონების მიმართ: მის: ქ. თბილისი, ......... ბლოკი, ფართი 143.40 კვ.მ (მშენებარე), საკადასტრო კოდი ......; (საჯარო რეესტრში იპოთეკის განცხადების რეგისტრაციის ნომერი 882008252849, უფლების რეგისტრაციის თარიღი 15/08/2008). შესაბამისად, საჯარო რეესტრში იპოთეკის საგანზე იპოთეკარ ნ.გ–ნის (პ/ნ .......) ნაცვლად დაფიქსირდება მესამე პირის უფლება.
1.10. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებულ წესითა და ვადაში შპს „ლ.ს–ის“ მიერ არ მოხდება ნ.გ–ნის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების 120 000 (ას ოცი ათასი) აშშ დოლარის დაფარვა არაუგვიანეს 2025 წლის 03 თებერვლისა, 120 000 აშშ დოლარის ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცევა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, .......... სართული 7, ბინა #14, II ბლოკი, ფართი 143.40 კვ.მ (მშენებარე), საკადასტრო კოდი ......;
1.11. ნ.გ–ნი ადასტურებს, რომ წინამდებარე მორიგების აქტის შესაბამისად შპს „ლ.ს–ის“ მიერ ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების ან შპს „ლ.ს–ის“ ან მის მიერ მითითებული მესამე პირის მიერ მისი მოთხოვნის უფლების შეძენის შემთხვევაში, შპს „ლ.ს–ის“ მიმართ არანაირი სახის პრეტენზია აღარ გააჩნია.
1.12. 05.08.2008 წელს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (დამოწმებული ნოტარიუს ლ.გ–ის მიერ, სანოტარო აქტის რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 1-1968) საფუძველზე ან მასთან დაკავშირებით წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებამდე ნ.გ–ნსა და შპს „ლ.ს–ის“ შორის წარმოებული ყველა მოლაპარაკება თუ შეთანხმება ზეპირი თუ წერილობითი ფორმის მიუხედავად, უქმდება და კარგავს იურიდიულ ძალას, გარდა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არსებული იპოთეკის, რომელიც დადგენილია შემდეგი უძრავი ქონების მიმართ: მის: ქ. თბილისი, ......., (ნაკვ....) სართული 7, ბინა #14, II ბლოკი, ფართი 143.40 კვ.მ (მშენებარე), საკადასტრო კოდი .......; (საჯარო რეესტრში იპოთეკის განცხადების რეგისტრაციის ნომერი 882008252849, უფლების რეგისტრაციის თარიღი 15/08/2008).
1.13. ნ.გ–ნი კისრულობს ვალდებულებას წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერისთანავე უარი თქვას ქ. თბილისი, .........., (ნაკვ. ს/კ ......) მიმდინარე მშენებლობის, არქიტექტურული პროექტისა (მათ შორის არსებული და საჭიროების შემთხვევაში შესათანხმებელი) და მის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვის თაობაზე და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოებში თუ სხვა დაწესებულებებში შეტანილ საჩივრებზე/განცხადებებზე. აქვე აცხადებს და ადასტურებს, რომ ქ. თბილისი, ......, (ნაკვ. ....) მიმდინარე მშენებლობა, ამ მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისაღებია მისთვის და მის კანონიერებასთან დაკავშირებით არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნია. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ნ.გ–ნი კარგავს შპს „ლ.ს–ის“ მიმართ არსებულ ყველა მოთხოვნის უფლებას და არანაირი სახის პრეტენზია არ ექნება.
1.14. მხარეები უარს აცხადებენ წინამდებარე დავის ფარგლებში მათ მიერ გაწეული ან გასაწევი პროცესისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე.
2. გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
3. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-1329-2022.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
რევაზ ნადარაია